შემოგვიერთდი

14.10.2011 09:25

ქართული მედია ახალი ამბების გაშუქებისას ქალთა უფლებებს ლახავს-მონიტორინგის შედეგები

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

რას ნიშნავს გენდერი, გენდერული თანასწორობა, გენდერმგრძნობიარობა, სექსისტური ენა? - ამ თემაზე 12 ოქტომბერს კლუბ „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ დისკუსია გაიმართა.

ქალისა და მამაკაცის თანასწორობა და მათი უფლებების გადანაწილება, მედიის მიერ გენდერული საკითხების ფაქიზად და დაბალანსებულად გაშუქება - მედიის განვითარების ფონდის (MDF) აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ხორბალაძემ და ექსპერტმა ქეთევან მსხილაძემ მედიაში ქალთა საკითხების გაშუქების ერთთვიანი (2011 წლის 15მარტი-15აპრილი) მონიტორინგის შედეგები GIPA-ს სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს წარმოუდგინა.  კვლევა, “ქალთა საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში,” MDF-მა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით, პროექტის “მონიტორინგი – პროფესიული მედიისთვის” ფარგლებში განახორციელა. 

ხსენებული პროექტით გათვალისწინებულია   პრესის,  რადიოს თუ ტელევიზიის მონიტორინგი  სხვადასხვა საკითხებზე. MDF-მა უკვე განახორციელა 6 მონიტორინგი, მათ შორის, ბავშთა საკითხების გაშუქების თემაზე, რეკლამის მინიტორინგი და სხვა. სულ 35 მონიტორინგი უნდა ჩატარდეს.

გენდერის თემამ  „ფრონტლაინში“ თავმოყრილი  აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. სტუმრებმა ბევრი შეკითხვა დასვეს. გამოსწორდა თუ არა ვითარება გაზაფხულის მერე? არის თუ არა ქართულ მედიასივრცეში ისეთი გადაცემა თუ გამოცემა, რომელიც, პირიქით, ხელს უწყობს მსგავსი სტერეოტიპების დარღვევას? როგორი სიტუაციაა ამ მხრივ საზღვარგარეთ?

როგორც გაირკვა, საქართველოში მხოლოდ ცალკეული ჟურნალისტი თუ ჟურნალისტური მასალა იცავს ბალანსს და არა მთლიანად  მედია ორგანიზაცია, ხოლო დასავლეთის ქვეყნებში იმდენადაა დაცული გენდერული ბალანსი, რომ ცალკეულ ენების ლექსიკაში  გარკვეული ცვლილებებიც არის შეტანილი. მსხილაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების   მიერ გენდერული საკითხების წინ წამოწევამ და გააქტიურებამ   შედეგი გამოიღო - „ყოველთვის, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ზოგჯერ სიუჟეტებსა თუ სტატიებში მეტნაკლებად დაბალანსებული და ნეიტრალური ტონი გვხვდება“, აღნიშნავს ექსპერტი. 

გენდერული დისკრიმინაცია არა მხოლოდ ჟურნალისტურ მასალებში გვხვდება. ის, რომ რიგითი მოქალაქე ქალები რესპონდენტებად არ არიან წარმოდგენილები, ან თუ არიან, მხოლოდ გასართობ და მსუბუქ თემატიკაზე საუბრობენ (როგორიცაა ონლაინ-მაღაზიები, გართობა და ა.შ.), ესეც, თავისთავად, დისკრიმინაციაა.

მაგალითად, 27 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველმა არხმა” მოამზადა სიუჟეტი - ინტერნეტ-შოპინგი; კომფორტი და საფრთხეები. სიუჟეტის თემა იყო ონლაინ შოპინგის პოპულარობის ზრდა საქართველოში და საფრთხეები, რომლებიც ინტერნეტით სხვადასხვა პროდუქციის შეძენას ახლავს. სიუჟეტის გმირები მხოლოდ ქალები იყვნენ მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში მამაკაცები არა ნაკლებ (მეტს თუ არა) ყურადღებას აქცევენ თავიანთ ჩაცმულობას, ვიდრე ქალები. ერთადერთი კაცი კომენტატორი გადამზიდავი კომპანიის თანამშრომელი იყო. “ეს სტერეოტიპული აზროვნების ნიმუშია - ქალს მარტო ჩაცმა-დახურვა აინტერესებს”, წერია მონიტორინგის დასკვნაში.

 „ჟურნალისტები, რომლებსაც საზოგადოება უსმენს და ენდობა, აუცილებლად უნდა იყვნენ გენდერმგრძნობიარეები, ანუ ისინი ყოველთვის უნდა ფიქრობდნენ, ლახავენ თუ არა ერთი ან მეორე სქესის უფლებებს ნებით თუ უნებლიეთ“, მიიჩნევს ქეთევან მსხილაძე.

