შემოგვიერთდი

02.11.2011 13:29

ქართულ მედიას უჭირს

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

სექტებრის პირველ თვეში, NDI–მ საქართველოში საზოგადოებრივი განწყობის კვლევის მეშვიდე ტალღის შედეგები გახადა საჯარო. ეს ტალღა ეროვნული მასშტაბით ჩატარდა, მათ შორის წარმომადგენლობითი შერჩევით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, რუსთავში, თელავში და 2 425 ადამიანი მოიცვა. მედია, როგორც ობიექტი, ბუნებრივია, ამ კვლევაშიც მოხვდა, თუმცა, მისი საქმიანობის, საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ ძალიან ბევრს და ძალიან საინტერესოდ კვლევის ის ნაწილები გვიყვება, რომელიც უშუალოდ მედიას, ერთი შეხედვით, არ უკავშირდება.

კვლევის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ და ადგილობრივ საკითხად გამოკითხულთა 62%–მა სამუშაო ადგილები დაასახელა. ამ კითხვის პასუხად დასახელებული თვრამეტი საკითხიდან ექვსი სოციალური ხასიათისაა – სამუშო ადგილები, ფასების ზრდა/ინფლაცია, სიღარიბე, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, პენსიები, ხელფასები. ტერიტორიული მთლიანობა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, შედეგების მიხედვით, მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს. დანარჩენი საკითხებია (პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით): რუსეთთან ურთიერთობა, სამართლიანი არჩევნები, განათლება, ნატოში გაწევრიანება, ადამიანის უფლებები, სასამართლო სისტემა, სიტყვის თავისუფლება, კორუფცია, საკუთრების უფლება, ევროკავშირში გაწევრიანება, მედიის თავისუფლება.

მედიას ამ ჩამონათვალში ბოლო ადგილი და 1% მიუჩინეს, ისევე, როგორც მიმდინარე წლის  მარტში ჩატარებული გამოკითხვისას, 2010 წლის ივლისში კი, როგორც დიაგრამა აჩვენებს, იგი არავის უხსენებია. იმის გათვალისწინებით, რომ მედია დემოკრატიის ერთ–ერთი მთავარი მახასიათებელია, ქართული მედიის დამოუკიდებლობას კი, როგორც ქართველმა, ისე საერთაშორისო ექსპერტებმა, გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა,  არა ერთი კრიტიკული ანგარიში მიუძღვნეს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა კი –  ხშირად, არადიპლომატიური განცხადებები, ვერაფრით ვიტყვით, რომ  მედიის თავისუფლება საქართველოში მნიშვნელოვანი საკითხი არ არის. მაშინ, რასთან გვაქვს საქმე? რა ღირებულებებით ხელმძღვანელობს საქართველოს მსოახლეობა, ან, მისი 2 425 მოქალაქე, რომელიც ამ კონკრეტულ კვლევაში მონაწილეობდა? ვინ ამკვიდრებს ამ ღირებულებებს?

ავიღოთ, გამოკითხვის მიხედვით, მნიშვნელობით პირველი რიგის საკითხები: სამუშო ადგილები – გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ, 2008 წლის შემდეგ, სამუშაო ადგილების თვალსაზრისით მდგომარეობა არ შეცვლილა, 33% ამბობს რომ – გაუარესდა, 7%–მა არ იცის შეიცვალა თუ არა რამე ამ კუთხით, 19% კი ვითარების გაუმჯობესებაზე საუბრობს; ფასების ზრდა/ინფლაცია – გამოკითხულთა 88%–ის აზრით ვითარება გაუარესებულია, 8% მიიჩნევს, რომ ფასები არ შეცვლილა, 2% ვითარების გაუმჯობესებაზე საუბრობს, 4%–ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს; სიღარიბე – გამოკითხულთა 50% ამბობს, რომ მდგომარეობა გაუარესდა, 33%–ს ამ კუთხით რაიმე ტიპის ცვლილება არ შეუმჩნევია, 10% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა, 6%–ს კი სათქმელი არაფერი აქვს.

გავყვეთ დიაგრამებს. გამოკითხულების 44% მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები ნაკლებად განიხილავენ მათთვის ასე მნიშვნელოვან, სამუშაო ადგილების საკითხს; ამავეს ამბობს გამოკითხულთა 62% ფასების ზრდისა და ინფლაციის შესახებ, 54% – სიღარიბესთან დაკავშირებით. პოლიტიკოსების მხრიდან ამ საკითხებს სათანადოდ განხილულად მიიჩნევს გამოკითხულთა, შესაბამისად, 42%, 25%, 33%. იმის გათვალისწინებით, რომ, ისევ და ისევ, ამ კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 67% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გადაწყვეტა, შესაბამისად – პოლიტიკოსების მხრიდან მათზე მსჯელობა და საჭირო გზების მოძიება, მათთვის, ასევე, უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს. ნებისმიერი სამოქალაქო საზოგადოება მსგავსი მნიშვნელობის საკითხების უგულებელყოფას ან მათით პოლიტიკოსების მხრიდან არასათანადო დაინტერესებას შესაბამის რეაქციას მისცემდა, უწინარეს ყოვლისა – არჩევნებზე.

