შემოგვიერთდი

28.07.2011 15:15

გიგა კობალაძე: 1 სექტემბერს დასრულდება სატარიფო განაკვეთების დამტკიცება

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

2011 წლის 11 მაისის შემდეგ საქართველოს ავტორთა საზოგადოებას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. შეიცვალა ორგანიზაციის წესდება და სამოქმედო პოლიტიკა. ტელე და რადიომაუწყებლებისათვის  დაწესდა ტარიფი, რომელიც მათ საავტორო  უფლებების სარგებლობისათვის  უნდა გადაიხადონ. გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ავტორთა საზოგადოების თავმჯდომარე, გიგა კობალაძესთან, რომელიც საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმებსა და ორგანიზაციის გეგმებზე გვესაუბრა.

რა ფუნქციები აქვს ავტორთა საზოგადოებას?

საქართველოს ავტორთა საზოგადოება (SAS)  არის არასამეწარმეო, არამომგებიანი საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც იცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს. ასოციაციაში გაწევრებული არიან ავტორები და შემსრულებლები, რომელთა სახელით ასოციაცია ამყარებს ურთიერთობას  მოსარგებლეებთან, ანუ იმ სუბიექტებთან , ვინც უნდა გადაიხადოს  საავტორო და მომიჯნავე უფლებების გამოყენებისათვის  გარკვეული საზღაური. გარდა ამისა,  ორგანიზაცია აგროვებს ჰონორარებს, რომლებსაც უნაწილებს ავტორ შემსრულებლებს. ავტორთა საზოგადოება იცავს როგორც ქართველ ასევე უცხოელ ავტორებს. ეს ხორციელდება ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ფარავს 150 ქვეყანას.

არის თუ არა უფლებამოსილი ავტორთა საზოგადოება დაიცვას იმ ავტორთა უფლებები, რომლებიც ასოციაციაში გაწევრიანებული არ არიან?

კანონმდებლობით განსაზღვრულია,  რომ ასოციაცია იცავს არა მარტო წევრ არამედ არაწევრ ავტორებსაც. რაც გამოიხატება იმაში,  რომ ორგანიზაციას აქვს სრული უფლება შეაგროვოს ჰონორარები და შემდგომ გადასცეს მათ. თუმცა, არაწევრ ავტორს გააჩნია უფლება,  ასოციაციის გარეშე დაამყაროს ურთიერთობა მოსარგებლესთან და თავად გაყიდოს საკუთარი ინტელექტუალური პროდუქტი. ასეთ შემთხვევაში მას  ეკისრება ერთადერთი ვალდებულება,  ასოციაციისთვის წერილობითი ინფორმირება, რომ სურს დამოუკიდებლად დაამყაროს კონტაქტი მოსარგებლესთან.

მას შემდეგ რაც შეიცვალა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, დაიწყო მუშაობა  იმ პრობლემური საკითხების გადასაჭრელად, რომელიც საავტორო უფლებების კუთხით საქართველოში იდგა. მთავარი მიმართულება იყო მოსარგებლეებთან ურთიერთობა და სატარიფო პოლიტიკის შეცვლა. საავტორო ჰონორარების ის დადგენილი სატარიფო განაკვეთები,  რომელიც დღემდე არსებობდა, იყო მაღალი და შეუსაბამობაში მოდიოდა საერთაშორისო სტანდარტებთან. ჩვენ შევისწავლეთ  საერთაშორისო პრაქტიკა, და ბაზარი. ამაზე დაყრდნობით შემუშავდა ახალი ტარიფი, რომელიც ყველა სეგმენტს გაეცნო. გავმართეთ 10-11 შეხვედრა რადიო და ტელემაუწყებლებთან, თეატრებთან, სარეკლამო, საკაბელო  და ინტერნეტ კომპანიებთან. გაფორმდა სალიცენზიო ხელშეკრულებები .  1 სექტემბერს მთლიანად დასრულდება  სატარიფო განაკვეთების დამტკიცება.

მაუწყებლის ანუ მოსარგებლის ვალდებულება არის ის, რომ მან ყოველთვიურად უნდა მოგვაწოდოს  საეთერო ბადე  იმისა, თუ რა ნაწარმოებები გაუშვა. ამ ინფორმაციის საფუძველზე განაწილდება ჰონორარი.

