შემოგვიერთდი

07.10.2011 18:25

უხამსი წინადადება

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

„Indecent Proposal“ – „უხამსი წინადადება“ – ასე ჰქვია გასული საუკუნის 90–იან წლებში ჰოლივუდში გადაღებულ ფილმს (http://en.wikipedia.org /wiki/Indecent_Proposal), რომლის მთავარი გმირი, ფინანსური პრობლემების გადაჭრის მიზნით, იძულებულია დათანხმდეს მდიდარი ბიზნესმენის შეთავაზებას და ერთი ღამის სანაცვლოდ მილიონი დოლარი აიღოს. ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაც შეურაცხმყოფელია:

”შევიძენ ნებისმიერ ქართულ ტელევიზიას, რომელსაც საინფორმაციო გადაცემების ლიცენზია გააჩნია. იმისათვის, რომ მეპატრონეს (თუკი ასეთი არსებობს სააკაშვილის გარდა) გაყიდვის რეალური ინტერესი გაუჩნდეს, ვთავაზობ შემდეგს:

1. გადავიხდი საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ მეტ თანხას.

2. შეძენიდან მაქსიმუმ ორი წლის შემდეგ, მის დღევანდელ მფლობელს ტელევიზიას დავუბრუნებ სიმბოლურ ფასად _ 1 (ერთ) ლარად.“

ბიძინა ივანიშივლიც, ფილმის პერსონაჟის (ანტაგონისტის) მსგავსად, დარწმუნებულია, რომ „ყველაფერი იყიდება“, მითუფრო იყიდებიან ქართული მედიაორგანიზაციები, რომელთა ღირსებაზე ბიზნესმენს მაღალი წარმოდგენა ისედაც არ აქვს. 7 ოქტომბერს გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ:

„ყველა ტელევიზიას, მათ შორის "მაესტროს" და "კავკასიას", სააკაშვილი აკონტროლებს. დასახელებული ტელეარხები სპეცდანიშნულების ფსევდოოპოზოციურ მედიასაშუალებებს წარმოადგენენ“.

წლების წინ ბიძინა ივანიშივლი თავად ფლობდა ტელევიზიას, რომელსაც საინფორმაციო გადაცემების ლიზენზია გააჩნდა, მაგრამ იმაზე, თუ რატომ შეელია ბიზნესმენი ძვირადღირებულ საკუთრებას, საჯარო განმარტება არ გაუკეთებია. 2009 წელს ჟურნალ “ცხელს შოკოლადში” გამოქვეყნდა სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიება (http://shokoladi.ge/content/54-nabijit-ukan), საიდანაც საზოგადოებამ შეიტყო, რომ ტელეკომპანია "მე-9 არხი" 2004 წლის პირველ აპრილში დაიხურა: „ტელეკომპანიის ფაქტობრივი და ერთადერთი მფლობელი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი იყო. 2005 წელს მთელი ტექნიკა "მეცხრე არხიდან" "რუსთავი 2"-ში გადაიტანეს. ტელევიზია, 4 წელია, არ მუშაობს, თუმცა მას მარეგულირებელმა კომისიამ ლიცენზია არ ჩამოართვა. ჩვენ კითხვით მივმართეთ კომისიას, რაზეც გვიპასუხეს, რომ ტელეკომპანია "მე-9 არხის" მიმართ არ არის გამოყენებული რაიმე სახის სანქცია. დღეს "მე-9 არხის" 100%-იანი მეპატრონე არის ირაკლი ჩიქოვანი - "მაგი სტილის" დამფუძნებელი და "რუსთავი 2"- ის გენერალური დირექტორი.“

ცხადია, ბიძინა ივანიშვილს ტელევიზია (როგორც იარაღი) არჩევნების მოსაგებად სჭირდება (როცა არ ჰქონდა პოლიტიკური მიზნები, აკი იოლად შეელია კიდეც). თანაც, მძლავრი საბრძოლო იარაღის მოპოვების პარალელურად, ის ასევე ცდილობს ოპონენტის განიარაღებასაც. ივანიშვილი პირდაპირი ტექსტით მიმართავს ჟურნალისტებს, მათ შორის პროსახელისუფლებო მედიაორგანიზაციებში დასაქმებულებს:

„დღეიდან, ყველა ჟურნალისტს, ვისაც თავისი ობიექტურობისა და პრინციპულობის გამო სამსახურიდან დაითხოვენ, ვთავაზობ ადგილს მომავალი პოლიტიკური პარტიის შტაბში არანაკლები ანაზღაურებით, რომელიც მათ ახლა გააჩნიათ. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ისინი პრივილიგირებული იქნებიან მომავალ საინფორმაციო ცენტრში თანამშრომლების შერჩევის დროსაც.“

სამამულო მედია მაღალი პროფესიული სტანდარტითა და პრინციპების ერთგულებით არასოდეს გამოირჩეოდა. ჟურნალისტთა დიდი ნაწილისთვის ყოველთვის დაუძლეველი იყო გრავიტაცია, რომელსაც ფული და ძალაუფლება წარმოქმნიდა. ცხადია, არიან პრინციპული ჟურნალისტებიც, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ტელეჟურნალისტთა პროფესიული ამქარი ორ პირობით ნაწილად იყოფა: პირველში შედიან ის ჟურნალისსტები, რომლებიც ერთხელ გაიყიდნენ, მეორეში კი ისინი, ვინც ყოველ ჯერზე იყიდებიან!

