შემოგვიერთდი

26.06.2011 19:43

მედია მთიან ყარაბაღში

David Mchedlidze
ჟურნალისტის ჩანაწერები

სტეფანაკერტის შესასვლელში, გორაკის თავზე  „ტატიკ-პაპიკის" ცნობილი მონუმენტი დგას. ის 1967 წელს აიგო და  მისი ავტორი სომეხი არქიტექტორი სარგის ბაგდასარიანია. „ტატიკ პაპიკი" (ბებია-ბაბუა), ორ მოხუც ადამიანს განასახიერებს, რომლებიც ნაციონალურ სამოსში არიან გამოწყობილნი. ძეგლს კვარცხლბეგი არ აქვს, ავტორს სურდა, შექმნილიყო შთაბეჭდილება  რომ მოხუცები დაბადებიდან აქ ცხოვრობდნენ და მთებს შეეზარდნენ. ამიტომ, ყარაბაღელებმა „ტატიკ პაპიკი" დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გერბზე დაიტანეს.

რეგიონში სიმშვიდეა. მართალია, მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია, თუმცა სტეფანაკერტში ცხოვრებას განაგრძობენ. ყარაბაღს საზღვარი მხოლოდ სომხეთთან აქვს გახსნილი. სტეფანაკერტის დიდი ნაწილი რეაბილიტირებულია, ფასადები შეთეთრებული, საღამოობით ქალაქის ცენტრი მანქანებისთვის იკეტება, ხალხმა რომ თავისუფლად ისეირნოს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე wi-fi-ით სარგებლობაცაა შესაძლებელი.

ყველა სამინისტროსა და საჯარო დაწესებულების  წინ 2 დროშაა აღმართული: მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის. ოფიციალური მონაცემებით, რეგიონის მოსახლეობა 140 ათასია. თავდაცვის ხარჯების გამოკლებით ბიუჯეტი 200 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რომლის დიდ ნაწილსაც სომხეთი სესხის სახით ურიცხავს. რეგიონის ყველაზე მსხვილი გადამხდელი  სამთო გადამამუშავებელი საწარმო „ბეის მეტალსია", სადაც 1000 ადამიანია დასაქმებული.

მთიან ყარაბაღში  ტელევიზია 1988 წელს საბჭოთა  პოლიტბიუროს დავალებით  შეიქმნა.  ის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე აშუქებდა მოვლენებს, თუმცა  კონფლიქტის შემდეგ აზერბაიჯანულ ენაზე აღარ მაუწყებლობს. პირველი დირექტორის სლავა სტეპანიანის თქმით, ტელევიზიამ 1988 წლის მოვლენების დროს დიდი როლი ითამაშა.

„როდესაც ქვეყანაში  დამოუკიდებლობის მოთხოვნით  მიტინგები დაიწყო, აქციებს  სისტემატურად ვაშუქებდით. ჩვენ საზოგადოების „რუპორები" ვიყავით.  ორგანიზატორები მიტინგის დაწყების დრო ხშირად ცვლიდნენ, რათა ჯერ ჩვენი საინფორმაციო გამოშვებებისთვის ეყურებინათ", ამბობს სტეპანიანი.

მას შემდეგ , რაც  მთიანმა ყარაბაღმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ტელევიზიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი მიენიჭა. სამეურვეო საბჭო 3 წევრისაგან შედგება, რომელსაც ყარაბაღის  პრეზიდენტი ნიშნავს. თავის მხრივ საბჭო თავმჯდომარეს 5 წლის ვადით ირჩევს.

„ახლა უფრო თავისუფლები  ვართ,  ვიდრე საბჭოთა  კავშირის დროს. ნებისმიერი თემის გაშუქების დროს პრობლემა არ გვექმნება. საბჭო გვაძლევს გეგმას, თუ რა ტიპის პროგრამები უნდა გავაკეთოთ", ამბობს სლავა სტეპანიანი, რომელსაც ამჟამად დირექტორის მოადგილის პოსტი უჭირავს.

