შემოგვიერთდი

20.09.2011 16:34

კავკასიელმა ჟურნალისტებმა „ომის განაჩენი" შეაფასეს

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

ჩრდილოეთ კვიპროსის ქალაქ ფამაგუსტაში კინოდოკუმენტალისტის მამუკა ყუფარაძის ფილმის „აგვისტოს ომის განაჩენის" ჩვენება მოეწყო, რომელსაც ქართველი, აფხაზი, ოსი, აზერაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტები დაესწრნენ. ფილმი გვთავაზობს ხელისუფლების წარმომადგენლების, ექსპერტების, ჟურნალისტებისა და რიგითი მოქალაქეების ინტერვიუებს, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ქართულ, ისე ოსურ და აფხაზურ მხარეებს. ფილმში, ასევე, გამოყენებულია უცხოელი ექსპერტების ინტერვიუები. გადაღებები მიმდინარეობდა, საქართველოში, აფხაზეთსა და თურქეთში. ავტორი ამ ფილმით ცდილობს დააფიქროს საზოგადოება, რათა მოხდეს გადაფასება იმ შეხედულებებისა რაც ომის შესახებ არსებობს, გარდა ამისა ყუფარაძე ცდილობს იმ სტერეოტიპების დამსხვრევას რაც ქართულ საზოგადოებაში ამ ომის შემდეგ გაჩნდა.

კავკასიელი ჟურნალისტები ფამაგუსტაში სამშვიდობო ჟურნალისტიკის სემინარზე იმყოფებოდნენ, ფილმის დასრულების  შემდეგ დისკუსია გაიმართა.  აფხაზმა და ოსმა კოლეგებმა ამ ფილმს გარღვევა უწოდეს. ოსი ბლოგერის მარია პლიევას აზრით,  ფილმი მცდელობაა იმისა,  რომ ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოს.

„ეს მართლა გარღვევაა, მე შთაბეჭდილებებში ვარ. იმიტომ ვარ ასე, რომ, ქართული საზოგადოების წევრებთან ურთიერთობისას ყოველთვის სხვა ხედვას ვაწყდებოდი ხოლმე. მართლა დიდი ძალისხმევაა საჭირო  იმისთვის, რომ საკუთარ თავს სხვა მხრიდან შეხედო."- განაცხადა მარია პლიევამ.

სოხუმელი ჟურნალისტი ელეონორა კოღონია მიიჩნევს, რომ ფილმი,  რომელიც აკრიტიკებს საქართველოს მმართველი პოლიტიკური ელიტის მოსაზრებებს ომის შესახებ,  მართლაც გარღვევაა, მაგრამ ამ ფილმით მან ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე ვინ დაიწყო ომი.

რა თქმა უნდა,  გარღვევაა ის,  რომ შენ (მიმართავს ყუფარაძეს) ცდილობ გაანალიზო შენი სახელმწიფოს ხელმძღვანელების ქმედება. ერთადერთი მე ვერ გავიგე და ვერ მივიღე პასუხი,  საერთოდ ვინ ისროლა, ვინ მოაწყო კონფლიქტის პროვოცირება. ვიდრე კინოდოკუმენტალისტები არ მოგვცემენ პასუხს, თუ როგორ მოხდა ეს , მე მიმაჩნია რომ კონფლიქტი არ მოგვარდება",  - ამბობს ელეონორა კოღონია.

ფილმის ავტორმაც და სხვა ჟურნალისტებმაც ელეონორა კოღონიას განუმარტეს,  რომ ერთმნიშვნელოვანი პასუხი მის კითხვაზე არ არსებობს და არც ეს ყოფილა  ფილმის მიზანი. მედიასპეციალისტი, კავკასიელი ჟურნალისტების ტრენერი სკიპ აიზეკი მიიჩნევს,  რომ მთავარი ის კი არ არის თუ ვინ დაიწყო ომი, არამედ ის თუ როდის დაიწყო კონფლიქტი.

„მთავარი კითხვა ის არ არის თუ ვინ დაიწყო ომი, მთავარი კითხვაა,  როდის დაიწო ეს კონფლიქტი. თუ ამ კითხვაზე პასუხს გასცემთ , მაშინ სხვა კითხვებსაც გაეცემა  პასუხი. იმიტომ,  რომ თითოეულ მხარე საკუთარ მომენტს ირჩევს, მომენტს თუ როდის დაიწყოს საკუთარი ამბის მოყოლა,  ქართველები ირჩევენ ერთ მომენტს,  რომ დაიწყონ საკუთარი ამბავი, აფხაზები სხვა ათვლის წერტილს ირჩევენ და ეს ყველაფერს ცვლის. გასაგები ხდება,  რომ არ არსებობს მხოლოდ ერთი ქართული მოსაზრება", - თქვა ფილმის შეფასებისას სკიპ აიზეკმა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ზურაბ დვალის აზრით,  მამუკა ყუფარაძის ფილმი თამამი და ქართული საზოგადოებისთვის  გამომწვევია, მაგრამ მისთვის ყველაზე საინტერესო აფხაზი და ოსი ჟურნალისტების რეაქცია იყო.

საინტერესოა, რომ აფხაზებმა და ოსებმა ეს ფილმი მიიღეს ძალიან კარგად.  მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული შენიშვნები და რჩევები ჰქონდათ, შინაარსოვრივად დაინახეს, რომ ქართულ საზოგადოებაში უკვე არსებობს მზაობა, რომ დაიწყოს განხილვა,  რა პირობების შექმნაა შესაძლებელი იმისთვის,  რომ ჩვენ საერთო ენა გამოვნახოთ ოსებთან და აფხაზებთან. მამუკა სთავაზობს ქართული საზოგადოების მოსაზრებების  გადაფასებას",  თქვა ზურაბ დვალმა.

მამუკა ყუფარაძე შეფასებებით კმაყოფილია, მისი თქმით,  კრიტიკოსების გარდა,  მის ფილმებს გულშემატკივრები ჰყავს, რაც სტიმულს აძლევს,  რომ დაწყებული საქმე გააგრძელოს.

„ჩვენს ფილმებს ერთგვაროვნად არ ხვდება საზოგადოება.  ძალიან ბევრი მოწინააღმდეგეები და კრიტიკოსი გვყავს, რომლებიც ამბობენ,    რომ ჩვენ არ ვაკეთებთ პატრიოტულ საქმეს. და ამ შემთხვევაში, როდესაც იქითა საზოგადოებაც დააფასებს შენს ნამუშევარს და შენს საზოგადოებაშიც გყავს გულშემატკივრები, მე ეს მაძლევს საშუალებას, რომ კიდე ვიმუშაო და გავაგრძელო, ეს იყო ჩემთვის მთავარი სტიმული", თქვა ყუფარაძემ.

აფხაზმა და ოსმა კოლეგებმა „აგვისტოს ომის განაჩენი" სოხუმში და ცხინვალში წაიღეს. ავტორს შესთავაზეს, რომ ფილმის ჩვენება წლის ბოლომდე ვლადიკავკაზშიც გაიმართოს, სადაც ქართველი და ოსი ჟურნალისტების გარდა ინგუშ კოლეგებსაც მიიწვევენ და დისკუსიას გამართავენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test