შემოგვიერთდი

12.09.2011 00:20

სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი შეიმუავა

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

- საზოგადოებრივი მაუწყებელი (სსმ) 2012 წელს სახელმწიფოსგან  28,2  მილიონ ლარს, ხოლო საკუთარი  შემოსავლებიდან  4,7 მილიონ ლარს ელოდება.. რას მოხმარდება გაზრდილი ბიუჯეტი, როგორია საზოგადოებრივი მაუწყებლის გეგმები ახალ სატელევიზიო სეზონში, გაერთიანდება თუ არა ტელეკომპანია PIK Region TV-სთან, გადადის თუ არა სსმ ახალ შენობაში. ამ და სხვა საკითხების შესახებ Media.ge საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავჯდომარეს ლევან გახელაძეს ესაუბრა.

- საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მამავალი წლის ბიუჯეტის პროექტი მიიღო. სახელმწიფოსგან მისაღებ 28 მილიონ ლარს პლუს საკუთარი შემოსავლები, დაახლოებით 5 მილიონი ლარი. როგორ აპირებთ ამ 5 მილიონის მოზიდვას?

- მაუწყებლობის შესახებ კანონის საფუძველზე, ჩვენი ბიუჯეტი მიბმულია ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე. 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი,  განსაზღვრულია 2010  წლის მშპ-ს მაჩვენებლის  მიხედვით. როცა ის იზრდება, იზრდება ჩვენი ბიუჯეტიც. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ყოველი წლის გაზაფხულზე აქვეყნებს წინა წლის ეკონომიკურ ანალიზს. იგი   კანონის შესაბამისად ვალდებულია მშპ-ს 0.12% ასახოს სახელმწიფო ბიუჯეტის ჩვენთვის განკუთვნილ ნაწილში. წლევანდელი  ანალიზის მიხედვით, რომელიც გაზაფხულზე გამოწვეყნდა, 2012 წელს სახელმწიფოსგან  28 მილიონზე ოდნავ მეტი გვეკუთვნის. დანარჩენ თანხას  ველოდებით  საკუთარ შემოსავლებიდან, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება. მილიონ ლარზე მეტი შემოგვივა ფართის გაქირავებით, შემოსავლის მეორე წყაროა სატელევიზიო სადგური, რომელიც წელს შევიყვანეთ მწყობრში. ეს თანამედროვედ აღჭურვილი სადგურია, რომელსაც შეუძლია HD ფორმატში მოემსახუროს ნებისმიერ, სპორტულ ასპარეზობას და ღონისძიებას. მას  ხან მთავრობა ქირაობს, ხან სხვა ტელევიზიები, განსაკუთრებით საერთაშორისო მატჩების ტრანსლირების დროს. მესამე სერიოზული შემოსავალია რეკლამა.  მომავალ წელს  ფეხბურთში  ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართება, გარდა ამისა, ჩატარდება ოლიმპიადა. იმედი გვაქვს, სპორტული გადაცემების ტრანსლირებისას სარეკლამო დროს კარგად გავყიდით.

- რაში დახარჯავს სსმ დამატებით 5 მილიონ ლარს?

- ამ ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი  მოხმარდება ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიმართ საზოგადოებრივი მაუწყებლის დავალიანების დაფარვას. დავალიანება 2004- 2010 წლებში ვალი სამარცხვინო მიზეზით დაუგროვდა -  საწევროს არ იხდიდა, რაც  წელიწადში დაახლოებით 300 000 ევროს შეადგენს.  გარდა ამისა, 2012 წელი საარჩევნო წელია. ახალი ამბების და ზოგადად საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემების წარმოება   ხარჯიანი იქნება.

- რამდენს შეადგენს ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიმართ თქვენი დავალიანება?

- დავალიანება, თავის პროცენტებით, დაახლოვებით 2 მილიონი  ევროა. ეს ვალი რესტრუქტურიზებულია და არ არის სავალდებულო, რომ მთლიანად მომავალ წელს გადავიხადოთ. 2014 წლამდე უნდა დავფაროთ. შესაძლოა მილიონ ნახევარი ლარი წავიდეს დავალიანების დაფარვაზე. ეს არის მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კატეგორიული მოთხოვნა. არ შეიძლება ცხვირზე მური გქონდეს ასეთი ტიპის ორგანიზაციებთან.

- ამ ორგანიზაციის წევრობა რას გაძლევთ?

- წევრობა ტელევიზიას ბევრ ბონუსს აძლევს. ეს გადაყრილი ფული არ არის. ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი თუ ხართ და იხდით საწევროს, მეოთხედ ფასში იღებთ სიგნალს ევროპიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ევროპის მაუწყებელთა კავშირის  გარეშე   BBC-სთან კომუნიკაცია პირდაპირ რომ გვქონოდა, მათი პროგრამების შესყიდვა  სამჯერ მეტი დაგვიჯდებოდა.

- "ალფა კომის", ყოფილ "ტელერადიოცენტრის მიმართ  გაქვთ დავალიანება-  4 მილიონი ლარი.   სულ ცოტა ხნის წინ ეს კომპანია "გოლდენ კომს" მართვაში გადაეცა, როგორ გადაწყდება სსმ-ს დავალიანების საკითხი ახალ მენეჯმენტთან?