საზოგადოებრივი  მაუწყებლის 2011 წლის ბიუჯეტი 205 მლნ დრამია (დაახლოებით 750 ათასი აშშ დოლარი) . დაფარვის ზონა  ყარაბაღის 80 %-ია და დღეში 3 საათიანი ეთერი აქვს, 2 საინფორმაციო ბლოკითა და სხვადასხვა საავტორო გადაცემით.

საინფორმაციო  გამოშვება ყარაბაღის ჰიმნით იწყება. მაუწყებელს საიტიც აქვს, რომელიც იშვიათად ახლდება.

სტეპანიანი  სიამაყით აღნიშნავს, რომ  ერთ -ერთი საავტორო გადაცემა ყარაბაღის პარლამენტის დეპუტატს მიჰყავს. ორი წელია საერთაშორისო

ამბებს აღარ აშუქებენ, „მას შემდეგ, რაც კაბელური ტელევიზია შემოვიდა, აზრი არ აქვს, თუმცა ამბავს გააჩნია, მაგალითად, აფხაზეთის პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის გარდაიცვალების ფაქტი გავაშუქეთ"-ამბობს სტეპანიანი.

საზოგადოებრივ მაუწყებელი რადიოსაც აერთიანებს. ჯამში აქ 100 ადამიანი მუშაობს.  შენობა სამსართულიანია და ძველი. შესასვლელში კონფლიქტის დროს დაღუპული ჟურნალისტთა ფოტოებია გამოფენილი.

„თავისუფლად ვმუშაობთ, პრეზიდენტის ბრძანებაა, რომ არცერთ დეპუტატს არ აქვს უფლება ინტერვიუზე უარი გვითხრას", მეუბნება სტეპანიანი „32 კომპიუტერი და პირდაპირი  ეთერის გადამცემი აპარატურაც გვაქვს, ხშირად გვაქვს ტელეხიდებიც".

„გასულ წელს 1000 ადამიანი გამოიკითხა, წელს 500, უმრავლესობა საინფორმაციო გამოშვებებს უყურებს,  დიდია ინტერესი სოფლის მეურნეობის საკითხებისადმი - გააჩნია  რეგიონებს", ამბობს სტეპანიანი.

ტელევიზია, ბიუჯეტის გარდა, დაფინანსებას კერძო  ბიზნესმენისგან ერნესტო  ერნეკიანისაგანაც იღებს, რომელიც  მაუწყებელს დახმარებას ყოველწლიურად უწევს.

სტეფანაკერტში ადგილობრივი ტელევიზია  pace -ც მაუწყებლობს, თუმცა ძირითადად მხატვრტულ ფილმებს გადასცემს. მოსახლეობისათვის  ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ ტელევიზია რჩება, სტეფანაკერტში უმრავლესობა არხებს  სატელიტური თეფშით იღებს, ამიტომ მათ ხელი რუსეთის   და სომხეთის საინფორმაციო საშუალებებზეც  მიუწვდებათ.

ყარაბაღში ინტერნეტის მხოლოდ ერთი პროვაიდერია, ფასები დაახლოებით 100 აშშ დოლარია, ამიტომ მოსახლეობის დიდ ნაწილს მასზე ხელი არ მიუწვდება, თუმცა სტეფანაკერტში კაფეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში wi-fi -თ სარგებლობა  შესაძლებელია.

ყარაბაღში ჟურნალ-გაზეთები  ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ. ბეჭდურ მედიას, როგორც ბიზნესს, ყარაბაღში არავინ განიხილავს. ის ძირითადად გრანტის, ან   პარტიების დაფინანსებით გამოიცემა.

რეგიონში, წლების წინ,  ყველაზე  პოპულარული  გაზეთი „დემო" იყო, რომლის რედაქტორიც ანალიტიკოსი  გეგამ ბაგდასარიანი  გახლდათ. ბაგდასარიანი 2005-2010 წლებში ყარაბაღის პარლამენტის დეპუტატი იყო. „დემო" 2008 წელს დაიხურა. ბაგდასარიანი ჟურნალისტიკაში დაბრუნდა და ამჟამად ყოველთვიური ჟურნალის „analyticon"-ის მთავარი რედაქტორია. ჟურნალი ყარაბაღში 500-იანი  ტირაჟით ვრცელდება. გამოცემა ძირითად აქცენტს ანალიტიკაზე აკეთებს.

