შემოგვიერთდი

04.05.2011 13:47

სომხური მედიის შუქ-ჩრდილები

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია გოუ ჯგუფმა სომხეთში ჟურნალისტების მისია მოწყო. ერევანში ქართველმა, ოსმა და აფხაზმა ჟურნალისტებმა შეხვედრები გამართეს პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებთან. ერევანში სომხეთის ინტერნიუსის წარმომადგენელს  გერამ ვართანიანს    შევხვდით.  „ინტერნიუსი-საქართველოს" მსგავსად , სომხეთის ინტერნიუსიც ამუშავებს  ინტერნეტ-გამოცემა Media.am -ს. გერამი ამ გამოცემის რედაქტორია. იგი სომხური მედიის დღევანდელ მდგომარეობაზე გვესაუბრა.

- რამდენი ტელევიზიაა და არიან თუ არა დამოუკიდებელი მაუწყებლები სომხეთში?

სომხეთში ყველაზე გავლენიან მედიასაშუალებად მაინც ტელევიზია რჩება. ჩვენთან ბევრი ტელეკომპანია მაუწყებლობს. მარტო ერევანში მათი რაოდენობა 14-ია. მაუწყებლობს ორი საზოგადოებრივი არხი, დანარჩენი კერძო ტელევიზიები, მაგრამ მათ შორის დიდი განსხვავება არ არის.  შეიძლება ითქვას,  რომ სომხეთში რეალურად დამოუკიდებელი  ტელეკომპანია არ არსებობს.  ხელისუფლების მხრიდან მათი კონტროლი ყოველთვის შესაძლებელია.  საზოგადოებრივი მაუწყებელი უფრო სამთავრობო და საპრეზიდენტო არხია.  ორ-სამ არხს ოლიგარქები ფლობენ. ეს ოლიგარქები კი მთავრობაზე არიან დამოკიდებულნი, რადგან მათი ბიზნესი სახელისუფლებო წრეებზეა მიბმული, ამიტომ მათი კონტროლი ძალიან ადვილია. ასევე ორი სატელევიზიო არხიდან, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებთან იყვნენ დაკავშირებულნი. ერთი უკვე  დაიხურა, მეორე ისევ აგრძელებს მაუწყებლობას.  შეიძლება ითქვას,  რომ ყველა მაუწყებელი გარკვეული კონტროლის ქვეშაა. ახლა, ეს შესამჩნევი არ არის, მაგრამ არჩევნების ან საგანგებო მდგომარეობის დროს,  მათი კონტროლი თვალშისაცემი ხდება.

- ბეჭდურ მედიაზე რას იტყვით? ისიც კონტოლირებადია?

ბეჭდური მედია უფრო  თავისუფალია.  ბევრი ოპოზიციური გაზეთი გამოდის. მაგრამ აქ სხვა უკიდურესობაა. აქ არ არის ობიექტურობა და სიმართლე. გაზეთების ერთი  ნაწილი სახელისუფლებო მოსაზრებებს და პოზიციებს გამოხატავს, მეორე ნაწილი კი ოპოზიციის პიარს ემსახურება. ასე რომ, ბევრი მათგანი ისევე იტყუება როგორც ტელეეთერი. გარდა ამისა,   ბეჭდური მედიის მთავარი პრობლემა მცირე ტირაჟია.  ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური გაზეთი „აიკაკან ჟამანაკი" 8 ათასიანი ტირაჟით გამოდის და ის ყველაზე დიდ გაზეთად მიიჩნევა, მაგრამ 3 მილიონიანი სომხეთისთვის ეს არაფერია.

- ინტერნეტ - გამოცემების საქმე როგორ მიდის? აქ, ალბათ, კონტროლი ჯერ არ უნდა იყოს.

- ინტერნეტ-გამოცემები ყოველდღიურად ძლიერდებიან. არის გამოცემები რომლებსაც დღეში ათიდან ორმოცდაათიათასამდე დამთვალიერებელი ყავს. ეს უკვე კარგი შედეგია.  ისინი მეტნაკლებად ობიექტურ   ინფორმაციას გადასცემენ.  თუმცა, სასურველია,  რომ ინტერნეტში უფრო მეტი და ხარისხიანი ანალიტიკური მასალა ქვეყნდებოდეს. სომხეთში დიდ როლს თამაშობს  რადიო „თავისუფლება". ის  ობიექტური ინფორმაციის  საუკეთესო მიმწოდებელია. ცდილობს, რომ დაბალანსებული იყოს, მაგრამ ჩემი აზრით,  „თავისუფლება" ცოტათი მაინც ოპოზიციისკენაა გადახრილი. ამ მედიასაშუალებას აქ პატივს სცემენ და ბევრი მსმენელი ყავს.

- ბლოგერების საქმე როგორაა?  თავისუფლად ამბობენ სათქმელს? გაჩნდნენ ავტორიტეტული ბლოგერები?

