შემოგვიერთდი

28.10.2011 10:26

„ლელო“ - უხუცესი სპორტული გაზეთი

David Mchedlidze
ახლო ხედით

ქართულ სპორტულ გაზეთებს შოროს „ლელოს“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს. მისი პირველი ნომერი  1934 წელს გამოვიდა. თავდაპირველად გაზეთი „საქართველოს ფიზკულტურელის“ სახელით გამოდიოდა, 1949 წელს რედაქტორის პოსტი მიხეილ კაკაბაძემ დაიკავა, გამოცემას სახელი შეეცვალა და „ლელო“  ეწოდა.

გაზეთმა 1989 წელს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დააარსა. „ლელოს“ ბაზაზე შეიქმნა „საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციაც“. 1992 წელს მისი სამართლამემკვიდრე გახდა „სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია“, რომელიც საუკეთესო სპორტსმენების გამოსავლენად ყოველწლიურად რეფერენდუმს ატარებს.

სამი წლის წინ გაზეთი ჰოლდინგ „პალიტრა მედიის“ წევრი გახდა.  "ლელოს" 60%-იანი  წილი  ჰოლდინგში შემავალმა   შპს "კვირის პალიტრამ" იყიდა, 20-20 % კი თენგიზ და ბაქარ გაჩეჩილაძეებს დარჩათ.

„ლელოს“ რედაქტორის თენგიზ გაჩეჩილაძის თქმით, ამ გაერთიანებამ გაზეთს ტექნიკური პრობლემები მოუხსნა. „ახლა, ჩვენ მხოლოდ სარედაქციო საქმიანობაზე გვიწვეს ზრუნვა, სტამბისა და დრისტრიბუციის საკითხს ჰოლდინგი აგვარებს,“- უთხრა Media.Ge-ს გაჩეჩილაძემ, რომელიც „ლელოში“ 1958 წლიდან მუშაობს.

ორმოცამდე თანამშრომელი, საიდანაც ოცდახუთი ჟურნალისტია, მუშაობს იმისთვის, რომ გაზეთი ყოველდღიურად გამოიცეს. მასალები 16 გვერდზე ნაწილდება, საიდანაც ოთხი გვერდი ფერადია, დანარჩენი შავ-თეთრი.

„ლელო“ სპორტის ყველა სახეობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი მაინც ფეხბურთზე კეთდება. საქართველოში მიმდინარე ამბები უმეტესად ექსკლუზიური მასალებია, უცხოეთის ამბებს კი თარგმნიან. თენგიზ გაჩეჩილაძის თქმით, გაზეთი ანალიტიკურ მასალებზეა ორიენტირებული.

„ადამიანი, რომელმაც სტადიონზე ფეხბურთის მატჩს უყურა, მეორე დღეს გაზეთს ყიდულობს, ფულს იხდის, რადგან მას სურს გაიგოს ის, რაც

უშუალოდ თამაშისას ვერ დაინახა, მას არ აინტერესებს მშრალი მიმოხილვა და მატჩის დეტალური აღწერა, სხვანაირი ანალიზი სჭირდება, ამაშია სპორტული ჟურნალისტის პროფესიონალიზმი,“- აღნიშნა თენგიზ გაჩეჩილაძემ. მისი თქმით, ინფორმაციის მოპოვებისას პირადი კონტაქტები დიდ როლს თამაშობს, მთავარი კი არის ნდობა  ჟურნალისტებსა და ინფორმაციის წყაროებს შორის. კრიტიკულ სტატიებზე რესპონდენტები უკმაყოფილებას იშვიათად გამოთქვამენ, თუმცა ასეთ დროს გაზეთი საშუალებას აძლევს საკუთარი მოსაზრებები „ლელოს“ ფურცლებზე გამოხატონ. რედაქტორის თქმით, მისთვის პირველა ადგილზე გადამოწმებული ინფორმაცია დგას - „ყურმოკრულ ამბებს არასდროს ვწერთ“.

საქართველოში არსებული სხვა სპორტული გაზეთებისგან განსხვავებით „ლელო“ არ აქვეყნებს სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატების ცხრილებსა და თამაშის ანგარიშებს. „ტოტალიზატორში თამაშს არ გვინდა ხელი შევუწყოთ, თან ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ფორმატი არ არის,“ - განმარტა რედაქტორმა. მისი თქმით, თანამშრომლობაზე უარს არავის ეუბნებიან, „რედაქციაში მოდიან ახალგაზრდები, თუ მასალები კარგია - ვბეჭდავთ“.

მიუხედავად იმისა, რომ სპორტი სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანებს აინტერესებთ და ამ დარგის გამოცემების აუდიტორია  ვრცელია, საქართველოში სპორტული გაზეთების რაოდენობა საკმაოდ მცირეა. რამდენიმე გაზეთი დაიხურა კიდეც, გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ არაპროფესიონალიზმთან ერთად უმთავრესი ფინანსური პრობლემებია. თავად „ლელოს“ ძირითადი შემოსავალი რეკლამებიდან და გაზეთის რეალიზაციიდან აქვს, თუმცა რედაქტორი ტირაჟის რაოდენობის დასახელებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ რიცხვი სოლიდურია.

„ლელოს“ მასალების ელექტრონული ვერსია საიტზე sportall.ge თავსდება. ვებ-გვერდზე სტატიებთან ერთად ვიდეო და ფოტო მასალებიც ქვეყნდება. მიმდინარე მატჩების შედეგების ნახვა კი ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test