შემოგვიერთდი

19.09.2011 11:00

ერთი გაფიცვის დეტალები

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

პარასკევს, 15 სექტემბერს, ღამით, პოლიციამ შპს „ევრაზიანსთილსის" ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა „ჰერკულესის" წინ მიმდინარე მშვიდობიანი გაფიცვა და შიმშილობა დაშალა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ქალაქის გარეუბანში მდებარე ქარხანას, 22 საათზე, პოლიციის 30-მდე მანქანა მიუახლოვდა და აქედან ერთ-ერთში მხარის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია იჯდა. ამ დროს ქარხანასთან ოთხი მოშიმშილე და გაფიცვის ოცამდე მონაწილე იყო შეკრებილი. მათთან ერთად იმყოფებოდნენ პროფკავშირების წარმომომადგენლები.

პოლიციელები მანქანებიდან გადმოვიდნენ და გაფიცულების დაშლას შეუდგნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამართალდამცავებს მათ წინააღმდეგ უხეში ძალადობა არ გამოუყენებიათ, თუმცა მოშიმშილეების მანქანას პლაკატები ჩამოახიეს, შემდეგ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს, მოშიმშილეები პოლიციის მანქანაში ჩასვეს, გაფიცულები კი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს. დაახლოებით ერთ საათში, პოლიციის მიერ დაკავებული აღმოჩნდა ოთხივე მოშიმშილე და გაფიცვის მონაწილე 30-მდე პროფკავშირელი.

სად გადაიყვანეს დაკავებულები, კარგა ხანს გაურკვეველი იყო, გაფიცვის ორგანიზატორებს არ ეუბნებოდნენ, კონკრეტულად რომელ განყოფილებაში ჰყავდათ ისინი. დაკავებულების გათავისუფლება მხოლოდ 16 სექტემბერს, დილის 3 საათზე მოხერხდა, მას შემდეგ, რაც პროფკავშირებმა საქმის კურსში ჩააყენა შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, მისი გენერალური მდივნის საგანგებო თანაშემწე, კარი ტაპიოლა, რომელიც, ქუთაისში შემქნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფისსა და მთავრობის წევრებს ესაუბრა; ევროპის პროფკავშირების პირველ პირებს, ევროკავშირის სტრუქტურებს, აშშ-ს ელჩს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, აშშ-ს პროფკავშირებს, რომელმაც საპროტესტო წერილი გაუგზავნა აშშ-ში საქართველოს ელჩს...

საერთაშორისო საზოგადოების ეს მომენტალური რეაგირება გამოწვეული იყო იმით, რომ მომხდარი არანაირ ჩარჩოებში არ ჯდებოდა. ეს არ იყო პოლიტიკური ხასიათის აქცია, რომ ვინმესთვის რუსეთთან კავშირი ან ქვეყნის პოლიტიკური კურსის შეცვლის მცდელობა დაებრალებინათ. ქუთაისში კლასიკური სოციალური ხასიათის გაფიცვა მიმდინარეობდა, რომელსაც პროფკავშირები კანონის სრული დაცვით ატარებდა. გაფიცულები ითხოვდნენ შრომის ელემენტარულ პირობებს - ოთახს, სადაც შინიდან წამოღებული საკვების მიღებას შეძლებდნენ, საშხაპის გამართვას, ოთახს, სადაც ტანისამოსის გამოცვლა იქნებოდა შესაძლებელი, ტუალეტს (რომელიც უწყლობის გამო იყო გაუქმებული), მედპუნქტის ღამით მუშაობას (რადგან ამ დროს მისი საჭიროება მეტია), გაზაფხულზე გაუცემელი ხელფასების ბედის გარკვევას და სამსახურში იმ 17 თანამშრომლის აღდგენას, რომელიც ქარხნის ხელმძღვანელობის წინაშე ამ მოთხოვნების დაყენებასა და საწარმოში პროფკავშირის შექმნას შეეწირა.

გაფიცვა ისევე, როგორც ღირსეული შრომა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ჩამონათვალშია. მას იცავს არა ერთი საერთაშორისო ნორმა და საქართველოს კანონმდებლობა: კონსტიტუცია - მუხლი 33, შრომის კოდექსის - მუხლი 49, პროფკავშირების შესახებ კანონი - მუხლი 13. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ პოლიციის სახით, 15 სექტემბერს დაარღვია ქვეყნის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო აქტები, კონსტიტუცია, შრომის კოდექსი და პროფკავშირების შესახებ კანონი. საინტერესოა ურთიერთბრალებები, რომელიც, ამ ფონზე, ერთი მხრივ, სამართალდამცველების, მეორე მხრივ კი - პროფკავშირების მხრიდან გაისმა. პოლიცია აცხადებს, რომ ქარხანასთან „ჰერკკულესის" ხელმძღვანელობის მოთხოვნის შედეგად აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად ეს ასე ჟღერს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, პოლიცია ქარხნის ადმინისტრაციამ გამოიძახა იმ ჩივილით, რომ გაფიცულები დაპირისპირებას აღვივებდნენ თანამშრომელთა იმ ნაწილში, რომლებმაც უარი თვეს გაფიცვასთან შეერთებაზე. შსს-მ განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა გაფიცვის რამდენიმე მონაწილე პოლიციაში წაიყვანეს და გააფრთხილეს, რომ მართალია მათ ჰქონდათ უფლება გაეგრძელებინათ გაფიცვა, მაგრამ ისინი არ უნდა ჩარეულიყვნენ სხვა თანამშრომლების მუშაობაში. პოლიციის ცნობით, გაფიცვის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს მხოლოდ იმას, რომ ისინი გაფრთხილებულები იყვნენ პოლიციის მიერ, რომ არ ჩაიდენდნენ რაიმე უკანონობას გაფიცვის პერიოდში."

გაფიცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე კი, აცხადებს, რომ დაკავებულებს ხელი მოაწერინეს ხელწერილზე, რომლის მიხედვითაც, ისინი პირობას დებდნენ, რომ გაფიცვებში აღარ მიიღებდნენ მონაწილეობას. მისივე განცხადებით, ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომლის გამოც პროფკავშირი სასამართლოში საქმის აღძვრას აპირებს. თუკი პროფკავშირებმა მოახერხა იმის დადასტურება, რომ პოლიციამ დაკავებულებს სწორედ ასეთი შინაარსის ხელწერილი დააწერინა, საქმე პოლიციის მხრიდან საერთაშორისო ნორმების, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების კიდევ ერთ დარღვევასთან გვექნება.

ყველაფერი აქედან გამომდინარე, ამბავი, რომელიც ქუთაისის გარეუბანში წლევანდელი აგვისტოს განმავლობაში ვითარდებოდა და მიმდინარე თვეში კულმინაციას მიაღწია, საქართველოში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უნდა ყოფილიყო. თუმცა, ასე არ მოხდა, არც გაფიცვის დაშლამდე და არც ამის შემდეგ. ამის მიზეზი გახლდა ის, რომ ცენტრალური ტელევიზიები, ვისი მაუწყებლობაც ქვეყანას ფარავს, ქართველი მეტალურგების პრობლემებით, არ დაინტერესებულან. გამონაკლისი იყო პრეს-კონფერენცია, რომელიც გაფიცვის დაწყებამდე ქუთაისში პროფკავშირებმა და საგაფიცვო კომიტეტმა ჩაატარა და გაფიცვის პირველი დღე, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა" 2-საათიან გამოშვებაში გაუშვა.

ტელეკომპანიების - „კავკასია", „მაესტრო", „რიონი", „რადიო თავისუფლების", ინტერნეტ და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ამ არხებს არც იმის გამო გასჩენიათ კითხვები, რომ ქარხნის ხელმძღვანელობა, მიუხედავად იმისა, რომ გაფიცულების ყველა მოთხოვნას უსაფუძვლოს უწოდებდა, ჟურალისტებს არც შეხვდა და, საკუთარი სიტყვების დასადასტურებლად, არც საწარმოში შეუშვა. უნდა ითქვას ისიც, რომ 2 სექტემბერს, „ჰერკულესის" მუშების გამაფრთხილებლი გაფიცვის გადასაღებლად ყველა ცენტრალური არხის საკუთარი კორესპონდენტი მივიდა, მაგრამ ეთერში მათი სიუჟეტები ვერ მოხვდა. ამ დღესაც ისევე, როგორც სხვა დღეებში, მთავარი ამბები ამ არხებზე ხელისუფლების პირველი პირების ვოიაჟები, საქართველოს მიღწევები და უცხოეთში არსებული დამძიმებული ყოფა იყო.

 

ასეთივე რეჟიმში გააგრძელეს მუშაობა ცენტრალურმა ტელევიზიებმა გაფიცვის დაშლის შემდეგაც. ამბავი, რომელიც არ ჩამოდიოდა საინფორმაციო სააგენტოების, „მაესტორს", კავკასიის", „ტვ პალიტრას", „რადიო თავისუფლების" - ერთი სიტყვით, ყველა დანარჩენი, ელექტრონული თუ ბეჭდური მედია საშუალების მთავარი თემებიდან, ამ არხების რიგით სიუჟეტებშიც ვერ მოხვდა. რატომ გადაამეტა სახელმწიფომ უფლებამოსილებას, ჩაერია თუ არა მხარის გუბერნატორი ამ ამბავში და, თუ ჩაერია - რატომ, როგორი იქნება ამბის გაგრძელება? - ეს კითხვები მათ არ დაუსვამთ. შესაბამისად, გაჩნდა (ან განმტკიცდა) განცდა იმისა, რომ საქართველოს სამი ყველაზე მსხვილი ტელევიზია, რომელთაგან ერთ-ერთს საქართველოს მოსახლეობა აფინანსებს, თავისი პირდაპირი მოვალეობის შესრულების ნაცვლად, ახდენს ამბების სელექციას და ყველა იმ ფაქტისა და მოვლენის იგნორირებას, რომელიც „გაბრწყინებული საქართველოს" ვირტუალურ პორტრეტში ვერ ეწერება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test