შემოგვიერთდი

17.06.2011 08:14

სახიფათო კავშირები

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

90-იან წლებში, როდესაც თავისუფალი მედია საქართველოში ჯერ მხოლოდ ცდილობდა თავის დამკვიდრებას, ერთმა ჩემმა თანამშრომელმა უცნაური რამ მითხრა. ერთ რედაქციაში ვმუშობდით და ჩვენი გაზეთის გამავრცელებელზე მელაპარაკებოდა. ყველაფერი დავთვალე - გაზეთის ტირაჟი, შემოსავლები, გამოცემის პოპულარობა და მივედი დასკვნამდე, რომ გვატყუებსო. რას გვატყუებს-მეთქი? გაზეთი გაცილებით მეტი იყიდება, ფული კი ცოტა შემოაქვს, ალბათ, სტამბასთანაა გარიგებული, მეტ ტირაჟს აბეჭდინებს, იმას იყოფენ, ჩვენთან კი, ვითომ გაუსაღებელ ეგზემპლარებს აბრუნებსო... და მერე თქვა ის, რაც აქამდე მახსოვს და, ვატყობ, კარგა ხანს კიდევ არ დამავიწყდება: მის ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი, მაგრამ... როგორ ბედავს ამას, ჰაა-ო?!

რაც ჩვენ თანამედროვე საქართველოში მოხდა და ხდება (ვილაპარაკოთ იმის შესახებ, რასაც ვხედავთ და რაც გვახსოვს), დიდწილად, სწორედ ასეთი დამოკიდებულების დამსახურებაა. ადამიანების, სამწუხაროდ, დიდ ნაწილში, აღშფოთებას მხოლოდ სხვის მიერ ჩადენილი უკანონობა იწვევს, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი უშუალოდ შეეხეო მათ. ზოგადად კი, დამოკიდებულება უკანონობისადმი ლოიალურია, რადგან, ჩემი ძველი თანამშრომლისა არ იყოს, ბევრი ოცნებობს, თავად მოხვდეს კანონდამრღვევის ადგილზე, თავადაც მიეცეს კანონის დარღვევის, მთელი თავისი მარიფათის გამოვლენის საშუალება... ბუნებრივია, ვიკითხე მაშინ, როგორ შეიძლება, ერთი შეხედვით, განათლებული ადამიანი უკანონობის მხარეზე იდგე-მეთქი? პასუხი საინტერესო იყო: ცხოვრება ასეთია, შეეგუე...

26 მაისის მოვლენებმა ყველაზე ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში ცოტა ადამიანი არ ფიქრობს ასე. რაც ყველაზე სახიფათოა, ცოტა ჟურნალისტი არ ფიქრობს, რომ ცხოვრება „ასეთია" და უნდა შეეგუო. სხვაგვარად ვერ ახსნი იმას, რაც 26-მდე, 26-ში და 26-ის შემდეგ ე.წ. სახელისუფლო მედიაში ხდებოდა. მიტინგის ლიდერთა რუსული კავშირები, მათი არასანდოობა, რაც შეუსრულებელ დაპირებებში გამოიხატება, აქცია, როგორც აგრესიული მუხტის მატარებელი, შეიარაღებული მარგინალების ერთობა - ასეთი იყო გმირი, რომელსაც „რუსთავი 2" და „იმედი" აქციების დაწყების დღიდან ძერწავდნენ. სიუჟეტები, ხშირად - კადრები, რიტორიკა, ფაქტობრივად ერთნაირი იყო. ეს ტელევიზიები ერთნაირად არ დაინტერესებულან პრობლემებით, რომელიც აქციის მონაწილეებს თბილისისკენ გზაზე შეხვდა.

