შემოგვიერთდი

16.09.2011 18:45

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსი" VS საჩივრები

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

მაუწყებლების მიერ ქცევის ნორმების  დარღვევისთვის  მოქალაქეს ორ ორგანოში შეუძლია იჩივლოს, პირველი ტელეკომპანიებში შექმნილი თვითრეგულირების ორგანოა, მეორე კი - „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია", თუმცა პირველ შემთხვევაში  შეზღუდულია  იმ პირთა კატეგორია,  ვისაც  შეუძლია იჩივლოს,   ქარტიის საბჭოში კი მხოლოდ იმ განცხადებებს იხილავენ, რომელიც ქარტიის ხელმომწერ ჟურნალისტებს ეხება. ამიტომ ორივე ორგანოში საჩივრების მინიმალური რაოდენობა შედის,  მაშინ,  როცა  მაუწყებლების მხრიდან დარღვევა   უამრავია.

უნდა შევიდეს თუ არა ცვლილებები კოდექსში იმისათვის, რომ ნებისმიერ მოქალაქეს საჩივრის შეტანა ნებისმიერი ჟურნალისტის მიმართ შეეძლოს, ამ საკითხზე იმსჯელეს 15 სექტემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში", ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ სემინარზე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებელთა ქცევის კოდექსის განხორციელების შესახებ".  შეხვედრას ესწრებოდნენ ტელეკომპანიების, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ევროსაბჭოს, ევროკომისიის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სემინარი გაიმართა პროექტის ფარგლებში - „მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში".

საქართველოში  „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი" 2009 წლიდან მოქმედებს, ის ნორმატიული აქტია და შეიცავს როგორც სავალდებულო, ისე სარეკომენდაციო ნორმებს. ქვეყანაში ასევე მოქმედებს კანონი „მაუწყებლების შესახებ", რომელიც  ყველა მაუწყებელს თვითრეგულირების ორგანოს შექმნას ავალდებულებს. იმ შემთხვევაში თუ ტელეკოპმანია დაარღვევს კოდექსის რომელიმე მუხლს, მოქალაქემ სწორედ იქ უნდა იჩივლოს. თუ მომჩივანი გამოტანილ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, გასაჩივრება შესაძლებელია ამავე მაუწყებელში შექმნილ სააპელაციო ორგანოში.

კოდექსის მიხედვით ტელეკომპანიებში საჩივრის შეტანა მხოლოდ „დაინტერესებულ პირს" შეუძლია, ეს კი შეიძლება იყოს „ნებისმიერი პირი, რომელსაც ეხება ან რომელიც ნახსენებია პროგრამაში ან მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებაში". ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა თამარ კორძაიამ, რომელიც სემინარზე „სამოქალქო განვითარების ინსტიტუტს" წარმოადგენდა, შეკრებილ საზოგადოებას ამ მუხლის განვრცობა შესთავაზა. მან   თქვა, რომ საჭიროა დაინტერესებულ პირად ჩაითვალონ ისინიც, ვინც  „მოღვაწეობს მედიის სფეროში,  ან რომლის მიზანია მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა". კორძაიას განმარტებით, როცა  სიუჟეტში აშკარა ცილისწამებაა, მაშინ შეიძლება მაუწყებელს სასამართლოში უჩივლო, მაგრამ როცა არ არის დაცული სიზუსტე,  ან ბავშვის იდენტიფიცირება ხდება, მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს უნდა მიმართო.

„ასეთ შემთხვევაში, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც, ვთქვათ,  ბავშვთა საკითხების გაშუქებაზე მუშაობენ, საჩივრის შეტანის უფლება უნდა ჰქონდეთ. რადგან ჩვენი მიზანი არ არის მედიის დასჯა, ვფიქრობთ, რომ ამ საკითხის მოგვარება თვითრეგულირების ფარგლებს არ უნდა გასცდეს, ნორმის განვრცობა  კი ყველაზე კარგი გამოსავალია",  განაცხადა კორძაიამ.

ამ შეთავაზებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრმა მაია მეცხვარიშვილმა განაცხადა, რომ კორძაიას მიერ შემუშავებული რედაქცია პრობლემას ვერ აღმოფხვირის, ვინაიდან თუ მედიის წარმომადგენლებს ექნებათ საჩივრის შეტანის უფლება, მაშინ იგივე შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებსაც.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახი ყურაშვილმა აღნიშნა, რომ კომისია მზად არის დაიწყოს მუშაობა კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთვის კი მაუწყებლებთან  კონსენსუსის მიღწევა  იქნება საჭირო, „კოდექსი შეთანხმების შედეგად ჩამოყალიბდა. ცვლილებაზეც ყველა უნდა შეთანხმდეს, რადგან ეს არ არის კომისიის კონტროლსა თუ სანქცირებას დაქვემდებარებული აქტი",   თქვა ყურაშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებმა პარალელი გაავლეს თვითრეგულირების მეორე მექანიზმთან -  ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიასთან, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ქარტიაში იჩივლოს, მაგრამ წესდების მიხედვით,  ქარტია უფლებამოსილია განიხილოს მხოლოდ ის საჩივრები, რომლებიც  ქარტიის ხელმომწერების მიმართ შევა.

