შემოგვიერთდი

09.09.2011 17:35

რადიო „აჭარა"

David Mchedlidze
ახლო ხედით

რადიო „აჭარა" - FM 104,5 - ყველაზე დიდი დატვირთვით ზაფხულში მუშაობს. ტურისტულ სეზონზე ტურისტულ ზონაში მაუწყებლობს და იმიტომ. ასეთ დროს ზღვისპირეთში პოტენციური მსმენელიც მეტია და რეკლამის პოტენციური დამკვეთიც. რადიოს მაუწყებლობა 24-საათიანია და საერთო ჯამში, აქ, სულ, 24 თანამშრომელია დასაქმებული.

რადიო „აჭარა" 1930 წლის 23 მაისიდან მაუწყებლობს. თავდაპირველად, ის ხაზის რადიო იყო, ბათუმის საქალაქო კვანძის მეშვეობით ვრცელდებოდა და მხოლოდ ახალ ამბებს გადასცემდა. მოგვიანებით, როდესაც ხმის ჩამწერი აპარატურის გამოყენება გახდა შესაძლებელი, პროგრამული ბადე უფრო გამრავალფეროვანდა და, დროთა განმავლობაში, რადიოს უნიკალური ფონდიც შეიქმნა.  სწორედ ამ ფონდშია დაცული გალაკტიონ ტაბიძის მიერ წაკითხული „მთაწმინდის მთვარე"-ც.

მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან აჭარაში ჯერ - მოკლე ტალღებზე გადამცემი, შემდეგ კი საშუალო ტალღოვანი რადიოსადგური ამოქმედდა, თუმცა „აჭარის" მაუწყებლობა საქართველოს საზოგადოებრივი რადიოს ეთერში რამდენიმესაათიანი ჩართვით შემოიფარგლებოდა. 1998 წელს რადიოს მაუწყებლობა 8 საათამდე გაიზარდა. მუსიკალური წამყვანების მოსვლითა და ახალი გადაცემების დამატებით მთლიანად შეიცვალა სამაუწყებლო ბადეც. ხოლო, 2001 წელს თანამგზავრზე გასვლის საშუალებით „აჭარის" მოსმენა უკვე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გახდა შესაძლებელი.

დღეს რადიოს გადაცემები ძირითადად მუსიკალური ფორმატისაა - ყოველ პარასკევს გადის „ჯაზის საათი", სადაც მუსიკის მოსმენასთან ერთად, ჯაზისა და მისი შემსრულებლების ისტორიასაც ვეცნობით. თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობების მოყვარულთათვის კვირაობით  ეთერშია „ელექტრონული ზონა", ქართული ესტრადით დაინტერესებულებს კი შეუძლიათ ყოველ სამშაბათს „ქართულ ჰანგებსაც" მოუსმინონ. გადაცემა მთლიანად ქართულ ესტრადაზეა ორიენტირებული და სიახლეებთან ერთად, მის წარსულს - კომპოზიტორებს, შემსრულებლებს, ანსამბლებს - გვაცნობს. თითქმის ყოველ სამუშაო დღეს გადის გადაცემა „6-დან 7-მდე", სადაც ოქროს ფონდში დაცული, დამუშავებული და განახლებული ჩანაწერების მოსმენაა შესაძლებელი.

„ზოგს ეცინება ხოლმე ეს ფონდი რომ გვეამაყება" - აღნიშნავს რადიოწამყვანი და რადიოს პროგრამების მთავარი სპეციალისტი დათო ტრაპაიძე - „რა მოხდა მერე, სერგო ზაქარიაძის ან ვერიკო ანჯაფარიძის ხმა თუ გაქვთ შენახულიო? ვერ აფასებენ" ხმების გარდა ფონდში სხვადასხვა სიმფონიური ორკესტრის კონცერტიცაა დაცული, თუმცა რადიოს მუსიკალური მიმართულებიდან გამომდინარე ბადეში მათი ჩასმა ვერ ხერხდება. სიმღერის შერჩევისას მუსიკალური კრიტერიუმი აქ ძალიან მარტივია: „ნებისმიერი ჟანრის მუსიკა, თუკი ის ჰიტია."

