შემოგვიერთდი

29.04.2011 15:33

სასამართლოების მიერ „გაპიროვნებული" საჯარო ინფორმაცია

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

28 აპრილს, სასტუმრო „რედისონში"  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით  საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზის  პრეზენტაცია გამართა.

კვლევა მოიცავს საჯარო ინფორმაციის გაუცემლობასთან დაკავშირებით 2008 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 სექტემბრამდე  სასამართლოების მიერ მიღებულ ყველა მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილების ანალიზს. კვლევის ფუნქციაა, წარმოაჩინოს ის ტენდენციები, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებშია ასახული.

საჯარო ინფორმაციის გაუცემლობასთან დაკავშირებით, საერთო სასამართლოებმა  სამივე ინსტანციაში  ჯამში  81 საქმე განიხილეს. ამათგან 39 საქმე განიხილა სარჩელის შეტანის საფუძველზე, 18- სააპელაციო საჩივრის,12 კერძო საჩივრის, 12 საკასაციო საჩივრის საფუძველზე.  ამათგან მოქალაქეების სასარგებლოდ მხოლოდ 5 საქმე დაკმაყოფილდა,  4 - პირველივე ინსტანციაში, 1 - სააპელაციოში.

საერთო სასამართლოებში 35 საქმე არსებითად განიხილეს, ხოლო 46 საქმე არაარსებითად. განუხილველი საქმეებიდან 23 სარჩელი მოდის პირველ ინსტანციაზე, 12  მეორე ინსტანციაზე (6 სააპელაციო და 6 კერძო საჩივარი), 11 საჩივარი  წარმოადგენდა კასაციას.

კვლევის თანახმად,  პერსონალური მონაცემების გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკაში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიდგომა გამოიკვეთა. პირველის მიხედვით, პერსონალური მონაცემები დახურულია, მანამ სანამ განმცხადებელი არ წარადგენს პერსონალური მონაცემების სუბიექტის თანხმობას მის გასაჯაროებაზე.  მეორე მიდგომის თანახმად, კი პერსონალური მონაცემები ღიაა, სანამ სუბიექტი არ მოითხოვს მის დახურვას მესამე პირებისათვის.

კვლევაში გამოიკვეთა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც საჯარო დაწესებულების თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო, პრემია და სამივლინებო ხარჯები „პერსონალურ მონაცემებადაა" მიჩნეული.

საიას იურისტებმა მოიკვლიეს 15 ქვეყნის მაგალითი, სადაც პრემიის შესახებ ინფორმაცია ღიაა და მისი მოპოვება თავისუფლად  შეიძლება.  ახალგაზრდა იურისტები ამ თემაზე 2 სასამართლო დავას აწარმოებენ.

არც ერთმა ისტანციამ არ დააკმაყოფილა ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის სარჩელი საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის პრემიის შესახებ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემს" შეიცავდა. ჟურნალისტის სარჩელს  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად ამზადებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჟურნალისტის ემზარ დიასამიძის  სარჩელი საქართველოს პარლამენტის წევრთა სამივლინებო ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაციის მიწოდების უფლებაზე. ამ შემთხვევაშიც სასამართლომ პარლამენტართა სამივლინებო ხარჯები  „პირადი ცხოვრების სფეროს" მიაკუთვნა.  28 აპრილს საიამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

დახურულია საჯარო დაწესებულებათა სიებიც. ამ მხრივ მნიშვნელოვანი საქმეა „ანა შალამბერიძე სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ". მოსარჩელე თანამშრომელთა სიებს და მათი პრემიებისა და სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაციას ითხოვდა.  საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ  განიხილა, რომელმაც თანამშრომელთა სია და მათი თანამდებობრივი სარგო ერთმანეთისგან გამიჯნა. სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა თანამშრომელთა სიის გაცემის შესახებ დააკმაყოფილა, ხოლო  თანამდებობრივი სარგოს, პრემიისა და სამივლინებო ხარჯების შემცველი ინფორმაცია „პერსონალური ხასიათის" მონაცემად მიიჩნია.

