შემოგვიერთდი

05.05.2011 07:56

პრესის თავისუფლების დონემ მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად დაიკლო - „ფრიდომ ჰაუსის" ახალი ანგარიში

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

პრესის თავისუფლების დონემ  მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად დაიკლო და უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება. ამ  დასკვნამდე მივიდა „ფრიდომ ჰაუსი" თავის ახალი ყოველწლიური კვლევის შედეგად, რომელიც მსოფლიოში პრესის თავისუფლების ხარისხს აფასებს.

კვლევაში  „პრესის თავისუფლება - 2011"  ნაჩვენებია 196 ქვეყნის დამოუკიდებელი მედიის ყველაზე დიდი საფრთხეები.  ანგარიში 2011 წლის 2 მაისს, „იუნესკო"-ს მიერ ორგანიზებულ მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით ვაშინგტონში გამოქვეყნდა.   კვლევის მიხედვით,  მსოფლიო  მედიის მდგომარეობა გაუარესდა  და ყოველი ექვსი ადამიანიდან მხოლოდ ერთი ცხოვრობს თავისუფალი პრესის მქონე ქვეყნაში.

„ფრიდომ ჰაუსის"  მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შემცირდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებისთვისაც ხელმისაწვდომია დამოუკიდებელი მედია. სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა ისეთ  ქვეყნებში როგორიცაა - ეგვიპტე, ჰონდურასი, უნგრეთი, მექსიკა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, თურქეთი და უკრაინა.

„არა თავისუფალი" ქვეყნების კატეგორიაში გადავიდა მექსიკა. ამის მიზეზი კი 2010 წელს ნარკოტიკების ტრეფიკინგთან დაკავშირებული ძალადობა გახდა, რამაც  გაზარდა ჟურნალისტებზე თავდასხმები, თვითცენზურა და არასახელისუფლო ძალების მიერ მედიის კონტროლისა და მართვის მცდელობები.

სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონშიც. 2010 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს,  დემონსტრანტების დარბევის გამო,  ეგვიპტეც  „არა თავისუფალი" ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა.  შედარებით მცირე გაუარესება დაფიქსირდა ირანში, ერაყში, მაროკოსა და იემენში.

ამ ფონზე მნიშვნელოვანი წინსვლა შეიმჩნეოდა საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთ ქვეყნაში, რაც დიდწილად საკანონმდებლო რეფორმების შედეგია.  სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდა გვინეაში, ნიგერიაში და მოლდოვაში. შედარებით მცირე პროგრესი შეიმჩნეოდა კოლუმბიაში, საქართველოში, კენიაში, ყირგიზეთში, ლიბერიაში, სენეგალსა და ზიმბაბვეში.

„ქვეყანას, სადაც ჟურნალისტს  თავისუფლად მუშაობის ეშინია მთავრობის, ან სხვა გავლენიანი პირების მხრიდან ხელის შეშლის გამო, ძალიან მცირე შანსი აქვს მიაღწიოს, ან შეინარჩუნოს ნამდვილი დემოკრატია," - განაცხადა „ფრიდომ ჰაუსის" აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ჯეი კრამერმა (David J. Kramer), ახალი ანგარიშის პრეზენტაციაზე.  „არადემოკრატიულ რეჟიმებში მოსალოდნელია ჟურნალისტებისათვის ისეთი არაკომფორტული  გარემოს შექმნა, როგორიც  ახლო აღმოსავლეთსა და ყოფილ საბჭოთა კავშირში მოქმედებს. ამიტომ განსაკუთრებით გვაღელვებს წელს დაფიქსირებული რეგრესი ახალგაზრდა დემოკრატიულ ქვეყნებში - მექსიკაში, უნგრეთსა და ტაილანდში."

2010 წელს შეფასებული 196 სახელმწიფოდან  68 ქვეყანა (35%) შევიდა კატეგორიაში „თავისუფალი",  65 ქვეყანა (33%),  „ნაწილობრივ თავისუფალი",   ხოლო 63 ქვეყანა -(32%) „არა თავისუფალი" .

