შემოგვიერთდი

23.06.2011 16:50

"თრიალეთი" „აგვისტოს 5 დღის" ავტორების წინააღმდეგ

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

გორის ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი", რომელიც შიდა ქართლში მაუწყებლობს, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის მოტივით, ფილმის "აგვისტოს 5 დღის" რეჟისორს რენი ჰარლინს, პროდიუსერებს - პაპუნა დავითაიას და კობა ნაყოფიას, სასამართოლში უჩივის. ამის შესახებ ტელეკომპანიამ განცხადება 23 ივნისს გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ფილმში არაობიექტური ინფორმაციაა ასახული.

საქართველოში ფართოდ რეკლამირებული ფილმის ერთ ეპიზოდში უცხოელი ჟურნალისტები ტელეკომპანიაში მასალის მიტანას ცდილობენ, მაგრამ კარები ბოქლომით დაკეტილი ხვდებათ. კადრში შორი ხედით ტელეკომპანიის ლოგოც ჩანს.  სწორედ ამ კადრებმა გამოიწვია ტელეკომპანიის პროტესტი.

„თუ ფილმის რეჟისორს დაკეტილი კარის გადაღება უნდოდა, მას შეეძლო, გუბერნიის შენობა გადაეღო!

ხელისუფლება საკუთარი სარეკლამო ფილმით სამაგიეროს გვიხდის იმის გამო, რომ ჩვენს ეთერში შუქდება მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაცია, რაც მათთვის მიუღებელია."-აღნიშნულია განცხადებაში.

„თრიალეთის" დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი აცხადებს, რომ ომის დროს ტელეკომპანია ერთი წითითაც არ დაკეტილა. შენობაში განთავსებული იყო საერთაშორისო მედიაცენტრი და ადგილობრივმა ჟურნალისტებმა რომლებიც დაბომბვას ელოდებოდნენ, ყველაზე გვიან დატოვეს შენობა.  ნანეტაშვილი ფილმში ასეთი კადრის მოხვედრას ტელეკომპანიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად მიიჩნევს და აცხადებს,  რომ რეჟისორმა პოლიტიკური შეკვეთა შეასრულა. ნანეტაშვილის  აზრით, „თრიალეთის" მიმართ ხელისუფლების ზეწოლა გრძელდება.

„კარები არ ყოფილა დაკეტილი, ჟურნალისტებიც აქედან მას შემდეგ გავიდნენ, რაც გუბერნატორმა  და ხელისუფლებამა ხალხის გაუფრთხილებლად ქალაქი დატოვეს. ამ დროს თანამშრომლების ნაწილი დარჩა ტელევიზიაში და კარები არ დაკეტილა.  ეს ფაქტი ფილმში   შებრუნებით არის წარმოდგენილი, გამიზნულად,  თითქოს,  „თრიალეთი" გაიქცა აქედან. როცა ხელისუფლებაში  ვიყავი, პრეზიდენტმა  სააკაშვილმა თათბირი ჩაატარა და მადლობა გამოგვიცხადა, ადგილობრივ ჟურნალისტებს, თავდადებისთვის და თავგანწირვისთვის.ახლა, როცა ხელისუფლებაში აღარ ვარ, სამაგიეროს მიხდიან" -ambobs Media.Ge-სთან საუბრისას ბადრი ნანეტაშვილი, რომელსაც ომის პერიოდში და მას შემდეგაც   შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის პოსტი ეკავა.

ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნაყოფია, რომელმაც ფილმის გადაღება დააფინანსა, ტელეკომპანიის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ ომის დღეებში გორში არამარტო ტელევიაზია, არამედ სხვა ორგანიზაციებიც არ მუშაობდნენ.  მხატვრულ ფილმში კი რეჟისორმა სცენარის მიხედვით ასახა ყველაფერი. ნაყოფია ამ შემთხვევაში პოლიტიკურ კონტექსტს კატეგორიულად გამორიცხავს.

„არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ ვისახავდით მიზნად, რომ რომელიმე ტელევიზიის დისკრედიტაცია მოგვეხდინა. ეს არის მხატვრული ფილმი და ასე ჰქონდა ჩაფიქრებული რეჟისორს და სცენარის ავტორს. რა შუაშია აქ გამიზანულად რაღაცის ჩვენება?. აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი განცხადებაა მათი მხრიდან. მაშინ გორი იბომბებოდა , მე მოვიკითხე და  გვაქვს ინფორმაცია , რომ მაგ პერიოდში არა მხოლოდ ეს ტელეკომპანია, არამედ, ბევრი რამ არ მუშაობდა  და იყო დაკეტილი",  ამბობს  Media.Ge-სთან საუბრისას კობა ნაყოფია.

ტელეკომპანიის ოფისში 2008 წლის 7, 8 და 9 აგვისტოს საერთაშორისო მედიაცენტრი იყო განთავსებული. 9 აგვისტოს , მას შემდეგ რაც ქალაქი დაიბომბა, მედიაცენტრმა ფუნქციონირება შეწყვიტა.  მომდევნო დღეს ტელეკომპანიამაც შეაჩერა მუშაობა.  იმ დღეებში უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად ტელეკომპანიას გაზეთ „24 საათის" ჟურნალისტი ნინო დალაქიშვილი ესტუმრა, რომელიც ტელეკომპანიის თანამშრომელს რამაზ ელანდიშვილს გაესაუბრა. დალაქიშვილის თქმით,  ტელეკომპანია უკვე აღარ მუშაობდა და აპარატურაც მის მფლობელებს გატანილი ჰქონდათ.

„ ტელეკომპანია იყო ღია, მაგრამ  მაშინ რამაზმა   აგვიხნა, საფრთხის გამო ტექნიკა გაიტანეთო.  თავად კი შენობას ყარაულობდა",  - ამბობს ნინო დალაქიშვილი.

ფილმი „აგვისტოს 5 დღე" ორი კვირაა გორში კინოთეატრ გამარჯვებაში გადის, ამ კონოთეატრსაც ტელეკომპანიის დამფუძნებლები ფლობენ. ფილმის ჩვენება  ახლაც გრძელდება რადგან სპეციალური ხელშეკრულება არსებობს.  ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, ფილმის ავტორებს უახლოეს დღეებში უჩივლებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test