ამ საკითხებზე კითხვების დასმისთვის არც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გარჯილა. ჟურნალისტების ინტერესი, აქაც, აქციის აგრესიულ ხასიათსა და მისი ორგანიზატორების რუსულ კავშირებს არ გასცილებია. თუმცა, არა, იყო კიდევ ერთი თემა: ისტერიული მტკიცება იმისა, რომ საზოგადოებრივი არხი ინტერესდება აქციით და მას ეთერს პერმანენტულად უთმობს. ერთ-ერთი მაგალითად, ამ მტკიცებისას, მოჰყავდათ მეორე არხი, რომელიც აქციას პირდაპირ ეთერში უკომენტაროდ გადასცემდა. მაგრამ, აქცენტები, რომელიც ნაციონალურ არხებს ამ დღეებში ერთ მონოლითურ პროპაგანდისტულ ორგანიზმად აქცევდა, პირდაპირი ტრანსლირების დროსაც იკითხებოდა.

ვინც იმ დღეებში მეორე არხის პირდაპირ ეთერებს უყურა, დამეთანხმება, რომ კამერა ხშირად და მსხვილი პლანით აჩვენებდა აქციის ჯოხებით მოსიარულე მონაწილეებს, მონაწილეების პატარ-პატარა ჯგუფებს, ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიის ცარიელ ადგილებს, ნაგავს ქუჩაზე და შენობებთან. არხს მაყურებლისთვის ერთხელაც არ შეუთავაზებია სრული პანორამა, რომელიც აჩვენებდა, რამდენი ადამიანი იდგა აქციაზე, მაგალითად, მისი პიკის დროს. ყველაფერი ეს, ნაციონალური არხების საქმიანობასთან ერთად, გავდა ერთი გეგმის სხვადასხვა ნაწილებს, ერთ თარგზე მოჭრილ სცენარს, ერთგვარ შეთქმულებას, რომელსაც უნდა გაემართლებინა ყველაფერი, რაც შემდეგ ამ ხალხს დაემართებოდა. მაშინ ამ ბმის დანახვა არ იყო ადვილი, თუმცა 26-ის ადრიანმა დილამ და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა წრე შეკრა.

26 მაისს, როცა რუსთაველზე აქციის დარბევა (პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილის განმარტებით, აქციის „დაშლა" და „დარბევა" ერთი და იგივეა) დაიწყო, საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს მხატვრული ფილმით ართობდა, „რუსთავი 2"-ზე ინტელექტუალები და მაყურებლებს ცოდნაში ეჯიბრებოდნენ, „იმედი" კი, პოკერის მორიგ რეკლამირებას ეწეოდა. მხოლოდ მოგვიანებით გაჩნდა იმ დილის მთავარი ამბავი (რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ ამბადაც იქცა) ამ ტელევიზიების ეთერში. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამჯერადაც გამორჩეული იყო - საათნახევრის შემდეგ გვაჩვენა რუსთაველი, უფრო სწორად დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც რუსთაველს ალაგებდნენ.

არანაკლებ საინტერესო იყო ის, რაც ქართულმა ნაციონალურმა არხებმა 26-ის შემდეგ შემოგვთავაზეს. შსს-ს მიერ ოპოზიციურ-რუსული კავშირების შესახებ შექმნილი მორიგი ფილმით დაწყებული, აქციის დარბევისას ადამიანების გარდაცვალების მიზეზებით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლის ნოემბერში შექმნილი მსგავსი ფილმების გმირები, რომლებიც, ფაქტობრივად, რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში იყვნენ დადანაშაულებული, დღემდე დაკითხვაზეც კი არავის დაუბარებია, ნაციონალურ არხებს არ გასჩენიათ სურვილი, დაესვათ კითხვები ახალი ფილმების ირგვლივ. მათ არ გასჩენიათ კითხვები დარბევის დროს ადამიანთა გარდაცვალების მიზეზებზე, მეტიც, „რუსთავი 2" „კვალში" ჩაუდგა გადაცემა „კვირის რეპორტაჟს", რომ აქციის მონაწილე ნიკა კვინტრაძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია დაეცვა.

