შემოგვიერთდი

03.10.2011 08:18

შპს „ალია-ჰოლდინგი" შემოსავლების სამსახურს სასამართლოში უჩივის

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

3 ოქტომბრის ნომერში გაზეთი „კვირის ქრონიკა" ARC-ის (გამოყენებითი კვლევების კომპანია) მიერ გამოქვეყნებულ ქართული გაზეთების რეიტინგის ობიექტურობას ეჭვის ქვეშ აყენებს. კვლევის მიხედვით, აღნიშნულ სიაში „კვირის პალიტრა" 41.4%-ით ლიდერობს, მას „პრაიმტაიმი" მოყვება. შემდეგ ადგილებს „ქრონიკა", „24 საათი" და „ალია" ინაწილებენ. ჟურნალისტის ეჭვი იმან გამოიწვია, რომ გაყიდვების მიხედვით „24 საათი" უფრო რეიტინგული ყოფილა, ვიდრე „ალია", თუმცა უფრო „კითხვადი" გაზეთი „24 საათთან" შედარებით „ალია" აღმოჩნდა. აქვეა დაბეჭდილი ინტერვიუ კომპანიის ხელმძღვანელ მარინა იმერლიშვილთან. გაზეთის ჟურნალისტი ARC-ის ხელმძღვანელს კვლევის დამკვეთის ვინაობის გამხელას სთხოვს, რადგან ეჭვობს, რომ დამკვეთი ხელისუფლების წარმომადგენელია. თუმცა იმერლიშვილი პასუხისგან თავს იკავებს.

ამავე ნომერში შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია „კვირის ქრონიკისა" და „ალიას" შემოსავლების სამსახურთან სასამართლოში დავის შესახებ. „ალია ჰოლდინგი" სახელმწიფო უწყებას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას დაშვებულ დარღვევებზე ედავება. საქმე ეხება  „ალია ჰოლდინგის" მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციებს. 20 სექტემბერს 24 სახელმწიფო უწყებას მათ 114 წერილი გაუგზავნეს, მათ შორის, შემოსავლების სამსახურს, რომელშიც მოთხოვნილია 2010 წლის ივლისიდან 2011 წლის აგვისტოს ჩათვლით რა რაოდენობის ბენზინი და დიზელის საწვავი შემოვიდა საქართველოში, კონკრეტულად რომელი ქვეყნებიდან და რომელმა კომპანიებმა განახორციელეს ამ საწვავის იმპორტი. ერთი თვის შემდეგ აღნიშნულმა სახელმწიფო უწყებამ დაუბრუნა პასუხი გამოცემას. თუმცა, აღნიშნული ინფორმაციის ნაწილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად კომერციულ საიდუმლოებად ჩათვალა და პასუხისგან თავი შეიკავა. შპს „ალია-ჰოლდინგის" ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას არაკანონიერად მიიჩნევს და შემოსავლების სამსახურს სასამართლოში უჩივის.

„საზოგადოებრივი მაუწყებლისა" და „პიკ"-ის (პირველი საინფორმაციო კავკასიური) თემას განავრცობს 3 ოქტომბრის ნომერში გაზეთი „ახალი თაობა". „რაში ხარჯავს „პიკ"-ი 18 მილიონს", კითხულობს ჟურნალისტი და წერს, რომ „პირველი არხის" შენობა იყიდება, „მეორე არხი" ქუთაისში გადადის, ხოლო რუსულენოვან არხს 18 მილიონ ლარს უმტკიცებენ. ჟურნალისტის თქმით, ეს ინფორმაცია არხის ხელმძღვანელობამ „თითქმის დაადასტურა". ოფიციალური მიზეზით, შესაძლოა შენობა ავარიულობის გამო მართლა გაყიდონ, თუმცა ჟურნალისტი ეჭვობს, რომ გაყიდვის რეალური მიზეზი ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებაა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test