შემოგვიერთდი

28.10.2011 14:44

პრესა და ტელევიზია მარნეულსა და ბოლნისში

David Mchedlidze
ჟურნალისტის ჩანაწერები

დილის 9 საათზე მარნეულის მე–5 ქართული საჯარო სკოლის ცარიელი ეზო მოსწავლეებით ივსება. აქ ქართველებთან ერთად აზერბაიჯანელი ბავშვებიც სწავლობენ. 

უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის ECMI –ის მონაცემებით, მარნეულის მოსახლეობის 83,1% ეთნიკური აზერბაიჯანელები წარმოადგენენ (98 ათასი კაცი), რომელთაგან  ქართულად კითხვა მხოლოდ 3 %–ს შეუძლია.

„მე ქართულად  ვერ ვსაუბრობ, ამიტომ გადავწყვიტე, რომ შვილი ქართულ სკოლაში მიმეყვანა, ახლა მე–6 კლასშია. ქართულად წერს და კითხულობს კიდეც“- მეუბნება ფატიმა უსუბოვა.

სკოლის წინ მდებარე პრესის ჯიხური დაკეტილია. მარნეულში ჟურნალ–გაზეთების შეძენა მხოლოდ  3 ადგილას შეიძლება.

მარნეულის ბაზართან სტელაჟზე ქართული გაზეთები და რუსული კროსვორდებია. გამყიდველისგან ვიგებ, რომ ყველაზე ხშირად  „კვირის პალიტრას“ იძენენ (კვირაში 35 ცალი), პოპულარულია სპორტული გაზეთებიც. რუსულენოვან გამოცემებს აქ იშვიათად წყალობენ.  აზერბაიჯანული გაზეთები კი მარნეულში არ შემოდის.

ქალაქში ეროვნული უმცირესობების ენაზე გაზეთი არ გამოდის. 2 წლის წინ  თვეში ერთხელ,  დონორების  დაფინანსებით,  გაზეთი „ტაიმერი“ ქარტულ და აზერბაიჯანულ ენაზე ვრცელდებოდა, თუმცა პროექტი დასრულდა და „ტაიმერიც“ დაიხურა.

2006 წელს სათემო რადიოების პროექტის  ფარგლებში, რომელსაც ახორციელებდა ქართველ და უცხოელ პარტნიორთა კონსორციუმი, ბი-ბი-სი უორლდ სერვის ტრასტის (BBC World Service Trust, დიდი ბრიტანეთი) ხელმძღვანელობით, მარნეულში სათემო რადიო  „მარნეული“ შეიქმნა. თუმცა რადიოს   სათემო მაუწყებლობის ლიცენზია არ მისცეს, ამიტომ გადაწყვიტეს რადიოს ხმა  მსმენელისთვის    გამაძლიერებლების საშუალებით მიეწვდინათ. ხმის გამაძლიერებლები  გაჩნდა  ჩაიხანებში და ცენტრალურ პარკში, სადაც მოსახლეობა სამენოვან საინფორმაციო გამოშვებას ისმენდა. ამ ეტაპზე რადიო აღარ მაუწყებლობს.

თუმცა, აზერბაიჯანულ სატელევიზიო არხებზე ხელი ყველას მიუწვდება. სატელიტურ „თეფშებს“ აქ ყველგან ნახავთ,  ზოგიერთი სახლის სახურავზე, რამდენიმესაც კი. ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროს აზერბაიჯანული და რუსული საინფორმაციო საშუალებები წარმოადგენს.

ქალაქში ერთადერთი ტელევიზია „მარნეული ტვ“ მაუწყებლობს. ტელევიზია რამდენიმე ოთახშია განლაგებული და აქ სულ 2 ჟურნალისტი მუშაობს.  „მარნეული–ტვ“ მაყურებელს ყოველდღიურ ორენოვან საინფორმაციო დაიჯესტს სთავაზობს, რომელიც მინიმუმ 4 სიუჟეტისგან შედგება. კვირის ბოლოს , პირდაპირ ეთერში შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება გადის.

„რეგიონი პოლიტიკური თემებით განებივრებული არ არის და აქცენტი სოციალურ თემებზე გვაქვს  გადატანილი“, ამბობს მარიკა სოლოღაშვილი,  რომელიც, ერთდროულად,  არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტი, პროდუსერი და რედაქტორია.  „საკუთარი თავის უფროსიც კი ვარ“, ხუმრობს ის.

