შემოგვიერთდი

02.10.2011 15:44

გასაკეთებელი FACEBOOK-შიც ბევრია

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

საგრძნობლად იმატა ქართველი პოლიტიკოსების რიცხვმა სოციალურ ქსელ facebook-ში. ერთი ხანობა აქტიურობდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებსაც ტრადიციულ მედიასაშუალებეზე ხელი ნაკლებად მიუწვდებათ, სოციალური ქსელი პლუს ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი კი ინფორმაციის გადაცემის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საკუთარი იდეების გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და დემოკრატიული საშუალებაა, რითაც აქტიურად სარგებლობენ კიდეც ჟურნალისტები, საომოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და უბრალოდ აქტიური მოქალაქეები.  თუმცა, ბოლო დროს,  თვალშისაცემი გახდა ხელისუფლების წარმომადგენელთა მზარდი აქტიურობაც. ცენტრალურმა არხებმა არ დაიზარეს და სპეციალური სიუჟეტები უძღვნეს პარლამენტის თავმჯდომარის ვირტუალურ ცხოვრებას. თურმე, დავით ბაქრაძის ღია ჯგუფს ფეისბუკში 30 ათასზე მეტი წევრი ჰყოლია.

არ დავიზარეთ და დავით ბაქრაძის გვერდს ფეისბუკში ჩვენც ვესტუმრეთ. 1 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარეს ასეთი ჩანაწერი გაუკეთებია:

„მეგობრებო! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას აქტიურობის და მხარდაჭერისთვის. როგორც ხედავთ, ჩვენ უკვე 30 ათასზე მეტი ვართ, რაც ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ გვექნება ერთმანეთთან შეხვედრის შესაძლებლობა :) ამ დღეებში რამდენიმე მივლინება მაქვს ქვეყნის გარეთ, ამიტომ გთავაზობთ, რომ შეხვედრები შედგეს ცოტა მოგვიანებით. ზუსტ თარიღს რამოდენიმე დღეში გაცნობებთ. შევთანხმდით? :)"

დავით ბაქრაძის ეს სტატუსი 17-მა „მეგობარმა" გაიზიარა, 470-მა მოიწონა, გამოხმაურების რაოდენობამ კი 150-ს მიაღწია.

პარლამნეტის თავმჯდომარის „მეგობართა" დიდი ნაწილი ამ ჩანაწერმა უზომოდ გაახარა. ირმა გ. წერს: „ბატონო დავით, ამ სიაში მოხვედრის დიდი იმედი მაქვს.  ველოდები ძალიან. გაიხარეთ, ბატონო დავით. დიდებული პიროვნება ბრძანდებით. არ მეგონა თუ კიდევ შედგებოდა შეხვედრა."

თუმცა, არიან ისეთი „მეგობრებიც", რომლებზეც შეიძლება თამამად ითქვას, რომ მეგობრები სულაც არ არიან. ასეთია ვინმე ვიტალი, მაგრამ მისი კომენტარის ნახვა იმის გამო, რომ წაშალეს, შეუძლებელია, თუმცა ბაქრაძის „კედელს" შემორჩა გამოხმაურებები ვიტალის „კომენტარზე". „ვიტალი, ვის წერ ამას?" - კითხულობს დავით დ. გაცილებით მკვეთრია შოთიკო დ: „რას იწყევლები! წყევლა რა კაცის საქმეა, რამ გაგაბოროტათ ასე? ,,ვიტალის" საყურადღებოდ, ძალიან გთხოვთ თუ ვინმე არ მოგწონს, მაშინ იმ გვერდს ეწვიეთ ვინც მოგწონთ".

თაკო პ. დავით ბაქრაძეს მელაანში მომხდარი ინციდენტის (http://www.youtube.com/watch?v=e7JKe0KBbgs&feature=player_embedded) შესახებ აწვდის ინფორმაციას  და თან ეკითხება, ასეთი რამ რომ ხდება საქართველოში, იცით?"

თაკო პ.-ს ეს შეკითხვაც უპასუხოდაა დარჩენილი.

