შემოგვიერთდი

24.07.2011 20:03

მმართველი პარტიის 20-ჯერ მეტი სარეკლამო დანახარჯი

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ"  გასულ თვეში გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც მიმოხილულია პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების  წყაროები, მათი თავისებურებები და ხარჯვის ტენდენციები 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის,  2008 წლის საპრეზიდენტო და  საპარლამენტო არჩევნების დროს. ამ ანგარიშიდან  და ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებიდან ირკვევა, რომ მმართველი  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გაცილებით დიდ თანხას ხარჯავს წინასაარჩევნო რეკლამებზე ვიდრე ყველა საარჩევნო სუბიექტი ერთად აღებული. ამასთან,  მმართველი   პარტია  წინასაარჩევნო რეკლამას ძირითადად  ორ ტელეკომპანიას უკვეთავს - "რუსთავი 2"-ს და  "იმედს".

მაგალითად,  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"  ანგარიშის მიხედვით,   ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მმართველმა პარტიამ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") სატელევიზიო რეკლამაში   20-ჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე დანარჩენმა ყველა საარჩევნო სუბიექტმა ერთად.

საერთო ჯამში,  გასული  წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, წინასაარჩევნო  სატელევიზიო რეკლამაში „ნაციონალურმა მოძრაობამ" 11 მილიონამდე  ლარი  გადაიხადა, საიდანაც,  ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცეესკო) მონაცემებით, 5 მილიონი ლარი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში ფასიანი სარეკლამო დროის შესყიდვას მოხმარდა. მმართველმა  პარტიამ ამდენივე თანხა გადაუხადა შპს „თაჩ მედიას", რომელიც იმ დროისათვის ტელეკომპანია „იმედის" სარეკლამო დროს განკარგავდა. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის ცნობით კი აღნიშნული კომპანია 2010 წელს იყიდა შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა", რომლის მფლობელი ბიზნესმენი ჯოზეფ ქეი და პანამაში რეგისტრირებული კომპანია „რააქ ჯორჯია ჰოლდინგია", მისი მმართველი კი ტელეკომპანია „იმედის" გენერალური დირექტორი გიორგი არველაძეა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი.

ცესკოს მონაცემებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" შარშან ჩატარებული   არჩევნების დროს   საზოგადოებრივ  მაუწყებელს სატელევიზიო რეკლამისთვის  დაახლოებით 500 ათასი ლარი  გადაუხადა. დანარჩენ მედია საშუალებებში ამ პარტიას სარეკლამო დრო არ უყიდია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"  მონაცემებით,  მმართველი პარტიის მთლიანი საარჩევნო ფონდი 14 მილიონს აჭარბებდა, საიდანაც, 72 % სატელევიზიო რეკლამაზე დაიხარჯა.

ამავე მიზნით გამოიყენა სარჩევნო ფონდში მობილიზებული მთლიანი თანხის (დაახლოებით 700 ათასი ლარი )  61%  კიდევ ერთმა საარჩევნო სუბიექტმა „გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან - დემოკრატიული გაერთიანება",რომელმაც არჩევნებში  ხმების 12.5% დაააგროვა.  "ქრისტიან-დემოკრატებმა" წინასაარჩენო რეკლამაში   „რუსთავი 2"-სა და „იმედს" 200 -200 ათასი ლარი გადაუხადეს. მათი რეკლამა გადიოდა  რადიოკომპანია „საქართველოს ხმის" ეთერშიც, რაც 398 ლარი დაუჯდათ.

ოპოზიციურმა ბლოკმა „ალიანსი საქართველოსთვის (ირაკლი ალასანია, სოზარ  სუბარი, დავით უსუფაშვილი, დავით გამყრელიძე , სალომე ზურაბიშვილი)"  წინასაარჩევნოდ ტელეკომპანია „კავკასიის"  სარეკლამო  დრო  26 ათას ლარად იყიდეს. ბლოკს დანარჩენ ტელეკომპანიებში ფასიანი რეკლამა არ ჰქონია.  ალიანსის წევრის, თინა ხიდაშელის თქმით, „რუსთავი 2"-მა და „იმედმა" პოლიტიკური პარტიებისთვის რეკლამისთვის 3-ჯერ დიდი თანხა დააწესეს, ვიდრე რომელიმე კომერციული ორგანიზაციისთვის.

