შემოგვიერთდი

28.07.2011 19:21

ფოტორეპორტიორების გაუგებარი საქმე

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

„ყველაზე გაუგებარი ღრმა შეთქმულების თეორია" - ასე უწოდა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ საზოგადოების ვარაუდს, რომ ქართველი ფოტორეპორტიორების დაკავება 26 მაისს რუსთაველზე განხორციელებული დარბევის კადრების გავრცელებას უკავშირდებოდა. ეს განცხადება მან 12 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა, გადაცემაში „დიალოგი". როგორც გადაცემის მსვლელობისას გაირკვა, გიგა ბოკერიასთვის, ასევე, გაუგებარი აღმოჩნდა „ის შეთქმულების ფორმები", რომელიც ფოტორეპორტიორების დაკავებას პრესის თავისუფლების შეზღუდვასა და მედიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიასთან აიგივებდა.

ამ პასუხებით, უშიშროების საბჭოს მდივანი იმ ვარაუდების გაბათილებას შეეცადა, რომელსაც საზოგადოება ოთხი ქართველი ფოტორეპორტიორის  - ნათია და ირაკლი გედენიძეების, გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის დაპატიმრების დღიდან განიხილავდა, თუმცა, ეს მაინც არასრული სიაა ვარაუდებისა, რომელიც, 7 ივლისიდან მოყოლებული, პირადი თუ ოფიციალური საუბრების, საგაზეთო წერილების, რადიო თუ სატელევიზიო ეთერების მთავარი თემა იყო. ჟურნლისტები, ექსპერტები, პოლიტიკოსები - არა მარტო ქართველები და არა მარტო საქართველოში, გასაიდუმლოებული საქმის გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვდნენ და გაცხოველებით მსჯელობდნენ იმის თაობაზე, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო ამ ხმაურიანი დაკავების მიზეზი.

ამგვარი კითხვის არსებობა, როგორც ფაქტი, მიუთითებს იმაზე, რომ ე.წ. კომპრომატები, რომელიც შსს-მ ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის დამადასტურებლად წარმოადგინა, არ იყო დამაჯერებელი. მართლაც, რთულია, კოლეგების საუბარს, რომელიც საბანკო ანგარიშის გახსნისა და გასამრჯელოს ჩარიცხვის ირგვლივ ტრიალებს, სტაჟიანი ჯაშუშების (გამოძიების საბოლოო ვერსიით, ეს ადამიანები 6-10 წელი მაინც ჯაშუშობდნენ) კომუნიკაცია უწოდო. საზოგადოებისთვის დამარწმუნებელი არ აღმოჩნდა არც პირველი აღიარებითი ჩვენებები, რომელიც პრეზიდენტის პირადმა ფოტოგრაფმა, ირაკლი გედენიძემ და გაზეთ „პრაიმ-ტაიმის" ფოტორეპორტიორმა, ნათია გედენიძემ დაპატიმრებიდან მეორე დღეს გააკეთეს. აღიარებითი ჩვენების შინაარსის გარდა, ეჭვი იმანაც გააძლიერება, რომ ნათია გედენიძე წინასწარი პატიმრობიდან ამის შემდეგ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, გამოძიების განმავლობაში, დაპატიმრებულების თავდებით გათავისუფლება საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ყველა აქციაზე, რომელიც 7 ივლისიდან მოყოლებული, ფოტორეპორტიორების გათავისუფლებამდე, სხვადასხვა ადგილას პერმანენტულად იმართებოდა. შესაბამისად, ნათია გედენიძისა თუ დანარჩენების ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ, საზოგადოებაში ინტერესს სულ სხვა კუთხით - „ფოტორეპორტიორების საქმის" ანალიზის თვალსაზრისით იწვევს. ვარაუდი, რომელიც ნათია გედენიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საზოგადოების კრიტიკულად განწყობილ ნაწილში გამოითქვა, ასე ჟღერდა: გედენიძეების აღიარება გამოძიებამ ამ გათავისუფლების სანაცვლოდ მიიღო. ამ აზრს ჰქონდა არსებობის საფუძველი, რადგან დაპატიმრებიდან ერთი კვირის განმავლობაში, გამოძიებას დანარჩენი დაპატიმრებულები დაკითხული არ ჰყავდა, მეტიც - საქმეს არ იცნობდნენ დაკავებულების ადვოკატები. სწორედ ასეთ, ბუნდოვან ფონზე გაჩნდა ყველა დანარჩენი ვარაუდიც.

