შემოგვიერთდი

17.04.2007 20:00

საქართველოს პირველი სათემო რადიო უკვე “ეთერშია” <br>

David Mchedlidze
ახლო ხედით

ჯავახეთის პატარა ქალაქის, ნინოწმინდის, ცენტრში მისი მცხოვრებნი იკრიბებიან, რათა ქვეყნის პირველ სათემო რადიოს მოუსმინონ. გადაცემები "ეთერში" რუპორის მეშვეობით გადის, რომელიც სტრატეგიულ ადგილასაა მოთავსებული – გზაჯვარედინზე, იქ, სადაც ხალხი ტრადიციულად იკრიბება. ის ადგილი კი, სადაც გადაცემები მზადდება – რადიოსტუდია "ნორი", რამდენიმე შენობის მიღმა მდებარეობს.

"ნორი" აბრევიატურაა დასახელებისა "სათემო რადიო ნინოწმინდაში". სტუდიას ადგილობრივ მცხოვრები ადამიანები მართავენ, ძირითადად ეთნიკური სომხები, რომლებიც ამ მთიან და იზოლირებულ რეგიონში რიცხობრივად უმრავლესობას წარმოადგენენ. რვა თვის განმავლობაში მათ ბი-ბი-სის მსოფლიო ახალი ამბების სამსახურის ფონდის, IREX ევროპისა და ასოციაციის ‘სტუდია რე" კონსულტანტების ხელმძღვანელობით მრავალი ტრენინგი გაიარეს. რადიომ "ნორი" მიიღო უფლება შესაბამისი უწყებებიდან, რომ ამ უჩვეულო ფორმით დაეწყო მაუწყებლობა.

რადიო ყოველდღიურად ორი საათის განმავლობაში მაუწყებლობს. უმეტესწილად მუსიკასა და ახალი ამბების მოკლე, ხუთწუთიან გამოშვებებს გადასცემს, მაგრამ კვირაში ორჯერ "ეთერში" ჟურნალის ტიპის პროგრამა გადის, რომელიც მოიცავს ადგილობრივ და საერთოეროვნულ ახალ ამბებს, რეპორტაჟებს, ინტერვიუს და სატელეფონო ზარებს მოსახლეობისგან. "მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ადამიანს თუ შეუძლია ჩვენი მოსმენა, რადიოსადგური ჩვენთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. ვგრძნობთ, როგორ ახდენს ის გავლენას ნინოწმინდელების ცხოვრებაზე. ისინი ჩვენთან მოდიან, სურთ, რომ რადიოს ეთერით თავიანთი მოსაზრებები გამოთქვან და პრობლემები გაგვიზიარონ. ისინი ხედავენ, რომ ჩვენ ამ თემის ორგანული ნაწილი ვართ," – ამბობს რადიოსადგურის ხელმძღვანელი, არარატ ტტტიანი.

სათემო რადიო პატარა ქალაქისათვის, რომელიც საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, მთებში მდებარეობს, მნიშვნელოვანი მოვლენაა. ნინოწმინდა ქვეყნის დანარჩენ ნაწილს ხშირად წყდება მკაცრი კლიმატური პირობების გამო და იქ ადამიანები იზოლირებული ცხოვრებით ცხოვრობენ – არ არის სამუშაო ადგილები, არ არის გაზი და მათ წყალიც ცუდად მიეწოდება. ინფორმაციის ერთადერთი წყარო ადგილობრივი სატელევიზიო სადგურია, რომელიც ადგილობრივ ახალ ამბებს სომხურ ენაზე გადასცემს და ტელეკომპანიების "იმედი" და "რუსთავი 2" ახალი ამბების საღამოს გამოშვების რე-ტრანსლირებას ახდენს, სინქრონული თარგმანით სომხურ ენაზე. ნინოწმინდელებს შეუძლიათ უყურონ საზოგადოებრივი ტელევიზიის ორივე არხს და უსმინონ რადიო "იმედსა" და რადიო "მწვანე ტალღას", მაგრამ ამ შესაძლებლობით ცოტა ადამიანი თუ სარგებლობს სრულად, რადგანაც მათ ქართული არ იციან.

სათემო რადიოს დაარსების იდეას ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით მოეკიდა. იმ 11 ჟურნალსტის გარდა, რომელიც რადიოს ბირთვს შეადგენს, რადიოს მუშაობაში ქალაქის ბევრი სხვა მცხოვრებიც ჩაერთო. ისინი მიდიან რადიო სტუდიაში, რომ იმღერონ, წაიკითხონ ლექსები და გადაცემების მომზადება ისწავლონ. იქ ბევრი შესაძლებლობაა ახალი უნარ-ჩვევების შესაძენად – კომპუტერზე მუშაობის უნარ-ჩვევებით დაწყებული, რადიოგადაცემის პირდაპირ ეთერში წაყვანით დამთავრებული.

"ამ რადიოს რომ ეარსება მაშინ, როცა მე ახალგაზრდა ვიყავი, აქამდე ცნობილი ადამიანი ვიქნებოდი", ამბობს კარინე არუთინიანის ბაბუა. ამ ნიჭიერი გოგონას სიმღერები რადიომ გადასცა. თუ ნინოწმინდელებს მისი ბაბუის მოსმენა ადრე მხოლოდ ადგილობრივ ეკლესიაში შეეძლოთ, ახლა სომხური ხალხური სიმღერები, კარინესა და მისი ბაბუის შესრულებით, რუპორითაც გადაიცემა.

შაბათობით, რადიო კვირის ახალ ამბებს აანალიზებს, უშვებს გადაცემებს ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხების შესახებ. კვირას კი რადიო ეთერში მუსიკალური გადაცემით გადის. მაგრამ მსმენელები ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის. მათ, ვინც მუშაობს და სწავლობს, არ აქვს საშუალება, ყველა გადაცემას მოუსმინოს. სხვები კი ამბობენ, რომ რუპორი მათში საბჭოთა პროპაგანდის ცუდ მოგონებებს აღძრავს.

სადგურმა ლიცენზიისათვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა. კომისია ამ მოთხოვნას მალე განიხილავს.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ მისი პროგრამის "ინიციატივა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის" ფარგლებში და თანადაფინასებულია კონფლიქტის პრევენციის გლობალური ფონდის მიერ თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მეშვეობით, ასევე ფონდის "ღია საზოგადოება – საქართველოს" მიერ. პროექტის ფარგლებში ასეთივე რადიოსადგური დაარსდა აზერბაიჯანელებით დასახლებულ ქვემო ქართლში, საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით. ეს სადგურიც მალე შეუდგება მაუწყებლობას რუპორის მეშვეობით.

რა არის სათემო რადიო და როგორ მუშაობს ის დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში? გაეცანით ჯენი გორდონის, ბედფორდშირის უნივერსიტეტის ლექტორის, მიერ ბი-ბი-სის მსოფლიო ახალი ამბების სამსახურის ფონდის შეკვეთით მომზადებულ ანგარიშს ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ავსტრალიის სათემო რადიოთა ქცევის კოდექსი, ინგლისურ და ქართულ ენებზე.

წყარო: BBC World Service Trust, Community Radio Project in Georgia

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test