შემოგვიერთდი

13.10.2011 09:45

ციფრული ვაკუუმი

David Mchedlidze
ციფრული მაუწყებლობა

2015 წლის 15 ივნისი - დღე, როდესაც ევროპაში ანალოგური სიგნალი გაითიშება და  მაუწყებლობა მხოლოდ ციფრული სიგნალის მეშვეობით გავრცელდება. მეზობელ სახელმწიფოებს აღარ ექნებათ ვალდებულება დაიცვან ის სიხშირეები, რომლებზეც საქართველოს ტელერადიო კომპანიები ანალოგურ მაუწყებლობას ახორციელებენ.  ამ შეთანხმებას  ჟენევაში 2006 წელს მოეწერა ხელი. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა საერთაშორისო ვალდებულებაა. რიგ ქვეყნებში ეს პროცესი უკვე დასრულდა, საქართველოსგან განსხვავებით, სადაც  ციფრული მაუწყებლობის   სახელმწიფო სტრატეგიაც  კი არ არსებობს.

საქართველოს ტელეკომპანიები ამჟამად ანალოგური სიგნალით ავრცელებენ მაუწყებლობას, საერთაშორისო ვალდებულებით მისი გათიშვის კონკრეტული თარიღი სწორედ სახელმწიფომ უნდა დაადგინოს. ასევე მისი პრეროგატივაა ციფრული მაუწყებლობის მოდელის შერჩევა, რასაც ტელეკომანიები დაემორჩიელებიან და მიიღებენ. საქართველოში ამ პროცესის მართვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქვს დავალებული, მასში  გარკვეული დოზით ჩართულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიაც. თუმცა, არც ერთ უწყებას, ჯერ მაუწყებლობის მოდელიც კი არ შეურჩევია, საზოგადოებას კი ამ საკითხზე ინფორმაცია საერთოდ არ აქვს, მოსახლეობამ ისიც არ იცის, რომ დღეს არსებული ტელევიზორებით, სამი წლის შემდეგ,  შესაბამისი დეკოდერის გარეშე, ვერცერთ არხს ვერ დაიჭერენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა, რომ წელსვე, ივლისში,  საზოგადოებას კონკრეტულ სამოქმედო გეგმას წარუდგენდა, თუმცა ეს დაპირება არ შესრულდა. სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ჯემალ ვაშაკიძემ Media.Ge-ს უთხრა, რომ სტრატეგიის შემუშავება წლის ბოლომდეც ვერ  მოესწრება.

 „ეს ურთულესი პროცესია, ჩვენ არ უნდა გამოგვეპაროს  არც ერთი დეტალი, უნდა გავითვალისწინოთ ყველა მხარის ინტერესი. ამიტომ გაჭიანურდა სტატეგიის საბოლოო სახით ჩამოყალიბება. მთავარი საზრუნავია, რომ მოსახლეობა არ აღმოჩნდეს ციფრულ ვაკუუმში,“ - თქვა ვაშაკიძემ და დასძინა, რომ მთავარი სწორედ ამ დოკუმენტის შემუშავებაა, მისი შესრულება კი გაცილებით მარტივია. ვაშაკიძე ამბობს, რომ საერთაშორისო ექსპერტებმა უკვე შეისწავლეს საქართველოს რელიეფი და გარკვეული რჩევებიც მისცეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ქართულმა მხარემ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის დახმარება ევროპის განვითარების ბანკს სთხოვა. თანხმობა მიღებულია და საბოლოოო დოკუმენტიც მალე მომზადდება.

იმის გამო, რომ  ცუფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია სახელმწიფომ ჯერ ვერ შეიმუშავა,  „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ“ (GARB) 11 ოქტომბერს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრულ პლატფორმაზე გადასვლის საკუთარი ხედვა წარუდგინა. ასოციაციის მიერ შექმნილ მოდელში გათვალისწინებულია  ციფრული მაუწყებლობაზე გადასვლის საერთაშორისო გამოცდილება, რომლის  ანალიზი,  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დაკვეთით,  მედია სამართლის სპეციალისტმა ალექსანდრე ბარამიძემ  ჩაატარა. 

GARB-ი უწყებათაშორის მაკოორდინერებლი საბჭოს შექმნას ითხოვს, სადაც ჩართულები იქნებიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები.

„ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას ყველა ქვეყანამ ამგვარი საბჭო შექმნა, ეს პროცესი რომ დაიწყოს, საქართველომ  ქმედითი ნაბიჯები დროულად უნდა გადადგას,“ - აღნიშნა GARB-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა.