„ჩვენი ტელევიზიისთვის არანაირი ცენზურა არ არსებობს და ამით ძალიან ვამაყობ, ბევრ ისეთ სიუჟეტს ვაშუქებთ, რომელსაც  ზოგი ტელევიზია არ გაუშვებდა , ამბობს   სოლოღაშვილი და მაგალითად ერთი შემთხვევა მოჰყავს:

„დევნილების თემა იყო, უსახლკაროდ დარჩენილმა ადამიანებმა მარნეულის ბაგა– ბაღის ნაგებობა დაიკავეს. მუნიციპალიტეტმა მათ  შენობის დაცლა მოსთხოვა და მიზეზად  რემონტი დაასახელა.  რას უპირებდნენ  შესახლებულებს -არ ეუბნებოდნენ. სიუჟეტის ეთერში გასვლისთანავე დაიწყეს    ამ ადამიანებისათვის ალტერნატიული  საცხოვრებელი ფართის შეთავაზება.

„ერადერთი,  ვისთანაც ვერ ვთანამშრომლობთ პოლიციაა, მათთან ვაწარმოებდი მოლაპარაკებას, რომ ეთერში კრიმინალური საქმეები გაშუქებულიყო, თუმცა მითხრეს, რომ ვერ მოხერხდებოდა და ეს ‘ზემოდან იყო გადასაწყვეტი“, რაც შეეხება მუნიციპალიტეტს, მათგან ინფორმაციის მოწოდების მხრივ პრობლემა არ გვაქვს“

„მარნეული ტვ“-ის 17-საათიანი საეთერო ბადე საინფორმაციო გამოშვებებით, ფილმებითა და მუსიკალური კლიპებით ივსება. ოთხსაათიანი საეთერო დრო არხის ექსკლუზიური პროდუქციაა. ტელევიზიას საკუთარი ვებ –გვერდიც აქვს.

ოთხშაბათობით „მარნეული ტვ“– ს ეთერში რეგიონული ტელევიზიების მიერ მომზადებული  გადაცემა „მრავალკუთხედი“ გადის. ეთერი ეთმობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოწოდებულ აზერბაიჯანულენოვან „მოამბეს“. ხუთშაბათობით, საღამოს პირდაპირ ეთერში,“ Irex-ის G-Media პროგრამის ფარგლებში მომზადებული პროგრამა გადის - იურისტი მოსახლეობის ზარებს პასუხობს და იურიდიულ კონსულტაციებს უწევს.

„აზერბაიჯანულ ენაზე აბსოლუტურად ყველა გადაცემა ითარგმნება, პირდაპირი ეთერიც კი“, მეუბნება   ჟურნალისტი თურაჯ ბრაჰიმოვა.

საინფორმაციო გამოშვებებში რეკლამა 7 წუთს შეადგენს. „მარნეული ტვ“ რეკლამას ძირითადად ადგილობრივი მეწარმეებისგან, ბანკებისა და მობილური ოპერატორებისგან იღებს, თუმცა  მარნეულის მუნიციპალიტეტი თვეში ერთხელ ერთსაათიან პირდაპირ ეთერს ყიდულობს. ადგილობრივი გამგებელი პირდაპირ ეთერში  მოსახლეობის ზარებს პასუხობს. სოლოღაშვილის თქმით,  ზარი უფასოა და მაყურებელი ძალიან აქტიურობს.

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაღჯლოში მამაკაცების თავშეყრის ადგილს ადგილობრივი ჩაიხანა წარმოადგენს. ჩაის დასალევად ისინი დილიდან იკრიბებიან და საათობით სხედან, საუბრის ძირითადი თემა, ადგილობრივი ამბებია.

 „მარნეული ტვ“ მომწონს, მაგათ საინფორმაციოებს ვუყურებ, რამდენჯერმე სოფელს წყლის პრობლემა შეგვექმნა, ტელევიზიაში დავრეკეთ.  ჟურნალისტები მოვიდნენ და პრობლემა გააშუქეს. ქართული არ ვიცი, გაზეთებს არ ვკითხულობ და არც მაინტერესებს“

„ძირითადად აზერბაიჯანულ არხებს ვუყურებ, ერთხელ  ბაქოდან ჟურნალისტი აქაც იყო ჩამოსული“- მეუბნება ინარი ალიევი.

