შემოგვიერთდი

25.08.2011 17:22

მედია შვებისა და შვებულების დროს

David Mchedlidze
ჟურნალისტის ჩანაწერები

ბათუმი მკვეთრი კონტრასტების ქალაქია. ქალაქი, სადაც ზოგი კოსტუმით დადის და ზოგი - პირსახოცით. სადაც გზები გადათხრილია და შენობები - გადახრილი.  სადაც, შუადღისას უღმერთოდ ცხელა, საღამოობით კი ღმერთის სახელით ხატის მოყიდვას ცდილობენ. სადაც ათასი ჯურის ხალხი რუჯის გამო მედგრად წევს მზეზე და ურჩევნია დადუღდეს, ვიდრე სახლში გასარუჯი დაბრუნდეს. სადაც ზღვაზე ზღვა ხალხია და ბულვარში - ბულვარული საზოგადოება. ქალაქი, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ნიცაა და  ტურისტთა უმეტესობისათვის - "nice"... ან, უბრალოდ ქალაქი, სადაც ორი ტელევიზია, სამი გაზეთი, ერთი რადიო და ათამდე საკაბელო ტელევიზიაა, რომელთა დიდ ნაწილს ზაფხულში დამსვენებლები ნაკლებად წყალობენ.

გარუჯულთა მედია

ივლისის ბოლოა დრეებია.  საკურორტო სეზონი ძალას იკრებს და ამიტომ  ბათუმში  ტურისტის პოვნა  ძნელი სულაც არ არის. თუკი ვინმეს კარგი ფოტოაპარატი უჭირავს, ქრონიკულად გაღიმებული სახე აქვს და ნაგვის ყუთიდან დაწყებული შუქნიშნის სამივე შუქით დამთავრებული ყველაფერს სურათს უღებს, უდავოდ ტურისტია. რამდენიმე მათგანს ფოტოგრაფიული ნირვანიდან ვწყვეტ - მაინტერესებს ქართულ მედიაზე რაიმე თუ გაუგიათ. ღიმილი დაბნეულობაში გადადის. უმეტესობას სახეზე „Batumi is very beautiful" აწერია, მაგრამ აქაურ მედიაზე წარმოდგენა რომ არ აქვთ, ფაქტია: ერთი, იმიტომ, რომ ქართული საერთაშორისო ენა არ არის და მეორეც - ტელევიზორის საყურებლად დრო ნაკლებად რჩებათ.

მედიის უშრეტი სიყვარულით არც ქართველი დამსვენებლები იწვიან. „თბილისელები ოღონდ პლაჟზე წამობზიკე და..." - წუწუნებს გაზეთების გამყიდველი ინგა და პრესით დახუნძლულ სტენდს დანანებით უყურებს. „ეს ამდენი სომეხი და აზერბაიჯანელი რომ ჩამოდის, ქართული გაზეთები რაში სჭირდებათ მაგათ? აი, რუსული ენა რომ აღარ გვინდა, მაგისი ბრალია ყველაფერი". მისი თქმით, გაყიდული ჟურნალ-გაზეთების რიცხვი დამსვენებლების მატების პარალელურად «საერთოდ არ იზრდება», - ამ პერიოდში ადგილობრივები დასასვენებლად ზღვიდან შორს რომ მიემართებიან, ალბათ, იმიტომ.

პლაჟზე წიგნებს უფრო ხშირად კითხულობენ, ვიდრე ჟურნალებს. თუმცა, აქ ისეთი დამსვენებლებიც არიან, ვინც თბილისურ ჭორებს ვერც ბათუმში სწყდება. ერთი მათგანი,  დროს „Prime Time"-ის კითხვაში კლავს, მეორე კი „რეიტინგში" იმის დადგენას ცდილობს, თუ „სად იყო გამოკეტილი ვაკო ავალიანი ედუარდ შევარდნაძესთან ერთად". მოდი და ნუ დაგაინტერესებს. „იცით, მე ზოგადად ყვითელ პრესას არ ვკითხულობ ხოლმე, მაგრამ აქ დრო როგორმე ხომ უნდა გავიყვანო?" - რატომღაც თავს იმართლებს 20-25 წლის ქეთი და სურათის გადაღებაზე კატეგორიულ უარს ამბობს. ალბათ, იმიტომ, რომ  ჯერ საკმარისად გარუჯული არ არის. ფოტოაპარატთან ერთად კი დამსვენებლები ანალიტიკურ და პრობლემებით დატვირთულ პრესასაც ერიდებიან. თავის ატკივება მაშინაც ეყოფათ  მზის გულზე შუადღისასაც რომ იწვიან ხოლმე.