ჯემალ ვაშაკიძის განცხადებით კი, ამგვარი საბჭო მხოლოდ სტრატეგიის შემუშავების შემდეგ შეიქმნება.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას რამდენიმე უპირატესობა აქვს, უმთავრესი სიხშირეთა გაზრდილი რაოდენობაა, ყოველ მოცემულ სიხშირულ ზოლში შესაძლებელი გახდება 4-დან 16-მდე პროგრამული არხის გადაცემა. ეს კი მეტ მაუწყებელს ნიშნავს, აგრეთვე იზრდება გამოსახულებისა და ხმის ხარისხიც. თუმცა, ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა რთული პროცესია, რომელიც  დიდ დროს და  დაფინანსებას მოითხოვს. ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ეს ეტაპი  5-7 წელიწადში დაძლია,  თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში, პროცესი დღემდე გრძელდება. მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადართვა 1990-იანი წლების ბოლოს დაიწყო და ჯერ არ დაუსრულებია.  საქართველომ  ეს სამ წელიწადში უნდა მოახერხოს.

ამ ხნის განმავლობაში უნდა ჩამოყალიბდეს სტრატეგია, გადამცემ ანძებსა და სადგურებზე შეიცვალოს აპარატურა, მაუწყებლებმა უნდა დაფარონ მათთვის განსაზღვრული სამაუწყებლო ზონები, საზოგადოებას უნდა მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია, რათა ბაზარზე გაჩნდეს ინტეგრირებული ციფრული ტელევიზორები და მომხმარებელმა შეძლოს  ციფრული სიგნალის მიმღები აპარატის (დეკოდერები) შეძენა. ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ.  „მულტიპლექსის ოპერატორის“ ფუნქციაც.  მულტიპლექსი  არის ერთი სიხშირული ზოლი, რომელიც  16-მდე ციფრულ არხს ატარებს.  მულტიპლექსის ოპერატორი  შეიძლება გახდეს, ნებისმიერი ტელეკომპანია, ან უბრალოდ კომპანია. ოპერატორ კომპანიას სამაუწყებლო ლიცენზია არ სჭირდება. მისი ფუნქიცაა გარკვეული პროგრამების ან მომსახურების დაშვება სიხშირული ზოლის ფარგლებში.

 GARB-ი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი მინიმუმ ერთი მულტიპლექსის გამართვას, დანარჩენის შექმნა კი თავისუფალ ბაზარს მიანდოს, გარდა ამისა, მაუწყებლებს ციფრული არხები  უნდა გადაეცეთ   მათი ლიცენზიების   მოდერნიზების გზით, ისე, რომ პროცესი არ იწვევდეს ლიცენზიის ღირებულების ზრდას და სარგებლობის ვადის შემცირებას.

ერთადერთი, რაც ზუსტად არის გადაწყვეტილი, ესაა სამაუწყებლო ზონები. ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო გაერთიანებამ (ITU) საქართველოს 10 ციფრული სამაუწყებლო ზონა გამოუყო (იხილეთ სტატიის  ფოტო), ციფრული არხების რაოდენობამ კი 175 შეადგინა. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია მისთვის გამოყოფილი ზონის 90%  დაფაროს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახი ყურაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ნორმა ციფრულ სამაუწყებლო ზონებზეც გავრცელდება,  „თუ რამე არ შეიცვალა“.

„აქ არ იგულისხმება ტყეები, მთები და  დაუსახლებელი ტერიტორიები, საუბარია, ამ გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები მოსახლების 90%-ზე“, - განუმარტა media.ge-ს ყურაშვილმა.

ციფრულ სამაუწყებლო ზონებად ქვეყნის დაყოფამ გარკვეული პრობლემების წინაშე დააყენა რეგიონული მაუწყებლები. მაგალითად, შუაზე გაიყო გურიის რეგიონი,  ამიტომ ოზურგეთის ტელეკომპანია „გურია“ იმაუწყებლებს 253-ე ზონაში, რომელიც მოიცავს „შორეული“ სვანეთის ნაწილს (მესტია, ლენტეხი) და ვერ გაავრცელებს თავის გადაცემების 252-ე ზონაში მოხვედრილ მეზობელ ლანჩხუთში.