პირველი 26 მაისის დარბევას უკავშირდებოდა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ფასეული ფოტოები იმ ღამეს ირაკლი გედენიძემ გადაიღო, შემდეგ კი, ზურაბ ქურციკიძის საშუალებით, „ევროპის პრესფოტო სააგენტოს" გადასცა. 26 მაისის ღამეს იღებდნენ გიორგი აბდალაძეც და ზურაბ ქურციკიძეც. გიორგი აბდალაძემ გაიხსენა, რომ 28-29 მაისს მას სახელმწიფო დაცვიდან დაუკავშირდნენ და ამ ფოტოების მიტანა სთხოვეს. „ამ საკითხს სერიოზულად არ შევხედე და ვუთხარი, ფოტოები წავშალე-მეთქი", - იხსენებს იგი, - „ალბათ მაშინ უნდა მივმხვდარიყავი, რომ ამ ფოტოების ამბავი ასე უბრალოდ არ ჩაივლიდა". იმის გათვალისწინებით, თუ როგორი სიმწვავით რეაგირებს ხელისუფლება მისი კრიტიკის ნებისმიერ საფუძველზე, ვარაუდი 26 მაისთან დაკავშირებით უხერხემლო არ არის.

მეორე ვარაუდი ქართულ ტაბლოიდებში დაბეჭდილ პიკანტურ ისტორიას უკავშირდება, რომელიც, მედიის ამ ნაწილის რწმუნებით, საქართველოს პრეზიდენტს თავს ბათუმში გადახდა. ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ფოტორეპორტიორების დაპატიმრების პირველივე დღეს ამბობდა -  მათ გადაიღეს რაღაც ისეთი, პიკანტური, რაც, მავანთა აზრით, საზოგადოებისთვის ცნობილი არ უნდა გამხდარიყო. ნათია და ირაკლი გედენიძეები ამ დროს ბათუმში იყვნენ. შესაბამისად, ეჭვიც გაჩნდა.

მესამე ვარაუდი იმ საკანონმდებლო ცვლილებას უკავშირდება (რელიგიური უმცირესობების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირება), რომელიც საქართველოს პარლამენტმა უსწრაფესად მიიღო, საქართველოს ეკლესიის მოწოდების მიუხედავად, ცოტა გაეხანგრძლივებინა დებატები. გაჩნდა აზრი, რომ ეს სკანდალური დაპატიმრებები ამ ცვლილებების მიღებით გამოწვეული პროტესტის გადასაფარად გახდა საჭირო. უნდა ითქვას, რომ ეს ვარაუდი ყველაზე იშვიათად განიხილებოდა საზოგადოებაში. თუმცა, იყო რეალობა, რომელიც მასაც უქმნიდა საფუძველს. კერძოდ, ის, რომ მსვლელობები, რომელიც მართლმადიდებლებმა კანონპროექტის ამ სახით მიღების საწინააღმდეგოდ გამართეს, ნაციონალურმა მედიამ საზოგადოებას დაუმალა.

საქართველოს მოსახლეობის 83%-ზე მეტი, როგორც ოფიციალური სტატისტიკა გვეუბნება, მართლმადიდებელია. ამ ადამიანების ნაწილმა, შეიძლება ითქვას, მათმა წარმომადგნლებმა, იმდენმა, რამდენიც კოლმეურნეების მოედნის, ბარათაშვილის ხიდისა და ახვლედიანის აღმართის ერთბაშად შევსებას ეყო, გამოხატა დამოკიდებულება პრეზიდენტისა და პარლამენტის გადაწყვეტილებისადმი, მაგრამ მათ, ვინც „კავკასიასა" და „მაესტროს" არ ან ვერ უყურებს, ვინც თბილისში არ ცხოვრობს, ამის შესახებ მხოლოდ ჭორად გაიგო. რაში დასჭირდა მედიის ნაწილს, რომელსაც ხელისუფლების მიერ კონტროლორებადს უწოდებენ, ამომრჩევლის 83%-ზე მეტის პროტესტის დამალვა? რა მოსაზრებით მოპარა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთ-ერთი მთავარი ამბავი ხალხს, რომელიც მის არსებობას 83%-ზე მეტით უზრუნველყოფს? პასუხი ბევრნაირი არსებობს. ერთ-ერთია შიში იმ წინააღმდეგობისა, რომელიც ადამიანებმა ხელისუფლებას ზედიზედ ორი დღე (ვიდრე ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გარკვეული შეთანხმება შედგა) აჩვენს.

შიში, როგორც სასურველი შედეგი, ფიგურირებს, ასევე, ვარაუდებში, რომელიც ფოტორეპორტიორების დაკავებას ეხება. რაც უნდა იდგეს ამ საქმის უკან, ხელისუფლება გვეუბნება, რომ შეუძლია, ნებისმიერი ჩვენგანი დააკავოს; ხელისუფლება გვაფრთხილებს, რომ შეუძლია ჩვენი დისკრედიტაციისთვის გამოიყენოს საერთაშორისო მედია საშუალებებთან ჩვენი კავშირები; ხელისუფლება გვაჩვენებს, რა შეიძლება დაემართოს მას, ვინც მის კრიტიკას გაბედავს - ეს მოსაზრებები არაერთი ჟურნალისტისა თუ მედია ექსპერტის პირიდან გაისმა იმ დღეებში. უთუოდ ეს გახდა მთავარი მამოძრავებელი უპრეცედენტო პროტესტისა, რომელიც ქართველი ჟურნალისტების ნაწილმა საზოგადოებას მთელი ივლისის განმავლობაში აჩვენა. სამწუხაროდ, ნაწილმა, რადგან მედიის სხვა წარმომადგნელები, „ჯაშუში ფოტორეპორტიორების" ბრალდების მხარდამჭერი სიუჟეტების მომზადებით იყვნენ დაკავებულნი, გაზეთი „პრაიმ-ტაიმი" კი, მთელი შემადგენლობით, ქობულეთში გაემგზავრა, საკუთარი არსებობის 2 წლის იუბილეს ხმაურიანად აღსანიშნავად.