ტელკეარხი 25"-ი სატელიტზე

„ტელკეარხი 25"-ის შესახებ ბათუმში ორი რადიკალურად განსხვავებული პოზიცია არსებობს. მოსახლეობის ნაწილს არხიც მოსწონს და მისი გადაცემებიც, „ზოგიერთებისგან განსხვავებით, ეგენი სიმართლეს მაინც ამბობენ" - რატომღაც ბრაზობს ტაქსის მძღოლი გურამი და აშკარად სწყინს, მის მანქანაზე მეტად მისივე აზრი რომ მჭირდება. მეორე ნაწილი კი უარყოფითად არის განწყობილი. მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელიც ადგილების დეფიციტის გამო კაფეში ჩემს მაგიდასთან ჯდება: „„ტელეარხი 25"-ში პროფესიონალიზმის დიდი პრობლემაა. ეროსი კიწმარიშვილები და ვიღაცეები რომ გამოდიან მანდ, მიკვირს. ვერ წარმომიდგენია, ასეთ გადაცემებში თავმოყვარე პოლიტიკოსი როგორ უნდა ჩაერთოს."  ზოგიც ხუმრობს: „მიცვალებულები იყვნენ კარგად და 25-ე არხს რა გაუჭირდებაო."

ხუმრობა იქით იყოს და სამგლოვიარო განცხადებები რეალურად „ტელეარხი 25"-ის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.  თუმცა, ტელეკომპანიას „IREX"-ის გრანტიც აქვს - სექტემბრიდან ჟურნალისტური გამოძიებების მოსამზადებლად - და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოსიც", რომლის საშუალებითაც საინფორმაციო სამსახური ტექნიკური და ადამიანური რესურსით გაძლიერდა. ყველაზე პოპულარული აქ გადაცემა „დიალოგია", რომელიც პირდაპირ ეთერში ყოველ სამუშაო დღეს გადის: „ხელისუფლების წარმომადგენლები ტოქ-შოუს  ხშირად თავს არიდებენ, რის გამოც იქმნება სურათი, რომ ჩვენ ვართ ოპოზიციური არხი" - აღნიშნავს ტელეკომპანიის ხელმძღვანელი მერაბ მერკვილაძე. მისივე თქმით, აჭარის უმაღლესი საბჭოს ერთი მაღალჩინოსანი მხოლოდ იმიტომ ამბობს უარს გადაცემაში მონაწილეობაზე, რომ მისი მსვლელობისას «მესიჯების» გაშვების პრაქტიკა არ მოსწონს.

სექტემბრიდან ტელევიზია სატელიტზე გადის, იგეგმება რამდენიმე ახალი გადაცემის დაწყებაც, „მაესტროს" რეტრანსილაციის ნაცვლად კი ეთერი სხვადასხვა სტუდიის მიერ წარმოებული პროდუქციით შეივსება. მოკლედ, გეგმები დიდია.

„მეთორმეტე თვის მუშაკნი"

აგვისტო შვებისა და შვებულების თვეა. ადამიანები თერთმეტ თვეს ხომ სწორედ იმიტომ შრომობენ, რომ ბოლოს მორჩენილ აგვისტოში საფუძვლიანად დაისვენონ. თუმცა, ეს სამყაროსეული კანონზომიერება ზოგჯერ ირღვევა კიდეც. აჭარის ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის აგვისტო მეტაფორულადაც და მეტეოროლოგიურადაც „ყველაზე ცხელი თვეა" - აჭარის ტელევიზიაცა და აჭარის რადიოც მთელი აგვისტოს განმავლობაში აქტიურად მუშაობს.