არის თუ არა ბურჯანაძე რუსეთის მეკავშირე, მის მანქანას ემსხვერპლა თუ არა პოლიციელი, ცემით  თუ მაღაზიის სახურავზე მოშიშვლებული ელექტოროსადენით დაიღუპნენ აქციის მონაწილეები, რატომ არის დღემდე დაკარგული ათეულობით ადამიანი (ზოგიერთი უფლებადამცველის ინფორმაციით), აქციის დარბევა ჰქონდა განზრახული ხელისუფლებას, თუ მშვიდობიანი დაშლა, ეუბნებიან თუ არა აქციის დროს დაზარალებულებს მკურნალობის ანაზღაურებაზე უარს სადაზღვევო კომპანიები და კიდევ ბევრი სხვა რამ, საკითხთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა ირგვლივ კითხვები უნდა ჩნდებოდეს და ისმებოდეს იქამდე, ვიდრე საზოგადოება უტყუარ პასუხებს არ მიიღებს. ეს არის ჟურნალისტის პირდაპირი მოვალეობა, მისი საქმე. იქ, სადაც ასე არ ხდება, სადაც ჟურნალისტები ხელისუფალს უპირობოდ ენდობიან, უჯერებენ, თამაშის მისეულ წესებს თანხმდებიან და ყველაფერი ეს მხოლოდ იმიტომ რომ იგი ხელისუფალია, ჟურნალისტი აღარ არის ჟურნალისტი, იგი ხდება მხარე, რაც ძალიან საშიშია.

„აქ ორკვირიანი მუშაობისას მიღებული შთაბეჭდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჟურნალისტიკა ძალიან პოლარიზებულია. ჩემი აზრით, ეს ნომერ პირველი შემაშფოთებელი ფაქტორია..., ყველაზე მნიშვნელოვანია ზუსტი, მიუკერძოებელი, ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაციის გაშვება..." - განუცხადა „რეზონანსს" მაისის ამბების შეფასებისას, ამერიკელმა მედია სტრატეგმა ჯემს სტრენგოვმა, რომელიც საქართველოში აშშ-ს საელჩოს მოწვევით იმყოფებოდა, - „სააკაშვილი წავა, ყველა წავა, ყველა შეიცვლება, მაგრამ ძლიერი ჟურნალისტიკა რჩება, რაც საჭიროა ამ ქვეყანაში ძლიერი დემოკრატიისთვის. ხალხს სჭირდება ზუსტი ინფორმაცია. თუ მედია პოლარიზებულია, მაშინ საზოგადოებაც პოლარიზებულია. ტელევიზიამ, ალბათ, ითამაშა ამაში გარკვეული როლი... იმის ნაცვლად, რომ ყოფილიყვნენ ნეიტრალურები, შეეხედათ, რა ხდებოდა და მოეხდინათ მისი ანალიზი, გაემართათ დისკუსიები, ისინი დიდწილად იყვნენ ამ მოვლენის ნაწილი, რაც არ მგონია, რომ სწორი იყოს."

ეს რომ სწორი არ არის, ჩვენმა არცთუ შორეულმა საბჭოთა წარსულმა ნათლად დაგვანახა. ხელისუფლებაში გათქვეფილი მედია, როგორც კომუნისტური პარტიის დანამატი, კრიმინალურ საბჭოეთს, წლების განმავლობაში, მსოფლიოს ნომერ პირველ სახელმწიფოდ წარმოაჩენდა. საბჭოთა კავშირი სულ რაღაც 20 წლის წინათ დაინგრა. 20 წელი ისტორიისთვის თვალის დახამხამებაა. ჩვენი და ჩვენი მშობლების მეხსიერებაში საბჭოთა კავშირი ჯერაც ცოცხლობს. ცოცხლობს მაშინდელი ურთიერთობები, წესები - ცხოვრება, რომელიც „ასეთია" და უნდა შეეგუო. ესეც საბჭოური პოსტულატია, ადამიანების დასამორჩილებლად გამოგონებული.  ცხოვრება კი ისეთია, როგორსაც ჩვენ მას ვქმნით და ეს რეალობა სწორედ ძლიერმა ჟურნალისტიკამ უნდა თქვას, აჩვენოს, დაამკვიდროს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test