მარნეულში ინტერნეტ–კაფეები ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ, სადაც  თინეიჯერობა ჭარბობს. ინტერნეტით ერთი საათით სარგებლობა 60 თეთრი ღირს.

„აქ ძირითადად ონლაინ–პოკერის სათამაშოდ შემოდიან“, მითხრა ინტერნეტ კაფეს მეპატრონემ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის შენობაზე დამონტაჟებულ მონიტორზე, მორბენალი სტრიქონი მოსახლეობას რაიონში მომხდარ სიახლეებს ამცნობს. ახლადგარემონტებული ფოიედან შენობის მარცხენა ფლიგელში გავდივარ. მუნიციპალიტეტის შენობის ეს მხარე ბნელი და გაურემონტებელია. ერთ–ერთ ოთახში  გაზეთ „ბოლნისის“ რედაქციაა განლაგებული.

„ბოლნისი“ 1935 წლიდან გამოიცემა. ამჯერად ყოველ ათ დღეში ერთხელ, 500 ცალი ტირაჟით გამოდის. „ბოლნისის“ 100%–იანი წილის მფლობელი ადგილობრივი მუნიციპალიტეტია. გაზეთის ღირებულება 50 თეთრს შეადგენს.  გამოცემას 7 თანამშრომელი ჰყავს, აქედან 3 ჟურნალისტია.

„ვართ სრულიად აპოლიტიკურები. პოლიტიკა ყველას ყელში ამოუვიდა. ვწერთ ყველაფერ კარგზე, ვაშუქებთ თემებს რას აკეთებს მუნიციპალიტეტი, როგორ ეხმარება ხალხს, ასევე შეძლებისდაგვარად ვეხმარებით მოსახლეობას ყოფითი პრობლემის გადაჭრაში, თუ ისინი მოგვმართავენ“, ამბობს ჟურნალისტი დარეჯან ოქრუაშვილი.

„ბოლნისს“ აზერბაიჯანული ჩანართიც ჰქონდა, თუმცა ჟურნალისტ ბელა ონიანის თქმით, ამან არ გაამართლა.

„გვყავდა აზერბაიჯანულენოვანი თანამშრომლებიც, რომლებიც მასალებს ქართულიდან თარგმინდნენ, ვდებდით ქართულ ანბანსაც,  თუმცა გაზეთს არავინ ყიდულობდა. უსახსრობის გამო ჩანართის ამოღება მოგვიწია“, ამბობს ონიანი.

„გაზეთს ჯიხურებში ვარიგებთ, ერთი რომ იყიდის,  მერე გაზეთი ხელიდან ხელში გადადის. ბოლნისელების მხრიდან ინტერესი დიდია, გამოცემაც 80-წლიანი ისტორია აქვს. ორგანიზაციებიც იწერენ“, აღნიშნავს დარეჯან ოქრუაშვილი.

2005 წლიდან ბოლნისში გაზეთი „ახალი ბოლნისი“ გამოიცემოდა,  თვეში ერთხელ და 350–იანი ტირაჟით. ორგვერდიანი სომხურ  და აზერბაიჯანულენოვანი ჩანართით, თუმცა გაზეთმა გამოშვება  შეწყვიტა.

ბოლნისში ადგილობრივი რადიო არ მაუწყებლობს.

მუნიციპალიტეტის  წინ  წიგნების მაღაზია „ბიბლუსი“ მდებარეობს, სადაც ჟურნალ–გაზეთების ყიდვაცაა შესაძლებელი. აქვეა პრესის ორი ჯიხურიც.

„ყველაზე დიდი რაოდენობით „ქრონიკა“ და ‘ასავალ დასავალი“ მეყიდება (50–45ცალი), შემდეგ „კვირის პალიტრა“ და „გზა“ მოდის (35 ცალი),  ამბობს „ბიბლუსის“ გამყიდველი.

