შემოგვიერთდი

05.07.2011 15:06

იზიდა ჭანია: აფხაზური ჟურნალისტიკის პრობლემები პოსტ საბჭოთა ქვეყნებში არსებულის იდენტურია

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

მე და იზიდა ჭანია, აფხაზური  გაზეთის „Нужная газета"-ს ("საჭირო გაზეთი")  მთავარ რედაქტორი, „გოუ ჯგუფის" მიერ ორგანიზებული იმ ჟურნალისტური მისიის  წევრები ვიყავით, რომელიც 18-24 ივნისს  სომხეთსა  მთიან ყარაბაღში იმყოფებოდა.  ქართველი, სომეხი, აფხაზი და ოსი ჟურნალისტებისგან დაკომპლექტებული ექსპედიციის შესახებ  Media.Ge-მ სტატიათა ციკლიც მიუძღვნა.

ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს იზიდა ჭანიასთან, რომელიც საკუთარ გამოცემაზე, ასევე, აფხაზური მედიის შესახებ  გვესაუბრა.

- რა თემებს აშუქებს თქვენი გაზეთი და რით არის ის სხვა გამოცემებისგან გამორჩეული?

- რამდენიმე წლის წინ  პარლამენტმა მიიღო კანონი აფხაზური ენის შესახებ, რომელიც ადგილობრივ პრესას ავალდებულებს,  მთლიანი საგაზეთო ფართის მინიმუმ ნახევარი აფხაზურ ენაზე მომზადებულ სტატიებს დაეთმოს.  ამიტომ ჩვენი გამოცემაც ორენოვანია - რუსულ-აფხაზური.  „ნუჟნაია გაზეტა" 14 წლის წინ დაარსდა. გაზეთი ყოველკვირეულია და  3 000-იანი ტირაჟით გამოდის, არჩევნების პერიოდში კი 5 000 ცალს ვბეჭდავთ. ერთი ცალის ფასი 10  რუბლია (აფხაზეთში  მიმოქცევაში რუსული რუბლია, 10 რუბლი 50 თეთრის ექვივალენტია-ავტ.). რედაქციაში,  ჩემთან ერთად, კიდევ ორი  ადამიანი მუშაობს.  ძირითადად,   შიდა პოლიტიკურ საკითხებს და  სოციალური პრობლემებს ვაშუქებთ.  ჩვენთვის ტაბუდადებული თემა არ არსებობს. ზოგჯერ ისეთ საკითხებს ვაშუქებთ,    სხვა მედიასაშუალება თავს  რომ არიდებს.

შემოსავალი გაყიდვებიდან და რეკლამიდან გვაქვს. რეკლამა მცირეა, პრობლემა გვექმნება გაზეთის გავრცელებასთან დაკავშირებითაც,, რადგან საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი არ გვაქვს.  ჩვენთან საერთაშორისო ორგანიზაციების რაოდენობა შეზღუდულია. საინფორმაციო საშუალებებზე გრანტებს არავინ გასცემს.

საკუთარი საიტი არ გვაქვს, თუმცა მასალებს სხვადასხვა ფორუმებზე ვაქვეყნებთ ხოლმე. იყო პერიოდი, როცა სტატიებს  ოპოზიციური პარტიის საიტზე ვდებდით, თუმცა ამის შემდეგ ტირაჟი შეგვიმცირდა, გაზეთს აღარავინ  ყიდულობდა. ვებ-გვერდსაც ამ მიზეზით არ ვაკეთებთ, ჩვენ არსებობისთვის ფინანსები გვჭირდება.

- თქვენი გაზეთის გარდა კიდევ რა გაზეთები იბეჭდება აფხაზეთში?

- გამოიცემა "Республика Абхазии" („აფხაზეთის რესპუბლიკა")  და აფხაზურენოვანი „Апсны", რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. სხვადასხვა პერიოდულობით  იბეჭდება ოპიოზიციური გაზეთებიც. სახელისუფლებო პარტია „ედინაია აბხაზია" ამავე სახელწოდების  გაზეთს უშვებდა",  მისი გამოცემა ამჟამად შეწყვეტილია. თუმცა ვფიქრობ, საპრეზიდენტო არჩევნების წინ პარტიული გაზეთი  დღის სინათლეს ისევ იხილავს. ბესლან ბუთბა, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი აფხაზეთის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს,   ტელევიზიასთან („Абаза тв" ) ერთად,  გაზეთ "Эхо Абхазии" ( „აფხაზეთის ექო") ფლობს. გამოდის ასევე  დამოუკიდებელი გაზეთი "Чегемская правда" ("ჩეგემის სიმართლე").