„ჩოხატაურისა და ლანჩხუთის აუდიტორიას ვკარგავთ, რაც ნიშნავს იმას, რომ „გურია“ გურიაში აღარ გავრცელედება, ამასთან ცაგერისა და ლენტეხის დაფარვა ყოვლად წარმოუდგენელია, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ფინანსები იმისათვის, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა გავმართოთ სვანეთის საკმაოდ რთულ რელიეფში,“ - ამბობს სამაუწყებლო კომპანია „გურიის“ ხელმძღვანელი ავთანდილ გველებიანი.

ახალი ზონების მიხედვით, ახალქალაქის ტელეკომპანიას (ჯავახეთი) მოუწევს დაფაროს ხულოს ტერიტორია (მაღალმთიანი აჭარა), მაშინ როდესაც აქ ბათუმური ტელევიზიები ვერ გაავრცელებენ საკუთარ მაუწყებლობას. მაგალითად, თელავის  ტელეკომპანია „თანამგზავრს, თუ ის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას შეძლებს,   მოუწევს თბილისის დაფარვაც, მაგრამ   მის გადაცემებს ვერ იხილავს გურჯაანის აუდიტორია. დედაქალაქში მაუწყებლობის გავრცელება დაევალებათ მარნეულისა და რუსთავის სამაუწყებლო კომპანიებსაც. რეგიონული ტელეკომპანიის გარეშე რჩება 257-ე ზონა, რომელიც სტეფანწმინდას და  ბარისახოს ტეროტორიას მოიცავს. ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ „ასეთი არხები გამარტივებული წესით  უნდა დაუშვან მოსაზღვრე სამაუწყებლო ზონაში.“

მიუხედავად იმისა, რომ ზონებად დაყოფა რამდენიმე რეგიონულ მაუწყებელს პრობლემას უქმნის, ჯემალ ვაშაკიძის თქმით, ეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია და ITU-სთან მოლაპარაკებების პროცესში ქართული მხარის პოზიცია მაქსიმალურად არის  გათვალისწინებული.

ზონების გამსხვილებასთან ერთად, მოსალოდნელია,  რამდენიმე პატარა ტელეკომპანიის დახურვა  ან, პირიქით,   გაერთიანება.  მაგალითად, სხვა მაუწყებლებთან კოოპერაციას გეგმავს ჭიათურის „იმერვიზია“.

„ჩვენ არ გვაქვს იმდენი რესურსი, არც ფინანსური და არც ადამიანური, რომ გაზრდილი ზონები დავფაროთ, ამიტომ გავერთიანდებით რომელიმე ტელეკომპანიასთან, ან მხოლოდ კონტენტის მწარმოებლები ვიქნებით და ერთგვარ სტუდიად გადავიქცევით,“ - აღნიშნა „იმერვიზიის“ ხელმძღვანელმა რამაზ გამეზარდაშვილმა.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში სწორედ ტელეკომპანიების მატერიალურ დახმარებას ითხოვს GARB-იც, გარდა ამისა, ასოციაციას მიაჩნია, რომ მთვარობამ სასწრაფოდ უნდა შეზღუდოს ქვეყანაში ისეთი ტელემიმღებების გაყიდვა, რომლებსაც არ აქვთ ციფრული სიგნალის მიღების საშუალება (ანალოგურთან ერთად) და პარალელურად უნდა წაახალისოს ციფრული მიმღებების შემოტანა/დისტრიბუცია. ასოციაციის მიერ წარდგენილი მოდელის მიხედვით, აუცილებლია გარდამავალი, ე.წ.  წ. სიმულქასთინგის  პერიოდი, როდესაც ანალოგური და ციფრული სიგნალი ერთდროულად გავრცელდება.

 „ამ ეტაპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რა სტანდარტით ვაპირებთ გადასვლას, ვინაიდან ახლა, რომ  რომელიმე მაუწყებელს აპარატურის გამოცვლა  მოუნდეს, ვერაფერს გააწყობს, რადგან  არ იცის სად და  როგორ იყიდოს“, - აღნიშნა კუპრაშვულმა. მისი თქმით, პრობლემები იქმნება ტელეპროექტებთან დაკავშირებით, ვინაიდან გრძელვადიანი სტატეგია ფაქტობრივად აღარ არსებობს და დონორ ორგანიზაციებთანაც მხოლოდ მოკლევადიანი პროექტების წარდგენა არის  შესაძლებელი.

ჯემალ ვაშაკიძეს მიაჩნია, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ტელეკომპანიებს შორის კონკურენცია გაიზრდება, რაც საბოლოო ჯამში პროდუქციის გაუმჯობესებას გამოიწვევს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test