მოსახლეობის ნაწილში „აჭარის ტელევიზია" „ტელეარხი 25-ის" ანტონიმად და „სახელისუფლებო" არხად მიიჩნევა. „რა თქმა უნდა, ზოგი ამბობს, რომ მიკერძოებულია. ჩვენ  კი მიგვაჩნია, რომ ეს ასე არ არის" - მარტივად პასუხობს ამ „ბრალდებას" არხის პროგრამების სამსახურის  უფროსი მედეა შაინიძე.

„რენესანსის" (ან რებრენდინგის) ეპოქაშია რადიო „აჭარა". მზადდება სარეკლამო რგოლები, შეიცვალა ტიხრები, ლოგო და სლოგანი. მათი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი FM99.0-დან FM104.5 დიაპაზონზე გადასვლის შემდეგ დაკარგული მსმენელის დაბრუნებაა. ეს  ნაბიჯი კი იმის გამო გადაიდგა, რომ FM104,5 მთელს დასავლეთ საქართველოში ერთი სიხშირით გავრცელების საშუალებას იძლევა. „მართალია, გადასვლის წინ ამაზე საუბრით ენა მქონდა გადატყავებული, მაგრამ მაინც არ გაჭრა. ზოგმა დღემდე არ იცის, ამ დიაპაზონზე რომ ვმაუწყებლობთ" - მეუბნება რადიოწამყვანი და რადიოს პროგრამების მთავარი სპეციალისტი დათო ტრაპაიძე.

რადიოს რეპერტუარი მრავალფეროვანია. მთავარია სიმღერა „ჰიტი" იყოს და დანარჩენი ნაკლებმნიშვნელოვანია. ყოველკვირეულად გადის გადაცემა „ჯაზის საათი", სადაც «მუსიკით ტკბობის» გარდა ცნობილ შემსრულებლებსა თუ კომპოზიციებზე თეორიულ ცოდნასაც ვიღებთ. თავისი მსმენელი ჰყავს „ელექტრონული ზონა"-საც, რომელიც თანამედროვე მუსიკალურ მიმდინარეობებს ეხება. თუმცა, რადიოში არც ქართულ ჰანგებს, ოქროს ფონდს, ქართული ესტრადის ისტორიას, მის შემსრულებლებსა და კომპოზიტორებს ივიწყებენ.  მოკლედ, პოპულარიზაციისათვის აქ ჯერჯერობით კი ყველაფერი კეთდება, მაგრამ გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია...

„ერას" ერა

ბათუმში „საკაბელოების" ზუსტ რიცხვზე წარმოდგენა თითქმის არავის აქვს. ზოგის აზრით - რვაა, ზოგი - ცხრას ვარაუდობს, ზოგი - ათშია დარწმუნებული, ზოგიც თავს იზღვევს და უბრალოდ ამბობს, რომ „ძალიან ბევრია". ამის გამო, ოპტიმალური იქნება თუ ვიტყვით, რომ „ბათუმში ათამდე საკაბელო ტელევიზიაა". ყველაზე ცნობილი კი მათ შორის  „ერაა", რომელიც ქალაქის ცენტრში ვრცელდება.

„ერას" ხელმძღვანელი გია მეტრეველი ვერ იგებს „რა მინდა", „რატომ დავდივარ ამ სიცხეში ასე პირდაპირ" და „რატომ არ ვნახავ იმ ინფორმაციას მათ საიტზე, რომელიც საჯაროა". მე ვცდილობ ავხსნა „ჟურნალისტის ჩანაწერების" არსი და ის, რომ „ინფორმაციის შეგროვების" გარდა ის „გარემოზე დაკვირვებასაც" გულისხმობს, მაგრამ სკეპტიციზმის წინააღმდეგ სრულ კრახს განვიცდი.