სასამართლომ „პერსონალური მონაცემის" შემცვლელ ინფორმაციად მიიჩნია ასევე 10 დეკემბრის ანგარიშებიც (ყოველი წლის 10 დეკემბერს საჯარო დაწესებულება ვალდებულია წარუდგინოს ანგარიში საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს). თუმცა, ეს ანგარიშები მხოლოდ სტატისტიკურ ინფორმაციას შეიცავს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას და  გაზეთ „რეზონანსის" გახმაურებული სარჩელი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. გაზეთი „რეზონანსი"  ენერგეტიკის სამინისტროსა და რუსული კომპანია  „ინტერ რაო ეეს"-ს შორის დადებული იმ მემორანდუმის გაცნობას ითხოვდა, რომლის ძალითაც საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი" რუსულ კომპანიას სამართავად გადაეცა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს პოზიციით,   მემორანდუმი კომერციულ საიდუმლოს   შეიცავს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ვახუშტი მენაბდემ  კვლევის მასალების მოძიების დროს წარმოქმნილ პრობლემებზე ისაუბრა. საერთო სასამართლოებმა ხშირ შემთხვევაში დოკუმენტაცია ან კანონთან შეუსაბამოდ ან საერთოდ არ მიაწოდეს.

„ხშირად გვპასუხობდნენ, რომ „სასამართლო საქმეების განხილვითაა დაკავებული, ინფორმაციას კი დამუშავება სჭირდება და რადგან პირველი უფრო პრიორიტეტულია, სასამართლო ამისათვის ვერ მოცდება", განაცხადა პრეზენტაციაზე მენაბდემ.

„კურიოზულ  შემთხვევასაც წავაწყდით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მისი სახელწოდება დაშტრიხა და გაასაიდუმლოვა",  დასძინა საიას იურისტმა თამარ კორძაიამ.

შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ბაჩანა შენგელიაც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ „სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება „უხერხულია", და სჯობს პრობლემის მიზეზი თავად ადმინისტრაციულ ორგანოებში ვეძიოთ".

„ჩვენ კარგად გვესმის არსებული პრობლემები და მაქსიმალურად ვცდილობთ მათ აღმოფხვრას",  აღნიშნა შენგელიამ. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იუსტიციის  სამინისტროს  საიტის განახლებაზე, სადაც სასმართლოების მუშაობის შესახებ უფრო სრუყოფილი ინფორმაცია გამოქვეყნდება.

პრეზენტაციის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე სასამართლო ორგანოების კრიტიკა ინფორმაციის თავისუფლების ზოგადი პრობლემის განხილვაში   გადაიზარდა.

უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლის, ნათია წკეპლაძის თქმით, საჯარო უწყებებს ინფორმაციის გაცემის ეშინიათ.

„პროცესს ვაკვირდები, როგორც მასწავლებელი და არა როგორც მოსამართლე, ჩემი სტუდენტები თვეობით ცდილობენ, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს   საჯარო ინფორმაციის გაცემის ეშინიათ",  აღნიშნა მან.

დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან  ჩიორა თაქთაქიშვილმა, რომელიც პრეზენტაციაზე იმყოფებოდა,  აღნიშნა,  რომ  პრობლემები არსებობს, თუმცა საჯარო ინფორმაციის თავისუფლების მხრივ წინსვლაც შეინიშნება. მაგალითისთვის მან საჯარო რეესტრის ვებ-გვერდი  დაასახელა.

მისივე  ცნობით, პარლამენტში კანონპროექტი  მზადდება, რომელიც საჯარო უწყებების ვებ-გვერდებზე  ინფორმაციის  გამოაქვეყნების საკითხს დაარეგულირებს.

„გეთანხმებით, რომ ხშირ შემთხვევაში  საჯარო უწყებების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მათ  ვებ-გვერდებზე  რა ინფორმაცია განთავსდეს,  ახალი კანონით ამ პორტალების  მუშაობის   მინიმალურ სტანდარტები  დაწესდება", განაცხადა   თაქთაქიშვილმა.

საიას რიგით მეოთხე კვლევა განხორციელდა პროექტის - "ანგარიშვალებულება და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში"  - ფარგლებში, რომლის  ფინანსური მხარდამჭერია  "ღია საზოგადოების ინსტიტუტია".

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test