„კავკასიის" ტარიფებთან შედარებით, „რუსთავი 2"-ში რეკლამა  20-ჯერ ძვირი გვიჯდებოდა. ჩვენი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, „კავკასია" ვარჩიეთ",  - თქვა ხიდაშელმა media.ge-სთან საუბრისას.

"ალიანსმა" წინასაარჩევნოდ   ბეჭდური მედიაც გამოიყენა. გაზეთ „კვირის პალიტრას" 2 ათასამდე  ლარი, „ალია ჰოლდინგს" კი 3 ათასი ლარი გადაუხადა.

რეკლამის დამზადებასა და ეთერში გაშვებაზე არჩევნებში მონაწილე „ეროვნულმა საბჭომ"  დაახლოებით 9 ათასი  ლარი დახარჯა, თუმცა ცეესკოში წარდგენილ ანგარიშში არ არის მითებული კონკრეტულად რომელ მედიასაშუალებას გადაუხადეს ეს თანხა.

მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს ადგილობრივი არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და მოსახლეობა მაჟორიტარ კანდიდატებს ყველა რეგიონიდან ირჩევდა, პოლიტიკურმა პარტიებმა მაინც უარი თქვეს რეგიონულ მედიაში რეკლამის განთავსებაზე. ტელეკომპანია „გურჯაანის" (გურჯაანი) აღმასრულებელი დირექტორი ლევან ალექსიშვილი ამ ფაქტს „საარჩევნო კოდექსის" იმ მუხლს (მუხლი 66 ) უკავშირებს, რომლის მიხედვით კერძო მაუწყებლები ვალდებულნი არიან ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების შემთხვევაში უფასო დრო გამოუყონ სხვა პარტიებსაც.

"ოპოზიციურმა პარტიებმა  ერთმანეთს დაუწყეს ყურება, ელოდებოდნენ, ვინმეს ეყიდა საეთერო დრო, " - განაცხადა ლევან ალექსიშვილმა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „გურჯაანს" რეკლამის ძალიან დაბალი ტარიფები ჰქონდა, პირველი ნაბიჯი არავინ გადადგა, ამის გამო რეგიონული ტელევიზია შემოსავლის გარეშე დარჩა და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ფონდიდან რეკლამისთვის გამოყოფილი თანხა ნაციონალურ არხებში წავიდა.

„არც მმართველმა  პარტიამ იყიდა  ჩვენთან სარეკლამო დრო. ალბათ, იმიტომ, რომ მათი რეკლამა  ნაციონალურ არხებზე გადიოდა და ადგილობრივი რეკლამა აღარ სჭირდებოდა", დასძინა ტელეკომპანია "გურჯაანის" ხელმძღვანელმა.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-მა მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავალი მიიღო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც. წინა საარჩევნოდ მხოლოდ "ნაციონალურმა მოძრაობამ"  8 მილიონამდე ლარის ღირებულების სარეკლამო დრო იყიდა. პარტიამ ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს ტელეკომპანია „მზეს" წინასაარჩევნო რეკლამისთვის 100 ათასი ლარი გადაუხადა. იმ პერიოდისთვის  „იმედის"მაუწყებლობა ახალი აღდგენილი იყო და მხოლოდ გასართობი პროგრამები გადიოდა, ამიტომ აქ არც ერთი პარტიის პოლიტიკური რეკლამა არ გასულა.