ცხადია, დავით ბაქრაძე გამონაკლისი არ არის. ფეისბუკში აქტიურობენ მთავრობის წევრები და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დახურული უწყების - სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ხელმძღვანელიც კი. ხათუნა კალმახელიძის გვერდს ფეისბუკში 10 ათასზე მეტი ადამიანი იწონებს. არც ერთი შეკითხვა სასჯელაღსრულების სისტემაზე, პატიმართა ყოფაზე...  კედელზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე მინაწერებიც, გამონაკლისის გარეშე, სითბოთი და კეთილგანწყობითაა გამსჭვალული.

„ყოველთვის თვალს ვადევნებ ქალბატონო ხათუნა ამ სოციალური ქსელის მეშვეობით თქვენს საქმიანობას და ძალიან მომწონს თქვენი ყველა ის საქმე, რასაც ახორციელებთ. უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. წარმატებული და ძლიერი მინისტრი ბრძანდებით, თან ულამაზესი, ჭკვიანი და განათლებული ქალბატონი."  - ეს არის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ გაკეთებული ჩანაწერი, თუმცა ასეთი პოზიტიური კომენტარიც კი გამოხმაურებისა და მოწონების (like-ის) გარეშეა დარჩენილი.

ხათუნა კალმახელიძისა და დავით ბაქრაძის გარდა ფეისბუკში საკუთარი გვერდი აქვს გახსნილი ხელისუფლების თითქმის ყველა წარმომადგენელს და ყველა მათგანი ერთმანეთის მეგობარ-მომწონებულია! ფეისბუკის ვირტუალურ სამყაროში თქვენ შეხვდებით თვით ზურაბ ადეიშვილსაც კი, თუმცა იუსტიციის მინისტრი წერაშიც ისეთივე ლაკონურია, როგორც მეტყველებაში. „Georgia 81 - Belgium 59 at Eurobasket 2011..." - ესაა მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ჩანაწერი.

ზურაბ ადეიშვილის კედელზეც ძირითადად მადლიერი მოქალაქეები აქტიურობენ. მაგალითად,  ვახტანგ კ. დიდ მადლობას უხდის იუსტიციის მინისტრს გრემის კომპლექსის აღდგენისათვის, თუმცა უნდა ითქვას, რომ ტრადიციულად ჩრდილში მდგომ ბატონ ზურაბს სულ რაღაც 1500-მდე „მომწონებელი" ჰყავს, დანარჩენებს კი ალბათ იმის გამო, რომ ტელევიზორშიაც არ უნახავთ, უბრალოდ არ სჯერათ მისი არსებობისა...

ცხადია, ბაქრაძე, კალმახელიძე და ადეიშვილი გამონაკლისი არაა. ძალაუფლებით აღჭურვილი პოლიტიკოსები, როგორც წესი, ქმნიან ღია ჯგუფებს, სადაც გაწევრიანება ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, თუმცა, ცხადია,  ჯგუფში გაწევრიანება არ ნიშნავს გარდაუვალ უკუკავშირს და სრულყოფილ კომუნიკაციას. მინისტრის ან სხვა რომელიმე თანამდებობის პირის ჯგუფის ადმინისტრატორი თქვენგან, როგორც წესი, მხოლოდ დადებით გამოხმაურებას ელის. ეს ერთგვარი ფანკლუბია, რომელშიც კითხვა-პასუხის რეჟიმი ცუდ ტონად ითვლება. ისე, საინტერესოა, ვინ არიან ეს მომწონებელ-მეგობრები?  ცხადია, ყველა მმართველი პარტიის წევრი, სახელმწიფო სამსახურში მყოფი წვრილი მოხელე ან მისი ოჯახის წევრი არ იქნება, თუმცა ამას, როგორც ჩანს, არსებითი მნიშვნელობა არცა აქვს, ვირტუალური სივრცის მთავრი კაპიტალი ხომ მომწონებელთა რაოდენობაა!  როგორც ჩანს, სწორედ ამ კაპიტალის შესაგროვებლადაა გამოცხადებული მმართველი პარტიისა და ხელისუფლების წინასაარჩევნო მობილიზაცია ფეისბუკში.  ქვეყანაში,  სადაც მკვდარი სულებით არჩევნების მოგების დიდი გამოცდილება არსებობს, პოლიტიკოსები ვურტუალური მხარდაჭერიდანაც გამოადნობენ რამეს. ასე რომ, გასაკეთებელი FACEBOOK-შიც ბევრია!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test