შემოგვიერთდი

11.07.2011 16:19

კითხვები, რომლებსაც უნდა გაეცეს პასუხი 21-ე საუკუნეში ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის ბრლდებით დაპატიმრების დროს

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

სანდრო ბარამიძე, ადვოკატი

  1. რატომ დააკავეს ფოტორეპორტიორები ღამის 3 საათზე? ნუთუ მდგომარეობა იმდენად გადაუდებელი ხასიათისა იყო, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა დღის განმავლობაში? კერძოდ, რაში მდგომარეობდა ასეთი გადაუდებელი აუცილებლობა? თუ ვითარება გამორიცხავდა მეორე დილამდე მოცდას, რატომ არ გაკეთდა ეს წინა საღამოს? გახსოვთ, რომელი რეჟიმების დროს აპატიმრებდნენ ხალხს უპირატესად ღამის საათებში?

  2. ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კანონით, პირის დაკავებისათვის აუცილებელია სასამართლოს განჩინება. როდესაც ფოტორეპორტიორებს აკავებდნენ, ჰქონდათ თუ არა შსს-ს ოფიცრებს ხელთ სასამართლოს განჩინება?

  3. კანონი ასევე ითვალისწინებს გარკვეულ პირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პირის დაკავება შეიძლება სასამართლოს განჩინების გარეშეც. მოცემულ შემთხვევაში, ჰქონდა თუ არა ადგილი რომელიმე ასეთ პირობას? თუ ჰქონდა, კერძოდ რომელს?

  4. ჯაშუშობას კავშირი აქვს საიდუმლო ინფორმაციასთან. იმისათვის, რომ ინფორმაცია საიდუმლო იყოს, დაცული უნდა იყოს მისი დასაიდუმლოების პროცედურა. კანონი ასევე ადგენს ინფორმაციის განსაიდუმლოების ვადებსა და წესებს. იყო თუ არა მოცემულ შემთხვევაში ინფორმაცია, რომლის შეგროვება,  შენახვა  ან გადაცემაც  ბრალდებათ ფოტორეპორტიორებს, დადგენილი წესით დასაიდუმლოებული? ან ხომ არ არსებობდა კანონით დადგენილი პირობა, რომლის გამოც ეს დასაიდუმლოებული ინფორმაცია განსაიდუმლოებას მოითხოვდა?

  5. კანონის თანახმად, დანაშაულად არ ითვლება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი  ისეთი  ინფორმაციის  გამოქვეყნება, რომლის  გახმაურებასაც  მნიშვნელობა აქვს  საზოგადოებრივი  უსაფრთხოების  დაცვისათვის  ან  რომელიც  ადრე  უკვე გამოქვეყნებული იყო. ხომ არა აქვს რომელიმე ასეთ პირობას ადგილი მოცემულ შემთხვევაში?

  6. სახელმწიფო საიდუმლოება ხელმიუწვდომელია რიგითი მოქალაქეებისთვის. მაშ როგორ ჩაუვარდათ ფოტორეპორტიორებს ხელში საიდუმლო ინფორმაცია, თუ ის მართლაც  დადგენილი წესით საიდუმლოდ მიჩნეული ინფორმაცია იყო?

  7. კანონი ადგენს სახელმწიფო საიდუმლოებასთან მოქალაქის დაშვების წესსაც. იყო თუ არა დაცული ასეთი დაშვების წესი მოცემულ შემთხვევაში? შემოწმდნენ თუ არა ფოტორეპორტიორები დადგენილი წესით?

  8. ჯაშუშობას ასევე კავშირი აქვს „საქართველოს  ინტერესის  საზიანოდ  უცხო  ქვეყნის  დაზვერვის  ან  უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა  ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემასთან". რა იგულისხმება ამ „სხვა ინფორმაციაში"? ხომ არ არის კანონი ამ შემთხვევაში იმდენად ბუნდოვანი, რომ არ აძლევდეს პირს შესაძლებლობას განსაზღვროს, თუ რა მოქმედების განხორციელებას უკრძალავენ მას?

  9. რატომ გახდა ბრალდებულების სასამართლოში პირველი წარდგენის დროს სასამართლო სხდომის დახურვა აუცილებელი? სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სასამართლო სხდომების საქვეყნოობის პრინციპი ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეიძლება შეიზღუდოს, მათ შორის, ეროვნული უშიშროების მოტივითაც. მაგრამ ასეთი მოტივის არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სხდომის დახურვა კანონიერი იქნება. უნდა არსებობდეს ამის მკაცრი აუცილებლობა და დაცული უნდა იყოს სათანადო ბალანსი საქვეყნოობის პრინციპსა და ეროვნული უშიშროების მოთხოვნას შორის. გაითვალისწინა თუ არა, მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ეს მოთხოვნები, როდესაც სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობდა?

  10. ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას უნდა არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდი, ანუ კონკრეტული მტციცებულებები იმისა, რომ პირი მიიმალება  ან  არ  გამოცხადდება  სასამართლოში, გაანადგურებს  საქმისათვის  მნიშვნელოვან  ინფორმაციას  ან  ჩაიდენს  ახალ დანაშაულს. რომელი კონკრეტული მტკიცებულება ჰქონდა ხელთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, როდესაც ფოტორეპორტიორებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას უფარდებდა?

მე არ ვიცი, მართლა ჩაიდინეს თუ არა ბრალად წარდგენილი დანაშაული ამ ფოტორეპორტიორებმა. მაგრამ მსურს მივიღო პასუხები ამ კითხვებზე, რათა გავარკვიო, მართლა 21-ე საუკუნის საქართველოში ვცხოვრობ, თუ რომელიმე ძველ დროს, ან/და რომელიმე სხვა ქვეყანაში?

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test