საპარლამენტო არჩევნების დროს „ნაციონალურმა მოძრაობამ"  ფასიანი რეკლამა რეგიონულ მაუწყებლებშიც განათავსა.  ტელეკომპანია „ბორჯომს" (ბორჯომი) 3 ათასი ლარი გადაუხადა, ამდენივე დაუჯდა რეკლამის განთავსება  ტელერადიო კომპანია „თრიალეთის"  ეთერში (ქარელი), „მეცხრე ტალღას" (ფოთი) - 7 ათასი, „იმერვიზიას" (ჭიათურა) კი 5 ათასი ლარი გადაუხადა. მმართველმა პარტიამ  ქუთაისის ტელერადიო კომპანია „რიონში" 8 ათასი ლარის ღირებულების სარეკლამო დრო იყიდა. ჯამში ნაციონალურმა მოძრაობამ წინასაარჩევნოდ 13 მილიონამდე  ლარი დახარჯა, აქედან 67% (დაახლოებით 9 მილიონი  ლარი) დახარჯა მხოლოდ სატელევიზიო რეკლამაზე.

„რიონმა"  2008 წლის საპარლამენტო  არჩევნების დროს რეგიონულ ტელევიზიებს შორის ყველზე მეტი შემოსავალი მიიღო. კიდევ ერთმა საარჩევნო სუბიექტმა „გაერთიანებულმა ოპოზიციამ", რომელმაც ხმების 17,73% მიიღო, ამ  არხზე დაახლოებით  4 ათასი ლარის  ღირებულების რეკლამა განათავსა. ფოთის „მეცხრე ტალღას" რეკლამის დამზადებასა და გაშვებაში ამ პარტიამ 7 ათასი ლარი გადაუხადა. ფასიანი პოლიტიკური რეკლამა „გაერთიანებულმა ოპოზიციამ"  სხვა რეგიონული ტელეკომპანიებშიც განათავსა - „თრიალეთი" (400 ლარი), „მეგა ტვ" (300 ლარი), „გურჯაანი" (338ლარი), „აჭარა" (2000 ლარი), და „მარნეული ტვ" ( 3300ლარი). დედაქალაქში განთავსებული მაუწყებლებიდან კი სარეკლამო დრო მხოლოდ „კავკასიაში" იყიდა, რაშიც დაახლოებით ათასი ლარი  გადაიხადა. წინასაარჩევნოდ ამ პარტიამ აქტიურად გამოიყენა რადიოც. „უცნობში" 1300-მდე  ლარის, რადიო  „იმედში" - ათასი ლარის, „ჰერეთში" (ლაგოდეხი) კი 2 ათასი ლარის ღირებულების სარეკლამო დრო იყიდა.

2008 წლის არჩევნებში მონაწილე კიდევ ერთმა პარტიამ „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან დემოკრატები",  ჯამში, 18 ათასი ლარის ღირებულების  სარეკლამო დრო იყიდა,  აქედან 3 ათასი ლარი „კავკასიას",  დაახლოებით 2 ათასი ლარი კი „საზოგადოებრივ მაუწყებელს" გადაუხადა. ჭიათურის „იმერვიზიამ"  6 ათასამდე, ზუგდიდის „ოდიშმა" კი 7 ათასამდე ლარი მიიღო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მოყვანილი სტატისტიკის მიხედვით,  2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის მიხეილ  სააკაშვილის მიერ სატელევიზიო რეკლამებში გადახდილმა თანხამ დაახლოებით 13 მილიონი ლარი  შეადგინა, რაც წინასაარჩევნოდ გახარჯული თანხის 54%-ია.

„ახალი მემარჯვენეების" კანდიდატს დავით გამყრელიძეს კი სარეკლამო რგოლები დაახლოებით 15 ათასი ლარი დაუჯდა, პრეზიდენტობის მესამე კანდიდატმა, ლევან გაჩეჩილაძემ, წინასაარჩევნოდ მხოლოდ სატელევიზიო რეკლამისთვის 300 ათასამდე ლარი დახარჯა, აღსანიშნავია, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა სარეკლამო რგოლების განსათავსებლად კანონით გათვალისწინებული უფასო სარეკლამო დრო სრულად გამოიყენეს, რითაც ხარჯები შეამცირეს .

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test