შემოგვიერთდი

28.09.2011 18:46

IDFI-იმ სამინისტროებს უჩივლა

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

28 სექტემბერი ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეა, საქართველოში საჯარო ინფორმაციის თავისუფლების ხარისხს გაზრდაზე  რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს, მათ შორის,  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI). 2009 წლიდან ეს ორგანიზაცია სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, რომელიც ერთ მიზანს, ინფორმაციის გასაჯაროებას ემსახურება.

IDFI-მ ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" დაფინანსებით 2009 წელს შექმნა „საჯარო ინფრომაციის მონაცემთა ბაზა" (opendata.ge), სადაც თავს იყრის IDFI-ის მიერ საჯარო უწყებებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია თანამდებობის პირთა ხელფასების, პრემიების, ბიუჯეტისა თუ სამივლინებო ხარჯების შესახებ. მონაცემები ყოველკვარტალურად  ჯამდება და ერთიანი სტატისტიკა იქმნება. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს ნახოს,  რომელმა უწყებამ გასცა სრულად საჯარო ინფორმაცია და რომელმა არა, ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა IDFI-ის  ცნობისმოყვარეობა. საჯარო ინფორმაციის მოპოვებაზე,  შემდეგ დამუშავებაზე, სტატისტიკასა და ვებ გვერდზე ატვირთვაზე სულ ხუთი ადამიანი მუშაობს.

„ინფორმაციის გამოთხოვის მთავარი მიზანი ისაა,  დავადგინოთ, გრძნობენ თუ არა საჯარო უწყებები  თავს ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე, ან რა დონეზე აქვთ გაცნობიერებული ეს პასუხისმგებლობა," - უთხრა media.ge-ს გიორგი კლდიაშვილმა, IDFI-ის დირექტორმა.

მისი თქმით, საჯარო ინფორმაციების  გამოთხოვის პროცესში ორი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა, პირველი - საჯარო მოხელეთა არაკომპეტენტურობა: „მათ უბრალოდ არ იციან, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემას კანონი ავალდებულებთ", მეორე პრობლემა კი ინფორმაციის შეგნებულად დაბლოკვაა.

2011 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ძალოვანი სტრუქტურები ყველაზე დახურულია, ინფორმაციის არგაცემის მიზეზად  ეს სტრუქტურები  კანონმდებლობას და სახელმწიფო ინტერესებს ასახელებენ. კლდიაშვილი ამბობს, რომ ძალოვან უწყებებს   სტანდარტული კითხვები ეგზავნებათ და ისეც ხდება, როცა ერთსა და იმავე ინფორმაციას, მაგალითად,  დაზვერვის სამსახური გასცემს, თავდაცვის სამინისტრო კი არა. „არალოგიკურია, ორივე ძალოვანი სტრუქტურაა და თუ საფრთხის შემცველია გამჟღავნება, მაშინ გასაიდუმლოება ორივეზე უნდა ვრცელდებოდეს," - განმარტავს IDFI-ის დირექტორი.

ორგანიზაციის ცნობით, განცხადებათა  უყურადღებოდ დატოვების შემთხვევა  უფრო ხშირია  (24%) ვიდრე ინფორმაციის გაცემაზე მიღებული უარი (3,43%). ასეთ დროს  IDFI-ს საჩივარი კანონის შესაბამისად ჯერ იმავე უწყების ადმინისტრაციულ ორგანოში შეაქვს, შემდეგ კი სასამართლოში. ამჟამად ორგანიზაციას საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ოთხი სარჩელი აქვს შეტანილი -  კადეტთა ლიცეუმის, თავდაცვის სამინისტროს,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს წინააღმდეგ. IDFI საჯარო ინფორმაციის გაცემას ითხოვს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები ხშირად იყენებენ, თუმცა გიორგი კლდიაშვილი მიიჩნევს, რომ მოპოვებული ინფორმაცია სათანადოდ არ მუშავდება „ჩვენ ვაქვეყნებთ  მშრალ მონაცემებს და არ ვამბობთ, ვთქვათ, სწორად იხარჯება თუ არა საბიუჯეტო თანხები, ეს ციფრები ჟურნალისტური გამოძიების თემა შეიძლება გახდეს, მეტი ანალიზია საჭირო," - აღნიშნავს კლდიაშვილი. მისი თქმით, ინფორმაციის თავისუფლების ზრდისთვის მოქალაქეთა დაინტერესება უნდა გაიზარდოს.

„მოსახლეობას უნდა აინტერესებდეს,  რაში იხარჯება მათ მიერ გადახდილი გადასახადები, მუდმივი ზეწოლა საჯარო უწყებებზე მათ ანგარიშვალდებულებას გაზრდის", ამბობს ის.

IDFI საკანონმდებლო ინიციატივაზეც მუშაობს, რომლის მიღების შემთხვევაშიც უწყებები ვალდებულნი იქნებიან ინფორმაცია საკუთარ ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოაქვეყნონ.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა"  40-მდე საჯარო უწყების ვებ-გვერდი შეისწავლა. იკვლევდნენ საიტების ინფორმაციულობასა და ელექტრონულ ხელმისაწვდომობას:  ვებ-გვერდების   ნავიგაციას, საძიებო სისტემებს, ელექტრონულ სერვისებს, უსაფრთხოებას, ინტეგრაციას სოციალურ ქსელებთან და სხვა ტექნიკურ პარამეტრებს, რაც ინფორმაციის გაადვილებას უწყობს ხელს. მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ დგინდება  ელექტრონული გამჭვირვალობის ჯამური რეიტინგი. გამოკვლეულ საიტებს შორის  პირველ ადგილზე 36,76%-ით აღსრულების ეროვნული ბიუროს საიტია (www.nbe.gov.ge).  სხვა გამოკვლეული  ვებ-გვერდების გამჭვირვალობის  საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ია, კლდიაშვილი ამბობს, რომ ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ გასულ წელთან შედარებით პროგრესი მაინც არის

„შარშან ვებ-გვერდების ძირითადი დანიშნულება საპრეზენტაციო ხასიათის მასალების განთავსება იყო, წელს უფრო ინფორმაციულია," IDFI-ს დირექტორი მიიჩნევს, რომ ინფორმაციის თავისუფლების ხარისხის გასაუბჯობესებლად ერთერთი მთავარი კომპონენტი სწორედ გამართული ვებ-გვერდები და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test