შემოგვიერთდი

02.10.2011 15:19

შეერთებული შტატების საგანგებო სამსახური 9 1 1 და ამერიკული მედია

David Mchedlidze
ჟურნალისტის ჩანაწერები

9 1 1 -ში თბილად გვხვდებიან. გვათვალიერებინებენ ოფისს და თანამედროვე ტექნიკას. 9 1 1 თვითონ არ იღებს ოპერაციებში მონაწილეობას, მისი ფუნქცია სხვა, განსაკუთრებული სამსახურების მობილიზებაა. ეს უფრო სადისპეჩეროა სადაც წელიწადში 1 მილიონი ზარი შედის, საუბარია სენტ პოლის 9 11-ზე. აქ 130 ადამიანი მუშაობს, სამუშაო სისტემას ცვლის უფროსები აწესრიგებენ. ეს სამსახური ინფორმაციას ანაწილებს პოლიციის , სახანძრო, სასწრაფო და სამაშველო სამსახურებს შორის. ყველაფერი დამოკიდებულია ზარის შინაარსზე. სამსახურის თანამშრომლები გვეუბნებიან, რომ ხშირად ცრუ გამოძახებებიც არის, მაგრამ ამის გამო არავის სჯიან. ასეთი ზარების რაოდენობა მას შემდეგ იზრდება, რაც სკოლებში 9 1 1-ის შესახებ გაკვეთილები ჩატარდება. რაც შეეხება ჟურნალისტებთან ურთიერთობას, 9 1 1 ის წარმომადგენელი დონ სმილი (don smiley) ამბობს რომ კომუნიკაცია ყოველდღიურად აქვთ. აწვდიან ინფორმაციას, მომხდარი ფაქტების შესახებ. მისი აზრით, ჟურნალისტებთან ურთიერთობა სამსახურისთვის  სასარგებლოა. ხდება  შემთხვევები, როცა მედიის წარმომადგენლები 9 1 1 -ის რადიოსიხშირეზე სხდებიან და ასე, ოპერატიულად იგებენ მომხდარი შემთხვევების შესახებ. ამის გამო ჟურნალისტებს არავინ საყვედურობს. თუმცა რაციით სრული ინფორმაცია არ გადაიცემა, მაგრამ რეპორტერებისთვის ესეც საკმარისია, რადგან  ამ გზით შემთხვევის ადგილის დაგენა ხდება. სრულ ინფორმაციას კი საგანგებო სამსახურების წარმომადგენლები მანქანებში არსებულ მონიტორებზე იღებენ, ელექტრონული ინფორმაციის გადაცემას 9 1 1 უზრუნველყოფს. დავინტერესდი , ინფორმაციაზე მონადირე, ახალი ამბების ჟურნალისტებს, კონფიდენციალური წყაროები თუ ჰყავთ- მეთქი,  იყო ასეთი შემთხვევაო, მიდასტურებს დონი. ერთი მათი თანამშრომელი ერთ ჟურნალისტს ინფორმაციას მუდმივად ყველაზე ადრე აწვდიდა. როგორც გვეუბნება, ამას უსასყიდლოდ, მხოლოდ იმიტომ აკეთებდა, რომ სამსახურზე იყო განაწყენებული. იმ  ჟურნალისტს ამის შემდეგ თვითონ 9 1 1 ის სამსახურმა შესთავაზა თანამშრომლობა და საიდუმლო წყაროს არსებობას აზრი აღარ ჰქონდა. ცოტა რამ ისტორიიდან. 9 1 1- ზე პირველი ზარი ალაბამაში 1968 წელს განხორციელდა. მაშინ სატელეფონო კომპანიამ საგანგებო სადისპეჩეროს თავისუფალი ინდექსი 9-იანი გამოუყო. დისკიან ტელეფონზე ამ ნომრის აკრეფა ადვილი იყო, რადგან ორი ერთიანის აკრეფა ყველაზე ნაკლებ დროს მოითხოვდა. მასპინძლებს აინტერესებთ, როგორ მუშაობს საქართველოს ოპერატიული სამსახურები და როგორი კომუნიკაცია აქვთ მედიასთან, ვეუბნებით, რომ კომუნიკაცია პრობლემურია. პოლიციიდან ინფორმაციის გამოტანა რთულია და საქართველოს შსს მხოლოდ საკუთარ მასალებს აწვდის ჟურნალისტებს. იმასაც იგებენ, რომ პოლიციელები არცთუ იშვიათად ჟურნალისტების უფლებებს არღვევენ. 9 1 1 -ის თანამშრომლები გაკვირვებულები არიან და გვეუბნებიან, რომ ამერიკაში ყველაფერს ინფორმაციის თავისუფლების აქტი არეგულირებს და შეუძლებელია ჟურნალისტს საჯარო ინფორმაციაზე უარი ეთქვას. ლექციის დასასრულს, მთავარ სადისპეჩერო დარბაზში შეგვიყვანეს.  ოპერატორების მაგიდებთან ლურჯი სინათლე ციმციმებს, ეს ნიშნავს, რომ მათი გადაღება არ შეიძლება. ამ დიდ დარბაზში  ხმაურს ვერც გაიგებ, ოპერატორები თანაქალაქელებს მშვიდად ესაუბრებიან და ცდილობენ მათგან მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ, რათა დახმარება სწრაფად და ხარისხიანად აღმოუჩინონ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test