შემოგვიერთდი

17.10.2011 11:35

17 ოქტომბრის პრესის დაიჯესტი

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

გაზეთ „კვირის ქრონიკის“ ჟურნალისტი სასამართლო დარბაზიდან  მოსამართლე ლევან მეშველიანმა დახველების გამო გააძევა“-ამ ინფორმაციას,  „კვირის ქრონიკის“ 17 ოქტომბრის ნომერში,  თავად დარბაზიდან გაგდებული ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი ჰყვება.

ჟურნალისტი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში  „კანონიერი ქურდის“ გაიოზ ზვიადაძის პროცესის გასაშუქებლად იმყოფებოდა. დარეჯან მეფარიშვილი ბრალდებულის ადვოკატ ლალი აფციაურსაც იმოწმებს.

„ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც თქვენ გამოგაძევათ დარბაზიდან, მე დაყენებული მქონდა მოსამართლის აცილების საკითხი. მე მას გამოვუცხადე უნდობლობა და არ ჰქონდა უფლება გამოეძევებინეთ ამ დროს, ვიდრე არ აიცილებდა ან არ დარჩებოდა“, ამბობს ადვოკატი.

„კვირის ქრონიკა“ ამავე ნომერში მკითხველს ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ–ერთ დამფუძნებელთან მამუკა ღლონტთან ინტერვიუს სთავაზობს. ღლონტი „ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივნის   ეროსი კიწმარიშვილის მიერ  ბიძინა ივანიშვილის  მისამართით გაკეთებულ შეთავაზებაზე საუბრობს.

„ეროსის შეთავაზებაზე უარის თქმა გაუგებარია და საერთოდ ეჭვი მეპარება რომ ივანიშვილს ტელევიზიასთან თანამშრომლობა უნდოდეს“, ამბობს ღლონტი და  დასძენს, რომ კიწმარიშვილის  მხრიდან ივანიშვილისადმი ასეთი შეთავაზება“ საზოგადოებაში შექმნილი სიტუაციის ზეწოლით მოხდა.“

გაზეთი „ახალი თაობა“ 16 ოქტომბრის ნომერში სტატიით „სააკაშვილს ამერიკელი ჟურნალისტების მოსყიდვაში ადანაშაულებენ“ ამერიკელი პუბლიცისტის კენ სილვერსტაიანის გამოძიების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

„ახალი თაობის“ ინფორმაციით, სილვერსტიანმა დეტალურად აღწერა თუ როგორ გადაიბირა ვაშინგტონელი ჟურნალისტები ქართველების მიერ დაქირავებულმა ლობისტურმა ფირმამ „ორიონ სტრატეჯისმა“. „ორიონ სტრატეჯისი“ ორგანიზებას უწევს ჟურნალისტების ექსკლუზიურ შეხვედრებს ქართველ ჩინოვნიკებთან, თვით მიხეილ სააკაშვილთანაც კი. ეს ფირმა უნაზღაურებს  რეპორტიორებს ვიზიტებს საქართველოში.

„დაკვეთილი სტატიები შეიცავს არა მარტო საქართველოს ხმარდამჭერ შინაარსს, არამედ ანტირუსულ განწყობასაც. უარყოფით კონტექეტში ექცევა ამერიკა–რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკაც. არ ვამტკიცებ, რომ ჟურნალისტები  რომლებიც „ორიონთან“ თანამშრომლობენ, მხოლოდ იმას წერენ, რასაც თავად არ ეთანხმებიან , მაგრამ ჟურნალისტებს,  ვინც საზოგადოებისთვის მნიშნელოვან ინფორმაციასა და ანალიზს ამზადებს, მეტი პრინციპულობა მოეთხოვებათ“,  აღნიშულია ჟურნალისტურ გამოძებაში.

„ახალ თაობას“ სილვერსტაინის წერილზე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის  ალექსანდრ კულის კომენტარიც აქვს გამოქვეყნებული, რომელიც აღნიშნავს, რომ დაკვეთილ სტატიებში ქართული მხარე თავს „საფრთხის ქვეშ მყოფ დემოკრატიად ასაღებს, მაგრამ აშშ–ში ამის უკვე აღარავის სჯერა.“

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test