ვნახოთ, როგორ უყურებს, კვლევის მიხედვით, არჩევნებს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ჩვენი საზოგადოება. სამართლიანი არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი გამოკითხულთა მხოლოდ 9%–ისთვისაა; საარჩევნო რეფორმა, ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა – 20%–ისთვის; მხოლოდ 22%–მა იცის, რომ 2011 წლის ივნისში მოხდა შეთანხმება ხელისუფლებასა და ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას შორის, საარჩევნო კოდქსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, 58%–ს ამის შესახებ არაფერი გაუგია, 19%–მა კი ისიც არ იცის, ამ თემასთან დაკავშირებით, იცის თუ არა რამე.

სულ სხვა ვითარებაა რელიგიური გაერთიანებების სტატუსთან დაკავშირებით – გამოკითხულთა 48%–მა იცის ამის შესახებ, 47%–მა – არა; 24% მხარს უჭერს ცვლილებებს, 69% – არა; 81% მიიჩნევს, რომ ამ საკითხის ირგვლივ მსოახლეობასთან კონსულტაციები უნდა გამართულიყო, 5% ფიქრობს, რომ ეს საჭირო არ იყო; 78%–ისთვის გადაწყვეტილება ნაჩქარევად იქნა მიღებული, 6% საწინააღმდეგო აზრისაა; 86% ფიქრობს, რომ კონსულტაციები მართლმადიდებელ ეკლესიასთან უნდა გამართულიყო, 2% ამას საჭიროდ არ მიიჩნევს.

ასევე დიდია გამოკითხულთა ინფორმირებულობა 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით. 77%–მა იცის ეს ამბავი (არაფერი სმენია 19%–ს), ამდენივე გამოკითხული აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ითხოვდნენ, 60% ამბობს, რომ ნებართვის ვადის ამოწურვის შემდეგ, აქციის მონაწილეებს უნდა დაეტოვებინათ რუსთაველის გამზირი, 41% მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ჰქონდა აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენების უფლება (33% ამას არ ეთანხმება, 25%–ს ამ საკითხთან დაკავშიებით აზრი არ გააჩნია), 88%–ს ნანახი აქვს აქციის დაშლის ვიდეომასალა (11%–ს – არა), აქედან 91%–ს – ტელევიზიით, ჯამში 30% მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ გამოიყენა ადეკვატური ძალა, ჯამში 39% – რომ ძალა გადაჭარბებული იყო...

მიმდინარე საკითხების ფარგლებში, დაახლოებით იგივე ინტენსივობითაა განხილული რეჟისორ რობერტ სტურუას თეატრიდან გათავისუფლებისა და პარლამენტის ქუთაისში გადატანის თემები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს საკითხი მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, უნდა მოქცეულიყო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ფაქტი, რომ ყველა დროის ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს ყველზე მნიშვნელოვან საკითხს – არჩევნებს, გამოკითხულები, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულად უყურებენ, სახეზეა. სახეზეა აქცენტების არასწორი დასმა, შედეგიანობის მიხედვით, მთავარი და მეორეხარისხოვანი საკითხების აღრევა და ამის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი მედიაა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ადამიანი ყველგან ვერ იქნება და დასკვნებს იგი, ძირითადად, აკეთებს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც მედია სთავაზობს.  

წინამდებარე კვლევის მიხედვით, საზოგადოება ინფორმაციას, უმთავრესად, ტელევიზიის საშუალებით იღებს. გამოკითხულთა 88% გადაცემებს საქართველოს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ „რუსთავი 2“–სა და“იმედზე“ ადევნებს. ბეჭდურ მედიას, გაზეთებსა და ჟურნალებს არასდროს კითხულობს გამოკითხულთა 44%, თვეში ერთხელ ან ორჯერ – 26%, კვირაში ერთელ – 13%, კვირაში რამდენჯერმე – 10%, ყოველდღე – 3%. შესაბამისად, ძირითად მუხტს საზოგადოება იღებს ზემოთ ნახსენები ორი ტელევიზიიდან, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს. ფაქტია, რომ ეს არ არის ის მუხტი, რომელიც საზოგადოება დემოკრატიის განვითარების გზით უნდა წაიყვანოს.

თუ იმ აქცენტებით ვიმსჯელებთ, რომელიც ამ გამოკითხვის მიხედვით, ზედაპირზე დევს, საზოგადოება ცვლილებების არა დემოკრატიულ, ცივილიზებულ, არჩევნების გზაზე ფიქრობს, არამედ დაპირისპირების, აქციების, ესკალაციის წრეშია მოქცეული. საზოგადოება, რომელსაც უჭირს – არ ჰყოფნის სამუშო ადგილები, აწუხებს გაზრდილი ფასები და ინფლაცია, უმუშვერობა და უამრავი სხვა ყოფითი საკითხი უმძიმებს ცხოვრებას, აფიქსირებს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხებით პოლიტიკოსების არასაკმარის დაინტერესებას, სავსეა პროტესტით, რომლის გამოხატვის მაგალითად (და სავარაუდო შედეგადაც) გონებაში 26 მაისის აქცია უტრიალებს – ის, რაც მედიამ მას ყველაზე ხშირად, ყველაზე დრამატულად, ყველაზე რეალურად მიაწოდა.

„რას ნიშნავს თქვენთვის დემოკრატია?“ – ასეთია გამოკითხვის ერთ–ერთი ნაწილი. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის ინდიკატორი მხოლოდ 16%–ისთვისაა. ეს ნიშავს იმას, რომ მედიას საქართველოში უჭირს საკუთარი ფუნქციის შესრულება და, თუ ასევე გააგრძელებს, მომავალ გამოკითხვებში მისი მნიშვნელობით ის 1%–ც აღარ დაინტერსდება.  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test