„ერას" ერთი - 50 არხიანი - პაკეტი აქვს. საკუთარ გადაცემებს არ ამზადებს და არც აპირებს მოამზადოს - „უცხოური არხების რეტრანსლაციაც საკმარისია". ტელევიზიის ძირითადი პრობლემა ფინანსებს უკავშირდება, რადგან ძვირადღირებული არხების ჩვენების ლიცენზიის შეძენა ძნელია, არალიცენზირებულის გამოყენება კი -  ისჯება.  ტელევიზიის ძირითადი რეკლამა მორბენალ სტრიქონში გამავალი განცხადებებია. საკაბელოს პოპულარიზაციისთვის და აბონენტების მოსაზიდად კი, ხელმძღვანელის აზრით, ისიც საკმარისია, რომ „ბათუმი პატარა ქალაქია და პაკეტში კარგი არხების არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია ისედაც გავრცელდება". „ერა"-ზე არსებული სხვა საჯარო ინფორმაციის მოპოვებას, რეკომენდაციის გათვალისწინებით, მათ ვებ-გვერდზე ვცდილობ, მაგრამ ნახევარსაათიანი ძიების შედეგად ვერც თავად საიტს ვპოულობ. როგორც ჩანს, "Google"-მ სერიოზულად აურია...

მახინჯაურის აღმართზე

„რა გაზეთი... ხალხს პურის ფული არ აქვს" - ტრაგიკული ხმით ამბობს მახინჯაურის მცხოვრები ბატონი ნუგზარი და რადიოს მიმართაც ასეთივე ზოგადნიჰილისტურ დამოკიდებულებას გამოხატავს: „ან, რადიო ნეტავ ვის რაში სჭირდება?"

მახინჯაურის აღმართზე სამნი მივდივართ. ნუგზარი - რომელსაც პარკში ოთხი პური უდევს და გაზეთებისთვის ფული აღარ რჩება, დათო - რომელსაც სახლამდე ჯერ კიდევ სამი კილომეტრი აქვს გასავლელი და მე - მედიამდგომარეობის გასარკვევად, ბათუმის შემოგარენში გასვლა რომ გადავწყვიტე. თანაც ისე ცხელა, აღმართზე მეოთხე მგზავრად ქვა რომ წამოგვეწიოს, გასაკვირი არც ეს იქნება.

ერთადერთი, რაც დაბა მახინჯაურში მედიიდან ფასობს - ტელევიზიაა. თუმცა, „გობის" (სატელიტური ანტენის აქაური მეტსახელია) გარეშე, ფაქტობრივად, ისიც აზრს კარგავს. ჩვეულებრივი ანტენა მხოლოდ რამდენიმე არხს იჭერს (გააჩნია, საით შეაბრუნებ) და ისიც შიშინით. ამიტომ გარშემო თითქმის ყველგან სატელიტური ანტენაა დამონტაჟებული. ზოგან - რამდენიმეც. დათოს, მაგალითად, 2 „გობი" აქვს, რომლითაც 2 000-მდე არხს იჭერს, მაგრამ აქედან მხოლოდ 20-ს უყურებს.  ქართული არხებიდან „მაესტრო" მოსწონს,  გასართობად კი უფრო რუსულ ტელეშოუებს არჩევს. „ტელეარხი 25"-ის თანამგზავრზე სავარაუდო გასვლა ჩემს ორივე თანამგზავრსაც ისე ახარებს, რომ ნუგზარი ამ ინფორმაციისთვის ღმერთს „ჩემი აშენებისკენ" გულმხურვალედ მოუწოდებს. სექტემბრიდან უკვე ისიც შეძლებს, 25-ე არხს შიშინის გარეშე რომ უყუროს.