იგივე სიტუაციაა მეორე პრესის ჯიხურშიც. „რაც გაზეთებმა წიგნების გამოშვება დაიწყეს,  უფრო ბევრი იყიდება, როგორც ჩანს ხალხს წიგნში ფული არ ენანება.“

40 წლის მამუკა დევნოზაშვილი კვირაში 3 გამოცემას ყიდულობს „კვირის პალიტრას“, „გზას“ და „ასავალ დასავალს“

„საკაბელო ტელევიზია კი მაქვს, მაგრამ მინდა ვიცოდე რა ხდება ქვეყანაში. ქართულ ტელევიზიებიდან  აზრი არ აქვს რომელს ჩართავ, ყველგან ერთი და იგივეა. თუმცა, გასართობ პროგრამებს არ ვუჩივი.“

ბოლნისში ორი ტელევიზია მაუწყებლობს: TV 5 და „მე–12 არხი ბოლნელი“. ორივე მათგანს ერთი დირექტორი ჰყავს -  ოლეგ უგრეხელიძე.

2011 წლის იანვარში, სატელევიზიო მომსახურების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ტენდერი ჩაატარა, რომლის გამარჯვებულიც ტენდერის ერთადერთი მონაწილე ადგილობრივი TV 5 გახდა.  საგულისხმოა, რომ  TV 5-ის  50% -იანი წილის მფლობელი ადგილობრივი მუნიციპალიტეტია, რაც მაუწყებლობის შესახებ კანონს ეწინააღმდეგება.

ტელეკომპანია 1995 წელს დაარსდა. ის დილის 8 საათიდან ღამის 12 საათამდე მაუწყებლობს. საეთერო ბადეს მუსიკალური კლიპები და მხატვრული ფილმები ავსებს.

„3 ჟურნალისტი და 4 ოპერატორი გვყავს. დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მუნიციპალიტეტის საქმიანობას ვაშუქებთ“, - უთხრა media.ge-ს არხის ერთ–ერთმა დირექტორმა ოლეგ უგრეხელიძემ.

„მე–12 არხი ბოლნელის“  სიგნალი მარნეულში, კაზრეთში, გარდაბანსა და თეთრიწყაროში ვრცელდება. ტელევიზიაში 19 ადამიანი მუშაობს, აქედან ხუთი ჟურნალისტია.

ეთერში ყოველდღიურად ქართულენოვანი საინფორმაციო დაიჯესტი,  შაბათობით კი შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება  პირდაპირ ეთერში გადის. ქართულ-აზერბაიჯანულენოვანი საინფორმაციო გამოშვება ამჟამად შეჩერებულია, თუმცა, როგორც ტელევიზიაში ამტკიცებენ მალე განახლდება. ბოლნისში მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური ქართველები შეადგენენ, თუმცა სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, მიმდებარე სოფლების მოსახლეობის 80%  ეთნიკური აზერბაიჯანელები წარმოადგენენ.

ბოლნისის ტელეკომპანია „ბოლნელის“ ეთერში კვირაში ერთხელ გადაცემა „მრავალკუთხედი“ გადის. დროებით შეწყვეტილია პროგრამა „ქალი და სამყარო“, რომელიც გენდერის საკითხებს ეხება. „ხშირად ვაშუქებთ სოციალურ საკითხებს,  ბოლნისით არ შემოვიფარგლებით და სოფლებშიც ძალიან ხშირად გავდივართ“,  მეუბნება ჟურნალისტი ფატიმა ტვილდიანი.

მისი თქმით, ჟურნალისტებისათვის მუნიციპალიტეტის კარი ყოველთვის ღიაა და კომენტარზე პრობლემა არასდროს ექმნებათ.„ამასწინათ, პირდაპირი ეთერი გვქონდა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი საათნახევრის განმავლობაში მოსახლეობის ზარებს პასუხობდა, მსგავსი შემთხვევები ხშირია“.

ტელევიზიას შემოსავალი რეკლამებიდანაც აქვს. დამკვეთი ადგილობრივი მაღაზიის მფლობელები და ბანკები, და სააფთიაქო ქსელია.

არხის საინფორმაციო გამოშვების წამყვანის,  ოლეგ უგრეხელიძის შვილის, მედეა უგრეხელიძის თქმით, ტელევიზიას რამდენიმე ფონდში აქვს შეტანილი საგრანტო განაცხადი. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test