შემოგვიერთდი

23.06.2011 07:26

გზად ყარაბაღისკენ

David Mchedlidze
ჟურნალისტის ჩანაწერები

ყარაბაღში გამგზავრების წინ ჟურნალისტები დედაქალაქის  დასათვალიერებლად მივდივართ. ღამის ერევანი ზღვისპირა ქალაქს ჰგავს. ფართო ქუჩებით და მიჯრით მიწყობილი  ღია კაფეებით, სადაც „შანსონები" მუდმივად მაღალ ხმაზე აქვთ ჩართული და ქვიშაზე მოდუღებულ უგემრიელეს ყავას ამზადებენ.

სკვერებში, ხის სკამები ეროვნული დროშის ფერებშია შეღებილი. ყოველი ფეხის ნაბიჯზე სომეხი პოეტის, მწერლის ან სულაც კომუნისტი აქტივისტის ძეგლი შეგხვდებათ. ოპერის სიახლოვეს მდგარ, ცნობილი კომპოზიტორის არნო ბაბაჯანიანის ძეგლთან ფოტოს გადაღების მსურველთა ცოცხალი რიგი დგას.

ქალაქის ცენტრში, ახალაშენებული ბიზნესცენტრები და საცხოვრებელი კორპუსები ცარიელია. ამის მიზეზი, ერევნელების თქმით, არენდის მაღალი ფასია, საცხოვრებელი ფართი კი  სომეხ ემიგრანტებს წინასწარ აქვთ შეძენილი. ქალაქში საბჭოთა მანქანების სიმრავლე შესამჩნევია, თუმცა თვალს არც „ML" -ის თეთრი ფერის ჯიპები გამორჩება. ზოგადად თეთრი ფერი, ერევანში ძალიან აქტუალური და მოდურია. ქალაქში რამდენიმე საათის ხეტიალის შემდეგ, ყველანი ვიღლებით და სასტუმროში ვბრუნდებით.

20 ივნისს, დილით სასტუმროში მანქანა გვაკითხავს და „სომხეთში მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლობაში" მივდივართ. სომხეთს მთიანი  ყარაბაღის დამოუკიდებლობა არ უღიარებია, ამიტომ „წარმომადგენლობას" საელჩოს სახელწოდება არ აქვს. ჟურნალისტთა ჯგუფს ადგილზე სომეხი კოლეგა ნელი  ბაბაიანი გვიერთდება. ყველანი სააპლიკაციო ფორმებს ვავსებთ, ყარაბაღში მოსახვედრად ეს აუცილებელი პირობაა. ვიდრე პასპორტებს საკონსულო ამოწმებს, ჩვენ სომხეთში მთიანი ყარაბაღის ხელისუფლების მუდმივ წარმომადგენელს ვხვდებით. კარლენ ავეტისიანისგან ვიგებთ, რომ მთიან ყარაბაღს მსგავსი ოფისები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აქვს დარეგისტრირებული, მათ შორის, საფრანგეთში, არგენტინაში, აშშ-ში და ავსტრალიაშიც კი. მათი სტატუსი ყველა ქვეყანაში განსხვავებულია, რიგ შემთხვევაში კულტურული ცენტრია, რომელიც დიპლომატიურ ფუნქციასაც ითავსებს.

საბუთები წესრიგშია და ყველანი მიკროავტობუსში ვსხდებით. გადაწყდა, რომ გზად სომხურ ისტორიულ ძეგლებსაც ვნახავთ. გიდობა „ინტერნიუს-სომხეთის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნუნე სარქისიანმა ითავა. ერევნიდან, 2 საათის დაშორებით  ტრიალი  ადგილია. 70-იან წლებში სომხეთის საბჭოთა ხელისუფლებას აქ ნამდვილი ევროპული  ქალაქის მშენებლობა სპონტანურად გადაუწყვეტიათ, შინა უნივერსიტეტით, ბაღებით და ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელმაც მაკეტი შეიმუშავა. თუმცა, იდეა არ განხორციელებულა, რადგან თანხის მოძიება ვერ მოახერხა.  ირანის საზღვრის სიახლოვეს მობილურის  ეკრანი მორიგეობით აზერბაიჯანულ და სომხურ ოპერატორებს აჩვენებს. ჯერ ადგილობრივ ღვინის ქარხანას ვსტუმრობთ, შემდეგ კი სომხურ წმ. კარაპეტის სახელობის ეკლესიას. „ნორავანკის" ტუფით მოპირკეთებული ბაზილიკა მე-9 საუკუნით თარიღდება.  თუმცა ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ მისი ისტორია მეოთხე საუკუნიდან იწყება, როდესაც ამ ტერიტორიაზე წმ. კარაპეტი და წმ. პოკასი იმყოფებოდნენ.

სამახსოვრო ფოტოებს ვიღებთ და სადილად ერთ-ერთ გზისპირა რესტორანში ვჩერდებით. გეგმაში ტატევის მონასტრის მონახულება გვაქვს, რომელიც ყარაბაღში ჩასვლის დროს 2 საათით წინ სწევს. არადა, უკვე 5 საათია, ერევნიდან დილის 12 ზე გამოსულებს გზის ნახევარიც არ გვაქვს გამოვლილი. ნუნე გვთავაზობს კენჭი ვუყაროთ  იდეას. ფინელი კოორდინატორის სალა ლაზარენკოს არგუმენტი მტკიცეა, „კიდევ როდის მოგვეცემა ასეთი შანსი?" და ყველანი ერთხმად ხელს ვწევთ. გადაწყდა. ტატევის მონასტრის სანახავად მივდივართ.

მონასტერი ერევნიდან 280 კილომეტრის დაშორებით, სიუნიკის პროვინციაში მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი მე-9 საუკუნით თარიღდება. XIII საუკუნეში მონასტერი იღებდა გადასახადს 680 სოფლიდან და ყოველნაირად ცდილობდა თავისი გავლენის გაზრდას, რამაც რამდენჯერმე გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტი. მონასტერი ასევე იყო სომხეთის კულტურული ცხოვრების ცენტრი XIV-XV საუკუნეებში. ნუნე სარქისიანი  ლეგენდას მიყვება, ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით მისი არქიტექტორი მონასტრის სახურავიდან გადმოხტა და თავი მოიკლა.

ტატევთან სამანქანო და საბაგირო გზა მიდის. საბაგირო გზა, როგორც მითხრეს,  მსოფლიოში უდიდესია, მისი მშენებლობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასზე მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. მგზავრობა 14 წუთი გრძელდება და 2500 დრამა (8 ლარი) ღირს.  ორშაბათი დასვენების დღე აღმოჩნდა და ამიტომ საბაგირითო გასეირნება ვერ მოხერხდა.

ტატევის მონასტრის მონახულების შემდეგ მგზავრობა განვაგრძეთ. ღამის პირველ საათზე უკვე სტეფანაკერტში ვართ. ირგვლივ ბნელა, ამიტომ მიჭირს ქალაქის დათვალიერება. დილით ყარაბაღის პარლამენტის თავმჯდომარესთან გვაქვს შეხვედრა.

პროექტის შესახებ

ჟურნალისტების   მოკლევადიანი ექსპედიცია სომხეთსა და ყარაბაღში არასამთავრობო ორგანიზაცია „go group media" -ს პროექტის („კავკასიური გზაჯვარედინი") ფარგლებში  შეიქმნა. პროექტს  ფინური ორგანიზაცია  vikes-ი აფინანსებს და მიზნად ისახავს რეგიონში ინტერაქტიული დიალოგის გამართვას. პროექტს პარტნიორობას „ინტერნიუს-სომხეთი" უწევს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test