- რამდენი ტელევიზია მაუწყებლობს აფხაზეთში და არის თუ არა მათ შორის დამოუკიდებელი ტელეარხები?

- აფხაზეთში ორი  მსხვილი ტელევიზია მაუწყებლობს,  ერთია აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზია, მეორე  - „Абаза тв" - კერძო მაუწყებელი, რომელიც ბესლან ბუთბას ეკუთვნის. „Абаза тв"-ს ეთერი  მხოლოდ სოხუმში ვრცელდება, რადგან მას აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე  მაუწყებლობის უფლება ხელისუფლებამ არ მისცა. ეთერში გადიან  რეგიონული მცირე ტელევიზიებიც, თუმცა საკუთარ პროდუქციას არ აწარმოებენ და სხვადასხვა არხების  რეტრანსლირებას ახდენენ.

დაახლოებით ერთი წლის წინ, დამოუკიდებელ  ჟურნალისტურ წრეებში   სახელმწიფო ტელევიზიის  ბაზაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე  მსჯელობდნენ, თუმცა  იდეა საუბრის  დონეზე დარჩა და ინიციატივად არ ჩამოყალიბებულა.  მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიღების მთავარ წყარო ტელევიზიაა. ქალაქში მცხოვრებთა  უმრავლესობას სატელიტური ანტენები  აქვს და უცხოურ საინფორმაციო საშუალებებზეც მიუწვდება ხელი.

- აფხაზეთის დამოუკიდებელ მედიას ალბათ პრობლემებიც აქვს, თუ ასეა, ძირითადად რა სახის?

აფხაზური ჟურნალისტიკის პრობლემები     პოსტ საბჭოთა ქვეყანებში არსებულის  იდენტურია, მაგალითად, საჯარო ინფორმაციაზე ხელმოუწვდომელობა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო პირს კანონი ავალდებულებს, ჟურნალისტებს მიაწოდოს ინფორმაცია, ეს არ სრულდება. მე მქონდა რამდენიმე სასამართლო დავა. მაგალითად ნაციონალური ბანკის დირექტორთან დავა 4 წელიწადს  გაგრძელდა, სასამართლომ რაღაც ეტაპზე აღიარა,  რომ ჩვენ მართლები ვიყავით, თუმცა საბოლოოდ ინფორმაცია მაინც ვერ მივიღეთ.  ყველაფერი მაინც ჟურნალისტისა და რესპონდენტის პირად ურთიერთობაზეა დამოკიდებული.  აფხაზეთი პატარაა,  ამიტომ ჩვენთან საზოგადო ინფორმაციას  ვერ დამალავ. პრობლემა ისაა,  რომ გაჟონილ ინფორმაციას ხელისუფლებ  არ ადასტურებს ხოლმე. არის საჯარო პირთა არაკომპეტენტურობის პრობლემაც, მათ ურჩევნიათ ჩუმად იყვნენ და კომენტარი არ აკეთონ.

ყველაზე დახურული  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებია.   საკვირველია, მაგრამ  განათლების უწყებაც დახურულია.  გამჭვირვალეა კულტურის სამინისტრო,  ასევე ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

- ჩვენთვის ცნობილია, რომ აფხაზეთში რამდენიმე ჟურნალისტური ორგანიზაცია არსებობს...

აფხაზეთში არის „ჟურნალისტთა ასოციაცია", რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაარსდა. ორგანიზაცია დღემდე  ბიუჯეტიდან ფინანსებდება. რას საქმიანობენ -  ვერ გეტყვით, პერიოდულად კონკურსებს აცხადებენ, რომელშიც  არც კი ვიცი ვინ მონაწილეობს.

ჩვენ შევქმენით „აფხაზ ჟურნალისტთა ასოციაცია", რომელიც მრგვალ მაგიდებს აწყობს და  და ჩინოვნიკებს სადებატოდ იწვევს.  დებატებს სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებები არ აშუქებენ. მხოლოდ  „Абаза тв" და დამოუკიდებელი გაზეთები ავრცელებენ ამის შესახებ ინფორმაციას. ჟურნალისტებს შორის კოლეგიალობა არ არის. ის საშუალებები, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან,  პროპაგანდისტული მანქანის ნაწილია  და „ხელისუფლების რუპორს" წარმოადგენენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test