„მედიაში ეთიკური სტანდარტების დავამკვიდრება თუ გვინდა, მაშინ ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერი ჟურნალისტის მიმართ  საჩივრის შეტანა უნდა შეეძლოს" - აღნიშნა ია ანთაძემ, „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" გამგეობის თავმჯდომარემ. მისი თქმით, არსებული მონაცემები ადასტურებს, იმას, რომ საჩივრის განხილვაზე უარს ტელეკომპანიები ხშირად იმით ხსნიან, რომ მომჩივანი არ არის „დაინტერესებული მხარე".

სემინარზე ტელეკომპანიების წარმომადგენლებმა  საჩივრების სტატისტიკა წარადგინეს. ყველაზე ბევრი, 23 საჩივარი „ტელეიმედის" თვითრეგულირების ორგანოში შევიდა, ათი საჩივრით მეორე ადგილზეა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2", საზოგადოებრივ მაუწყებელს ექვსმა პირმა მიმართა. „კავკასიაში" ორი საჩივარი შევიდა,  „მაესტროში" კი - ერთი. საჩივრები ეხებოდა საქმიანი  რეპუტაციის შელახვას, არასრულწლოვანთა და სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დარღვევას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. „იმედმა" და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამ-სამი საჩივარი დააკმაყოფილეს და ჟურნალისტებს გაფრთხილება მისცეს, „რუსთავი 2"-მა ერთი საქმე მორიგებით დაასრულა და მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა. „კავკასიამ" ორივე შემთხვევაში  უარყოფითი გადაწყვეტილება გამოიტანა. „მაესტროში" შესული საჩივარი,  არხის პროექტების მენეჯერის ნინო შერვაშიძის თქმით,  „უფრო რეკომენდაციის სახეს ატარებდა, ამიტომ საქმის წარმოება არ დაწყებულა".  „იმედის" თვითრეგულირების ორგანოში ხუთ შემთხვევაში საჩივარი არ განიხილეს, იმ მოტივით, რომ მომჩივანი არ იყო „დაინტერესებული მხარე". ამავე მიზეზით ერთი საჩივარი არ განიხილა „კავკასიამაც". „რუსთავი 2"-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა აღნიშნა, რომ ხშირია შემთხვევები, როცა  მოქალაქეები კომპანიას პირადად მიმართავენ და დავებიც არაფორმალურად გვარდება. რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის (GARB) აღმასრულებელი დირექტორის ნათია კუპრაშვილის ცნობით კი,  GARB-ის წევრი 22  რეგიონული მაუწყებლიდან არც ერთის თვითრეგულირების ორგანოში საჩივრები არ შესულა.

მაუწყებლებში შესული საჩივრების სიმცირე, ია ანთაძის თქმით, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში თვითრეგულირების მექანიზმი არ მუშაობს. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს კახი ყურაშვილი  მომხმარებელთა ინფორმირებასა და კომისიის გააქტიურებაში ხედავს. „უნდა გავაძლიეროთ მონიტორინგი, თუ როგორ მუშაობს ტელევიზიებში არსებული თვითრეგულირების მექანიზმი."

შეხვედრის დასასრულს ევროსაბჭოს ექსპერტებმა ბრიტანული „Salomon Whittle Ltd" ხელმძღავნელმა სტივენ უითლიმ (Stephen Whittle) და ნიქოზიის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა კომუნიკაციების განხრით ქრისტოფოროს ქრისტოფორუმ (Christophoros Christophorou) შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს და რეკომენდაციებიც მისცეს.

სტივენ უითლიმ აღნიშნა, რომ ბრიტანეთში ყველას აქვს უფლება ტელევიზიაში საჩივარი  შეიტანოს. „თუ სიუჟეტი კონკრეტულად პიროვნებას არ ეხება, ეს ნიშნავს იმას, რომ "დაინტერესებული პირი" ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს", მანვე დასძინა, რომ ქცევის კოდექსში მთავარია   დაცული იყოს ბალანსი სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მომხმარებელთა ინტერესებს შორის.

ქრისტოფოროს ქრისტოფორუმაც განაცხადა, რომ კვიპროსშიც არ არის შეზღუდული მომჩივანათა კატეგორია, მისი თქმით, საჭიროა ყველა მაუწყებელს ვებ- ვერდზე ჰქონდეს განთავსებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი" და ნებისმიერი საჩივრის შესახებ ინფორმაციას ასევე საიტზე განაათავსებდეს. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ამით მომხმარებლის ინფორმირება ამაღლდება და მაუწყებლების მიმართ ნდობა გაიზრდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test