შემოგვიერთდი

24.10.2011 08:55

მედია VS მედია

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

საქართველოში ე. წ. სახელისუფლებო და დანარჩენი ტელევიზიები ისეა ერთმანეთზე გადაბმული როგორც თავები მითური გველის – ამფისბენასი, რომლის სხეული თავით იწყება და თავით ბოლოვდება.

ცხადია, ამგვარი „თავები“  შეთანხმულად არ მოქმედებენ, მაგრამ ბოლომდე დამოუკიდებლებიც ვერ არიან. როცა ერთი ფხიზლობს, მეორე იძულებულია იძინოს. როცა სახელისუფლო ტელევიზიები თავს ესხმიან ოპოზიციას, მედიის დანარჩენი ნაწილი იძულებულია ოპოზიციას გაუმართოს ხელი.

თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული თვალსაწიერი აქვთ, მაგრამ შექმნილი ვითარება დიდ არჩევანს არ იძლევა – მოქმედების არეალი შეზღუდული და შემოსაზღვრულია. როცა მედიის ერთი ნაწილი აშკარად ტენდენციურია, დიდია ცდუნება მედიის სხვა ნაწილმა ოპოზიციას უთანაგრძნოს. ანგარიშგასაწევია ისიც, რომ ახალი ამბების მთავარი პერსონაჟები (მმართველი პარტიის წარმომადგენლები, პოლიტიკური თანამდებობის პირები, სახელმწიფო მოხელეები) გაურბიან  არასახელისუფლებო მედიასთან ურთიერთობას, რითაც მეტი ოპოზიციურობისკენ (ტენდენციურობისკენ) უბიძგებენ მათ, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად მოქმედებს არასახელისუფლებო ტელევიზიების დამაჯერებლობისა და სანდოობის ხარისხზე,

ამგვარი ორთავიანი ტელე–ამფისბენას გაწყვეტა–გაცალკევება იოლი არაა, თუმცა პროცესის დაძვრა შეუძლია საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის ვალდებულებაა გადასცეს პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი,  მრავალფეროვანი პროგრამები. ამასთან, დებულებით, მაუწყებელი მოქმედებს საჯარო დაფინანსებით და დამოუკიდებლია ხელისუფლებისაგან.

უკანასკნელი წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ დებულების ამ ნაწილის (ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის)  პრაქტიკაში რეალიზება ყველაზე რთულია. პოლიტიკური შტილის პირობებში საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ახერხებს მიუკერძოებელი ახალი ამბების კეთებას, მაგრამ ვითარება მკვეთრად იცვლება პოლიტიკური ბრძოლის ცხელ ფაზაში გადასვლისას. ამ დროს, უკეთეს შემთხვევაში, ხერხდება ბალანსის ფორმალური დაცვა, უარეს შემთხვევაში კი სიუჟეტები იჟღინთება ე.წ. „სახელმწიფოებრივი აზროვნებით“. შემთხვევით არაა, რომ „რუსთავი – 2“–ისა და „იმედის“ მსგავსად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც  პოლიტიკურ არენაზე ახლახანს გამოსული  ხელისუფლების ოპონენტი – ბიძინა ივანიშვილი „ექსცენტრიულ ოლიგარქად'“ მოიხსენია. გარდა ამისა, სიუჟეტში, რომელიც ივანიშვილის მიერ „როიტერისათვის“  მიცემული ინტერვიუს საფუძველზე მომზადდა, არ იყო დაცული არც ბალანსი და არც  მიუკერძოებელი თხრობის პრინციპი.

დამოუკიდებელი მედიის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე ბევრი ლაპარაკობს, თუმცა პოლიტიკოსების უმეტესობა დამოუკიდებლობაში, როგორც წესი, საკუთარი პოლიტიკური კურსისადმი ლოიალობას გულისხმობს. ხელისუფლება მედიას სახელმწიფო აზროვნებასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას შეახსენებს ხოლმე, ოპოზიცია კი – უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ცვლილებების აუცილებლობას. ამ სქემაში ჰარომონიულად ჯდება ბატონი ივანიშვილიც, რომელიც ვიდრე ხელისუფლებასთან დამაკავშირებელ ხიდს დაწვავდა, სიტყვას არ ძრავდა მედიის ტენდენციურობაზე (აკი, საჭიროება რომ ვერ დაინახა, საკუთარი ტელევიზია დახურა კიდეც), ხოლო მას შემდეგ,  რაც ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ჩაება, ტელევიზიების კლასიფიკაციას მიჰყო ხელი. ციტატა ჟურნალისტ ია ანთაძისათვის მიცემული ინტერვიუდან: “ობიექტური მედია, ვისაც უნდა ცვლილებები - არის სადემარკაციო ხაზის აქეთ.. “იმედი”, “რუსთავი 2” და საზოგადოებრივი მაუწყებელი ნამდვილად ხაზის იქით არიან. არ გამოვრიცხავ, რომ ცოტა გადაჭარბებული იყო ჩემი რეაქცია “მაესტროსა” და “კავკასიის” მიმართ. დამოუკიდებელი მედია ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დამოუკიდებელი სასამართლო..“

ანუ ობიექტურია ის მედია, რომელსაც ცვლილებები უნდაო!  ცხადია, ამ განცხადების შემდეგ ფასს კარგავს დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობის შესახებ საუბარი, მითუფრო, რომ არაფერია ნათქვამი იმაზე,  თუ  როგორია მექანიზმი, რომელიც მედიას დამოუკიდებლობას მოუტანს.

გარდა იმისა, რომ „რუსთავი 2“–ისა და „იმედის“ სახით ქართულ საზოგადოებას მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდა, მედიის დამოუკიდებლობის ფორმულა ისედაც დიდი ხნის წინაა ცნობილი.

მედიამ, პირველ რიგში, უარი უნდა თქვას პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობაზე და უერთგულოს რამდენიმე ფუძემდებლუდ პრინციპს, რომელიც ჟურნალისტიკის ნებისმიერ სახელმძღვანელოშია ჩამოთვლილი:

1. იმოქმედოს, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელმა მაკონტროლებელმა.
2. საზოგადოებას საჯარო კრიტიკისა და მსჯელობის საშუალება მისცეს.
3. შეინარჩუნოს ინფორმაციის პროპორციულობა.

ყველა სხვა შემთხვევაში, მედია ადრე თუ გვიან  პროპაგანდის მანქანად და მუტანტი ქვეწარმავლის სხეულის ნაწილად იქცევა. ტელე–ამფისბენის თავებს შორის განსხვავება არსებითი ნამდვილად არაა: ერთი ოპოზიციას გესლავს, მეორე – ხელისუფლებას, საზოგადოება კი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სანდო ინფორმაციის დეფიციტს განიცდის.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test