ამ დროს თბილისში და არა მარტო თბილისში, დაპატიმრებულების მხარდასაჭერად აქციები ეწყობოდა, გაზეთები ფოტოების გარეშე, საპროტესტო განცხადებებით იბეჭდებოდა, ელექტრონული მედიის აქტიური ნაწილი საპროტესტო მარათონს მართავდა... ქართულმა მედიამ პროტესტი ხმამაღლა გამოხატა და იყო საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია პროცესების განვითარებაზე. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა ამ გამოძიების გამჭვირვალობის აუცილებლობას, იგივე მოითხოვა ყველა საერთაშორისო მედია ორგანიზაციამ, თემას დიდი ინტერესით აშუქებდა მსოფლიოს წამყვანი მედია - ერთი სიტყვით, ვითარებამ აჩვენა, რომ საქმე ეხებოდა არა სახელმწიფო ჩინოვნიკების დაპატიმრებას, რასაც მუდმივად უსვამდა ხაზს გამოძიება, არამედ მეორე და მეოთხე ხელისუფლებების ჭიდილს. ამ შემთხვევაში, ხელისუფლებამ ერთგვარი გამონაკლისიც დაუშვა - მედიის წარმომადგენლებს შსს მინისტრი შეხვდა, თუმცა შეხვედრას შედეგი, ფაქტობრივად, არ მოჰყოლია. ვანო მერაბიშვილისგან გამოსულმა ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ვერ მიიღეს დაკავებულების ჯაშუშობის დამადასტურებელი ვერანაირი საბუთი, მაგრამ მიიღეს მინისტრის დაპირება, რომ საქმეს გრიფი „საიდუმლო" მოეხსნებოდა.

საქმეს გრიფი არ მოხსნია, ფოტორეპორტიორებმა კი ჯაშუშობა აღიარეს. ღია სასამართლო პროცესი, რასაც ხელისუფლება საზოგადოებას დაპირდა, არ შემდგარა. დაკავებულებთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და ისინი პირობითი სასჯელით, თანხის გადახდის გარეშე (რაც, რბილად რომ ვთქვათ, მეტად უცნაურია საპროცესო შეთახმებისთვის), სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ვინ გაიმარჯვა? და შეიძლება თუ არა, საერთოდ, ამ შემთხვევაში ვინმე გამარჯვებულად ჩაითვალოს? შეიძლებოდა, მეტის მიღწევა, მედია მთლიანად სოლიდარული რომ ყოფილიყო?  შეიძლებოდა, შედეგი მართლაც უფრო ნათელი ყოფილიყო, ქართული მედიის იმ ნაწილს, რომელიც გამოძიების ვერსიას უაპელაციოდ იღებდა და ავრცელებდა, დაესვა კითხვები, რომელსაც თავის კომენტარებში მაშინ საქართველოში მყოფი „ეხო მასკვის" მთავარი რედაქტორი, ალექსანდრე ვენედიქტოვი ითხოვდა. „შესაძლოა, ისინი მართლაც არიან ჯაშუშები, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რაც ოფიციოზმა წარმოადგინა, ძალიან ბევრი რამ გაუგებარია. ვფიქრობ, ჩვენი კოლეგები შსს-ს განცხადებების ტრანსლირების ნაცვლად, კითხვებს უნდა სხვამდნენ, ეს არის ჩვენი სამსახური", - თქვა მან.

ოთხი ქართველი ჟურნალისტი დღეს ჯაშუშადაა ცნობილი; ქართულმა გამოძიებამ, რომელიც, ზოგადად, არ ერიდება მტკიცებულებების გამოქვეყნებას (რაც უნდა საიდუმლო ჩანდეს ისინი) ამის დამდასტურებელად წარმოადგინა მხოლოდ აღიარებითი ჩვენებები (ის, რასაც ცივილიზებულ მსოფლიოში სერიოზულ მტკიცებულებად არ მიიჩნევა), რომელიც, თავისი შინაარსით, აქამდე არსებულზე მეტ კითხვას ბადებს; საზოგადოებას არ მიეცა გამჭვირვალე სასამართლო პროცესის ხილვის შესაძლებლობა; გამოძიებამ საზოგადოებას გაუგზავნა „მესიჯი", რომ აღიარებითი ჩვენებების მიცემისას, დაკავებულებმა საქართველოში მოქმედი სხვა ჯაშუშებისა და მათი გეგმების შესახებ ინფორმაციები გამოააშკარავეს...

ყველაფერი ეს ნამდვილად ჰგავს „ყველაზე გაუგებარ ღრმა შეთქმულების თეორიას", მაგრამ არა ქართველი ფოტორეპორტიორებისა - საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test