შემოგვიერთდი

28.09.2011 22:35

მონოპოლია პრესის გავრცელებაზე

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ინფორმაციის თავისუფლების დღეს, 28 სექტემბერს,  ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის თანხმობების გაცემის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისის ქუჩებში ჯიხურების, მათ შორის, პრესის ჯიხურების,  განთავსების ნებართვას თბილისის მერია მხოლოდ პრივილეგირებულ კომპანიებს აძლევს.

კვლევის პერიოდში (2009 წლის მარტი - 2011 წლის ივლისი) გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების მოთხოვნით თბილისის არქიტექტურის სამსახურში 2515 განაცხადი შევიდა. აქედან მხოლოდ 739 დაკმაყოფილდა. დანარჩენზე იმ მიზეზით ითქვა უარი, რომ ობიექტი  ქალქის იერსახეს არ შეესაბამებოდა. თუმცა, განცხადებების დიდი ნაწილის დაუკმაყოფილებლობის მიზეზი   თბილისის მთავრობის 2010 წლის დადგენილება გახდა, რომლის მიხედვით, გარევაჭრობის ობიექტების დადგმა აიკრძალა ცენტრალურ მაგისტრალებზე, გამზირებსა და მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს შეზღუდვა, საიას კვლევის მიხედვით,  არ გავრცელებულა რამდენიმე კომპანიაზე.

თბილისში არსებული პრესის ჯიხურების უმრავლესობას „ვაით დისტრიბუშენი" ფლობს. კვლევის მიხედვით, არქიტექტურის სამსახურმა ამ კომპანიას ჯიხურების განთავსების უფლება თბილისის 185 მისამართზე მისცა, მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე მოდის.

გარევაჭრობის შესახებ ფილმი საგამოძიებო სტუდია „მონიტორმაც" გადაღო, რომელიც თელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გავიდა და სტუდიის ვებ-გვერდზეც აიტვირთა. ფილმიდან  ირკვევა, რომ „ვაით დისტრიბუშენი" 2008 წელს დაფუძნდა და მალე ბაზრის მონოპოლისტი გახდა. თბლისის ცენტრალურ უბნებში პრესაც მხოლოდ ამ კომპანიის ჯიხურებში იყიდება.

„ვაით დისტრიბუშენის" 70%-ს  ვირჯინიის კუნძულებზე ოფშირულ ზონაში  რეგისტირებული კომპანია „ბლექსთაილ მენეჯმენტი" ფლობს. დანარჩენი 30% სამ პირს ეკუთვნის, მათ შორის, ნოდარ ჭარხალაშვილს, რომელიც, საგამოძიებო ფილმის თანახმად,  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის სოფო ბრიტანჩუკის მეუღლეა. "მონიტორის" ინფორმაციით, კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში 1987 წელს დაბადებული დიმიტრი ჩიქოვანია, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა.  2011 წელს „ვაით დისტრიბუშენმა" სახელი შეიცვალა და „ექსპრესი" გახდა.  რამდენიმე დღეში ის კვების მწარმოებელ და დისტრიბუტორ კომპანიად დარეგისტრირდა. დღეს პრესასთან ერთად სიგარეტი, ნაყინი და სხვა ტიპის პროდუქციაც იყიდება.

„ექსპრესის" ჯიხურები თითქმის მთლიანად ჩაენაცვლა პრესის გამავრცელებელი კოპმანიის „მაცნესა" და გაზეთ   „კვირის პალიტრის" ჯიხურებს. თბილისის ქუჩებში შემორჩენილი ამ  რამდენიმე ჯიხურს  ნებართვის ვადა გაუვიდა.      მერიას მათი აღება ნებისმიერ დროს  შეუძლია.  სტუდია „მონიტორის" ფილმის ავტორის გიორგი მგელაძის ინფორმაციით, „კვირის  პალიტრამ" არაერთხელ მიმართა მერიას იმისათვის, რომ ან ახალი ნებართვა გაეცა ან უკვე არსებული ჯიხურები დაეკანონებინა, მერიამ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

მეორე პრივილეგირებული კომპანია, რომელიც პრესის ჯიხურებს ფლობს, სარეკლამო ფირმა „აუთდორ.ჯია".  ისიც 2008 წელს შეიქმნა, მისი დირექტორიც დიმიტრი ჩიქოვანია. ამ კომპანიის წილის 70%-ს ოფშორული კომპანია  „ბლექსტაილ მენეჯმენტი" ფლობს. შპს „სამკუთხედს"  20%,  შპს „ჯეო ტეკს" კი  10% ეკუთვნის. „სამკუთხედის" დამფუძნებელია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი გიორგი გეგეშიძე.  ამ კომპანიის დირექტორის პოსტიც დიმიტრი ჩიქოვანს უკავია.  „ჯეო ტეკის" დამფუძნებელი კი კახაბერ ნინუაა, რომელიც, უშიშროების საბჭოს მდივნის  გიგა ბოკერიას ქვისლია. საიას კვლევიდან ირკვევა, რომ „აუთდორ.ჯის" ჯიხურები  38 მისამართზეა განთავრებული.

პრესა „ლატარიის კომპანიის" კუთვნილ ჯიხურებშიც იყიდება. მისი მფლობელი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული ფირმა „ლექსორ კაპიტალი კორპია", რომლის ოფიციალური წარმომადგენელი კვლავ დიმიტრი ჩიქოვანია.

„ლატარიის კომპანიის" იდენტური ჯიხურები აქვს  „მაგი სტილი მედიას".  მის წილის 49%-ს  „რუსთავი 2"-ს გენერალური დირექტორი გიორგი გეგეშიძე ფლობს,  35% კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელს ირაკლი ჩიქოვანს ეკუთვნის  დარჩენილი 16% შპს „მაგი სტილისაა" მის საკონტროლო პაკეტსაც, "მონიტორის" ინფორმაციით,  ჩიქოვანი და გეგეშიძე ფლობენ.

თბილისის მერიამ გარევაჭრობა 2009 წელს აკრძალა და პრესის გამავრცელებლებს ჯიხურების დემონტაჟი იმ მოტივით მოსთხოვა, რომ ისინი ქალაქის იერსახეს ამახინჯებდნენ. „პრესის  ასოციაციამ" მაშინვე გააკეთა განცხადება, რომ სტელაჟების აღება და მათ ნაცვლად ჯიხურების დადგმა ბაზრის მონოპოლიზაციას ისახავდა მიზნად. მალევე,  ყოველგვარი ტენდერის გარეშე,  ჯიხურების განთავსების უფლება „ვაით დისტრიბუშენმა" მიიღო. რაც „პრესის ასოციაციამ" კვლავ გააპროტესტა. მერიასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ასოციაციამ მიიღო დაპირება, რომ ჯიხურების განთავსების უფლებას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მიიღებნენ. საბოლოოდ კი ჯიხურების ჩადგმის ნებართვა სწორედ ზემოთაღნიშნულმა პრივილეგირებულმა ფირმებმა მიიღეს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test