შემოგვიერთდი

12.06.2011 21:14

ფრიდომ ჰაუსის ანგარიშს ცხინვალში გამოეხმაურნენ

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

"უარესები უარესთა შორის" - საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსმა" ამ სახელწოდების მორიგი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში დასახელებულია 17 ქვეყანა და 3 ტერიტორია, სადაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით განსაკუთრებით ცუდად არის საქმე. ხსენებულ ტერიტორიებს შორის აღმოჩნდა რუსეთის მიერ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია - სამხრეთ ოსეთი. რადიო "თავისუფლების" ცნობით, ფრიდომ ჰაუსმა ამ ანგარიშში სამხრეთ ოსეთი რუსეთს მიაკუთვნა, თუმცა შემდეგ ეს შეცდომა  ორგანიზაციამ გამოასწორა.

რადიო "თავისუფლება" გადმოსცემს , რომ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ტერიტორია, კიდევ ორ ტერიტორიასთან, ტიბეტთან და დასავლეთ საჰარასთან ერთად ერთიანდება ჯგუფში, სახელწოდებით "უარესები უარესთა შორის", რაც  იმას ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით იქ ყველაზე უარესად არის საქმე. აქვეა 17 ქვეყანა, რომელთა შორის არის ბირმა, ერითრეა, ლიბია, ჩრდილოეთ კორეა თუ სომალი. ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცის ქვეყნებიდან ამ სიაში მოხვდა მხოლოდ ბელორუსი, თურქმენეთი და უზბეკეთი. ქვეყნები შეფასებულია 2 კრიტერიუმის მიხედვით - ესენია პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები.

ანგარიშის თანახმად, 2010 წელს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ დაიმსახურა კრიტიკა როგორც მოსკოვიდან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან იმის გამო, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ნელა მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო სამუშაოები და რომ არსებობს კორუფცია.

მიზეზები, რის გამოც სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორია "ყველაზე უარესთა" ჯგუფში მოხვდა, უკავშირდება ასევე 2009 წლის საპარლამენტო არჩევნების პრობლემებს და ოპოზიციის შევიწროებას. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე ჩატარდა არჩევნები, რომელსაც არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა.ეთნიკური ქართველების უდიდესმა ნაწილმა ან უარი განაცხადა, ან მათ არ დართეს ნება მონაწილეობა მიეღოთ ამ არჩევნებში. იქვე ნათქვამია, რომ რუსეთი მთელი წლის განმავლობაში აძლიერებდა თავის ზეგავლენას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და რომ ის დომინანტის როლს ასრულებს შიდა პოლიტიკაში. ამის დასტურად, ანგარიშში მოთხრობილია, რომ 2010 წლის მაისში კოკოითიმ, რუსეთის ჩარევის შედეგად, ვერ შეძლო პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა კრემლის მიერ მხარდაჭერილი რუსი ბიზნესმენი ვადიმ ბროვცევი. ანგარიში ასევე გვატყობინებს, რომ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მუშაობა ეკრძალება კერძო მაუწყებლებს, ხოლო ელექტრონული და ბეჭდური მედია მთლიანად კონტროლდება სეპარატისტული ხელისუფლების მიერ. ასევე ცხინვალის გულმოდგინე მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ამავე ანგარიშში სამხრეთ ოსეთის ტერიტორია დაკავშირებულია მრავალმხრივ კონტრაბანდასა და შავი ბაზრის საქმიანობასთან, აშშ-ის დოლარის გაყალბების ჩათვლით.

ამ ანგარიშის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, კომენტარები ცხინვალშიც გაკეთდა. პოლიტოლოგი ინალ პლიევი ფრიდომ ჰაუსის ანგარიშს არ ენდობა. ის  რამდენიმე წლის წინ დე-ფაქტო რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენლის ბორის ჩოჩიევის თანაშემწე იყო და ეს პოლიტოლოგი კოკოითის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია.

პლიევის თქმით, ფრიდომ ჰაუსის დაფინანსებაში დიდი წილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს შეაქვს და ამიტომ მისი დამოუკიდებლობა საეჭვოა.

"ფრიდომ ჰაუსის ანგარიშებში ის ქვეყნები და რეჟიმები მაღალ შეფასებებს იღებენ, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტს მოსწონს, ხოლო არასასურველ ქვეყნებს გამოგონილ ნაკლოვანებებს მიაწერენ", ამბობს ინალ პლიევი, სააგენტო ოსინფორმისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, ეს იმის გამო კეთდება, რომ შეერთებულ შტატებს ჰქონდეს მორალური დასაბუთება, მომავალი შეიარაღებული აგრესიებისთვის, სხვა ქვეყნებში რეჟიმების შეცვლისა და ეროვნული სიმდიდრეების ხელში ჩასაგდებად.  მისი აზრით, ფრიდომ ჰაუსი, ამერიკის პოლიტიკის ამ განწყობებს ითვალისწინებს.  პლიევის განცხადებით, ასეთ ანგარიშებს მხოლოდ ის მომხმარებლები ენდობიან, ვისაც ადგილებიდან სხვა ინფორმაციის წყაროები არ აქვთ.

ცხინვალელი  ექსპერტი ინტერვიუში საქართველოზეც  საუბრობს და რამდენიმე კითხვას სვამს.

