შემოგვიერთდი

01.11.2011 18:14

დაბნეული პრესსამსახური და გზააბნეული მედია

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

არაორგანიზებული პრეს–კონფერენცია და კითხვები, რომლის დასმა ვერ მოხერხდა – ეს ის პრეტენზიებია,რომელიც, ბიძინა ივანიშვილის პრეს–კონფერენციის დასრულების შემდეგ, ბევრ ჟურნალისტს გაუჩნდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ღონისძიების მომზადება მისმა ორგანიზატორებმა თარიღის დასახელების დღიდან დაიწყეს – გაკეთდა განცხადება ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ, ყველა გაფრთხილდა, რომ ადგილზე, მინიმუმ, ერთი საათით ადრე უნდა გამოცხადებულიყო, რეზიდენციაში მედიის წარმომადგენლებს მცირე ჯგუფებად უშვებდნენ, რომ დაცვას შესაბამისი შემოწმების ჩატარება გაუჭიანურებლად შეძლებოდა, დარბაზში ჯერ ოპერატორები, შემდეგ – ფოტოკორესპონდენტები, შემდეგ – თავად ჟურნალისტები შეუშვეს, ყველა შესაბამის ადგილზე განათავსეს და ისიც გამოაცხადეს, რომ, პრეს–კონფერენციის დაწყევისთანავე, მობილური ტელეფონების გამორთვა იყო საჭირო...

„ამაზე დიდი ორგანიზება მე ვერ წარმომიდგენია,“ – განუცხადა Media.Ge–ს ბიძინა ივანიშვილის პრეს–მდივანმა, ირაკლი ტრიპოლსკიმ, რომლისთვისაც ეს  ამ ტიპის პირველი ღონისძიება აღმოჩნდა, – „200 ჟურნალისტი მოვიდა, 37 კამერა... ვერ მოვახერხე ამ ადამიანების მოთოკვა, მინდოდა, ყველას დაესვა კითხვა... ისეთი კითხვა არ არსებობდა, რომელზე პასუხი ბატონ ბიძინას არ ჰქონოდა. არაორგანიზებულობა ჩვენი მხრიდან კი არა, უფრო ჟურნალისტების მხრიდან იყო, თუმცა, მათიც მესმის, – ყველას უნდოდა კითხვის დასმა. არ მოხერხდა. ოცდაათი–ორმოცი წუთი იყო გათვალისწინებული პრეს–კონფერენციისთვის და საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. ალბათ, ეს დარბაზიც არ იყო ასეთი ღონისძიებისთვის შესაფერი...

დიდი მადლობა  მინდა ვუთხრა საზოგადოებრივ მაუწყებელს, – მანამდე არ ვიყავით დარწმუნებული პრეს–კონფერენციას ჩართავდნენ, თუ არ ჩართავდნენ...“

საზოგადოებრივ მაიწყებელს, უფრო კონკრეტულად კი მის ჟურნალისტს პრეს–კონფერენციის ორგანიზატირების, უფრო კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ბევრი პრეტენზია ჰქონდათ. ერთ–ერთი მათ შორის დაცვის მიერ ჟურნალისტების ჩანთების შემოწმება იყო.

ირაკლი ტრიპოლსკი: „მე დამირეკა გია ჭანტურიამ და მითხრა, რომ ჟურნალისტებს ჩანთებს უმოწმებდნენ. ჩავედი ვუთხარი დაცვას და მაშინვე შეწყვიტეს, რის შესახებაც ვაცნობე ჭანტურიას. მე ჟურნალისტებს ბოდიშიც მოვუხადე. სხვანაირად არ გამოდიოდა. ისინი ამბობენ, ასეთი შემოწმება გაერო–ში არ ხდებაო. არ ვყოფილვარ გაერო–ში და არ ვიცი, იქ როგორ ხდება. ასე რომ. ბოდიშს ვიხდი კიდევ ერთხელ, თუ რამე პრობლემა იყო.“

