შემოგვიერთდი

15.09.2011 14:30

ძალადობიდან მშვიდობისკენ

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

არაღიარებულ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ქართველმა და აფხაზმა ჟურნალისტებმა საზღვარი ერთად გადავლახეთ. 20 წუთიანი გასაუბრების შემდეგ ადგილობრივმა მესაზღვრეებმა ჩვენს პასპორტებში ბეჭედი ჩაარტყეს. ერჯანის აეროპორტიდან გეზი ქალაქ ფამაგუსტასკენ ავიღეთ, თურქულად მას  გაზიმაგუშა ჰქვია. პირველი რამაც გაგვაკვირვა ის იყო, რომ მანქანები აქ მარცხენა მხარეს მოძრაობენ. ეს ტრადიცია  ბრიტანული კოლონიზაციიდან შემორჩა, რომელიც 1959 წლამდე გრძელდებოდა.   სასტუმრო „სკაი ვენუსში" ოსი კოლეგები მოგვიანებით  შემოგვიერთდნენ.  ქალაქ ფამაგუსტას უნივერსიტეტში სამშვიდობო ჟურნალისტიკის მიმართულებით ტრენინგი 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება, მასში  ქართველი, აფხაზი, ოსი, სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები იღებენ მონაწილეობა.

ორგანიზატორების მიერ  ტრენინგის ჩასატარებლად ჩრდილოეთ კვიპროსის შერჩევა შემთხვევით არ მომხდარა. ცოტა რამ, ამ არაღიარებული რესპუბლიკის ისტორიიდან. კვიპროსი ორ, ბერძნულ და თურქულ ნაწილებადაა გაყოფილი. ეთნიკურ ნიადაგზე,  შეიარაღებული შეტაკება ბერძნულ და თურქულ თემებს შორის 1963 წლიდან იწყება. 1974 წელს  კუნძულის ჩრდილოეთში თურქეთმა საკუთარი შეიარაღებული ძალები გადასხა და ოკუპაცია მოახდინა. ამ დროს ქალაქ ფამაგუსტადან ბერძნული მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ამ ქალაქში არსებობს კვარტალი ვაროშა. იგი „მოჩვენებათა ქალაქის" სახელითაა ცნობილი. ოკუპაცის შემდეგ თურქებმა იგი დაკეტეს და იქ დღემდე ხელუხლებელია ყველაფერი. ბერძნებს დაბრუნების საშუალება არა აქვთ, კვარტალში ჟურნალისტებს არ უშვებენ და შორიდანაც კარგად ჩანს, რომ უსულო ქალაქი თვითონვე  ნადგურდება. კვიპროსში ჩასვლის პირველივე დღეს ვაროშის შესასვლელთან მიგვიყვანეს, გადაღება აკრძალული გვაქვს. ვაროშაში 38 წელია ადამიანი არ შესულა და იქიდან არავის არაფერი წამოუღია, ორიოდე ფოტოს გადაღება მოვახერხე, კორპუსებს ომის კვალი დღემდე ატყვია.

ფამაგუსტას ერთი ლეგენდაც უკავშირდება. ქალაქში მდებარეობს ოტელოს კოშკი. გადმოცემის მიხედვით ოტელოსა და დეზდემონას ტრაგედია სწორედ აქ დატრიალდა. შექსპირმა კი ეს ისტორია საკუთარ ნაწარმოებში გამოიყენა. ტრაგედია, ძალადობა, სისასტიკე, ომი და სისხლისღვრა კვიპროსის მსგავსად, მოგვიანებით, კავკასიაშიც გამოსცადეს.

ძალადობიდან მშვიდობისკენ, ამ მოწოდებით დაიწყეს შეხვედრა  სამშვიდობო ჟურნალისტიკის ტრენინგის მონაწილეებმა.  ჟურნალისტებმა სართო ენა ადვილად გამონახეს. მათ ერთობლივ ინიციატივებზე და  პროექტებზე დაიწყეს ფიქრი. ტრენინგის დასასრულს კონკრეტული პროექტების განხილვა მოხდება.  სოხუმელი ფოტორეპორტიორის იბრაჰიმ ჭკადუას აზრით, ჟურნელისტები არ უნდა იქცნენ, პოლიტიკოსების პროპაგანდისტულ იარაღად  და მათ მხოლოდ საზოგადოების სასარგებლოდ უნდა იმუშაონ.

„ჟურნალისტები ხშირად პოლიტიკოსების ხელში იარაღად იქცევიან ხოლმე. დანა

შეიძლება  ხულიგანსაც ჰქონდეს, რომელსაც ზიანის მოტანა შეუძლია,  სკალპელი კი  აქვს ქირურგს, რომელიც კონკრეტულ პობლემას წყვეტს. ამ ვითარებაში შეიძლება ასეთი ქირურგებიც გავხდეთ, რომლებიც ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს  შორის არსებულ  პრობლემებს მოაგვარებენ" განაცხადა იბრაჰიმ ჭკადუამ.

უცხოელი ტრენერების აზრით,  სამშვიდობო ჟურნალისტიკაში განსაკუთრებული არაფერია, არსებობენ კარგი და ცუდი ჟურნალისტები. პროფესიული სტანდარტის დაცვა, ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და  საზოგადოების სამსახურში ყოფნაა მნიშვნელოვანი. სტუდია რეს ხელმძღვანელი მამუკა ყუფარაძე მიიჩნევს, რომ ფამაგუსტაში პროფესიონალების და დამოუკიდებელი ჟურნალისტების გუნდი შეიკრიბა და მათ საზოგადოებისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ.

ცხინვალელი ბლოგერი მარია პლიევა მიიჩნევს, რომ კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მყოფი საზოგადოება ინფორმაციულ ვაკუუმშია და პირველ რიგში ამ პრობლემის დაძლევა უნდა მოხდეს.  მისი აზრით,  ჟურნალისტებს შორის უნდა მოხდეს ნდობის ამაღლება, რაც მედიაპროდუქციის ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის.

„როცა ჟურნალისტებს შორის ნდობაა, ამის შემდეგ ისინი უკვე ადვილად გადაამოწმებენ ერთმანეთში ინფორმაციას, იმისთვის, რომ ჭორებზე არ მოხდეს ორიენტაცია და იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც იტყუებიან", ამბობს მარია პლიევა.

ტრენინგის ორგანიზატორები არიან კონფლიქტების და მოლაპარაკების საერთაშორის კვლევითი ცენტრი და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი. კონფლიქტოლოგის გიორგი ხუციშვილის თქმით,  მედიის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს, ურთიერთგაგება სწრაფად ყალიბდება, რადგან ასეთ შეხვედრებზე პოლიტიკური საკითხები არ განიხილება.

"განწყობა ძალიან დადებითია, მონაწილეები კარგად ეგუებიან ერთმანეთს. მათ არა აქვთ ურთიერთგაგების პრობლემა ბევრ საკითხზე. ჩვენ პოლიტიკურ პრობლემებს  არ ვეხებით", ამბობს გიორგი ხუციშვილი.

პროექტის დონორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (COBERM) და გერმანიის მარშალის ფონდი ამერიკაში. კავკასიელი ჟურნალისტები ქალაქ ნიქოზიაშიც ჩავლენ, ეს ქალაქიც ორ ნაწილად არის გაყოფილი, წინასწარი ინფორმაციით ბუფერულ ზონაში მოვხვდებით, სადაც გადაღების პრობლემა არ შეიქმნება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test