რა კრიტერიუმების მიხედვით დადგინდა ტარიფი ცენტრალური და რეგიონული ტელე-რადიო მაუწყებლებისათვის?

ტარიფების ოდენობის ცალსახად თქმა შეუძლებელია. ტარიფი ყველასათვის ერთნაირი არ არის. ის იანგარიშება შემოსავლის მიხედვით. მაგალითად,  რადიომაუწყებლები დაიყო 5 კატეგორიად: 0 დან 5 %-მდე , 5-დან 20%-მდე, 20 დან 40%-მდე, 40-დან 75%-მდე  და 75 % დან -ზემოთ. კატეგორია განისაზღვრა იმის მიხედვით, თუ  მთლიანი საინფორმაციო ბადის  რა ხვედრით წილს შეადგენდა საავტორო უფლების ობიექტების გამოყენება. ამის მიხედვით დადგინა ყველა კატეგორიისათვის  სხვადასხვა სატარიფო განაკვეთი. რაც უფრ დაბალია კატეგორია, მით უფრო  დაბალია ტარიფი. არის რადიოს  კატეგორია, რომელიც ნიუსზეა ორიენტირებული,  ზოგი კი - მუსიკაზე, ასე იმიტომ მოვიქეცით,  რომ არ დარღვეულიყო სამართლიანობის პრინციპი.   დადგინდა კიდევ ერთი განსხვავება ცენტრალურსა და რეგიონალურ რადიოსადგურებს  შორის. რეგიონული რადიომაუწყებელი, გამომდინარე მათი შესაძლებლობიდან, ცენტრალურ რადიოზე  20 % -ით ნაკლებს გადაიხდის. იგივე პრინციპით ავარჩიეთ ტელევიზიები, ოღონდ, ისინი, 4 კატეგორიად დავყავით. 20%-ით ნაკლებს გადაიხდიან რეგიონული ტელემაუწყებლებიც. (რეგიონული მაუწყებლები საავტორო უფლებებით სარგებლობისთვის წლიური შემოსავლის 0.5%-ს გადაიხდიან - ავტ.)

ტარიფის სტრუქტურირების დროს  დადგინდა კიდევ ერთი კომპონენტი. ეს არის ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია, ანუ რაც უფრო მეტ ქართულ პროდუქციას გამოიყენებს ესა თუ ის მაუწყებელი, მით უფრო დაბალი იქნება ტარიფი, ეს ნიშნავს იმას,  რომ გაჩნდება სტიმული შეიქმნას უფრო მეტი ახალი ქართული პროდუქტი.

დაიცავთ თუ არა მაუწყებლების უფლებებს? ისინიც ხომ ავტორები და კონტენტის შემქმნელები არიან?

მაუწყებლები,  იმ შემთხვევაში, როცა  არიან  არა მხოლოდ მოსარგებლეები, არამედ  კონტენტის ავტორები,  წევრიანდებიან როგორც ავტორები.  ჩვენ შეგვიძლია გავაწევრიანოთ არა მხოლოდ ფიზიკური პირები არამედ იურიდიული პირებიც. მათ მიერ შექმნილ პროდუქტზე  იგივე პრინციპით გავცემთ ლიცენზიას სხვა მოსარგებლეზე, როგორც ხდება ეს სხვა ნებისმიერი ავტორის შემთხვევაში.

რა მექანიზმებით აპირებთ ინტერნეტსივრცეში საავტორო უფლებების დაცვას?

ამ მხრივ ყველაზე რთულად არის საქმე, რადგან ინტერნეტსივრცის თითქმის 100 %  არალეგალური და არალიცენზირებულია. ჩვენ შევხვდით მსხვილი პორტალების მფლობელებს და ერთგვარი გამოსავალი ვიპოვეთ.

პირველყოვლისა მ ბაზარზე უნდა შემოვიდეს ლეგალური მოთამაშე,  ამის წინაპირობა არსებობს. სექტემბერში ორი პორტალი გაიხსნება, რომელზეც მხოლოდ ლეგალური ფილმები და მუსიკა იქნება განთავსებული. ჩვენ ვმუშაობთ  ინტერნეტის ტარიფზეც.  დღეს არსებულ ყველა საიტს, რომელზეც დადებულია არალიცენზირებული ფილმი და მუსიკა, დაუდგინდება კონკრეტული ტარიფი, ისინი  გადაიხდიან  თითოეული ჩამოტვირთვის მიხედვით,  მაგრამ  ლეგალური პორტალისაგან განსხვავებით,  მათ არ ექნებათ კონტენტის გაყიდვის უფლება.  ეს მექანიზმი,  საბოლოოდ, არალეგალურ საიტებს ბაზრიდან განდევნის და დახურავს, ისე, როგორც ეს  ამერიკაში და ევროპის განვითარბულ ქვეყნებში ხდება.

