შემოგვიერთდი

26.10.2011 17:08

ინტეგრირებული ნიუს-რუმი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გიორგი ჭანტურიას აზრით, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც მაუწყებელს უცხოელი კოლეგები სთავაზობენ. 29 სექტემბერს, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს საჭიროებათა შეფასების ანგარიში Danish Management A/S-ის სახელით, მარეკ ბეკერმანმა წარუდგინა.

აღნიშნულ პროექტზე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ჯგუფმა ერთად ითანამშრომლეს. როგორც სსმ-ის გენერალურმა დირექტორმა, გია ჭანტურიამ media.ge-ს უთხრა, მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა ყველა ის პრობლემა და საჭიროება, რომელიც უნდა გადაწყდეს თანამშრომლობის პროცესში.

ახალი ამბების ინტეგრირებული რედაქცია, საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ რეორგანიზაცია, შუა რგოლის მენეჯერების როლის გაზრდა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რაც მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა.

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საინფორმაციო გამოშვება „მოამბეს“. მონიტორინგმა გამოავლინა, რომ „მოამბის“ ქრონომეტრაჟი ცვალებადია, სიუჟეტები მოკლებულია კონტექსტის განხილვას და ანალიზს, ფორმატი შეზღუდულია, სტუდიაში სტუმრები და ექსპერტები არ ჩანან, წამყვანის როლი შემოიფარგლება მხოლოდ სკრიპტის მექანიკური წაკითხვით, ახალი ამბები მოიპოვება მეორადი წყაროების გამოყენებით, კოლექტიური დაგეგმარების გარეშე. გარდა ტექნიკური დეტალებისა, ორგანიზაციული მენეჯმენტის კუთხით, კონსულტანტი აღნიშნავს, რომ „მოამბის“  გამოშვებები სხვა გადაცემებისგან იზოლირებულად მზადდება და ეს პრობლემა არა მხოლოდ საინფორმაციო  გადაცემას ეხება. „სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის არხებს ან თუნდაც დეპარტამენტებს შორის არ შეიმჩნევა გადაცემების ურთიერთქმედების არსებობის ნიშნები“, ნათქვამია ბეკერმანის მიერ მომზადებულ დასკვნაში.

გია ჭანტურიას თქმით, შენიშვნები და რეკომენდაციები საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაიზიარა, თუმცა მისი თქმით, ყველაფერი ერთბაშად ვერ მოხდება და საჭიროა სტრუქტურის ეტაპობრივად გარდაქმნა. „ორი წლის წინ (გია ჭანტურია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორად 2009 წელს დაინიშნა-რედ.) აქ არ არსებობდა არანაირი სტრუქტურა თუ მენეჯმენტი, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა საინფორმაციო გამოშვებების დაგეგმვა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით ამ საკითხში ჩვენს ევროპელ კოლეგებს. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ საერთაშორისო ახალ ამბებს თითქმის არ ეთმობა ეთერი და ესეც გავიზიარეთ, კიდევ ბევრი ტექნიკური დეტალია, რომლის დახვეწაზეც ვმუშაობთ“, უთხრა media.ge-ს ჭანტურიამ.

რეკომენდაციაში მოხვდა აგრეთვე  „მოამბის“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურის ავტონომიურ ერთეულად ქცევაც. ანალიზის მიხედვით, სასურველია, მას გენერალური დირექტორის მოადგილე ხელმძღვანელობდეს. „მოამბეს“ დაეკისრებოდა სხვა დანარჩენი ტელე და რადიო-არხებისთვის ახალი ამბების შეგროვება.

გია ჭანტურიას თქმით, ის საკითხი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამივე ტელეარხს ერთი საინფორმაციო პოლიტიკა უნდა ჰქონოდა, მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებამდეც იდგა დღის წესრიგში. თუმცა მაშინ „პირველი საინფორმაციო კავკასიურის“ (PIK) ხელმძღვანელობამ მოითხოვა, რომ PIK-ს „პირველი არხისგან“ მაქსიმალური დამოუკიდებლობა ჰქონოდა (საზოგადოებრივი მაუწყებელი სამ სატელევიზიო და ორ რადიოარხს აერთიანებს).

„PIK”-ის მენეჯმენტშიც არის გარკვეული ცვლილებები და რეორგანიზაციის პროცესი მიდის, დაველოდებით და შემდეგ დავილაპარაკებთ ინტეგრირებული ნიუს-რუმის თემაზე,  თორემ, თავად  „პირველ არხშივე“ გადაცემებს შორის ერთი საინფორმაციო პოლიტიკაა და რეკომენდაციების შესაბამისად უფრო გავზრდით ჩართულობას“, აღნიშნა ჭანტურიამ.

ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა აგრეთვე ე.წ. „შუა რგოლის“ მენეჯერების თემას. „ყველაზე დიდი დაბრკოლება, რომელიც აფერხებს ეფექტურ ცვლილებებს, არის ძალების კონცენტრირება ორგანიზაციის მხოლოდ უმაღლეს საფეხურებზე და შუა რგოლის მენეჯმენტის უუნარობა“, ნათქვამია დასკვნაში.

როგორც გია ჭანტურიამ განაცხადა, ამ პრობლემის აღმოფხვრაზე უკვე მუშაობენ. „ადრე მართვის ვერტიკალურ მოდელს იყენებდნენ, ფაქტობრივად ყველაფერს ერთი კაცი წყვეტდა. ჩვენ ეს სტრუქტურა შევცვალეთ და უფრო ჰორიზონტალური გავხადეთ. გვინდა,  რომ ჩატარდეს შუა რგოლის მენეჯერებისა და რედაქტორებისთვის ტრენინგები, რათა განვითარდეს მათი უნარ-ჩვევები, შეძლონ დამოუკიდებლად მოქმედება, რაღაც საკითხების გადაწყვეტა“, განაცხადა გენერალურმა დირექტორმა. „თუმცა,  თუ კონკრეტულად საინფორმაციო სამსახურის მენეჯერებს ავიღებთ, აქ უკეთესად გვაქვს საქმე“, დასძინა მან.

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში აგრეთვე გადმოცემულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეკომპანიებისა და რადიოარხების დეტალური მიმოხილვა და შეფასებები, ორგანიზაციის აგებულება და დართულია რეკომენდაციები. აქვე არის გადმოცემული საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე სატელევიზიო არხის, კინოსტუდიის და ვიდეო და აუდიოარქივის პრობლემების შესახებ საკითხებიც.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test