ახალი მედია ტრადიციულის სამსახურში

ჟურნალ-გაზეთების გამყიდველებს თუ ვენდობით, ბათუმში ყველაზე უკეთ გაზეთი „ბათუმელები" იყიდება. 3000 ტირაჟით  გამომავალი გაზეთის 80 %-ს ხელმომწერები ინაწილებენ, დარჩენილი ნაწილი კი სტენდებზე გადის ან დაქირავებული ადამიანების მიერ ქუჩაში პირდაპირი შეთავაზების გზით იყიდება. გაზეთი ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურსა და მიმდებარე სოფლებში ვრცელდება. „ზოგჯერ ისე ხდება, რომ სამ გაზეთს ვდებთ პარკში და სამარშრუტო ტაქსს რომელიმე სოფელში ვატანთ. ასეთ დროს შესაძლოა დისტრიბუცია უფრო ძვირი გვიჯდებოდეს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მოგების მიღებაზე მეტად ჩვენთვის მკითხველია მნიშვნელოვანი» - აღნიშნავს «ბათუმელების» დირექტორი მზია ამაღლობელი. გაზეთი „ბათუმელები" საკუთარ საიტზე ახალი მედიის უპირატესობათა გამოყენებასაც ცდილობს - ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოქალაქე-ჟურნალისტად დარეგისტრირდეს და მობილურისა და „ტვიტერის" სინთეზის გამოყენებით ახალი ამბები თავადვე გადმოსცეს. პროექტის ძირითადი მიზანი მასში სოფლების ჩართვაა. ამისათვის სექტემბრიდან ბათუმის მიმდებარე სოფლებში «ინტერნეტ-წვრთნების ჩატარება» იგეგმება, რადგან სწავლების გარეშე სოფლიდან საკუთარ პრობლემებზე ბევრი რომ არ «დატვიტავს», ფაქტია.

ახალი მედიის შესაძლებლობებს კარგად იყენებს გაზეთი „აჭარა p.s"-იც. გაზეთს Online-ტელევიზია აქვს, თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ ერთ საინფორმაციო-ანალიტიკურ ტელეჟურნალ  „მედიატორს" ამზადებს. როგორც მთავარი რედაქტორი ჯემალ მეგრელიძე ამბობს, „აჭარა პ.ს" სახალხო გაზეთია და მასში განთავსებული წერილების უმეტესობა მკითხველს ეკუთვნის. მკითხველი კი, როგორც წესი, ხშირად ხელისუფლებას აკრიტიკებს, რის გამოც, რედაქტორისვე თქმით, „ამ გაზეთის გამოწერა სახელმწიფო სტრუქტურებს აკრძალული აქვთ".

დასასრულს მაგიერ

სასტუმროს გვიან ღამით ვტოვებ. თან ვხედავ, როგორ შესცქერის ფოიეში დაკიდებული პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სურათი დიდ მონიტორს, სადაც რუსული არხია ჩართული და ვხვდები, რომ ბათუმს ნამდვილად აქვს სამოთხის ელემენტები.

სანამ ქალაქსაც დავტოვებდე, Press-კაფეში შევდივარ.   კედელთან გაზეთების სტენდი დგას, თუმცა არჩევანი მწირია, ძირითადად ის გაზეთებია, ვინც ახალ ნომრებს კაფეს თავად აწვდის  - "Georgia Today", "Weekend" და „ბათუმელები". აქ  ჟურნალისტები    იკრიბებიან ხოლმე. კაფეში ინგლისურენოვან გაზეთში თავჩარგულ უცხოელსაც ხშირად ნახავთ. როგორც ამიხსნეს,  Press-კაფე  სამოქალაქო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს,  ეს ხელშეწყობა კი დისკუსიებისა და სხვადასხვა პროექტის პრეზენტაციისთვის სივრცის უფასოდ გამოყოფას ან ცალკეული შეხვედრების ორგანიზებას გულისხმობს.

ისე კი, ერთი ფაქტი ბოლომდე კვლავაც ჯიუტად რჩება -  აუტანელი სიცხის მიუხედავად, ზაფხულში მედიისთვის დამსვენებლებს აქ მაინც ნაკლებად სცხელათ...

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test