შემოგვიერთდი

17.10.2011 13:22

მხოლოდ იდეები თუ რეალური სამშვიდობო ჟურნალისტიკა?

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

გასულ კვირაში, კონფლიქტების და მოლაპარაკების  საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (iccn) ოფისში, ის ქართველი ჟურნალისტები შეიკრიბნენ, რომლებიც აფხაზ და ოს კოლეგებთან ერთად, ჩრდილოეთ კვიპროსში სამშვიდობო ჟურნალისტიკის სემინარებზე იმყოფებოდნენ.  ზურაბ დვალმა (საზოგადოებრივი მაუწყებელი),  ხვიჩა ვაშაყმაძემ (რადიო „იმედი“),  დათო ლიკლიკაძემ (საზოგადოებრივი მაუწყებელი),  ეკა ფხაკაძემ (ტელეიმედი),  თეა თოფურიამ (iwpr),  მამუკა ყუფარაძემ (სტუდია რე),  და თქვენმა მონა–მორჩილმა (Media.Ge)  კიდევ ერთხელ შევაფასეთ ქალაქ ფამაგუსტაში ჩატარებული ტრენინგ–სემინარი და ახალი იდეები გავუზიარეთ ერთმანეთს, იდეები რომელთა რეალიზება საშუალებას მოგვცემს აფხაზ და ოს კოლეგებთან მომავალი ერთობლივი პროექტების ფარგლებში თანამშრომლობას.  კონფლიქტების და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი მარიონ ყიფიანი და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის თანამშრომელი გიორგი სორდია ჩვენს წინადადებებს და იდეებს დეტალურად ინიშნავდნენ. მალე ეს მოსაზრებები დონორთა სამუშაო მაგიდებზე მოხვდება და მათი გადასაწყვეტი იქნება გაგრძელდება თუ არა კავკასიელი ჟურნალისტების ერთობლივი საქმიანობა.  ჩვენს დისკუსიას კონფლიქტების და მოლაპარაკების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ხუციშვილი შემოუერთდა და მასთან ერთად საკონფერენციო დარბაზში გადავინაცვლეთ, სადაც დონორ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და იმ ქართული ორგანიზაციების წევრებს შევხვდით, რომლებიც ქართულ–ოსურ–აფხაზური სამოქალაქო დიალოგის  ფარგლებში მოღვაწეობენ. 

გაეროს განვითარების პროგრამა და ფონდი „კობერმი“ (COBERM), რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს,  გრანტებს კონკურსის წესით გასცემს და ერთ–ერთი მიმართულება სწორედ სამოქალაქო დიალოგის ხელშეწყობაა. „კობერმის“  წარმომადგენლის ირინა ლიშეკის თქმით (Irina Liczek),  ამჟამად 4 მილიონი ევროს ღირებულების 60 პროექტი ხორციელდება, ძირითადი მიზანი მხარეეებს შორის შეხვედრები და ურთიერთობების გაღრმავებაა, ამ მიმართულებით კი პრიორიტეტი ჟურნალისტურ პროექტებს მიენიჭება. 

თანამედროვე კომუნიკაციის პირობებში შესაძლებელი გახდა ცხინვალიდან და სოხუმიდან ჩართვები განხორციელებულიყო. მალე სკაიპკონფერენციის რეჟიმში ჩვენი აფხაზი კოლეგის იზიდა ჭანიას გამოსახულება დავინახეთ და ხმაც გავიგეთ. მისი თქმით,  სამხრეთკავკასიელი ჟურნალისტების შეხვედრა ფამაგუსტაში, კარგი გამოცდილება იყო ინფორმაციული ვაკუუმის გასარღვევად, მაგრამ ეს არასაკმარისია. იზიდას აზრით,  აუცილებელია შეიქმნას ერთობლივი, ახალი ამბების ინტერნეტგამოცემა, რომელიც მომავალში,  შესაძლოა,  სხვა მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციის წყაროდ გამოდგეს. საერთო კავკასიურ ინტერნეტრესურსზე კი შესაძლებელი იქნება, როგორც აუდიო ისე ვიდეომასალების განთავსება. მისი თქმით,  უნდა მოხდეს ექსპერტების მოზიდვაც, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში არსებულ პრობლემებს გაანალიზებენ. შემდეგ,  იზიდა ჭანიამ გვიამბო, თუ როგორ გამოიყენა კვიპროსში დამყარებული კონტაქტები საკუთარი გაზეთისთვის, ამჟამად «Нужая Газета» („საჭირო გაზეთი“) ერთი ჩვენი ოსი კოლეგა ცხინვალში მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე წერს, გაზეთის რედაქტორის აზრით,  ეს მასალა სანდო და ობიექტური და, რაც მთავარია,  უშუალოდ მოვლენების თვითმხილველის მიერ იქნება დაწერილი.  „უკვე არსებობენ კავკასიაში ჟურნალისტები რომელთა ნდობა შეიძლება, არსებობს ჯგუფი და არსებობს რესურსი, რომლითაც ხარისხიანი ჟურნალისტური პროდუქციის შექმნა შესაძლებელია“.– ასე დაასრულა საკუთარი გამოსვლა «Нужая Газета»-ს  რედაქტორმა.