1997 წლიდან ყარაბაღში  რადიო „Голос справедливости" მაუწყებლობს. შტატი 3 ადამიანისგან შედგება. კვირაში 4-ჯერ  ეთერში აზერბაიჯანულ ენაზე ნახევარსაათიანი საინფორმაციო გამოშვება გადის.

„ჩვენს  ეთერში ვერასდროს მოისმენთ აზერბაიჯანელების მიმართ კრიტიკას, ჩვენ შეიძლება გავაკრიტიკოთ აზერბაიჯანის ხელისუფლება, მაგრამ ხალხი -არავითარ შემთხვევაში. გვინდა, ყველას დავანახოთ, რომ ომი ზიანის გარდა ორ ერს არაფერს მოუტანს" - ამბობს რადიოს ხელმძღვანელი, მიქაელ აჯიანი, რომელიც პროფესიით ფილოლოგია და განათლება ბაქოში მიიღო. „ხშირად ვიღებთ მადლობის წერილებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ  შორის იაპონიიდანაც კი, ზოგი ჩვენს სიხშირეს შემთხვევით იჭერს და შემდგომ გვიკავშირდება".

ცალკე თემაა  საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები. 2011 წელს ჟურნალისტებმა ყველაზე  დახურულ უწყებად საგარეო  საქმეთა სამინისტრო დაასახელეს. ადგილობრივი გამოცემის  ერთ-ერთი ჟურნალისტის თქმით, (რომელმაც სახელისა და გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა), მათ საჯარო ინფორმაციის  მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები ხშირად ექმნებათ.

„განსაკუთრებით  პრეს-სამსახურებთან ურთიერთობაა  რთული. ზოგჯერ, ვწერ კიდევაც, რომ ამა თუ იმ სამინისტრომ  კომენტარი არ გააკეთა, ხანდახან ეს მეთოდი ამართლებს და შემდგომში  კონტაქტზე გამოდიან", ამბობს ჩემი რესპოდენტი.

გადრუტსკის  რაიონში მცხოვრებმა  გეგიკ  ავანესიანმა და ნელი კასპაროვამ სომხური ტელევიზიის დაარსებისა და გზების დაგების მოთხოვნით, 1988 წელს ხელმოწერების შეგროვება  დაიწყეს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან მოთხოვნას რეაგირება  არ მოჰყოლია. აქტივისტებმა შემდგომ  რეგიონში ყარაბაღის  დამოუკიდებლობისათვის მიტინგების ტალღა წამოიწყეს.  გადრუტსკის რეგიონში ამჟამად ადგილობრივი  ტელევიზია მაუწყებლობს  თუმცა ნელი კასპაროვა მას აღარ უყურებს.

„აზრი არ აქვს, ყველაფერი პროპაგანდაა",  ამბობს ის.

ჟურნალისტებთან  საუბარზე ყარაბაღში უარს არავინ ამბობს და ეჭვით არავინ გიყურებს, არც ფოტოს  გადაღება ეთაკილებათ.  წარსულს იხსენებენ   და    აწმყოზე გესაუბრებიან. ყარაბაღელები ცხოვრებას განაგრძობენ.

პროექტის შესახებ

სამხრეთკავკასიელი ჟურნალისტების    ექსპედიციამ 18-24 ივნისს სომხეთსა და ყარაბაღში იმოგზაურა . პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „go group media" -ს პროექტის („კავკასიური გზაჯვარედინი") ფარგლებში  განხორციელდა,  ფინური ორგანიზაცია  vikes-ის დააფინანსებით. მისი მიზანი იყო  რეგიონში ინტერაქტიული დიალოგის გამართვა. პროექტს პარტნიორობას  „ინტერნიუს-სომხეთი" უწევდა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test