შემოგვიერთდი

01.11.2011 17:08

მე არ მრცხვენია

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

ბიძინა ივანიშვილის პესკონფერენციას, შიდა ქართლის მოსახლეობა ორი სატელევიზიო არხის მეშვეობით ადევნებდა თვალ–ყურს. 1 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „თრიალეთი“ გადასცემდა. იმ დროს,   როცა ივანიშვილი საკუთარ ბიზნეს-ცენტრში საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე და რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე საუბრობდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერი  მოულოდნელად შეწყდა. სხვა სატელევიზიო არხები შეფერხების გარეშე აგრძელებდნენ მაუწყებლობას. „პირველი არხის“ სიგნალი 5–7 წუთის განმავლობაში იყო გათიშული. ამ დროს პრესკონფერენცია ადგილობრივი ტელეკომპანია „თრიალეთის“ ეთერში გადაიცემოდა.   სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ გორს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

რაც შეეხება პრესკონფერენციას, მისი განხილვა სოციალურ ქსელ ფეიბუკში ამ დრომდე არ წყდება. ჟურნალისტებს აინტერესებდათ რუსეთთან, ევროპასთან ბეღურებთან, პინგვინებთან საკუთარ მედიასაშუალებებთან ივანიშვილის ურთიერთობების საკითხები, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ მაინც მიკროფონისთვის ჩემი კოლეგების ჭიდაობა იყო. პრესკონფერენციის ორგანიზება აშკარად მოიკოჭლებდა, ეს ხმის ხარისხზეც აისახა, მაგრამ ჟურნალისტების ქცევა კიდევ სხვა საკითხია. აშკარა იყო, რომ ჟურნალისტების ერთი ნაწილი კითხვის დასმის მაგივრად საკუთარ მოსაზრებებს და პოზიციას აფიქსირებდა, მეორე ნაწილი კი აშკარად მილიარდელის საამებლად იყო იქ მისული. კიდევ იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც საკუთარ მოვალეობას პირნათლად ასრულებდნენ და ამ ორ ბანაკთან საერთო არაფერი აქვთ.  ასეთები ივანიშვილის პრესკონფერენციაზე უმცირესობაში აღმოჩნდნენ.

ამ თემებზე დისკუსია ამ დრომდე არ წყდება სოციალურ ქსელ ფეისბუკში. ჩემი კოლეგები აფასებენ ივანიშვილის პრესკონფერენციას, უფრო მეტად კი იქ ჟურნალისტების ქცევას. ზოგიერთი წერს, რომ რცხვენია იმის გამო,  რაც დღეს ხდებოდა, რცხვენია, რომ ჟურნალისტია, აი რამდენიმე ამონაწერი (სტილი დაცულია).

„სანამ სხვებისგან ვითხოვთ რამეს, იქნებ საკუთარ თავს მოვთხოვოთ პასუხი...მართლა მრცხვენია დღევანდელი დღის“

„თურმე, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც დღეს, ჟურნალისტებისთვის არავის მიუყენებია!!!!:)))) ვაიმეეეეეეეეეეეე, 7 ნოემბერს ვინ არბევდა და ხოცავდა ჟურრნალისტებს, 26 მაისს.....მანამდე და სულ:))) კიდევ ერთხელ მრცხვენია! მოკლედ, დღეს სირცხვილის დღეა!:)“ 

„პირველად შემრცხვა ცხოვრებაში, რომ ჟურნალისტი ვარ, მას შემდეგ რაც ნაციონალური არხების ჟურნალისტებმა გააკეთეს. :)))“

ქართული მედიის სირცხვილად, დღევანდელი დღის გამოცხადება გადაჭარბებულად მეჩვენება. ან მე რატო უნდა მრცხვენოდეს სხვის მაგივრად -არ მესმის. იმათ უნდა შერცხვეთ,  ალბათ,  ვინც ამ პროფესიისთვის დანიშნულების, მოვალეობის და ფუნქციის შეცვლას ცდილობს. კვაზიჟურნალისტებს და კვაზიმედიას რცხვენოდეს ისევ. მე არაფრის არ მრცხვენია. საბედნიეროდ ნამდვილი ჟურნალისტები არიან ქვეყანაში და საკუთარ საქმეს ხშირად შეუმჩნევლად აკეთებენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test