შემოგვიერთდი

19.05.2011 22:49

ინფორმაციის ხელმიუწვდომლობა - საქართველოს საზოგადოების მოუგვარებელი პრობლემა

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

მედიის, არასამთავრობო  ორგანიზაციების, ხელისუფლებისა  და საპარლამენტო ოპოზიციის  წარმომადგენლებმა 18 მაისს  კიდევ ერთხელ იმსჯელეს ინფორმაციის  თავისუფლების პრობლემებზე საქართველოში, რომლის სიმწვავე დისკუსიის შინაარსმაც დაადასტურა. ეს იყო ხსენებული საკითხისადმი მიძღვნილი მეორე მრგვალი მაგიდა, რომელიც საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭომ (IREX) და საერთაშორისო წამყვანი იურისტების პროექტმა (ISLP), ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) ერთად და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოსთან" (OSGF) თანამშრომლობით, გამართეს. შეხვედრა   პროგრამის „ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას" (G-MEDIA) ფარგლებში გაიმართა.

G-MEDIA პროგრამის ხელმძღვანელმა  ჯო რაფელბერგმა (Joe Raffelberg), მისასალმებელი გამოსვლის დროს საზოგადოებას უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ექსპერტებისგან ხშირად გვსმენია, რომ საქართველოში მოქმედი კანონი ქაღალდზე კარგია, თუმცა, პრაქტიკაში არ სრულდება. მოქალაქეები საჯარო ინფორმაციას ხშირად იმიტომ ვერ იღებენ, რომ უწყების თანამშრომლები განზრახ არ გასცემენ, ან გადაღლილობას იმიზეზებენ. საზოგადოების ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ მოუწოდოს მთავრობას, მიიღოს გარკვეული განკარგულებები, რაც დაავალდებულებს საჯარო უწყებებს, იყვნენ უფრო პროაქტიურები," - განაცხადა რაფელბერგმა.

ინფორმაციის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა მოკლედ მიმოიხილა „თავისუფლების  ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა  ლევან რამიშვილმა, რომელიც  თავად  მონაწილეობდა  ინფორმაციის  რეგულაციების ჩამოყალიბებაში.  მისი თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ყველგან უგულვებელყოფენ კანონის ნორმას, რომელიც უწყებებს საჯარო ინფრომაციის რეესტრის შექმნას ავალდებულებს. მათ წიაღში შექმნილ  დოკუმენტს  უნდა მიეცეს კლასიფიკაცია,   რათა იმთავითვე განისაზღვროს, ექვემდებარება  თუ არა ის გასაჯაროებას. ახლა კი რა ხდება? დაწესებულებები იმაზე  მსჯელობენ ხოლმე, არის თუ არა ღია ესა თუ ის ინფორმაცია, რასაც  დიდი  დრო მიაქვს.

რამიშვილის  აზრით, მეორე მნიშვნელოვანი  პრობლემა დაკავშირებულია  სახელმწიფო დაწესებულებების ყოველწლიური ანგარიშებთან ინფორმაციის გაცემის შესახებ.  კანონით საჯარო უწყებები ვალდებულნი არიან, პარლამენტსა და პრეზიდენტს ყოველი წლის 10 დეკემბერს  წარუდგინონ ერთგვარი სტატისტიკა, წლის განმავლობაში რამდენი ინფორმაცია გასცეს და რამდენი - არა. „ცალკე საკითხია, ამ ვალდებულებას როგორ ასრულებენ უწყებები. თუმცა, მთავარი ისაა, რომ წადგენილ მასალას არავინ ამუშავებს, არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია, არც პარლამენტი. ამიტომ თუ რაიმე ხარვეზი არსებობს რომელიმე დაწესებულების მუშაობაში, მისი გამოსწორება არ ხდება", - განაცხადა ლევან რამიშვილმა.

მან  წამოაყენა იდეა, რომ  კანონის აღსრულების მონიტორინგი დაევალოს რომელიმე უწყებას, რომელიც უფლებამოსილი იქნება საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის შემთხვევაში გარკვეული რეკომენდაციებით მიმართოს კანონის დამრღვევ დაწესებულებას.  „მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სახალხო დამცველის ოფისი. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე ვერ მიიღებს ინფორმაციას, მას შეეძლოს ამ უწყებაში გასაჩივრება."