თქმა არ უნდა, საქართველოში ტელემედია პოლიტიკური ბრძოლის მძლავრი იარაღია! ნიმუშად გამოდგება 2003 და 2007 წლები, როცა ჯერ „რუსთავი 2“–ის საშუალებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „შევარდნაძის ჭაობის“ დაძლევა შეძლო, ხოლო  შემდეგ პოლიტიკური ბრძოლის მოწინავე პოზიციებზე გადასროლილი „იმედით“ ბადრი პატარკაციშვილმა კინაღამ ხელისუფლება შეცვალა.

ტელემედიის ფუნქცია და როლი კიდევ უფრო  დამახინჯდა 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ. საინფორმაციო გადაცემები გაჯერდა დაუბალანსებელი, პროპაგანდისტული მასალით. ფაქტი, კომენტარი, მნიშვნელოვანი თუ  მეორეხარისხოვანი ამბები – ყველაფერი ერთმანეთში აირია. პროსახელისუფლო ტელევიზიები ახალი ამბების კუსტარული სამჭედლოებად გადაიქცნენ. ერთერთი ტელეკომპანიის სარეკლამო სლოგანი „ახალი ამბები კეთდება აქ“,  ამ გარემოების ერთგვარ გამოვლინებადაც შეიძლება მივიჩნიოთ.

ინფორმაციულ საუკუნეში მითების შესაქმნელად აღარაა საჭირო ხალხების მრავალსაუკუნოვანი ძალისხმევა – თანამედროვე მითები შესაშური სისწრაფით ჩამოდის პოლიტიკოსების მიერ მართული ტელევიზიების კონვეიერებიდან.

„ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ არაფერია დაკარგული, ომი გრძელდება“ – ესაა ტელევიზიების დახმარებით შექმნილი ყველაზე ცნობილი მითი. ამავე მითიდანაა ის, რომ ამ ომის ერთგვარი გაგრძელებაა რუსეთის მიერ მართულ ოპოზიციასთან ხელისუფლების ბრძოლა. შესაბამისად ტელემედიის მიერ ოპოზიციაზე ხელისუფლების ყოველი გამარჯვება საღდება როგორც რუსეთზე გამარჯვება, რუსეთის გეგმების ჩავარდნა, ხელისუფლებაში მყოფი ძალის დამარცხება კი იქნებოდა მოსისხლე მტრის, ანუ რუსეთის გამარჯვება და საქართველოს გაქრობა პოლიტიკური რუკიდან. ცხადია, ეს არაა მედიის საშუალებით შექმნილი ერთადერთი მითი, მითუფრო, რომ მითები მხოლოდ ხელისუფლებისთვის არ იქმნება.

როგორია ბიძინა ივანიშვილის მითი?

ამ მითის სახელია ჭორვილა – კეთილდღეობასა და ფუფუნებაში ჩაძირული სოფელი–სამოთხე, რომლის მცხოვრებლებს, მდიდარი თანასოფლელის ბიძინა ივანიშვილის წყალობით, მოხსნილი აქვთ ყველა სახის მატერიალური პრობლემა. მითის თანახმად, საქართველო ერთ დიდ ჭორვილად იქცევა, სადაც ყველას ექნება იაფი გაზი, დენი, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, სამყოფი პენსია თუ სხვა სახის ფულადი შემწეობა და, სამართლიანი მმართველის ხელში, ქვეყანა იცხოვრებს პასტორალურ იდილიაში...

ეს მითი ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიის დახმარების გარეშე, მასშტაბური ქველმოქმედების საშუალებით შექმნა. საინტერესოა, რას შესთავაზებს ის საზოგადოებას, თუკი რომელიმე ტელევიზიის ფაქტობრივი მფლობელი გახდება? თუმცა, მითის შექმნამდე ქართველი მულტიმილიარდელი ალბათ განსხეულებას შეეცდება და ტელევიზორის ეკრანიდან მაინც დაენახვება ამომრჩეველს. რაც უნდა ვთქვათ, საინფორმაციო ერაში სპირიტიული სეანსი ვერ ჩაითვლება საზოგადოებასთან ურთიერთობის ყველაზე ეფექტიან საშუალებად!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test