ანგარიშში ასევე მოცემულია რამდენიმე მთავარი ტენდენცია, რომელიც მედიის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.  ავტორიტარული რეჟიმები სულ უფრო მეტად იყენებენ საკანონმდებლო მანევრებს დამოუკიდებელი მაუწყებლობის შესაზღუდად, რაც ხელს  უშლის კერძო რადიო და სატელევიზიო არხების ზრდას.

მედიას ხელს უშლის რეპრესიული მთავრობების ის ღონისძიებები, რაც კომუნიკაციის კონტროლისთვის გამოიყენება.  ზოგიერთ დემოკრატიულ და ნახევრად დემოკრატიულ ქვეყნებში გაიზარდა ინტერნეტის და იქ გამოქვეყნებული ინფორმაციის შეზღუდვა. ამ ქვეყნებს შორის მოხვდა სამხრეთ კორეა და ტაილანდი.

მნიშვნელოვანი ტენდენციაა ისიც, რომ პრესის წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობამ და დამნაშავეთა დაუსჯელობამ  ჟურნალისტების თვითცენზურა ან ქვეყნიდან წასვლა გამოიწვია.  ძალადობისა და ზეწოლის ფაქტები ხელისუფლებისა და სხვა გავლენიანი პირების მხრიდან კვლავ რჩება  მნიშვნელოვან პრობლემად.  ამგვარი კრიმინალური ქმედებების არასერიოზული გამოძიება უკვე ფართო მასშტაბებს აღწევს.

2009 წელთან შედარებით სამხრეთ ამერიკაში რეგიონის საშუალო ქულა გაუარესდა. ჰონდურასმა და მექსიკამ  „არათავისუფალ" ქვეყანათა კატეგორიაში გადაინაცვლეს. მნიშვნელოვანი რეგრესი დაფიქსირდა არგენტინაში, ბოლივიასა და ეკვადორში. 2006 წლის შემდეგ  ამდენი ქვეყანა არათავისუფალთა კატეგორიაში არ მოხვედრილა.

ამ  ფონზე გარკვეული ნათელი წერტილია კოლუმბია, სადაც მკვეთრად გაუმჯობესდა დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა.

სიტუაციის გაუარესება შეინიშნება აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებშიც, რადგან სამხრეთ კორეა „ნაწილობრივ თავისუფალი" სახელმწიფოების კატეგორიაში გადავიდა, ხოლო ტაილანდი „არათავისუფალ" ქვეყნებს შეუერთდა.  დაქვეითდა კამბოჯა, ფიჯი, ინდოეთი და ვანუატუ , სიტუაცია მცირედ გაუმჯობესდა ბანგლადეშსა და ფილიპინებში. კვლევის მიხედვით, ამ რეგიონში მედიის თავისუფლების მხრივ  რთული სიტუაცია ბირმასა და ჩრდილოეთ კორეშია. მსოფლიოში ყველაზე პრობლემატურ ქვეყანად ჩინეთი რჩება.

2010 წელს საშუალო ქულა არ შეცვლილა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში), თუმცა რამდენიმე ცვლილება მაინც მოხდა. მცირე გაუმჯობესება შეინიშნება საქართველოსა და ყირგიზეთში. აზერბაიჯანი, ყაზახეთი და რუსეთი კვლავ პრობლემატურ ქვეყნებად რჩებიან, ასევე მნიშვნელოვანი უარყოფითი ტენდენციები დაფიქსირდა უნგრეთსა და უკრაინაში.

„ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშის მიხედვით,  ეგრეთ წოდებულმა „ფერადმა რევოლუციებმა", რომელთა ტალღამაც გადაუარა ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაწილს 2003 და 2005 წლების განმავლობაში,  სხვადასხვა სახის შედეგები შემდგომ წლებში მოიტანა.  თავდაპირველად რეფორმატორები, რომელთა ქმედებებმაც საქართველოს, უკრაინასა და ყირგიზეთს მოაშორა კორუმპირებული და რეპრესიული ლიდერები, განიხილებოდნენ როგორც დემოკრატიული ცვლილებების პოტენციური მოდელები მეზობელი ქვეყნებისა და მთელი მსოფლიოსთვის.  რამდენიმე წლის შემდეგ ფერადი რევოლუციები საკმაოდ სერიოზული იმედგაცრუება გამოდგა იმ ავტორიტარული ტენდეციების გამო, რომლებიც გამოამჟღავნეს ახალმა პრეზიდენტებმა საქართველოში და განსაკუთრებით კი ყირგიზეთში. უნიათო  და არაკომპეტენტური მთავრობა მოვიდა უკრაინაში.   თუმცა,  „ფრიდომ ჰაუსის"  შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ  პოლიტიკური ინსტიტუტების ფუნქციონირება ამ ქვეყნებში ძირითადად არ ესადაგება მკაცრ დემოკრატიულ სტანდარტებს, ბოლო დროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ  მათ მაინც შეძლეს თავიდან აეცილებინათ ღიად გაყალბებული არჩევნები, ფართოდ გავრცელებული ცენზურა და სამართალდამცავების თავზეხელაღებული მოქმედება, რომელიც ასე გავრცელებულია მათ მეზობელ ქვეყნებში.  მაგალითად, საქართველოში 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ შეინიშნებოდა რეფორმებიც და რეგრესიც.   თუმცა 2010 წელს სამოქალაქო თავისუფლების რეიტინგის მხრივ გაუმჯობესება შეინიშნება, რაც გამოიწვია უფრო უსაფრთხო გარემომ, პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურებამ და მედიის გაზრდილმა მრავალფეროვნებამ.  ამის მაგალითი იყო ტელეკომპანია „მაესტროს" მიერ სატელიტურ მაუწყებლობაზე გადასვლა.  ასევე მედიამფლობელების გამჭვირვალობის მიზნით  საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. ამ „პატარა პოზიტიური ნაბიჯების" შედეგად  საქართველო საერთო რეიტინგში 4 ქულით დაწინაურდა, მაგრამ  55 ქულით ის მაინც რჩება "ნაწილობრივ თავისუფალი" ქვეყნების სიაში.

„ფრიდომ ჰაუსის" შეფასებით,  მედიის თავისუფლების კუთხით სიტუაცია ყველაზე მეტად ახლო მოსავლეთსა და ჩრდილოეთი აფრიკაში გაუარესდა. ეგვიპტე „ნაწილობრივ თავისუფალი" კატეგორიიდან გადავიდა „არა თავისუფალ" კატეგორიაში.  ასევე რეიტინგში დაიწიეს ერაყმა, ირანმა, კუვეიტმა, მაროკომ და იემენმა.   კვლავ მსოფლიოს ყველაზე უარეს ქვეყნებს შორის არიან ლიბია, საუდის არაბეთი, სირია და ტუნისი.

სიტუაციის გაუარესება შეინიშნება დასავლეთ ევროპაშიც. რეგრესი კი უპირველესად დანიაში, ისლანდიასა და თურქეთში არსებულმა უარყოფითმა ტენდენციებმა გამოიწვია. კვლავ პრობლემატურია დიდ ბრიტანეთში არსებული სიტუაცია ცილისმწამებლური კანონმდებლობის გაფართოების გამო. „ნაწილობრივ თავისუფალი" ქვეყნების კატეგორიაშია იტალიაც  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მედიასაშუალებების დიდი კონცენტრაციის გამო.  

„ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშის მიხდევით მედიის თავისუფლების კუთხით ყველაზე უარესს ათ ქვეყანაში შედიან ბელორუსი, ბირმა, კუბა, ეკვატორული გვინეა,  ერითრია, ირანი, ლიბია,ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი და უზბეკეთი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test