შემოგვიერთდი

21.09.2011 17:41

სამშვიდობო ჟურნალისტიკის სემინარი ახალი იდეებით

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

ჩრდილოეთ კვიპროსის ქალაქ ფამაგუსტაში კავკასიელი ჟურნალისტებისთვის 5 დღიანი სემინარი დასრულდა. გამოცდილი სპეციალისტები სკიპ აიზეკი და ონიკ კრიკორიანი ქართველ, ოს, აფხაზ, სომეხ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს სამშვიდობო ჟურნალისტიკის არსზე და დანიშნულებაზე ესაუბრებოდნენ. გარდა ამისა,  მათ მიეცათ შესაძლებლობა მოენახულებინათ ბუფერული ზონა, რომელიც კუნძულს ორ ნაწილად ჰყოფს. ამ ზონაში კი გაერო ასრულებს სამშვიდობო მისიას. ფამაგუსტას უნივერსიტეტში ადგილობრივი კონფლიქტოლოგები სემინარის მონაწილეებს უამბობდნენ კვიპროსის კონფლიქტის წარსულზე და მისი მოგვარების პერსპექტივებზე. სოხუმში გამომავალი გაზეთის "ჩეგემსკაია პრავდას"   რედაქტორი ინალ ხაშიგი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი სწორედ ის არის,  რომ საუბრები პოლიტიკის გვერდის ავლით ჟურნალისტურ საქმიანობაზე და ერთობლივ პროექტებზე მიმდინარეობდა.

„ეს ჩვეულებრივი შეხვედრაა, სადაც ჟურნალისტები ხვდებიან და არ არის საჭირო თითოეულმა მხარემ მკერდზე მუშტის ცემით ამტკიცოს საკუთარი პატრიოტიზმი. აქ არ განვიხილავთ პოლიტიკურ მომენტებს, აქ ჟურნალისტურ საქმიანობას განვიხილავთ, იმ რთულ პირობებში, რომელიც კავკასიაში არსებობს, ბევრი პრობლემებით, საზღვრებით, კონფლიქტებით და ასე შემდეგ." ამბობს ინალ ხაშიგი.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილო და სამხრეთ კვიპროსელ ჟურნალისტებს კუნძულის ორივე ნაწილში მიმოსვლა, ბუფერული ზონის გავლით დაუბრკოლებლად შეუძლიათ. მათთვის არც მხარეების წარმომადგენლების ჩაწერა წარმოადგენს პრობლემას. გაეროს მედიაცენტრის ხელმძღვანელის როლანდო გომესის თქმით,  მედია ახლა კონფლიქტის მოგვარების ხელშემწყობი უფროა, ვიდრე შუღლის გამღვივებელი. კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი მიიჩნევს,  რომ საზოგადოებამ მეტი უნდა იფიქროს გამოსავალძე. კავკასიური კონფლიქტებიდან  გამოსავალი კი მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება.

„ჩვენ ადგილზე ვნახეთ ცოცხალი კონფლიქტის შედეგები. ჩვენ ვნახეთ<  რა რთულია კონფლიქტიშ დაღეგულIღება და რა პესიმიზმი არსებობს ჩრდილო კვიპროსის მომავალთან დაკავშირებით, ამიტომ კონფლიქტში ჩართული მხარეები კავკასიაში ასევე უნდა დაფიქრდნენ იმაზე, როგორ შეიძლება გამოსავლის ძებნა, რომელიც მხოლოდ ერთობლივად არის სესაძლებელი" -განაცხადა  გიორგი ხუციშვილმა.

ოსური რადიო „ირის" რედაქტორმა ალან ცხოვრებოვმა კვიპროსული ვიზიტის შემდეგ გამოცდილება შეიძინა, მისი აზრით,  სამოქალაქო დიალოგის ფორმატის შეხვედრები ხშირად უნდა გაიმართოს, რათა საზოგადოების ინფორმირების დონე ამაღლდეს და პოლიტიკოსებმაც მეტი ყურადღება მიაქციონ  რიგითი ადამიანების მოსაზრებებს.

„ბოლო პერიოდში ასეთი შეხვედრები იშვიათადაა, ვფიქრობ, რომ ეს არასწორია. ჩვენ ხშირად უნდა შევხვდეთ და ვილაპარაკოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. ვფიქრობთ, მხოლოდ დიალოგით შეიძლება სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც  შემდეგ ჩვენს მხარეებს გავაცნობთ და რეკომენდაციას გავუწევთ." განაცხდა ალან ცხოვრებოვმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ზურაბ დვალისთვის ამ სემინარის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო ფამაგუსტას უნივერსიტეტის პროფესორის, კონფლიქტოლოგ ეროლ ქაიმაკის გამოსვლა, რომელმაც აფხაზ და ოს ჟურნალისტებს, კითხვაზე,  თუ რატომ არ ამყარებს თურქეთის მიერ აღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსი დიპლომატიურ ურთიერთობებს კავკასიურ არაღიარებულ რესპუბლიკებთან, მკაფიო ტექსტით უთხრა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის უმთავრესი ამოცანა ევროპული განვითარებაა და არა კოლონიად დარჩენა.

„რამდენიმე თემაა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი- ჩრდილოეთ კვიპროსს არ უნდა, რომ გახდეს თურქეთის პროვინცია, ეს ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო, რადგან პირიქით მეგონა. მეორე- ჩრდილოეთ კვიპროსს არ უნდა, რომ გახდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი მეგობარი, რადგან არ უნდა, რომ ჰქონდეს იმიჯი, რომ არაღიარებული და არშემდგარი რესპუბლიკების მეგობარია და მესამე - ჩრდილოეთ კვიპროსს უნდა, რომ გამონახოს საერთო ენა სამხრეთ კვიპროსთან, რადგან სხვანაირად მას ვერ წარმოუდგენია თავისი მომავალი, ევროკავშირის და ევროინტეგრეციის გარეშე. ეს არის კარგი მაგალითი და გამოცდილება ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის, რომლებიც ცხინვალიდან და სოხუმიდან ჩამოვიდნენ." თქვა ზურაბ დვალმა.

კავკასიელ ჟურნალისტებს გაუჩნდათ იდეა,  რომ შექმნან ერთობლივი საინფორმაციო ვებ-გვერდი, გარდა ამის,ა მოხდა ახალი იდეების და ინიციატივების განხილვა, ამ იდეების დეტალებზე მსჯელობა კი სხვა შეხვედრებზე გაგრძელდება.  ჩრდილოეთ კვიპროსის სემინარის  ორგანიზატორები იყვნენ კონფლიქტების და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი.  პროექტის დონორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (COBERM) და გერმანიის მარშალის ფონდი ამერიკაში.

კავკასიელი ჟურნალისტების შეხვედრა ფამაგუსტაში გამოსამშვიდობებელი ვახშმით დასრულდა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test