მუსიკის გარდა რადიოს ეთერში ყოველ სამუშაო დღეს საინფორმაციო გამოშვებაც გვხვდება. გამოშვება 12-დან 24 საათის ჩათვლით ყოველ სრულ საათზე გადის, 4-6 წუთი გრძელდება და ადგილობრივ სიახლეებთან ერთად ნაციონალურ თუ მსოფლიო სიახლეებსაც გადმოსცემს.  არამუსიკალური გადაცემებიდან გამოირჩევა ტოქ-შოუ „კომპეტენტური პასუხი", რომელიც ყოველ პარასკევს შეგიძლიათ მოისმინოთ. გადაცემაში კვირის ყველაზე აქტუალური თემა ან თემები განიხილება, სტუმრების რაოდენობაც სწორედ ამ თემის „წონაზეა" დამოკიდებული.

ზაფხულში რადიოში რებრენდინგი ჩატარდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი - დაკარგული მსმენელების დაბრუნებაა. საქმე ისაა, რომ 2009 წელს რადიომ სიგნალის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დიაპაზონი შეიცვალა და FM 99.0-დან 104,5-ზე გადავიდა, რასაც მსმენელთა რაოდენობის შემცირება მოჰყვა. „ზოგი ახალი დიაპაზონის პიარს არ აქცევდა ყურადღებას, ზოგმა უბრალოდ ვეღარ მოგვაგნო" - განმარტავს დათო ტრაპაიძე. ახალი დიაპაზონით კი შესაძლებელი გახდა ის, რომ რადიო მთელს დასავლეთ საქართველოში ერთი და იმავე სიხშირით მაუწყებლობს. რებრენდინგის დროს შეიცვალა ლოგო, სლოგანი („რადიო - საუკეთესო განწყობისთვის"), დამზადდა ახალი სარეკლამო რგოლები, რომლებიც ტელეკომპანია „აჭარის" ეთერშიც გადაიცემა. თანმიმდევრულად მიმდინარეობს პროგრამული და ტექნიკური განახლებაც.

მსმენელები რადიოში ძირითადად ბათუმიდან აქტიურობენ, რადგან რებრენდინგის დროს, ტელევიზიით სიახლე აქ უფრო მეტმა ადამიანმა მოისმინა. თუმცა, არც საქართველოს სხვა რეგიონებიდან ან უცხოეთიდან შემოსული ზარებია იშვიათი. განახლება მსმენელების რაოდენობის მატებასთან ერთად, მათ დამოკიდებულებაშიც აისახა. „რებრენდონგის შემდეგ უფრო მეტი ადამიანი აღნიშნავს, რომ რადიოს ახალი ფორმატი მოსწონს" - აღნიშნავს დათო ტრაპაიძე.

„ადრე თითქმის სულ ერთი და იგივე ხალხი რეკავდა ან ამესიჯებდა და ისეთ უცნაურ სიმღერებს ითხოვდა, რომ იძულებულები გავხდით მიძღვნები და  SMS-ები დროებით შეგვეჩერებინა" - იხსენებს ხმის რეჟისორი და მუსიკალური წამყვანი პაატა ძიძიგური - „პირველ წელს ბუმი იყო და მართლა კარგი გამოდიოდა, მაგრამ შემდეგ მოსაბეზრებელი გახდა"

რადიო „აჭარა" აჭარის ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტს ეკუთვნის და მის მიერვე ფინანსდება. რეკლამიდან შემოსული თანხაც, შესაბამისად,  პირდაპირ ბიუჯეტში მიდის. რეკლამას ძირითადად თბილისიდან უკვეთავენ, და ყველაზე ხშირი  დამკვეთები, ტურისტული კომპანიები არიან. თუმცა, რადიოს ეთერს ზღვისპირეთში გასამართი სხვადასხვა ფესტივალისა და კონკურსის პოპულარიზაციისთვისაც არანაკლები სიხშირით იყენებენ.  ადგილობრივ ბაზარზე კი რეკლამის მსურველი ცოტაა.

ამჟამად რადიოში საეთერო ბადის განახლებაზე მუშაობენ, უახლოეს მომავალში კი ინტერნეტ-საიტებს რადიო „აჭარის" ვებგვერდიც დაემატება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test