ამის შემდეგ ვლადიკავკაზიდან  ოსი ბლოგერი და ჟურნალისტი მარია პლიევა ჩაგვერთო. „სამშვიდობო ჟურნალისტიკის ტრენინგის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. მე ამ სფეროში დიდი ხანია ვმუშაობ და გარკვეული გამოცდილება დავაგროვე. ჩვენ უკვე ქართველ კოლეგებთან ერთად ვაქვეყნებთ სტატიებს და მაქსიმალურად გამოვრიცხავთ სიძულვილის ენას, შუღლის გამაღვივებელ ტერმინებს. გაშუქებისას აუცილებელია გვახსოვდეს, რომ არსებობს სხვა მხარე და სხვა მოსაზრება და ყურადღება მათაც უნდა დავუთმოთ“, –განაცხადა მარია პლიევამ. მას არც ის დავიწყებია, რომ ჩვენ თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება დაგვიგროვდა და ყოველი საეჭვო ვითარების დროს ინფორმაციას ერთმანეთთან ვამოწმებთ ხოლმე. მარიამ იმედი გამოთქვა, რომ ასეთი ურთიერთობები სხვა ჟურნალისტებთანაც დამყარდება. აქვე მან შეხვედრის მონაწილეებს ერთ–ერთი იდეის პასუხიც გვაცნობა. ამ იდეის მიხედვით,  უნდა შექმნილიყო ერთობლივი ტელეპროდუქცია, რა თქმა უნდა პოლიტიკის გარეშე, და ეს პროდუქცია აფხზურ ოსურ და ქართულ არხებს უნდა გადაეცათ ეთერში, მარიას ინფორმაციით,  ცხინვალის ტელევიზიის ხელმძღვანელობა ასეთი პროდუქციის გაშვებაზე არ დათანხმდება.  

ფამაგუსტაში ჩვენი ერთ–ერთი ტრენერი ონიკ კრიკორიანი ერევნიდან ჩაგვერთო. მისი აზრით,  აუცილებელია ახალი მედიის ელემენტების გამოყენება და ჩრდილოეთ კვიპროსის გამოცდილების გაზიარება კავკასიაში. 

ჩართვების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებსაც მოგვცეს აზრის გამოთქმის საშუალება. სტუდია რე–ს ხელმძღვანელის მამუკა ყუფარაძის თქმით,  აფხაზი და ოსი კოლეგები ძალიან მოტივირებულები არიან, რომ მეტი იდეის რეალიზება მოხდეს. „ჩვენ ვიღებთ ერთმანეთის რეპორტაჟებს და სტატიებს და განვიხილავთ. არის გამოხმაურებები და შენიშვნები, მაგრამ ეს კეთილგანწყობილად კეთდება. ჩვენ იმისთვის ვმუშაობთ, რომ სიძულვილის ენა დავძლიოთ და ხელი კონფლიქტების მოგვარებას შევუწყოთ“, განაცხადა მამუკა ყუფარაძემ. „სტუდია რე“-მ კვიპროსის შეხვედრას ვრცელი დისკუსია მიუძღვნა. ეს გადაცემა youtube-ზე აიტვირთა და აფხაზმა და ოსმა კოლეგებმაც ნახეს, რასაც გამოხმაურებები მოჰყვა. კვიპროსში მოეწყო მამუკა ყუფარაძის ფილმის „აგვისტოს განაჩენის“ ჩვენებაც.

 მე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მივმართე. არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, სადაც თანამშრომლობის არაერთი კარგი იდეა მომისმენია, მაგრამ შემდეგ ყოველთვის ვიგებდი, რომ პროექტი დასრულდა და ეს იდეებიც ცაში გამოკიდებული რჩებოდა. თუ გვინდა,  რომ რეალური შედეგი მივიღოთ,  დაწყებული საქმე შუა გზაზე არ უნდა მივატოვოთ-მეთქი. ამის შემდეგ მიკროფონთან ევროკომისიის წარმომადგენელი ოლივერ რაისნერი მივიდა და განაცხადა, რომ კავკასიელი ჟურნალისტების დაწყებული საქმე მართლაც უნდა გაგრძელდეს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები კი ყველაფერს გააკეთებენ,  რომ უკვე არსებული ჟურნალისტური იდეების რეალიზება მოხდეს. ამ გამოსვლამ ყველა გაგვახარა და იმედი ჩაგვისახა, რომ კვიპროსში დაწყებულ საქმეს აუცილებლად გაგრძელება ექნება. არადა კვიპროსის შემდეგ ქართულ, აფხაზურ და ოსურ მედიაში არაერთი სტატია გამოქვეყნდა. Media.Ge-მ  ამ შეხვედრას და იქ არსებულ ვითარებას 4 მასალა მიუძღვნა. ერთ–ერთი სტატიის პრეზენტაცია კი იქვე ფამაგუსტაში კავკასიელი კოლეგების წინაშე მოეწყო.   ამჟამად სოციალურ ქსელ ფეისბუკში კავკასიელი ჟურნალისტებისთვის სპეციალური ჯგუფია შექმნილი, რომელსაც სამშვიდობო ჟურნალისტიკის კავკასიური წრე ჰქვია.

ჩრდილოეთ კვიპროსში ტრენინგის ორგანიზატორები იყვნენ კონფლიქტების და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი.  პროექტის დონორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (COBERM) და გერმანიის მარშალის ფონდი ამერიკაში.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test