შემოგვიერთდი

11.10.2011 15:37

11 ოქტომბრის პრესის დაიჯესტი

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

11 ოქტომბრის ნომერში გაზეთი „ალია“ მკითხველს  მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელ ირმა ინაშვილთან ინტერვიუს სთავაზობს.

ინაშვილი უარყოფს სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქართველმა მილიარდელმა ბიძინა ივანიშვილმა „ობიექტივში“ ფული ჩადო.

 „ბატონ ბიძინას სულისკვეთებას მივესალმები, რომ სურს დაეხმაროს ქართულ მედიას, თუმცა ამისათვის არ არის აუცილებელი საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდეს ბიზნესმენი, ან პოლიტიკოსი“, აცხადებს ინაშვილი. მისი თქმით,  მედიასაშუალების მფლობელები თავად ჟურნალისტები უნდა იყვნენ.

ინტერვიუდან ირკვევა, რომ „ტელეარხი 25“–ის  (ბათუმი) პირდაპირ ეთერში ყოველდღიურად  „ობიექტივის“ 2–2 საათიანი პროექტები გადის. ჩართვა „ობიექტივის“ სტუდიიდან ხდება.

„თითქმის ორი კვირაა ასე ვმაუწყებლობთ და კვლევებმა აჩვენა, რომ აჭარაში საკმაოდ პოპულარული გახდა ასეთი ფორმატი“.

ინაშვილი მაუწყებლობის მოცულობის გაზრდასაც გეგმავს, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს.

გაზეთ „ალიას“ 11 ოქტომბრის ნომერშივე  ვკითხულობთ, რომ  ტელეკომპანიები „მაესტრო“ და „კავკასია“ მზად არიან ბიძინა ივანიშვილს საეთერო დრო გამოუყონ.  ფორმატი, რომელსაც ეს ორი ტელეკომპანია ერთობლივად სთავაზობს ბიზნესმენს განსხვავებული და ფართოა. გამოცემა „მაესტროს“ განცხადებას ეყრდნობა. მათი ცნობით, პირდაპირ ეთერში მონაწილეობა უნდა მიიღოს ბევრმა ჟურნალისტმა რათა, „მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს საზოგადოების ინტერესი, რომელიც გამოწვეულია პოლიტიკურ ასპარეზზე ბიზნესმენის  გამოჩენით.“ ტელეკომპანიები  მზადყოფნას გამოხატავენ ღონისძიებაში ყველა დაინტერესებული მედიასაშუალება ჩართოს.

ბიზნესმენის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ტრიპოლსკიმ „ალიასთან“ საუბარში ტყუილი უწოდა სააგენტო „ჯეონიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილი დათანხმდა  „მაესტროსა“ და „კავკასიის“ შემოთავაზებას, საკუთარი კაბინეტიდან პირდაპირ ეთერში ჩართულიყო. 

გამოცემის ამავე ნომერში პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება

 „ივანიშვილმა, რომელიც ახლა შემოდის პოლიტიკაში, გულწრფელად თქვა თავისი სათქმელი ამ ტელევიზიებთან დაკავშირებით. ჩვენთვის 8 თვე დახურული იყო „კავკასიის“ ეთერი, მე გამოვხატე ჩემი გულისტკივილი „მაესტროს“ მისამართითაც, რომ სახალხო კრებას არ ჰქონდა ისეთი მხარდაჭერა როგორიც უნდა ჰქონოდა“- აცხადებს ბურჯანაძე.

 „მაესტროს“ გენერალური  დირექტორი ბაჩო კიკაბიძე არაკორექტულს უწოდებს ბურჯანაძის მხრიდან იმის მტკიცებას რომ 26 მაისი სათანადოდ არ გაშუქდა.

 „ალიას“  „კავკასიის“ გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კომენტარიც აქვს მოყვანილი:

 „ისინი გაშუქებას არ ითხოვენ. ისინი ითხოვენ მხარდაჭერას. მე ამას არ ვაპირებ. ბურჯანაძემ თავი დაანებოს „კავკასიას“.

გაზეთი „ახალი თაობა“  11ოქტომბრის ნომერში სააგენტო „ჯეონიუსის“ ინფორმაციას აქვეყნებს. პრორუსული ორგანიზაციის  „ერეკლე მეორის საზოგადოების“  თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია „კავკასია“ სახელისუფლებო ტელევიზიაა.

 „წელიწადნახევრის წინ,  როდესაც 7 ადამიანი დაიჭირეს „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში,  ჩვენ და რამდენიმე ორგანიზაციამ ჩავატარეთ საპროტესტო აქცია და ათასამდე ხელმოწერა მივიტანეთ საპატრიარქოში, მოვაწყვეთ მიტინგი, რომელშიც 100 კაცზე მეტი მონაწილეობდა, მათ [კავკასიას] კი არ გაუშუქებიათ. ყველაფერი მაშინვე დაახშეს“, აცხადებს ჭყოიძე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test