მონიტორინგმა მოიცვა   შემდეგი  ტელეკომპანიების დღის მთავარი  საინფორმაციო გამოშვებები: საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“  და „კავკასია“, ხოლო ბეჭდური მედიიდან იკვლევდნენ „რეზონანსს“, „ასავალ-დასავალს“, „ალიას“, „კვირის პალიტრას“, „კვირის ქრონიკას“ და „24 საათს“.

მონიტორინგი ფოკუსირებული იყო იმ ჟურნალისტურ მასალებზე, რომელშიც ქალები და ქალებთან დაკავშირებული საკითხები შუქდებოდა. გენდერული ბალანსი და გაშუქების სიხშირე, ქალის მიმართ ძალადობა და ქალი დამნაშავეების გაშუქება, სექსისტური ენა, ჟურნალისტების გენდერმგრძნობიარობა - ამ ასპექტების მიხედვით დადგინდა, რომ ქართული მედია თითქმის არ უთმობს ქალებს ყურადღებას, არ რთავს მათ მასალებში თუ ეს ქალი ტიტულოვანი და ცნობილი პირი არაა; კვლევამ დაადგინა, რომ ქართული მედია არათუ ხელს უწყობს გენდერული სტერეოტიპების დანგრევას, არამედ პირიქით, უფრო ამყარებს და ნერგავს ახალ-ახალ სტერეოტიპებს ქალთან მიმართებაში.

„არ არსებობს ერთი კონკრეტული ფორმულა, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტი გაარკვევს, რა არის დისკრიმინაცია, რა არის შეურაცხყოფა და ა.შ. ამ ყველაფრის გასაგებად ცოტა მეტი დაფიქრებაა საჭირო“, ამბობს ექსპერტი.

„ქალებს უფრო მეტად ტკივათ“, „უფრო სუსტები არიან და ნაკლებადამტანები“, არსებობს „ქალური“ და „მამაკაცური“ პროფესიები და ინტერესები, „ქალების ადგილი სახლშია და არა - სამსახურში“, „ქალები უფრო ცუდად მართავენ მანქანას, ვიდრე - მამაკაცები“ - ერთთვიანმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ამგვარ და უფრო ძლიერ მესიჯებს გზავნიან ყოველდღიურად ქართული ტელევიზიები და გამოცემები საზოგადოებაში, რითაც ხელს უწყობენ არსებული გენდერული სტერეოტიპების გამყარებას.

“გენდერული აზროვნების მაგალითია ფოტოები გაზეთ “კვირის პალიტრაში”, თქვა  ქეთევან მსხილაძემ. “კვირის პალიტრას აქვს მუდმივი რუბრიკა მედიცინის საკითხებზე, რომელშიც ქვეყნდება რჩევები სხვადასხვა სახის დაავადების პროფილაქტიკასა თუ მკურნალობაზე. ამ რუბრიკაში, როგორც წესი, ქალის ფოტოებია, რომლებზეც გამოსახულია ქალი, რომელსაც სტკივა თავი ან წელი, ან ტკივილით გატანჯული ქალის სახე და ა.შ. შესაძლოა ამას ჰქონდეს ის ახსნა, რომ რუბრიკა ძირითადად ქალი მკითხველებისთვისაა გამიზნული. თუმცა, ცხადია, რომ თავი მხოლოდ ქალებს არ ტკივათ და ასე შემდეგ. ფოტოების მსგავსი შერჩევაც სტერეოტიპების დამკვიდრებას ემსახურება”, ამბობს ექსპერტი.

„აღმოჩნდა, რომ „24 საათსა“ და „რეზონანსში“ გენდერული დისკრიმინაცია ყველაზე იშვიათად გვხვდება, თუმცა ამ საკითხს მეორე, უფრო სერიოზული მხარე აქვს, ეს გამოცემები საერთოდ არ აშუქებენ ქალთა საკითხებს“, განაცხადა ქეთევან მსხილაძემ.

საბოლოოდ, „მედია მონიტორინგის ფონდმა“ ამ საკითხზე მომუშავე ჟურნალისტებს რეკომენდაციები შესთავაზა.

„დაუთმეთ მეტი დრო გენდერული საკითხების გაშუქებას და ამ თემაზე უფრო მეტ ქალს ჰკითხეთ აზრი, არ გამოიყენოთ მასალებში  სექსისტური ენა და შეურაცხმყოფელი შედარებები, მოსაზრებები და მიმართვები, აგრეთვე ფოტოები თუ ვიდეომასალა, რომლებიც გენდერულ სტერეოტიპებს ამყარებს და ქალს უსუსურ, შეურაცხყოფილ ან ძალადობის მსხვერპლად წარმოადგენს. ხოლო ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის გაშუქებისას, გაითვალისწინეთ მასალის გამოქვეყნების სავარაუდო შედეგი და დაიცავით რესპონდენტის უფლება, იყოს ანონიმური“, წერია მედია-მონიტორინგის ანგარიშში.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test