შემოგვიერთდი

28.09.2011 06:48

მედია პარტნიორი და არა მტერი (ქართველი ჟურნალისტები ამერიკაში)

David Mchedlidze
ჟურნალისტის ჩანაწერები

ამერიკაში, მინესოტას შტატის ქალაქ სენტ-პოლში, ქართველი ჟურნალისტების 5 კაციანი ჯგუფის მასპინძელი „ამომრჩეველ ქალთა ლიგაა". ლიგა 90 წელზე მეტია მუშაობს მთავრობის გაუმჯობესებაზე და მოქალაქეთა განათლების და დაცვის მეშვეობით საჯარო პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად.ლიგა ამერიკის ყველა შტატში მუშაობს და დიდ როლს თამაშობს მთავრობის ყველა დონეზე დემოკრატიული სისტემის გასაძლიერებლად. სწორედ ქალთა ლიგის წევრები გვაცნობენ ამერიკის მმართველობის და საარჩევნო სისტემებს, გვიგეგმავენ ტურებს მედიასაშუალებებში. სენტ-პოლში ჩასვლისთანავე, 2-2 კაცი მასპინძელ ოჯახებში გადაგვანაწილეს, მასპონძლობა კი მართლაც კარგი სცოდნიათ სენტ-პოლელებს.  ქართველი ჟურნალისტები ამერიკაში „ლიდერობის ცენტრ ღია მსოფლიოს"  პროგრამის ფარგლებში ვიმყოფებით, რომლის ორგანიზატორია ამერიკული საბჭოები. სენტ-პოლი მდინარე მისისიპის სანაპიროზეა გაშენებული, მთლიანად შტატში  5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. როგორც აღვნიშნე, ამომრჩეველ ქალთა ლიგა დემოკრატიის გაძლიერებისთვის იბრძვის და  არაერთი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორიცაა, მაგრამ ქართველი ჟურნალისტები იმან გაგვაკვირვა, რომ წარმატებული  დემოკრატიის ქვეყანაში ამ ორგანიზაციამ ერთი საინტერესო საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხა.  ქალთა ლიგის წევრმა, პროფესორმა  რობერტა მეგარდმა ლექცია ამერიკის მთავრობის სტრუქტურის შესახებ ჩაგვიტარა და აქ გვითხრა, რომ დღემდე ამერიკაში, ერთი და იმავე სამსახურში კაცი უფრო მაღალანაზღაურებადია, ვიდრე ქალი. ქალი საშუალოდ 25 პროცენტით ნაკლებ ხელფასს იღებს, ამ ამბავმა ძალიან გაგვაკვირვა. ლიგის წევრი ქალები კი ცდილობენ ეს სხვაობა საკანონმდებლო დონეზე გაათანაბრონ, მაგრამ ამერიკული  ბიუროკრატიის გადალახვა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია.

საინტერესო იყო შტატის სენატორთან ჯონ ჰარინგტონთან შეხვედრა. ჰარინგტონი სენტ პოლის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსია, ამიტომ ყველაზე მეტად მედიის და სამართალდამცავების ურთიერთობით დავინტერესდით.   მასმედია ჩვენი პარტნიორია და არა მტერი- ეს სიტყვები სწორედ მას ეკუთვნის. მან გულწრფელად გვითხრა - ჟურნალისტები ხანდახან თავს გვაბეზრებენ, მაგრამ არავის აქვს უფლება მათ ინფორმმაცია დაუმალოსო. ის შერიფი, რომელსაც მედიასთან ურთიერთობა ურთულდება, სამსახურს კარგავს, სენატორმა ასეთი მაგალითი მოიყვანა, დათვს საჭმელს თუ არ მისცემ ის აუცილებლად წაგართმევს მას, ჟურნალისტები კი სწორედ ეს დათვები არიან, ამიტომ ჯობია ინფორმაცია, რომელიც მათ საკვებს წარმოადგენს,  დროულად მისცე.  ყოფილი პოლიციელი, დღეს სენატორი მიიჩნევს, რომ მედიის გამოყენება მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მედია უფრო პარტნიორია ვიდრე მტერი.   ამერიკელი სენატორი გაკვირვებული დარჩა , როცა ჩვენგან შეიტყო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის გამოტანა ჟურნალისტისთვის ძალიან რთულია.

შემდეგ წერილებში აქაური მედიის ამბებს მოგიყვებით.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test