შემოგვიერთდი

24.10.2011 07:06

ჟურნალისტები განსხვავებული ჟილეტებით

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

საჯარო პოლიტიკური აქციების დროს რომ ჟურნალისტების უსაფრთხოება ირღვევა, ეს ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა საპროტესტო აქციის დროს გამოჩნდა. ჟურნალისტებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, როგორც სამართალდამცავები ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.  26 მაისის ცნობილი მოვლენების შემდეგ, მედიის თავისუფლების საკითხებში, ეუთოს წარმომადგენლის ოფისმა ოპერატიული რეაგირება მოახდინა. ამ ოფისის ფუნქციაა, ეუთოს წევრ ქვეყნებს აღებული ვალდებულებები შეახსენოს, ერთ–ერთი ვალდებულება კი მედიის თავისუფლების და ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ოფისის დირექტორი ანდრეი რიხტერი საქართველოშია ჩამოსული. მისი  თქმით, ეუთომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უკვე მისცა შეფასება და პროტესტის წერილები საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგზავნა. მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი დასკვნები გააკეთა და დათანხმდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების და ჟურნალისტების ერთობლივი ტრენინგის ჩატარებას, რომელიც საპროტესტო აქციების დროს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების საკითხებს ეხება. 

 ეუთოს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, საქართველოში პირველად ჩატარებულიყო ტრენინგი თემაზე „ჟურნალისტების უსაფრთხოება საჯარო პოლიტიკური აქციების დროს“. სხვადასხვა მედიასაშუალებაში დასაქმებულ ჟურნალისტებს საპროტესტო აქციების უსაფრთხოდ გაშუქების წესებზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე ინტერნეტგამოცემა Media.Ge-ს რედაქტორი დავით მჭედლიძე ესაუბრა. მისი თქმით, აქციების დროს აუცილებელია ჟურნალისტმა სწორად შეარჩიოს ადგილი იმისთვის, რომ არ დაზარალდეს და მასალის შეგროვებაც შეძლოს. გარდა ამისა, აუცილებელია,  რომ ჟურნალისტებს განმასხვავებელი ნიშნებიც ჰქონდეთ, რათა არ მოხდეს მათი გაიგივება აქციის მონაწილეებთან. მას შემდეგ, რაც სიტყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აიღეს, დარბაზში ცხარე დისკუსია გაიმართა.  იმას რაცას ჟურნალისტები აქციის დაშლა–რაბვევას უწოდებდნენ, პოლიციელები აქციების მართვად მოიხსენიებდნენ, გარდა ამისა, მათი განცხადებით, მაისის აქციების დროს,  ზევიდან არ ყოფილა ბრძანება, რომ ჟურნალისტებს ფიზიკურად გასწორებოდნენ, ის პოლიციელები კი ვინც კანონი დაარღვია დაისაჯა კიდეც. მათი ინფორმაციით სამსახურიდან 4 პოლიციელი დაითხოვეს, რამდენიმეს კი საყვედური გამოუცხადეს. ჟურნალისტები არც ამ პასუხმა დააკმაყოფილა. რადიო „ჰერეთის“ კორესპონდენტი ხათუნა გოგაშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი შეხვედრა–ტრენინგები მედიის წარმომადგენლებსა და სამართალდამცავთა შორის კომუნიკაციის დამყარებას და პრობლემების გაზიარებას ხელს უწყობს. 

მოწვეულმა იურისტებმა და ექსპერტებმა ტრენინგის მონაწილეებს საკანონმდებლო ბაზიდან ის მუხლები განუმარტეს, თუ რა უფლება– მოვალეობები აკისრიათ როგორც ჟურნალისტებს ისე სამართალდამცავებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის უფროსის მოადგილემ გელა კვაშილავამ Media.Ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ ყოფილა შემთხვევები როცა პოლიციელებს ჟურნალისტები აქციის მონაწილეებისგან ვერ გაურჩევიათ, იმიტომ, რომ მათ განმასხვავებელი ნიშნები არ ჰქონდათ.  მისი თქმით,  რედაქციებმაც უნდა იზრუნონ, რომ საკუთარი კორესპონდენტები შესაბამისად აღჭურვილნი გაუშვან აქციებზე. მისივე აზრით,  საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას,  სამართალდამცავებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია აუცილებლად უნდა არსებობდეს. 

პირველი ერთობლივი ტრენინგი „არასამთავრობო ორგანიზაციათა რესურსცენტრმა“ ჩაატარა. ეს ორგანიზაცია ცოტა ხნის წინ ჟურნალისტების ოლეგ პანფილოვის, მიხეილ თავხელიძის და ივეტა ჭელიშვილის მიერ დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანია, ექსტრემალურ პირობებში მომუშავე ჟურნალისტებისთვის ტრენინგ–სემინარების გზით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. პირველ ტრენინგზე დამსწრე ჟურნალისტებს ჟილეტები დაურიგეს, რომლებსაც ორივე მხარეს გარკვევით აწერია „press“, ასეთი ჟილეტებით საპროტესტო აქციების გაშუქების დროს არაერთი ქვეყნის რეპორტიორები სარგებლობენ. ორგანიზაციის დამფუძნებლის ივეტა ჭელიშვილის თქმით, სწორედ ეს ჟილეტი უნდა იქცეს  ერთ–ერთ განმასხვავებელ ნიშნად, რომლითაც მედიის წარმომადგენლის იდენტიფიკაცია მოხდება. 

ეუთოს დახმარებით პირველ ეტაპზე 200 ჟილეტი შეიკერა. ეს ჟილეტები ყველა იმ ჟურნალისტს დაურიგდება, ვინც საჯარო პოლიტიკურ  აქციებს აშუქებს, გარდა ამისა პირველ ტრენინგზე გაჩნდა იდეა, რომ პოლიციის აკადემიაში, ჟურნალისტებისთვის და იმ პოლიციელებისთვის, ვინც საპროტესტო აქციების მართვას სწავლობენ, ტრენინგები კიდევ  ჩატარდეს. მიზანი ისაა, რომ საჯარო პოლიტიკური აქციების დროს მედიის წარმომადგენლები არ დაზარალდნენ და ინფორმაციის მოპოვებაშიც მათ ხელი არავინ შეუშალოს. ტრენინგის დასრულეების შემდეგ ქართველმა ჟურნალისტებმა იმედი გამოთქვეს, რომ საერთაშორისო რეაგირების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი დასკვნები გააკეთა და სათანამშრომლოდ განეწყო.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test