შემოგვიერთდი

20.06.2011 13:11

ჟურნალისტების ექსპედიცია ერევანსა და ყარაბაღში - დღე მეორე

David Mchedlidze
ჟურნალისტის ჩანაწერები

აფხაზ და ოს ჟურნალისტებს ჯერ კიდევ ექსპედიციის პირველ დღეს დავუახლოვდით.

18 ივნისს, მე, მალხაზ ჭკადუამ („ინტერპრესნიუსი"), იზიდა ჭანიამ (გაზეთ „нужная"-ს მთავარი რედაქტორი-აფხაზეთი) განა იანოვსკაიამ,  („тв осетии"-ის ჟურნალისტი),  და ზარინა სანაკოევამ   (ехо кавказа-ს ცხინვალელი კორესპონდენტი) ღამის ერევნის ქუჩებში ვისეირნეთ და ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილ „მოცეკვავე" შადრევნებთან სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ. შემდგომ კი, ერთმანეთის უკეთ გასაცნობად სასტუმროს მახლობლად, ლუდის დალევა გადავწყვიტეთ.

ყინული მალევე გალღვა. ჟურნალისტებმა  ერთმანეთს ადვილად გავუგეთ. საუბრის თემა არ გველევა.  ლუდს ვსვამთ და ვსაუბრობთ ყველაფერზე. მედიის მდგომარეობასა და  სიტყვის თავისუფლებაზე, კულტურასა და ტრადიციებზე. ( იზიდა ჭანიასთან ვრცელ ინტერვიუს შემდგომ შემოგთავაზებთ) დრო შეუმჩნევლად გადის, ოფიციანტი გვატყობინებს, რომ კაფე იკეტება. საათი ღამის პირველს  აჩვენებს.

19 ივნისს დილის 12 საათზე „ინტერნიუს-სომხეთის" ოფისში სომეხ ანალიტიკოსებს და ყარაბაღის პარლამენტის ყოფილ დეპუტატებთან გვაქვს შეხვედრა. სანამ ყარაბაღში წავალთ და სიტუაციას ადგილზე გავეცნობით, ისინი კონფლიქტსა და რეგიონში სიტუაციის დარეგულირების შესახებ თავიანთ აზრს გაგვაცნობენ. ოფისისკენ გზას ფეხით მივუყვებით და ერევნის ქუჩებს ვათვალიერებთ.

ერევანში მე და განა იანოვსკაია პირველად ვართ. თბილისისგან განსხვავებით ქალაქში პირველად ჩასულ სტუმარს ქუჩის მიგნება არ გაუჭირდება. ყველა მათგანს სახელწოდება  სომხურად და ინგლისურად აწერია. ქუჩებში საბჭოთა კავშირის პერიოდის მანქანები ჭარბობს.

12 საათზე უკვე „ინტერნიუსის" ოფისში ვართ. პირველი შეხვედრა  სტეპანაკერტის პრეს- კლუბის პრეზიდენტ გეგამ ბაგდასარიანთან  გვაქვს დანიშნული, როგორც წინა წერილში ავღნიშნე,  გეგამ ბაგდასარიანი 2005-2010 წლებში ყარაბაღის პარლამენტის დეპუტატი იყო. პარლამენტიდან წამოსვლის შემდეგ ის ჟურნალისტიკას დაუბრუნდა და ამჟამად  ყოველთვიური ჟურნალის „analyticon"-ის მთავარი რედაქტორია. ჟურნალი ყარაბაღში 500-იანი  ტირაჟით ვრცელდება.

ბაგდასარიანმა ყარაბაღის კონფლიქტზე მოგვითხრო და ახლანდელი პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა მიმოიხილა.

„არის კორუფცია, ავტორიტარიზმი, მაგრამ ხელკეტს, როგორც პოლიტიკურ

ინსტრუმენტს,  ყარაბაღის ხელისუფლება არ იყენებს. ისინი სხვა გზებს მიმართავენ", აღნიშნა მან. მისგან ვიგებთ, რომ  ყარაბაღში ერთი  ტელევიზიაა, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის დაფარვის ზონა ყარაბაღის  ტერიტორიის 80 %-ია. ბეჭდურ მედიას, როგორც ბიზნესს, ყარაბაღში არავინ განიხილავს. ის ძირითადად გრანტის, ან   პარტიების დაფინანსებით გამოიცემა.

საინტერესი იყო ანალიტიკოს ტატულ აკოფიანის მოხსენება. ის სომხეთში პოპულარული წიგნის „მწვანე და შავის" ავტორია. წიგნი ყარაბაღის კონფლიქტს ეხება და რუსულ და ინგლისურ ენაზეა თარგმნილი. „სომხეთს მეგობარი არ ჰყავს, აღნიშნა მან, სომხეთის გზა ევროკავშირისაკენ საქართველოს გავლით მიდის".

ყველაზე მეტი შეკითხვა ჟურნალისტების მხრიდან ყარაბაღის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის არმან მელიქიანის მისამართით დაისვა. მან  დევნილთა საკითხზე ისაუბრა. 19 ივნისი „ინტერნიუსის" მიერ  კონფლიქტის რეგიონში გადაღებული ფილმის ჩვენებით დასრულდა. დღეს  დიდი გზა გველის, ყარაბაღში მივემგზავრებით.

პროექტის შესახებ

ჟურნალისტების   მოკლევადიანი ექსპედიცია სომხეთსა და ყარაბაღში არასამთავრობო ორგანიზაცია „go group media" -ს პროექტის („კავკასიური გზაჯვარედინი") ფარგლებში  შეიქმნა. პროექტს  ფინური ორგანიზაცია  vikes-ი აფინანსებს და მიზნად ისახავს რეგიონში ინტერაქტიული დიალოგის გამართვას. პროექტს პარტნიორობას „ინტერნიუს-სომხეთი" უწევს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test