ამგვარ ღონისძიებებში მონაწილეობის გამოუცდელობის გამო, საზოგადოებას, ჟურნალისტებს ბოდიში ბიძინა ივანიშვილმაც მოუხადა, – ამიტომ, ცოტა არ იყოს, ვღელავო, – თქვა მან, თუმცა, როგორც ცოტა ხანში აღმოჩნდა, ჟურნალისტების ნაწილი ამ განცხადებამ კეთილგანწყობილი ვერ გახადა. „ვააახ, ვუყურებ პრეს-კონფერენციას, ჟურნალისტები, ვაიმეეე, ვაიმეეე ჟურნალისტები – ვალპურგის ღამე! რატომ ასეთი პირადი ჩართულობა, ასეთი მანიფესტაციური ემოციურობა, სრულიად გაუგებარია და კატასტროფული არაპროფესიონალიზმის ნიშანია. ნებისმიერი მძიმე კითხვის დასმა შეიძლება ასეთი ისტერიული ინტონაციის გარეშე. კაცო, Hard Talk-ს მაინც აყურებინეთ ამ ბრაზიან ბავშვებს! ეს რა არის? მე ხომ ტელევიზორს საერთოდ აღარ ვუყურებ, ეს სადამდე დავცემულვართ, არადა ოდესღაც მართლა ვიყავით რეგიონში ლიდერები,” – ასეთი კომენტარი facebook-ზე პრეს–კონფერენციის მსვლელობისას გაჩნდა. და ეს არ იყო ასეთი შინაარსის ერთად–ერთი რეაქცია.

იმან, რაც ჟურნალისტების მხრიდან და ჟურნალისტებს შორის დღეს ბიძინა ივანიშვილის პრეს–კონფერენციაზე და პრეს–კონფერენციამდე ხდებოდა, კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ მედიამფლობელობის გამჭვირვალობა ჩვენთანაც ისევე, როგორც მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში, დაავადებული მედიის მკურნალობის პირველი და აუცილებელი პირობაა. იმის გარკვევის გარეშე, თუ რეალურად ვინ დგას კონკრეტული მედია საშუალების უკან, გაურკვეველი დარჩება, რატომ იდგნენ ხელისუფლებასთან ასოცირებული ჟურნალისტების ჯგუფები რეზიდენციის შესასვლელთან და თავიანთ კოლეგებს უცნაურ დაკითხვას უწყობდნენ: ადვილად მიიღეთ აკრედიტაცია? მოგწონთ, ასე რომ გალოდინებენ?  არ გაღიზიანებთ ასეთი დამოკიდებულება? 

უფრო შთამბეჭდავი, შეიძლება ითქვას, ბატალური სცენები, უშუალოდ პრეს–კონფერენციის მსვლელობისას გათამაშდა: იგივე მედია საშუალებების წარმომადგენლებს აღარ უნდოდათ ხელიდან გაეშვათ მიწოდებული მიკროფონები, რომლითაც ღონისძიებაზე მიწვეულ ყველა ჟურნლიასტს უნდა ესარგებლა და, ამის გამო, დარბაზში მუდმივად იყო კამათი, მაქსიმალურად ცდილობდნენ პრეს–კონფერენციის ინტერვიუს რეჟიმში გადაყვანას, ერთის ნაცვლად, ორ–სამ კითხვას სვამდნენ, მაშინაც კი, როცა კითხვით ბიძინა ივანიშვილს უკვე სხვა ჟურნალისტი მიმართვდა და, რაც ყველაზე ნიშანდობლივია, არ ისმენდნენ პასუხებს, არა მარტო სხვების, მათ მიერვე დასმულ კითხვებზე. ყველაფერი ეს დანარჩენ ჟურნალისტებში გაღიზიანებას იწვევდა და, პრეს–კონფერენციის დაწყებიდან სულ რამდენიმე წუთში, ქათული მედია, ტელევიზორებთან მსხდარი საზოგადოების თვალწინ, ორად გაიყო.

როდის ხდება ჟურნალისტისთვის უფრო მნიშვნელოვანი მის მიერვე დასმული კითხვის შინაარსი და არა პასუხი ამ კითხვაზე? რატომ გადადის ჟურნალლისტიკა პროპაგანდაში? როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი მიკროფონით ხელში, რომ სასაცილო თავად ხდება, როცა სერიოზულ პრეს–კონფერენციაზე იმის გარჩევას იწყებს, თუ რა შეჭამა პინგვინმა – მერცხალი, თუ ბეღურა?.. ვინ დგას ყველაფერ ამის უკან და საით მიჰყავს ყველაფერ ამას ქართული ჟურნალისტიკა, რომელიც დღეს, ორად გაყოფილი, – ერთი მხრივ, მოძალადე უმცირესობისა და მეორე მხრივ, სტვენამდე მისული უმრავლესობის სახით, ლამის ჩაშლილი პრეს–კონფერენციის მონაწილე გახდა?

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test