შემოგვიერთდი

10.10.2011 08:25

ბიძინა ივანიშვილი პრესის ყურადღების ცენტრში (10 ოქტომბრის მედია დაიჯესტი)

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

10 ოქტომბრის ქართული პრესის ყურადღების ცენტრში ქართველი მილიარდელის ბიძინა ივანიშვილის მიერ 7 ოქტომბერს  გავრცელებული განცხადება მოექცა.  ივანიშვილმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების შეცვლის მიზნით ოპოზიციური პარტიის შექმნას აპირებს,  განაცხადა, რომ  ნებისმიერ ქართულ საინფორმაციო ტელეარხს იყიდის და  მზად არის, საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ მეტი  გადაიხადოს.  განცხადებაში ბიზნესმენი აცხადებს, რომ „მაესტროსაც“ და „კავკასიასაც“ მიხეილ  სააკაშვილი აკონტროლებს და ისინი ფსევდოოპოზოციური მედიასაშუალებები არიან.

„ჟურნალისტები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“-, ამ სათაურით 10 ოქტომბრის „კვირის ქრონიკა“ ქართული მედიის წარმომადგენლებთან ინტერვიუს გვთავაზობს. ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი გამოცემასთან საუბარში აცხადებს: „რატომ დახურა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „მე–9 არხი?“ რატომ აატირა ჟურნალისტები?“, ასე აპირებს ჩემი ტელევიზიის მართვასაც?“ მედიაექსპერტი  ია ანთაძის თქმით, კი „ნებისმიერი პოლიტიკოსის მისწრაფება არა პროპაგანდის შტაბის მედიაცენტრით ჩანაცვლება, არამედ დამოუკიდებელი მედიასაშუალების შექმნა უნდა იყოს“.

ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლით ეთერს ითხოვს. ამ ინფორმაციას 10 ოქტომბრის „მთელი კვირა“ ავრცელებს.  სტატიიდან ირკვევა, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობა ბიზნესმენის ინიციატივაზე თანხმობას გამოთქვამს, თუმცა კონკრეტულად „პირველი არხის“, რომელ  პოლიტიკურ ტოქ-შოუში მიიღებს მონაწილეობას ივანიშვილი, უცნობია. მის წარმომადგენლებს არხის ხელმძღვანელობასთან ამ თემაზე მოლაპარაკებები არ დაუწყიათ.  ივანიშვილის პრესმდივნის, ირაკლი ტრიპოლსკის მიერ 8 ოქტომბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ივანიშვილი 14 ოქტომბრიდან იქნება მზად, საზოგადოებრივ არხზე ნებისმიერ ფორმატში ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხოს.  მაუწყებლის  გენერალური დირექტორის მოადგილის ხათუნა ბერძენიშვილის განცხადებით, „პირველი არხი ივანიშვილს სთავაზობს რომელიმე პოლიტიკურ თოკშოუში მიიღოს მონაწილეობა და არა რაიმე ახალ ფორმატში“.

„ქუხილი მოწმენდილ ცაზე“-ასე ასათაურებს „კვირის პალიტრა“ ბიზნესმენის განცხადებას. გაზეთთან საუბარში „მაესტროს“ ერთ–ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ივანიშვილის შემოთავაზებას „უხამსს“ უწოდებს.

„მას [ივანიშვილი]დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიებების ან სხვა გადაცემების დაფინანსება რომ შემოეთავაზებინა, სხვა საქმე იქნებოდა“, -აცხადებს ღლონტი.

სტატიაში „ელიტური თესლი ქართულ პოლიტიკაში“, - გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტი სალომე უგულავა აღნიშნავს: „ივანიშვილი პრაქტიკულად არ ჩნდებოდა მედიით. მისი მხოლოდ ერთადერთი ინტერვიუ არსებობს. საზოგადოება ივანიშვილს, როგორც ტელეკომპანია „მე–9 არხის“ მფლობელს იცნობდა, ტელეკომპანია 2004 წელს დაიხურა.

გაზეთი „კვირის პალიტრა“ 10 ოქტომბრის ნომერში ტელე–რადიოკომპანია „თრიალეთის“ დამფუძნებელის  ჯონი ნანეტაშვილის მიერ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის ფაქტს ეხმაურება. ნანეტაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისა და საფრანგეთის ელჩს საქართველოში ერიკ ფურნიეს  პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით 6 ოქტომბერს მიმართა. ნანეტაშვილის თქმით, მას ტელევიზიის გაყიდვას აიძულებენ.

„ზეწოლაა ყველა მხრიდან. მ ბიზნესმენებს, რომელთაც  თრიალეთში რეკლამა  მოაქვთ შავ დღეში აგდებენ“_ აცხადებს ნანეტაშვილი „კვირის პალიტრასთან“ საუბარში.

„2010 წლის 29 ნოემბერს ქარელში მცხოვრები ნინო მარჯანიძე და ორი ჟურნალისტი კაფეში შემთხვევით შეესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების საუბარს ჩემ შესახებ, რომ აამ შემთხვევაში თუ ტელევიზია იმავე კურსით გააგრძელებდა მუშაობას,ჩემი ფიზიკური ლიკვიდაცია გახდებოდა საჭირო.“

10 ოქტომბრის „კვირის ქრონიკა“ ოპოზიციური „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელთან  ანი მიროტაძესთან ინტერვიუს გვთავაზობს. მიროტაძე   აცხადებს, რომ „საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ ვანო მერაბიშვილმა იყიდა“

მისი თქმით, ერთსულოვნებას ფინანსური პრობლემები აქვს. ინფორმაციამ საპატრიარქოდან გაჟონა და ხელისუფლება  ტელევიზიის ყიდვით დაინტერესდა.

„დანამდვილებით ვიცი და კატეგორიულად ვაცხადებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გახდება  საპატრიარქოს ტელევიზიის „ერთსულოვნების“ პატრონი“- აცხადებს მიროტაძე „კვირის ქრონიკასთან“ საუბარში .

ჟურნალი „ტაბულა“ 10 ოქტომბერს გამოქვეყნებულ  სტატიაში „უცხოპლანეტელთა „იმედი“, ქართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხება.

„SETI, ანუ კოსმოსური ძიების სააგენტო სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. მეცნიერთა მტკიცებით, დედამიწას სამი გიგანტური მფრინავი ობიექტი უახლოვდება“- ასე გახსნა 30 სექტემბრის მთავარი საინფორმაციო გამოშვება ტელეკომპანია „იმედმა“. მაუწყებელმა ხსენებული სააგენტოს მსგავსად წყაროდ   გამოცემა „guardian”–სა და wikileaks  დაასახელა.

მფრინავ თეფშებზე შეთხზული ამბავი სწრაფად აიტაცეს სხვადასხვა ინტერნეტსააგენტოებმა,  presa.ge-მ  და itv.ge –მ. თუმცა, netgazeti.ge-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიით ვითარებას ნათელი მოეფინა.

ზემოთაღნიშნული ფაქტი ცნობილი სადეზინფორმაციო სააგენტოს weeklyworldnews.com–ის გავრცელებულია, რომელიც ქართულმა მედიასაშუალებებმაც აიტაცეს.

„შესაძლოა ცალკე აღებულ ინფორმაციას საზოგადოებაზე დიდი გავლენის მოხდენა არ ძალუძს, მაგრამ მედიის არაკომპეტენტურობის მორიგ დასტურად ნამდვილად გამოდგება“, აღნიშნავს სტატიის ავტორი ნინო მაჭარაშვილი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test