ლაშა ტუღუში, წარმომადგენელი ქართველი  მედია ექსპერტების  ჯგუფისა, რომელიც   მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობს და პარლამენტს შესაბამის    საკანონმდებლო ცვლილებებს სთავაზობს, მიიჩნევს, რომ კანონი მთლიანობაში კარგია, თუმცა არსებული დეფინიციები, მაგალითად, ის, თუ რა არის    "საჯარო ინფორმაცია", დაზუსტებას მოითხოვს. გარდა ამისა, თქვა ტუღუშმა,  სახელმწიფო დაწესებულებაში  უნდა იყოს ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის გარკვეული  ჯარიმა დაეკისრება.

რამდენიმე საკითხის კანონით დარეგულირებას  ითხოვს კოალიციაც „მედია ადვოკატირებისთვის". მისმა წარმომადგენელმა ნინო ზურიაშვილმა ის პრობლემები გამოყო, რომელიც ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელს უშლის. კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებისთვის ღია უნდა იყოს პრეზიდენტის განკარგულებები, მთავრობის სხდომები, საერთაშორისო ხელშეკრულებები,  სააქციო საზოგადოებებში ხმის უფლების მქონე პირთა ვინაობა.  სერიოზული  პრობლემაა სასამართლო სხდომების აუდიო ჩაწერა, რაც კანონით დაშვებულია, მაგრამ  პრაქტიკაში არ ხორციელდება.

შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსი ბაჩანა შენგელია, რომელმაც საზოგადოებას ის ინიციატივები გააცნო, რომლის პრაქტიკაში დანერგვით გაადვილდება  საჯარო ინფორმაციის მოპოვება.

" ღია ინფორმაცია  პროაქტიულად გამოქვეყნდება   საჯარო უწყების ვებ-გვერდზე. ამ  დოკუმენტების  ნუსხა წინასწარ იქნება  შეთანხმებული.  „ჩვენ ვმუშაობთ საჯარო ინფორმაციის რეესტრის შექმნაზეც, რასაც კანონი გვავალდებულებს, გარდა ამისა, ვაპირებთ დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებას  ინფორმაციის ბლოკირებისთვის. ვფიქრობთ, ეს ცვილებები ერთის მხრივ, გაამარტივებს ჩვენს მუშაობას და მეორეს მხრივ, დაინტერესებული პირი მოკლე ვადაში მიიღებს სასურველ ინფორმაციას," - აღნიშნა ბაჩანა შენგელიამ.

იმ ცვილებებზე, რომელმაც გარკვეული ტიპის  ინფორმაციის მიღება უკვე გაამარტივა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ჩიორა თაქთაქიშვილმა ისაუბრა. მან მთავარ  მიღწევად ელექტრული შესყიდვები, ტენდერები და  ინტერნეტში ატვირთული საჯარო პირთა დეკლარაციები დაასახელა. მისი თქმით, მალე მთავრობის ყველა უწყება ელექტრულ საქმისწარმოებაზე გადავა, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

„ჩვენი მიზანია  საქმისწარმოება გახდეს სრულიად გამჭვირვალე, რაც ინტერპრეტირების შესაძლებლობას  შეამცირებს და აღარ გაჩნდება კითხვა,  გაიცეს თუ არა ამგვარი ტიპის ინფორმაცია. ინტერნეტში  ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას ჩვენ მივესალმებით და მზად ვართ, საკანონმდებლო რეგულაციების კუთხითაც ჩავერთოთ ამ პროცესში" - განაცხადა  თაქთაქიშვილმა.

ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები მიმოიხილა ISLP-ის საერთაშორისო ექსპერტმა, სარა სმიტმა.  მან მრგავლი მაგიდის მონაწილეებს გააცნო Google-სა და Baker and McKenzie LLP-ის იურისტთა ჯგუფის მიერ IREX-ის დაკვეთით მომზადებული  დასკვნები  ქართველ მედია ექსპერტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე.

სარა სმიტმა თავის მხრივ დასძინა, რომ შესაძლებელია საქართველოში ჩამოყალიბდეს ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც მხოლოდ საჯარო ინფორმაციის მიღების პრობლემებთან დაკავშირებულ საქმეებს განიხილავს. მაგრამ ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი სტრუქტურა, რათა საზოგადოებაში არსებობდეს  მის მიმართ ნდობის ფაქტორი.

Google-სა და Baker and McKenzie LLP-ის ექსპერტული დასკვნების  არაოფიციალური თარგმანი ქართულ ენაზე იხილეთ ამ მისამართზე, დოკუმენტის ორიგინალური ვერსია კი იხილეთ აქ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test