შემოგვიერთდი

25.07.2011 17:53

სახელმწიფო ინტერესების დამცველი და მოღალატე ჟურნალისტები ცხინვალში

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

23 ივლისს ცხინვალში ჟურნალისტებმა პროფესიული დღე აღნიშნეს. 105 წლის წინ ვლადიკავკაზში, პირველად გამოიცა ოსურენოვანი გაზეთი „ირონ გაზეტა" („ოსური გაზეთი") , ამიტომ ეს თარიღი დაედო საფუძვლად მასმედიის წარმომადგენელთა პროფესიული დღის აღნიშვნას. ეს დღე ადგილობრივ ჟურნალისტებს სამხრეთ ოსეთიდ დე-ფაქტო  პრეზიდენტიდან დაწყებული, თითქმის ყველა მოხელემ მიულოცა. ინტერნეტგამოცემა „ოსინფორმს" ადგილობრივი მედიის ზოგადი მდგომარეობის და პრობლემების შესახებ  ვრცელი ინტერვიუ მისცა დე-ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის და მასობრივი კომუნიკაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კაბისოვმა.

მისი თქმით არაერთი მოუგვარებელი პრობლემაა მედიის სრულფასოვანი საქმიანობისთვის. როგორც სახელმწიფო ისე დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს საკუთარი ვებგვერდები არ გააჩნია. ცალკე პრობლემაა ინტერნეტი, რომელიც მხოლოდ ცხინვალის ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი. დეფაქტო რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე სატელევიზიო და რადიოსიგნალიც ვერ ვრცელდება, კაბისოვი ამის მიზეზად დაუფინანსებლობას ასახელებს და ედუარდ  კოკოითის ხელისუფლების კრიტიკასაც არ ერიდება.

ციტატა მისი ინტერვიუდან: „აუცილებელია სატელევიზიო სიგნალი ყველაზე მოშორებულ დასახლებებსაც მივაწოდოთ, ამის გარეშე, ჩვენი ქვეყანა ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, იმიტომ, რომ ინფორმაციის არარსებობა იწვევს ჭორების გავრცელებას.  არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ საქართველომ სამხრეთ ოსეთზე მაუწყებლობა გააძლიერა, რომელიც ადამიანების ტვინის გამორეცხვას და ანტიოსური და ანტირუსული განწყობების გაღრმავებას ემსახურება. ამ შემთხვევაში აუჩქარებლობა ჩვენ ძვირად დაგვიჯდება.  ტელე და რადიოქსელების განვითარებისთვის არაერთხელ მივმართეთ რესპუბლიკის მთავრობას და პარლამენტს, მაგრამ პარადოქსული, შეიძლება ითქვას,  კურიოზულ სიტუაციას ვაწყდებით. ამ პრობლემების გადასაჭრელად რუს კოლეგებთან ერთად პროექტებიც გვაქვს, მაგრამ პარლამენტი და მთავრობა ყრუა, ამ საკითხებთან მიმართებაში.  არადა, მათ გადასაწყვეტად  დიდი თანხა საჭირო არ არის. 56 მილიონი რუბლი ტელეკომუნიკაციებს სჭირდება, 3 მილიონი კი რადიომაუწყებლობის გამართვას. ასეთივე პარადოქსული ვითარება გვაქვს საფოსტო მომსახურებაშიც. უყურადღებობის გამო გაზეთები და წერილები სოფლებში დაგვიანებით მიდის, რადგან   მათი გაგზავნა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხდება."

კაბისოვის თქმით,  სამხრეთ ოსეთში  შეუფერხებლად მუშაობენ რუსი ჟურნალისტები, აქ ზოგიერთ მედიასაშუალებას საკუთარი კორესპონდენტიც კი  ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალში  რადი „თავისუფლების" გადაცმა „ეხო კავკაზას" მიმართ  არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს, მისი კორესპონდენტები აქედან ინფორმაციებს  გადასცემენ  და მათ ხელს არავინ უშლის. კაბისოვის აზრით, სწორედ ესაა იმის მანიშნებელი, რომ სამხრეთ ოსეთში სიტყვის თავისუფლებაა.

რადიო „თავისუფლებას" ცხინვალში კორესპონდენტები მართლაც ჰყავს, მაგრამ Media.Ge -სთვის ცნობილია, რომ დეფაქტო ხელისუფლება    მათ აკრედიტაციას არ აძლევს და შეუძლიათ ზოგიერთ ღონისძიებაზე დასწრებაზე უარიც უთხრან, რაც რუსული მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ წარმოუდგენელია. გარდა ამისა,  კაბისოვს არც გაზეთი „21-ე" საუკუნე უხსენებია, რომლის რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი ცხინვალის ცენტრში დეფაქტო რესპუბლიკის დეპუტატებმა მხოლოდ იმის გამო სცემეს, რომ ქართველ კოლეგებს შეხვდა.  კაბისოვს არც ფატიმა მარგიევა გახსენებია, რომელიც მეგობრებთან ერთად გაზეთ „პოზიციას" გამოსცემდა და ედუარდ კოკოითის კრიტიკით გამოირჩეოდა. მარგიევა ცხინვალის ციხეში იარაღის შენახვის ბრალდებით ჩასვეს, თუმცა რუსი და ოსი უფლებადამცველები მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდნენ. კაბისოვის ინტერვიუს ცნობილი ბლოგერი მარია პლიევა გამოეხმაურა. მისი თქმით,  სამხრეთ ოსეთში სიტყვის თავისუფლება არ არსებობს.

„რაც შეეხება გიორგი კაბისოვს, მახსოვს ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის პერიოდში,  პირველი მოხელე იყო, რომელიც მემუქრებოდა, ეს იყო 2009 წლის აპრილში, როცა სახალხო პარტიის ხელში ჩაგდება მოხდა კოკოითის მომხრეების მიერ და მე ამის შესახებ ვწერდი. თან ის მე მოწმეების თანდასწრებით მემუქრებოდა. სიტყვის თავისუფლებაზე საუბრით ხალხს ატყუებდნენ და ახლაც ატყუებენ." - ამბობს მარია პლიევა.

სამხრეთ ოსეთის  მედიაში რომ უამრავი პრობლემაა , ამას ადგილობრივი მოხელეებიც ღიად აცხადებენ, არ ხდება ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლება. საერთოდ ზედმეტია საუბარი თავისუფალი მედიის არსებობაზე. გაზეთ 21-ე საუკუნის გარდა, რომელიც დაუფინანსებლობის  გამო, იშვიათად გამოდის ცხინვალში, ყველა გაზეთი, ჟურნალი, რადიო და ტელევიზია სახელმწიფოს საკუთრებაა. ადგილობრივ  ხელისუფალთ კი ჟურნალისტის დანიშნულება სხვაგვარად ესმით.  მათი აზრით,  მედია სახელმწიფოს უნდა ემსახუროს და მისი განვითარებისთვის დიდი როლი ითამაშოს.     „აუცილებელია, რომ ნებისმიერმა ჟურნალისტმა, რომელიც საკუთარი ქვეყნის პატრიოტად მიიჩნევს თავს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გაძლიერებაში. აამაღლოს მისი ავტორიტეტი მსოფლიო არენაზე, სამშობლოს ინტერესების დაცვით",  -ეს არის ციტატა ედუარდ კოკოითის მილოცვიდან. იმ ჟურნალისტებს კი  ვინც მისი ხელისუფლების კრიტიკას ბედავენ,  სახელმწიფო ინტერესების მოღალატეებად აცხადებენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test