როგორ იქნება დაცული ბლოგერთა საავტორო უფლებები? იყო შემთხვევები, როდესაც ტელევიზიებმა და ბეჭდურმა გამომცემლებმა დაუკითხავად გამოიყენეს ბლოგერთა პოსტები?

ესეც დარეგულირდება  ერთიანი სალიცენზიო ხელშეკრულების ფარგლებში. ლიცენზია სწორედაც  გულისხმობს იმას, რომ მაუწყებელი ყიდულობს უფლებას გამოიყენოს საავტორო უფლებები. გადახდილი ჰონორარი ბლოგერს, მიუვა მისი მომართვის გარეშეც.

რთული არ იქნება ამის გაკონტროლება? თუკი მაგალითად, რომელიმე ბლოგერის მიერ შექმნილი კონტენტი ერთ-ერთი სერიალის სცენარად გამოიყენეს?

არა, რთულია არაა, კონტროლის ეს მექანიზმი შემუშავებულია უცხოეთში. მაუწყებელი გვაწვდის ბადეს. ჩვენ ვსარგებლობთ შვეიცარიის პროგრამით, რომელიც მთელი მსოფლიოს მსგავს ასოციაციაშია ადაპტირებული. ეს პროგრამა ახდენს იდენტიფიცირებას ყველა იმ საავტორო უფლების ობიექტის, რომელიც გამოიყენება ეთერში. ჩვენ მოწოდებული ინფორმაცია შეგვყავს ამ პროგრამაში და იდენტიფიკაციის მიხედვით ვანაწილებთ ჰონორარს.

ბლოგერს შეუძლია  გაწევრიანდეს ჩვენთან, დაარეგისტრიროს ნაწარმოები და ის ავტომატურად აისახება ჩვენს ბაზაში. ამის შემდეგ კონტროლი ბევრად მარტივია. რეგისტრირდება არა ბლოგი, არამედ ნაწარმოების ჩამონათვალი , მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით.

თუკი ბლოგის კონტენტი ყოველდღიურად ახლდება, ბლოგერს მოუწევს ყოველი პოსტის  დარეგისტრირება?

მას შეუძლია გარკვეული პერიოდულობით დაარეგისტრიროს დაგროვილი მასალები.

საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ  რამდენად მორგებულია საერთაშორისო პრაქტიკასთან ?

კანონი პრინციპში შესაბამისობაშია საერთაშორისო ნორმებთან და იმ კონვენციებთან, რომელსაც საქართველო მიერთებულია. თუმცა საქპატენტის მიერ მუშავდება საკანონმდებლო ინიციატივა მის დასახვეწად. ამ პროცესში ჩვენც ჩართულები ვართ. ის პარლამენტს სავარაუდოდ შემოდგომაზე წარედგინება.

კანონი როგორ არეგულრიებს ინტერნეტ კონტენტზე საავტორო უფლებებს?

ამ ეტაპზე ცალკე  ინტერნეტის შესახებ კანონი არ გვაქვს, მაგრამ საავტორო და მომიჯნავე უფლებით ეს რეგულირდება ისეთივე მექანიზმებით, როგორც სხვა ნებისმიერ მაუწყებელის შემთხვევაში.

რა სანქციებია დაწესებული ტარიფის გადაუხდელობის შემთხვევაში?

მე თითქმის გამოვრიცხავ, რომ ასეთი რამე შეიძლება მოხდეს. ტარიფი მაღალი არ არის. ასევე ამ შეხვედრების მანძილზე ინტელექტუალური საკუთრების ლეგალური მოხმარების კულტურა ამაღლდა. თუმცა, თუ კი ასეთი რამ მოხდა, ჩვენ გვაქვს როგორც სასამართლო, ისე ადმინისტრაციული მექანიზმები, რომ ავკრძალოთ ამა თუ იმ პროდუქტის გამოყენება,  ასევე შეიძლება საჯარიმო  სანქციის დაწესებაც.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test