შემოგვიერთდი

31.07.2011 20:33

livepress.ge-ს ოპერატიულობა და სიზუსტე

David Mchedlidze
ახლო ხედით

სამეგრელო-ზემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრის (livepress.ge) რედაქცია  ვებ-გვერდის პრეზენტაციისთვის ემზადებოდა,  როდესაც მოულოდნელად გაიგეს, რომ ნასვამი პოლიციელები ეკლესიის ეზოში სტიქაროსნის მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდნენ.

რედაქციამ გადაწყვიტა ეს ამბავი საზოგადოების ყურამდე სწორედ ახალი ვებ-გვერდის საშუალებით მიეტანა, ამიტომ  პრეზენტაციას აღარ დაელოდნენ და   ვებ-გვერდი დაგეგმილზე რამდენიმე კვირით ადრე, 2011 წლის 5 მაისს აამუშავეს. „პოლიციელების ამბავი სწრაფად გავრცელდა და ჩვენი საიტის არსებობის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო, ვიდრე ამას დიდი პრეზენტაციით მოვახერხებდით," -ამბობს  livepress.ge-ს რედაქტორი გერონტი ყალიჩავა.

livepress.ge ახლა უკვე სრული დატვირთვით მუშაობს და მკითხველს სამეგრელოს, ზემო სვანეთისა და აფხაზეთის ამბებს ამცნობს. საიტი არაკომერციული ორგანიზაცია „მედია ფონდის" ინიციატივით შეიქმნა, მისი გამგეობის თავმდჯომარეც  გერონტი ყალიჩავაა, რომელიც აღნიშნავს, რომ ონლაინ გამოცემის გარდა მედიის სხვა საშუალების შექმნაზე არც უფიქრიათ. „გვსურდა,  რეგიონის ამბები მთელი საქართველოსთვის გაგვეცნო, ტელევიზიის შექმნას დიდი ფინანსები სჭირდება, ინტერნეტით მასალის გავრცელება კი ყველაზე იაფი და მოსახერხებელია," - განმარტავს რედაქტორი. მისი თქმით, ქალაქებში ინტერნეტით მოსახლეობის დიდ ნაწილი სარგებლობს,     სოფლებში კი თანდათან ერთვებიან ქსელში.

რედაქციაში სულ 9 თანამშრომელია, აქედან ოთხი ჟურნალისტი ზუგდიდში მუშაობს, სპეციალური კორესპონდენტი ჰყავთ სოხუმში, ფოთსა და მესტიაში. ვებ-გვერდის რუბრიკებია:  პოლიტიკა, ეკონომიკა, კონფლიქტი, სამართალი, საზოგადოება, კულტურა.    რუბრიკაში  „საქართველო,"   ქვეყნის სხვა რეგიონებში მიმდინარე მოვლენები შუქდება.  ვებ-გვერდზე ახალ ამბებთან ერთად მკითხველი ანალიტიკურ მასალებსაც გაეცნობა . „ჩვენ ვაშუქებთ ყველა ამბავს, სადაც საზოგადოებრვი ინტერესი შეიძლება იყოს.  დიდ ყურადღებას ვუთმობთ დევნილთა პრობლემებს და ადგილობრივ ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებს",- ამბობს ყალიჩავა.

ვებ-გვერდზე ქვეყნდება  ბლოგები, ასევე სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა  ერთი კვირის სადღიურო ჩანაწერები.  livepress.ge აქტიურად ავრცელებს მულტიმედია მასალებს, აუდიო რეპორტაჟებს.  ასეთი ფორმატით მოვლენების გასაშუქებლად რედაქციას შესაბამისი აპარატურაც აქვს - კამერები, ფოტოაპარატები, ხმის ჩამწერი მოწყობილობები.

გერონტი ყალიჩავას თქმით, ვებ-გვერდს ყოველ დღე საშუალოდ 300-400 ადამიანი სტუმრობს.  საიტის მომხმარებლები არიან თბილისში და სხვა ქალაქებში.

livepress.ge მიერ  გავრცელებულ ინფრომაციებს რეზონანსი და რეაგირება  მოჰყვება ხოლმე. პოლიციელმა ახალგაზრდა სასტიკად სცემა, რის შესახებ რედაქციას დაზარალებულის დედამ აცნობა და ფოტოებიც გადასცა, ამ მასალას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.  მეორე დღეს პოლიციის განყოფილების უფროსი თანამდებობიდან  მოხსნეს და დაიწყო გამოძიება. ეს ამბავი ნაციონალურმა ტელევიზიებმა მხოლოდ ამის შემდეგ გააშუქეს. „როცა რაღაც თემას ამოვიჩემებთ და ბოლომდე მივყვებით, რეაგირებენ  ხოლმე, ასე მოხდა მაშინაც, როცა წყლის პრობლემაზე დავწერეთ, ადგილობრივი  „წყალკანალის" წარმომადგენლებმა  დაზიანებული მილი შეაკეთეს," - იხსენებს ყალიჩავა.

რედაქტორის თქმით, აფხაზეთში მყოფი კორსპონდენტის მიერ მოწოდებული ამბები ხშირად ყველაზე კითხვადია.  „საზოგადოებას აინტერესებს, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამრა ადლეიბას მიერ მოწოდებული ინფორმაციები ოპერატიული და რაც მთავარია, ზუსტია, რაც ნდობას იმსახურებს," - განმარტავს რედაქტორი. გამოქვეყნებულ მასალებს  აფხაზეთიდან არ ეხმაურებია,  რისი მიზეზიც, ყალიჩავას ვარაუდით,  ამ რეგიონში ინტერნეტის ნაკლები ხელმისაწვდომობაა. თავად ამრა ადლეიბა, ყალიჩავას თქმით,   აფხაზეთში თავისუფლად მუშაობს.  ინფორმაციის მოპოვებისას და სტატიების გამოგზავნის დროს ბარიერს არავინ უქმნის.

რედაქცია მასალების დისტრიბუციისთვის აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს.

livepress.ge ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, პროექტი სექტემბერში მთავრდება, ამიტომ რედაქციას დაფინანსების სხვა წყაროების გამონახვა  მოუწევს.  რეკლამის მოპოვების მცდელობაც ჰქონდათ, მაგრამ  გაუჭირდათ.  „რეგიონში რეკლამის მოპოვება ძალიან რთულია, ვერ გავიგე, რა არის ამის მიზეზი,  პოლიტიკური მოტივი,  თუ, უბრალოდ,  არ სურთ რეკლამის  განთავსება", - ამბობს გერონტი ყალიჩავა,  რომელიც ვებ-გვერდის კომერციალიზაციის  მიმართულებით გააქტიურებას აპირებს. რედაქცია  საიტის ინტერფეისის  გაუმჯობესებასაც გეგმავს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test