შემოგვიერთდი

18.05.2011 23:37

ჟურნალისტური მისია სომხეთსა და თურქეთში

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

"გოუ ჯგუფის" მიერ ორგანიზებული ექსპედიციის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერები იყვნენ ევრაზიის ფონდი და შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (sida),  სამხრეთ-კავკასიელი ჟურნალისტები ერთი თვის განმავლობაში მოგზაურობდნენ სომხეთსა და თურქეთში;  მისიის მიზანი ამ ორ ქვეყანას შორის დაულაგებელი  ურთიეთობების  კვლევა და თანამედროვე ტენდენციების გამოკვეთა იყო.  პროექტის მონაწილე  ჟურნალისტებს  შორის იყო Media.Ge-ს კორესპონდენტი  გოგა აფციაურიც, რომელიც   სამხრეთ-კავკასიელი კოლეგების  ერთობლივი მუშაობის  შესახებ გვიამბობს.

აფხაზი, ოსი და ქართველი ჟურნალისტები თურქ და სომეხ კოლეგებს თურქეთის ქალაქ დიარბაქირში შევუერთდით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კავკასიელ ჟურნალისტებს ერთად უნდა გვემოგზაურა მეზობელ ქვეყნებში.  პირველად ერევანში მიმდინარე წლის აპრილში   შევხდით ერთმანეთს, სადაც სომხურ-თურქული ურთიერთობების საკითხებს ვსწავლობდით. შევხვდით პოლიტიკოსებს, არსამათავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს. ერევანში განსხვავებული მოსაზრებებს ვისმენდით.  ზოგი მიიჩნევს, რომ თურქეთმა ჯერ 1915 წლის გენოციდი უნდა აღიაროს და ამის შემდეგ უნდა აღდგეს ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობა, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და პირველ რიგში სომხეთ- თურქეთის საზღვარი უნდა გაიხსნას. ანალოგიური შეხვედრები სტამბულშიც გავმართეთ. თურქები გადაჭრით ამბობდნენ, რომ სომეხთა გენოციდის აღიარება არ მოხდება,  დიპლომატიური  ურთიერთობის აღდგენის  საკითხი  კი მხოლოდ მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ უნდა გადაწყდეს.

იმ დროს, როცა ამ  ორი სახელმწიფოს ურთიერთობები ჩიხშია, ერევნის პრეს-კლუბში სომეხი და თურქი ჟურნალისტების ერთობლივი ტურის იდეა გაჩნდა. როგორც ერთი ისე მეორე ქვეყნის  მედიაზე დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ ზოგჯერ ჟურნალისტებზე სტერეოტიპები მძლავრობს, რაც მათ მასალებში იგრძნობა, ეს კი ხელს უწყობს  ორ ქვეყანას შორის  უნდობლობის გაღრმავებას. ერევნის პრეს-კლუბის ხელმძღვანელის ბორის ნავასარდიანის აზრით, ამ ერთობლივი ტურის იდეა ის იყო, რომ ჯერ ჟურნალისტებს გაეცნოთ ერთმანეთი, შემდეგ კი გაეგოთ ორივე მხარის პოზიცია. მისი თქმით, მედიას ურთიერთობების გაუმჯობესებაში დიდი როლის შესრულება  შეუძლია.

ერევნის პრეს-კლუბის იდეას  "ინტერნიუს-სომხეთი"  თურქული ორგანიზაცია "ჯიპოდიც" შეუერთდა, დონორებიც გამოჩნდნენ და მოგზაურობაც დაიწყო. დიარბაქირის შემდეგ იყო ვანის ტბა, კუნძული ახტამარი და იქ  არსებული სომხური ეკლესია, რომელმაც ერევნელ ჟურნალისტებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამის შემდეგ ქალაქ ვანში  ქურთი ქალების საპროტესტო აქციაზე, თურქი ჟურნალისტები სომეხ კოლეგებს ვითარების გარკვევაში ეხმარებოდნენ. ქურთი ქალები  საკუთარი უფლებების დასაცავად გამოვიდნენ და განათლების ქურთულ ენაზე მიღებას მოითხოვდნენ.  "ინტერნიუს-სომხეთის" ხელმძღვანელი ნუნე სარქისიანი ამბობს, რომ თანამშრომლობა შედგა და აუცილებელია საზოგადოებამ ინფორმაცია დაუმახინჯებლად და სტერეოტიპების გარეშე მიიღოს.

ვანის შემდეგ იყო ყარსი, შემდეგ სომხეთის სამეფოს ძველი დედაქალაქი ანისი, სადაც გუმბათჩამოქცეული  ეკლესია - მონასტრები  ვნახეთ. ისტორიული ძეგლები განადგურების პირასაა, სომეხი ჟურნალისტების აზრით, პოლიტიკური ურთიერთობები სწრაფად უნდა განახლდეს, რომ თუნდაც ძეგლების აღდგენის და რესტავრაციის საკითხში  შეთანხმდნენ. ერთი კვირის განმავლობაში, 5-დან 10 მაისის ჩათვლით,  აფხაზი, ოსი და ქართველი ჟურნალისტები სომეხი და თურქი კოლეგების ურთიერთობებს ვაკვირდებოდით. ორდღიანი გაუცხოების შემდეგ ისინი ერთმანეთს სხვადასხვა საკითხების გარკვევისთვის სულ უფრო ხშირად მიმართავდნენ.  თურქული გაზეთის "თარაფ დეილის" ჟურნალისტი  უზგუნ უსთაში ამბობს, რომ  ჟურნალისტებს შორის პროფესიული კონტაქტების გარდა ადამიანური ურთიერთობებიც დამყარდა.

სომეხ და თურქ კოლეგებს ახალციხეში დავშორდით. მათ კი გზა ერევნისკენ გააგრძელეს. "გოუ ჯგუფის" ხელმძღვანელი მარგარიტა ახვლედიანი ამბობს, რომ ერთობლივი მოგზაურობა და მუშაობა საინტერესო იყო. აფხაზ, ოს და ქართველ ჟურნალისტებს კი დაკვირვების საშუალება მიეცათ. ახვლედიანის აზრით,  თურქულ-სომხური ურთიერთობების აღდგენას  მთელი რეგიონის პოლიტიკური პრობლემების მოგვარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, პროექტი რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. მომავალში დაგეგმილია ერთობლივი დოკუმენტური ფილმების მომზადება. სომეხი და თურქი ჟურნალისტების გაცვლითი პროგრამა და ბოლოს, ერთობლივი ტოქ-შოუების მომზადება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test