შემოგვიერთდი

03.11.2011 10:18

ჟურნალიკოსები

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

ჟურნალიკოსი –  ჟურნალისტისა და პოლიტიკოსის ერთგვარი       ნაჯვარი, პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართული ანგაჟირებული ჟურნალისტი, ქართული დემოკრატიის პროდუქტი.

ვისღა ახსოვს საქართველოში, რომ ჟურნალისტიკა, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდეს სიმართლეს; რომ უნდა იყოს მოქალაქეების ერთგული; რომ ჟურნალისტიკამ ადამიანები უნდა უზრუნველყოს ინფორმაციით, რომელიც მათ სჭირდებათ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. ასეთია მედიის უმთავრესი დანიშნულება, თუმცა საქართველოში ტელემედია, როგორც წესი, საზოგადოების ნაცვლად, მის მცირე ნაწილს – გავლენიან პოლიტიკურ ჯგუფებს ემსახურება, შესაბამისად, ფორმალურად დამოუკიდებელი მედია უფრო პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტია, ვიდრე – საზოგადოების მსახური. „მედია – საზოგადოების მსახური“ საქართველოში ცინიკურად ჟღერს და სიტყვათა ეს შეთანხმება ცრუ სიმბოლიკის ნიმუშადაც კი გამოდგება. სწორედ ამ ცრუ სიმბოლიკის ლოგიკით, ჟურნალისტები, უფრო ზუსტად კი ჟურნალიკოსები პრესკონფერენციებზე საზოგადოების სახელითა და საზოგადოების ცნობისწადილის დასაკმაყოფილებლად იმყოფებიან, რის გამოც, რესპონდენტთან კონფლიქტისას იქმნება ილუზია, რომ პოლიტიკოსი უპირისპირდება არა რომელიმე კონკრეტულ ჟურნალისტს ან ჟურნალისტთა ჯგუფს, არამედ მთელ საზოგადოებას.

ივანიშვილის პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების ქცევის უმთავრესი მიზეზიც სწორედ ამგვარი ეფექტის გამოწვევა იყო. კითხვების უმრავლესობა შინაარსით იმეორებდა ერთმანეთს, ადგილი ჰქონდა დროში გაწელილ უწყვეტ ტავტოლოგიას, რომელიც თავისთავადაც აგრესიულია, რომ არაფერი ვქვათ კითხვათა ლოკალურ შინაარსზე, რომელიც პრესკონფერენციის მიწურულს სრულად განიძარცვა ინტელექტუალური შემადგენლისგან და განსხეულდა შემდეგ შეკითხვაში: „ხართ თუ არა კრემლის უკანასკნელი იმედი?“

ცხადია, ასეთი შეკითხვის დასმისას, პასუხს აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მითუფრო, რომ დასკვნების გამოსატანად არგუმენტირებულ პასუხს არც არავინ ელოდება. ეს ვითარება ძალიან ჰგავს ბორხესის „დაღლილი კაცის უტოპიაში“ აღწერილი საზოგადოების ქცევის მოდელს, რომელშიც ფაქტები უკვე აღარავის აღელვებს. ფაქტები უბრალოდ ამოსავალი წერტილებია გამონაგონისა და მსჯელობისათვის.

რა პასუხიც უნდა გასცეს სახელისუფლებო მედიას, ივანიშვილი მათთვის მაინც იქნება კრემლის უკანასკნელი იმედი, გენერალ ლებედის („14–15 წლის ქართველი გოგონების მკვლელის“ - პარლამენტარი  ნუგზარ წიკლაური) დამფინანსებელი, პუტინის მეგობარი და ასე შემდეგ.  

ძნელია არ დაეთანხმო მოსაზრებას: ვინც კითხვებს არ სვამს, ის არც არსებობს. ცხადია, კითხვები უნდა დაისვას  და გასაკვირი არაა, რომ კითხვას სვამს როგორც ჟურნალისტი, ასევე – ჟურნალიკოსი, თუმცა მათ ერთმანეთისგან იოლად გამოარჩევს შეკითხვისა და პასუხისადმი დამოკიდებულება. პირველისთვის შეკითხვა პასუხის მიღების, ვითარებაში გარკვევის ეფექტიანი საშუალებაა, მაშინ როცა მეორისთვის შეკითხვაში ჩადებული საკუთარი შეხედულებაა უმთავრესი, პასუხს კი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს..

ცალკე თემაა მიკროფონის ფლობისა და განკარგვის ვნება. ჟურნალისტისთვის მიკროფონი კომუნიკაციისვის აუცილებელი ინსტრუმენტი ანუ ერთგვარი ენაა. თუ არ გაქვს მიკროფონი, შესაბამისად არ გაქვს მეტყველების საშუალება. თუმცა  ჟურნალისტს მიკროფონი კითხვის დასასმელად და ამბის მოსაყოლად სჭირდება, მაშინ როცა ჟურნალიკოსისთვის მიკროფონი იგივეა რაც განგსტერის ხელში ჩაბღუჯული იარაღი. მხოლოდ მიკროფონიან ხელს შეუძლია დროზე კონტროლის დაწესება, ვითარების რადიკალური შეცვლა და იმ ინფორმაციული ნაკადის შეჩერება (ან შეფერხება), რომელიც რესპონდენტიდან მოედინება. ივანიშვილის ბრიფინგზე გამართულ ბრძოლას მიკროფონისათვის სხვა ახსნა არ მოეძებნება. მიწვეული სუბიექტები არავის შეუზღუდავს რეგლამენტით, ანუ კითხვის თემატიკითა და დასასმელად გამოყოფილი დროით, თუმცა პირველი არხისა და სხვა პროსახელისუფლებო ტელევიზიების ჟურნალიკოსები მაინც ვერ ელეოდნენ მიკროფონს. მიკროფონის ხელიდან გაშვებით იკარგება ოპონენტის (რესპონდენტის) შეჩერების მექანიზმი და მაღალია ალბათობა, რომ პასუხმა შეკითხვის მნიშვნელობა გადაფაროს. ამასთან, ჟურნალიკოსისათვის პოლიტიკური ოპონენტის პრესკონფერენცია დუელივითაა, რომელიც, ცხადია. ინფორმაციის უწყინარი გაცვლა–გამოცვლით  ვერ დასრულდება. ჟურნალიკოსის მთავარი დანიშნულება, ოპონენტის რეპუტაციისათვის მაქსიმალური ზიანის მიყენებაა.

ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ ჟურნალიკოსები არათავისუფალ გარემოში, მედიაზე ძალადობის შედეგად ჩნდებიან, ხოლო რაც უფრო არათავისუფალია საზოგადოება მით უფრო მაღალია გამოსახულების რეალურობის ხარისხი საგნებისაზე და მით უფრო მეტი ასპარეზი აქვთ ჟურნალიკოსებს. მოდელირებული „ქრონიკის“ ეფექტი ამის ნათელი დადასტურებაა.  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test