- ეგ ვალი  სადავოა. ჩვენ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების  სამინისტროს ვთხოვეთ მისი გარკვევა.  საკითხის მოგვარებას ხელს უშლიდა ისიც, რომ ეკონომიკის მინისტრები ხშირად  იცვლებოდნენ.  დავალიანება 90-იან წლებში წარმოიშვა, მაშინ ანძა და ტელევიზია ერთი ორგანიზაცია იყო. შემდეგ მოხდა მათი განცალკევება  და აღმოჩნდა, რომ ჩვენ "ტელერადიოცენტრის" ვალი გვაქვს, მაგრამ მას თავის მხრივ   სახელმწიფოსი მართებს, იმავე ოდენობით  და რესტრუქტურიზაციის პირობებით. გამოდის,  რომ ჩვენ გვაქვს სახელმწიფოს ვალი, მაგრამ შუაში გვიდგას "ტელერადიოცენტრი". ვიმედოვნებ, წლის  ბოლომდე ეგ საკითხიც გადაწყდება.

- ტელეკომპანია PIK-ის შესახებ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის Region TV-სთან ერთიანდება, შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს?

- ჩემთვის გაერთიანების შესახებ არ არის ცნობილი და გარწმუნებთ, მსგავსი რამ, რომ ხდებოდეს, ჩემთვის ცნობილი იქნებოდა. თუ PIK-ი მოიწვევს რაღაც პროექტებისთვის რუსულენოვან ჟურნალისტებს Region TV-დან, რადგან სულ ორი მაუწყებლობაა რუსულ ენაზე საქართველოში, არ ვიცი. შესაძლოა საკადრო გადანაცვლებები მოხდეს, ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ გაერთიანება... არ ვიცი.

- მთავრობა დათანხმდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თხოვნას PIK-ის ფუნქციონირებისთვის წლის ბოლომდე დამატებით 3 მილიონი ლარი გამოგიყოფის თაობაზე.  ამ თანხიდან პირველი ტრანში 1 მილიონი ლარი უკვე გადმოირიცხა. ამასთან PIK-ის მმართველ "ქეი-1"-თან იანვრამდე გააგრძელეთ ხელშეკრულება...

- 3 მილიონი ლარი  მაქსიმუმია. PIK-ის მენეჯმენტი ყოველ ჯერზე  ხარჯთაღრიცხვას გამოგვიგზავნის და ამის მიხედვით მოხდება დანარჩენი ტრანშის გამოყოფა. იანვრის შემდეგ "ქეი-1" გადაცემების  და ფინანსურ   გეგმებს  წარმოადგვიდგენს, რომლის  მიხედვით  მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ თუ არა მათთან კონტრაქტი.

-პრესაში ასევე გავრცელდა ცნობა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სხვა შენობაში გადადის, ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას ?

- გვაქვს სერიოზული სურვილი, რომ აქედან გადავიდეთ. ამის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს . პირველი ის, რომ ეს შენობა  ავარიულია,  1991 წელს მიწისძვრამ დააზიანა, შენობას ბზარები აქვს. მის გამაგრებას ძალიან დიდი დაფინანსება ჭირდება, იმდენად დიდი, რომ არ გვიღირს. ჯობია, ახალი აშენდეს. მეორეც, ეს შენობა ექსპულატაციაში 1964 წელს შევიდა. შენობა მორალურად მოძველებულია,  სტუდიები, საკომუნიკაციო არხები მოძველებული. ეს არ არის თანამედროვე სატელევიზიო შენობა. ამიტომ ჩვენ აქედან გადასვლის დიდი სურვილი გვაქვს. ამაზე ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, ცალკე მთავრობასთან, ცალკე მერიასთან.

- სად გადავა საზოგადოებრივი მაუწყებელი და რა ბედი ეწევა ძველ შენობას?

- წელიწადზე მეტია,   ამ თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს,  წლის ბოლომდე რაღაც გადაწყვეტილებამდე მივალთ. თუმცა რიგი მოსამზადებელი სამუშაო უკვე მიმდინარეობს. ჩვენ ვთხოვეთ ევროპის მაუწყებელთა კავშირს,  მოეწოდებინათ მათთან  გაერთიანებული   ტელევიზიების შენობათა პროექტები,  იმ შენობების, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში აშენდა. მათაც რამდენიმე ასეთი პროექტი გადმოგვიგზავნეს. ჩვენ გვინდა შენობა სწორ, გაშლილ ადგილზე აშენდეს, ჯერ არ ვიცით სად.   დიღომი გვირჩევნია, იმიტომ, რომ მომავალ წელს პარლამენტი ქუთაისში გადადის და  გადამღებ ჯგუფებს ხშირად მოუწევთ იქ ჩასვლა. შესაბამისად,  ხარჯებს  მინიმუმამდე დავიყვანთ.  როცა დიღომიდან  ქუთაისში მიდიხარ, ნაკლები გეხარჯება, ვიდრე ქალაქის ცენტრიდან.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test