შემოგვიერთდი

23.09.2011 17:16

იანვარიც მოვა

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

წამყვანი  ქართული ტელეკომპანიების რეალური მფლობელების ვინაობა კვლავ გაურკვეველია -  ერთი ფიზიკური პირი რამდენიმე მაუწყებელს ისევ აკონტროლებს, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიები კი მთავარ მეწილეებად რჩებიან. მიმდინარე წლის აპრილში პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილება შეიტანა. კანონის ახალი რედაქციით მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანია. გარდა ამისა, ტელეკომპანიებს მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციიის საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება დაევალათ. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები მაუწყებლებმა 2012 წლის პირველ იანვრამდე უნდა დააკმაყოფილონ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 2009 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოში მოქმედი ტელეკომპანიების  ოფიციალური მფლობელები.

მას შედეგ მხოლოდ რამდენიმე სამაუწყებლო კომპანიის მესაკუთრე  შეიცვალა. მაშინ ტელეკომპანია „რეალ TV - საქართველოს" 100%-იანი წილი ამავე არხის დირექტორს ია პაიჭაძეს ეკუთვნოდა, მიმდინარე წლის  მარტში კი ხელმძღვანელის პოსტზე პაიჭაძე ლია დოლიძემ ჩაანაცვლა, სამეწამეო რეესტრის მონაცემებით ტელეკომპანიის ერთპიროვნული მფლობელიც ეს უკანასკნელი გახდა. Media.Ge შეეცადა დოლიძესთან დაკავშირებას და გარიგების დეტალების გარკვევას, თუმცა „რეალ TV"ში  განაცხადეს, რომ დირექტორთან დაკავშირება შეუძლებელია.

თუ რამ გაინმტერესებთ, ოფიციალური წერილით მოგვმართეთ, უპასუხეს Media.Ge-ს ტელეკპმპანიაში.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ტელეკომპანია „მაესტროს" წილები რამდენჯერმე გადანაწილდა. თავდაპირველად,  მას ოთხი მფლობელი ჰყავდა (გიორგი ებრალიძე - 38%, მამუკა ღლონტი 38%, ლევან ჩიკვაიძე 19% და ეკატერინე აკობია 5%). 2011 წლის აპრილში „მაესტროს" წილის 50% ოპოზიციის ერთერთი ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის ძმამ, მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ („უცნობი"),  400 ლარად შეიძინა. ამასთან დაკავშირებით მაშინ მოწვეულ ბრიფინგზე  ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ  განაცხადა, რომ ამავე გარიგების საფუძველზე გაჩეჩილაძის კუთვნილი რადიო „ნაცნობი" (FM94.30 MHz) ტრანსფორმირდებოდა და მის ნაცვლად რადიო „მაესტრო" შეიქმნებოდა.  2011 წლის ივნისში ეს ცვლილება მართლაც განხორციელდა. ამავე დროს, მამუკა ღლონტი რადიო "მაესტროს" გენერალურ დირექტორად დაინიშნა.

აპრილში დადებული გარიგებით ღლონტს, ებრალიძესა და ჩიკვაიძეს 15-15% დარჩათ, ეკატერინე აკობიამ თავისი 5%-იანი წილი  შეინარჩუნა. ერთი თვის შემდეგ გიორგი გაჩეჩილძემ თავისი წილიდან 25% ოპოზიციური „ქართული პარტიის" ერთერთი დამფუძნებლის კოტე გოგელიას მეუღლეს , მაკა ასათიანს,  300 ათას ლარად მიჰყიდა.

2009 წლის დეკემბერში ტელეკომპანია „ალანიას" რეორგანიზაცია მოხდა  - სახელი შეეცვალა და „რეგიონ TV" გახდა. მამუკა თათოშვილმაც, რომელიც „ალანიას" დირექტორი და ერთპიროვნული მფლობელი იყო, წილები დათმო. თავისთვის 55% დაიტოვა, 15-15%-ით კი მაუწყებლის მესაკუთრეეები თამაზ გუდაძე,  ნიკოლოზ ტაბიძე და გიორგი აღდგომელაძე  გახდნენ. ეს უკანასკნელი „ალანიას" დირექტორის მოადგილე და სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანია.  ტელეკომპანიის 45-პროცენტიანი წილის გასხვისების პირობები უცნობია.

პანამისა და ვირჯინიის კუნძულების  ოფშორულ ზონებში რეგისტირებული კომპანიები კვლავ აკონტროლებენ კერძო ნაციონალურ   ტელეკომპანიებს. პირველ იანვრამდე მისტიკურ კომპანიად დარჩება ვირჯინიაში რეგისტირებული Degson Limited, რომელიც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის 70%-ს და ტელეკომპანია „მზის" 55%-ს ფლობს. ამ ორი ტელევიზიის დანარჩენი წილები  ჰოლდინგ „საქართველოს ინდუსტრიული , ჯგუფს" ეკუთვნის. მართალია,  ჰოლდინგი საქართველოშია რეგისტრირებული, მაგრამ მისი 100% -იანი წილს მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი" ფლობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „რუსთავი 2" და „მზე" მთლიანად ოფშორულ კომპანიებს ეკუთვნის. საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ ამ ორგანიზაციების რეალური მფლობელები ქართველები არიან. „ინდუსტრიული ჯგუფი" ფლობს მუსიკალური არხ „პირველი სტერეოს" 65%-იან წილსაც. „საქართველოს ინდუსტრიული , ჯგუფის" დამფუძნებელია  საქართველოს საგარეო დაზვერვის შეფის  გელა ბეჟუაშვილის ძმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი,  დავით ბეჟუაშვილი.

გაურკვეველი რჩება  ტელეკომპანია „იმედის" რეალური მესაკუთრის ვინაობა. მაუწყებლის ერთპიროვნული მფლობელი „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპია", რომლის   90%-იანი წილი პანამის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანია „რააქ ჯორჯიან ჰოლდინგს" ეკუთვნის, დანარჩენ 10%-ს კი განსვენებული ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ნათესავი, ჯოზეფ ქეი განკარგავს. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის წევრი  გიორგი არველაძე.

აპრილში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით პირველ იანვრამდე მაუწყებლებს არამხოლოდ რეალური მფლობელების დასახელება მოუწევთ, არამედ ვალდებულნი იქნებიან კომისიას შესაბამისობის დეკლარაციაც წარუდგინონ, სადაც აისახება მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირთა  ცვლილება.

კომინიკაციების ეროვნული კომისიის პრესდმივანმა ხატია ყურაშვილმა Media.Ge-ს განუცხადა, რომ „ყველა დეკლარაცია ერთდროულად გამოქვეყნდება 2012 წლის პირველი იანვრის შემდეგ".

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test