- ბლოგერების ინსტიტუტიც ყოველდღიურად ძლიერდება. არიან ბლოგერები,  რომლებსაც იმდენივე დამთვალიერებელი ყავს, რამდენიც გაზეთებს.  გავლენიანი ბლოგერებიც არიან, ისინი წინ, უფრო ნაციონალურ თემებს წევენ, მაგალითად როგორიცაა სომხურ-თურქული და სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების საკითხები. ჩვენს მედიაში ამ თემებზე დისკუსია არ წყდება.  ჩვენი ბლოგერები ძირითადად „ლაივჯოურნალზე" (http://www.livejournal.ru/) წერენ. თავიდან,  როცა ბლოგერობა დაიწყეს, ბევრი რუსულად წერდა, ახლა უფრო სომხურად წერენ. ახლა უფრო bloger.com-ზე და wordpress.com-ზე წერენ.  ძალიან პოპულარული ხდება facebook, ახლა როცა ჩვენთან მიტინგები ხშირად იმართება, ოპოზიციის მხარდამჭერი ახალგაზრდები ხალხის მობილიზაციას ამ სოციალური ქსელის მეშვეობით ცდილობენ.  მიტინგების დროსაც, იქ მომხდარ ამბებს facebook-ზე და Twitter-ზე  ათავსებენ.   ჩვენი მონაცემებით,  facebook-ის მომხმარებელი 150 ათასი სომეხია, რაც ბევრი არ არის,  მოსახლეობის 5 პროცენტია,  ყველაზე დიდი ქსელი ჩვენთან  odnoklasniki-ია, მაგრამ  უკვე დაწყებულია ხალხის  „მიგრაცია" ამ ქსელიდან  facebook-ზე, რომელმაც შეიძინა  ძალა და  აქვს გარკვეული გავლენა  მასაზე.

- Media.am -ის შესახებ მოგვიყევით . რას წერთ და რით არის გამორჩეული სხვა სომხური საიტებისგან?

- Media.am არის „ინტერნიუს-სომხეთის" პროექტი, ისევე როგორც Media.Ge  არის „ინტერნიუსი-საქართველოს"  პროდუქტი. ჩვენი  საიტი უკვე 10 წელია არსებობს. ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში კარგად ვერ ვმუშაობდით, დაფინანსება მცირე იყო. წელს საიტის დიზაინი შევცვალეთ. ჩვენი მიზანია,  რომ უფრო მეტი მედიაანალიზი მივაწოდოთ მკითხველს.  საავტორო სვეტები გვაქვს და ხშირად ვწერთ სომხურ მედიაში მიმდინარე პროცესებზე. შემდეგ ეს სტატიები განსჯის საგანი ხდება და დაინტერესებული პირები კომენტარებს გვიტოვებენ. ესე იგი ნებისმიერ სტატიაზე ფორუმს ვხსნით. ბმულები ფეისბუქზეც გადაგვაქვს და იქაც გრძელდება ხოლმე დისკუსია.  მაგალითად, დიდი კამათი გამოიწვია სტატიამ . ბლოგი მედიაა თუ არა?  ბლოგის ენა ჟურნალისტური ენის მსგავსი უნდა იყოს თუ განსხვავეებული?  ძალიან ბევრი კამათი იყო ამის შესახებ.  გვსურს,  რომ ბევრი საუბარი იყოს მედიაზე.  გარდა ამისა,  ჩვენ გვაქვს მედიარუქა, გვაქვს ინტერვიუები მედიის თემაზე, გვაქვს პატარა რადიოგადაცემაც, რომელიც მხოლოდ ჩვენს ვებ გვერდზე ქვეყნდება.  სომხურად მას ცანცანრეში ჰქვია, ინგლისურად გიქ. მსმენელები არიან ადამიანები, რომლებიც ინტერნეტზე არიან უკვე დამოკიდებულნი და თითქოს სასიცოცხლო ენერგიასაც ინტერნეტიდან იღებენ.  მთელი კვირის განმავლობაში სოციალურ მედიაში და ბლოგებზე არსებულ პოპოლარული თემების შესახებ ვაკეთებთ გადაცემებს.  ეს პროგრამა ძირითადად ინტერნეტზე  და ინტერნეტმედიაზეა.

- Media.am -ზე პატარა ბლოგიც გვაქვს, სადაც, ძირითადად, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები წერენ.  გვაქვს კიდევ ერთი რუბრიკა, რომელსაც ვოქს პოპი ჰქვია, იქ წერა ნებისმიერს შეუძლია. რიგით ადამიანებს ვარჩევთ და ვთხოვთ, რომ იმ მედიის შესახებ საკუთარი მოსაზრებები დაწერონ, რომლებსაც კითხულობენ, უსმენენ და უყურებენ.  ესე იგი, მედიამკვლევარების და კრიტიკოსების აზრი კი არა, ამ რუბრიკაში მედიამომხმარებლების აზრი გვაინტერესებს, თუ მათ წერა გაუჭირდებათ, მაშინ ინტერვიუს სახით ვაქვეყნებთ მათ მოსაზრებებს.

სომხური მედიის შესახებ გერამ ვართანიანმა გვიამბო.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test