„როგორ შეიძლება საქართველო, სადაც საპროტესტო მშვიდობიან აქციაზე მომიტინგეებს პოლიციის სპეცრაზმი არბევს და კლავს, სამხრეთ ოსეთზე წინ დააყენო, სადაც ასეთი რამ წარმოუდგენელია.  როგორ შეიძლება სამხრეთ ოსეთი, სადაც ხელისუფლების ცვლა არჩევნების გზით ხდება, უფრო დაბლა დააყენო, ვიდრე საქართველო, სადაც ყველა პრეზიდენტი ხელისუფლებაში წინამორბედის დამხობით მოვიდა? ამგვარად ფრიდომ ჰაუსი სერიოზულობის ნიღბით შავი პიარის კეთებით არის დაკავებული",  - აცხადებს ცხინვალელი ექსპერტი და არაფერს ამბობს იმაზე, რომ დე-ფაქტო რესპუბლიკაში ადამიანებს ციხეში სვამენ (უფლებადამცველი ფატიმა მარგიევა), მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველ კოლეგებს მშვიდობის შესახებ ესაუბრებიან, განსხვავებული აზრის გამო ქუჩაში სასტიკად სცემენ ჟურნალისტ თემურ ცხოვრებოვს, ცხინვალში კი კოკოითის მოსკოველ ოპოზიციონერებს  სროლით პასუხობენ. ეს არის ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ბოლო პერიოდში დე-ფაქტო რესპუბლიკაში მოხდა.

Media.Ge ოს ჟურნალისტს და ბლოგერს მარია პლიევას დაუკავშირდა, რომელიც კოკოითის ხელისუფლებას არ სწყალობს და მასზე ხშირად კრიტიკულ წერილებს წერს.

„მე დამაიმედებელი ინფორმაცია არ მაქვს სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, მაგრამ ფრიდომ ჰაუსი,  რა წყაროებს ეყრდნობა და რის საფუძველზე აკეთებს ამ ანგარიშს,  ჩემთვის უცნობია. იმ ადამიანების ანგარიში, ვინც  სხვაგან არიან, სადღაც ვაშინგტონში თუ ნიუიორკში, მიმაჩნია, რომ არაობიექტურია. მაგალითად იმის მოყვანაც შეიძლება, რომ სამხრეთ ოსეთი ჯერ რუსეთს მიაკუთვნეს და მერე საქართველოს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ ძალიან ცუდი  წარმოდგენა აქვთ სამხრეთ ოსეთზე. ტყუილია ისიც, რომ 2009 წლის არჩევნების დროს ხდებოდა ზეწოლა ამომრჩევლებზე და ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას ხმის მიცემის უფლებას არ აძლევდნენ. მე ამას არაობიექტურ განცხადებად მივიჩნევ, რადგან ამომრჩეველზე პირდაპირი ზეწოლა არ ხდებოდა. კოკოითის აქვს მედია და ეთერს არ აძლევდა განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებს და   ოპოზიციურ ძალებს, ამიტომ მოსახლეობას ინფორმაცია არ ჰქონდა და ხმას იმას აძლევდა ვინც აგიტაციას ატარებდა.  მათ არავინ აიძულებდა საარჩევნო უბნებში მისვლას და ამათუიმ კანდიდატისთვის ხმის მიცემას. მე არც ის გამიგია, რომ ეთნიკური ქართველებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს, პირიქით, ჩემ ქართველ მეგობრებს ამის შესაძლებლობა ჰქონდათ. სხვა საქმეა,  რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, კოკოითის მომხრეებმა სახალხო ოპოზიციური პარტია მის დამფუძნებლებს წაართვეს. ანგარიშში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.    რაც შეეხება მედიის თავისუფლების საკითხს. ჩვენი გაზეთი „21 საუკუნე" სრულიად დამოუკიდებელი იყო, მაგრამ ახლა ფინანსური პრობლემების გამო აღარ გამოდის.  არც ის მსმენია, რომ ვინმეს დამოუკიდებელი გაზეთის დარეგისტრირებაზე უარი უთხრეს. თამცა ელექტრონულ მედია მთლიანად კონტროლირებადია. არასამთავრობო ორგანიზაციებს მუშაობის საშუალებას აძლევენ, მაგრამ გარკვეულ ჩარჩოებში. ეს არ ნიშნავს მათ თავისუფლებას.  არ გვაქვს წმინდად უფლებადამცველი ორგანიზაციები. მე მაქვს ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა", რომელიც დაუფინანსებლობის  გამო ვერ მუშაობს, გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროში არ  დაგვარეგისტრირეს.  დიდხანს ვცდილობდი ამ ორგანიზაციის გაფორმებას, მაგრამ ათასი ბარიერი მხვდებოდა და საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანე. სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების ფილიალები არსებობს, ფატიმა მარგიევა და რუსლან მაყაევი მუშაობენ, მაგრამ ეს ორგანიზაციები სუსტია.   არის ადამიანის უფლებათა შელახვის ფაქტები, იგივე ომით დაზარალებული ადამიანებისა, ასევე, ჟურნალისტების. თემურ ცხოვრებოვის მაგალითის მოყვანაც საკმარისია" -თქვა  მარია პლიევამ.

აი, ასეთი არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა  ცხინვალში ფრიდომ ჰაუსის ანგარიშს, რომლის მიხედვით,  დე-ფაქტო რესპუბლიკა  უარასთა შორის უარესი ქვეყნების რიგშია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test